სწვდებით მნიშვნელობას?
„სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა“ (ლუკ. 24:45).
1, 2. როგორ უფანტავს იესო მოწაფეებს ეჭვს და უმტკიცებს რწმენას თავისი მკვდრეთით აღდგომის დღეს?
იესოს მკვდრეთით აღდგომის დღეა. მისი ორი მოწაფე იერუსალიმიდან 11 კილომეტრზე მეტით დაშორებული სოფლისკენ მიემართება. მათ არ იციან, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა და იმ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო გულდამძიმებულები არიან. მოულოდნელად მათ იესო დაემგზავრება. იგი მოწაფეებს ანუგეშებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[მან] მოსედან დაიწყო და ყველა წინასწარმეტყველის წიგნიდან განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“ (ლუკ. 24:13—15, 27). იესო მოწაფეებს წმინდა წერილების მნიშვნელობას უხსნის, რის მოსმენაზეც მათ გულები უღვივით (ლუკ. 24:32).
2 იმავე საღამოს ეს ორი მოწაფე იერუსალიმში ბრუნდება. ისინი ხვდებიან მოციქულებს და უყვებიან გზად თავსგადამხდარს; ჯერ კიდევ საუბრობენ, როცა იესო ეცხადებათ. თუმცა მოციქულებს შიში და ეჭვი იპყრობს, არის კი ეს კაცი იესო?! იესო მათ ეჭვს უფანტავს და რწმენას უმტკიცებს. სახარებაში ვკითხულობთ, რომ ქრისტემ მათ „სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა“ (ლუკ. 24:45).
3. რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ და რა დაგვეხმარება, რომ მსახურებაში სიხარული არ დავკარგოთ?
3 იესოს მოწაფეების მსგავსად, ხანდახან შეიძლება ჩვენც გულდამძმიმებულნი ვიყოთ. იმედგაცრუების მიზეზი შესაძლოა ის 1 კორ. 15:58). ან ის, რომ ჩვენი ბიბლიის შემსწავლელები სულიერად ნელა მიიწევენ წინ და ზოგმა ზურგიც კი აქცია იეჰოვას. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მსახურებაში სიხარული არ დავკარგოთ? ამაში დიდ დახმარებას გაგვიწევს წმინდა წერილებში ჩაწერილი იესოს იგავების მნიშვნელობის ცოდნა. მოდი, ახლა კიდევ სამი იგავი განვიხილოთ და ვნახოთ, რას გვასწავლის თითოეული მათგანი.
იყოს, რომ მუხლჩაუხრელად ვშრომობთ უფლის საქმეში, მაგრამ შედეგი არ ჩანს (მთესველი, რომელიც იძინებს
4. რა მნიშვნელობა აქვს იესოს იგავს მთესველზე, რომელიც იძინებს?
4 წაიკითხეთ მარკოზის 4:26—29. რა მნიშვნელობა აქვს იესოს იგავს მთესველზე, რომელიც იძინებს? იგავში მოხსენიებული კაცი განასახიერებს სამეფოს თითოეულ მაუწყებელს. თესლი სამეფოს ცნობაა, რომელსაც ხალხს ვუქადაგებთ. იესოს იგავში მოყვანილი მთესველი „ღამით იძინებს, დღისით იღვიძებს“. ზრდის პროცესს, თესვიდან მკამდე, დრო სჭირდება. თესლი სწორედ ამ ხნის მანძილზე „აღმოცენდება და იზრდება“. ზრდის პროცესი „თავისით“ და „თანდათან“ მიმდინარეობს. სულიერი ზრდის პროცესიც ასეა. როცა შემსწავლელი სულიერად იზრდება და ღვთის მსახურების სურვილი უჩნდება, მას ნაყოფი გამოაქვს ანუ თავს უძღვნის იეჰოვას და ინათლება.
5. რატომ მოიყვანა იესომ იგავი მთესველზე, რომელიც იძინებს?
5 რატომ მოიყვანა იესომ ეს იგავი? იესო ამ იგავის მეშვეობით გვაგებინებს, რომ სწორედ იეჰოვა ზრდის ჭეშმარიტების თესლს, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილი ადამიანის გულშია ჩათესილი (საქ. 13:48; 1 კორ. 3:7). მართალია, „ვთესავთ“ და „ვრწყავთ“, მაგრამ თესლის ზრდა ჩვენზე არაა დამოკიდებული. ზრდის პროცესის დაჩქარება ჩვენ არ შეგვიძლია. იესოს იგავში მოყვანილი კაცის მსგავსად, ვერც ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება თესლი. ხშირად ამის მიზეზი ისაა, რომ ცხოვრების ფერხულში ვართ ჩაბმულნი. თუმცა სამეფოს თესლი დროთა განმავლობაში ნაყოფს იღებს, რის შედეგადაც მკის საქმეში ახალი მოწაფეები გვიერთდებიან, რომელთა დახმარებასაც ძალიან ვაფასებთ (იოან. 4:36—38).
6. რა უნდა გვესმოდეს, როდესაც საქმე სულიერ ზრდას ეხება?
6 რას ვსწავლობთ ამ იგავიდან? პირველი, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენზე არაა დამოკიდებული ბიბლიის შემსწავლელის სულიერი ზრდა. მოკრძალება დაგვეხმარება, რომ ბიბლიის შემსწავლელს მონათვლა არ ვაიძულოთ. მართალია, ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ შემსწავლელს, მაგრამ გვესმის, რომ მისი პირადი გადასაწყვეტია, მიუძღვნის თუ არა ღმერთს თავს. მიძღვნა ადამიანს გულით უნდა სურდეს და ამ ნაბიჯისკენ მას მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულმა უნდა უბიძგოს. სწორედ ასეთი მიძღვნაა იეჰოვასთვის მისაღები (ფსალმ. 51:12; 54:6; 110:3).
7, 8. ა) კიდევ რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან მთესველზე, რომელიც იძინებს? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რას გვასწავლის ეს იგავი იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ?
7 მეორე, ამ იგავის მნიშვნელობის ცოდნა დაგვეხმარება, გული არ გაგვიტყდეს, თუ ჩვენს საქმეს თავიდანვე არ გამოაქვს ნაყოფი. აუცილებელია მოთმინება (იაკ. 5:7, 8). მაშინაც კი, თუ ბიბლიის შემსწავლელის დასახმარებლად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, მაგრამ ის მაინც არ მიიწევს წინ სულიერად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას რამე დავაკელით. არ დაგავიწყდეთ: იეჰოვა ჭეშმარიტების თესლს მათ გულებში აღივებს, ვინც მზად არის, რომ შეიცვალოს (მათ. 13:23). ასე რომ, ჩვენი მსახურება მხოლოდ შედეგების მიხედვით არ უნდა შევაფასოთ. ღვთის თვალში ჩვენი წარმატება იმით არ განისაზღვრება, გაიზრდებიან თუ არა სულიერად ჩვენი შემსწავლელები. დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს ერთგულ მსახურებას, იმისდა მიუხედავად, გამოაქვს თუ არა მას ნაყოფი (წაიკითხეთ ლუკას 10:17—20; 1 კორინთელების 3:8).
8 მესამე, შესაძლოა ვერ შევნიშნოთ, თუ რა ცვლილებები ხდება ადამიანის გულში. მაგალითად, ერთი მისიონერი ძმა ბიბლიას ასწავლიდა ცოლ-ქმარს. ერთხელ, როცა მათ მოუნათლავ მაუწყებლად მსახურების სურვილი გამოთქვეს, მისიონერმა უთხრა, რომ თუ მაუწყებლობა სურდათ, თამბაქოსთვის თავი უნდა დაენებებინათ. მისდა გასაკვირად, თურმე შემსწავლელებს რამდენიმე თვის წინ მიეტოვებინათ ეს მავნე ჩვევა. ალბათ, გაინტერესებთ, რა იყო ამის მიზეზი? შემსწავლელებს ესმოდათ, რომ იეჰოვას თვალს არაფერი გამოეპარებოდა და თუ ისინი მალულად განაგრძობდნენ თამბაქოს წევას, ეს დიდი თვალთმაქცობა იქნებოდა, რაც იეჰოვას ძალიან სძულს. წყვილს უნდა გადაეწყვიტა: ან მისიონერის თვალწინ მოეწიათ სიგარეტი, ან გადაეგდოთ ის. მათ იეჰოვას სიყვარული დაეხმარა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღოთ. ამ შემთხვევამ ცხადყო, რომ წყვილი სულიერად გაზრდილიყო, რაც მისიონერმა არ იცოდა.
ბადე
9. რა მნიშვნელობა აქვს იესოს იგავს ბადეზე?
9 წაიკითხეთ მათეს 13:47—50. რა მნიშვნელობა აქვს იესოს იგავს ბადეზე? იესომ კაცობრიობისთვის სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება ბადის ზღვაში მოსროლას შეადარა. როგორც ბადეში ხვდება „ყველანაირი ჯიშის თევზი“, ასევე სასიხარულო ცნობაც იზიდავს სხვადასხვა რასისა თუ ერის მილიონობით ადამიანს (ეს. 60:5). ამის ნათელი დასტურია ის, რომ ყოველწლიურად კონგრესებსა და გახსენების საღამოს უამრავი ადამიანი ესწრება. ამ ადამიანთა შორის ზოგი „კარგი თევზია“, რომლებიც ქრისტიანულ კრებაში რჩებიან, ხოლო ზოგიც — „ცუდი“, რომელთა გულიც შორსაა იეჰოვასგან.
10. რატომ მოიყვანა იესომ იგავი ბადეზე?
10 რატომ მოიყვანა იესომ ეს იგავი? თევზის სიმბოლური გადარჩევა არ მოხდება დიდ გასაჭირში საბოლოო გასამართლების დროს. ეს პროცესი ახლა, ამ ბოროტი ქვეყნიერების მიწურულს, მიმდინარეობს. იესომ ამ იგავით ნათელყო, რომ ყველა, ვინც ჭეშმარიტებას მოისმენდა, იეჰოვას მხარეს არ დადგებოდა. კრების შეხვედრებს ბევრი ესწრება, ბევრი ბიბლიის შესწავლის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ ეს ადამიანები ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან (1 მეფ. 18:21). ზოგი კრების შეხვედრებსაც კი აღარ ესწრება. მართალია, ბევრი ახალგაზრდა ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, მაგრამ მათ გულით არ უყვართ იეჰოვას კანონი. ერთი რამ ფაქტია, იესომ ამ იგავით ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველას პირადი გადასაწყვეტია, ემსახურება თუ არა ღმერთს. ის ადამიანები, რომლებიც ღვთის მსახურებას ირჩევენ, ღვთისთვის „ხალხთა საუნჯე“ ხდებიან (ანგ. 2:7).
11, 12. ა) როგორ მოემსახურება ჩვენს კეთილდღეობას იესოს იგავი ბადეზე? ბ) რას ვსწავლობთ ამ იგავიდან იეჰოვასა და იესოს შესახებ?
11 როგორ მოემსახურება ჩვენს კეთილდღეობას იესოს იგავი ბადეზე? ამ იგავის მნიშვნელობის ცოდნა დაგვეხმარება, რომ გული მაშინაც არ გაგვიტყდეს, თუ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენი შვილები და ბიბლიის შემსწავლელები ჭეშმარიტებას ვერ ითავისებენ. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდა და ბიბლიის შესწავლის დაწყება ნამდვილად არაა იმის გარანტი, რომ ადამიანი პირად, ახლო ურთიერთობას განივითარებს იეჰოვასთან. ვინც უარს ამბობს იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლაზე, მისი ხალხიდან მოიკვეთება.
ვინც მთელი გულით იღებს ჭეშმარიტებას, იეჰოვას თაყვანისმცემელი ხდება (იხილეთ მე-9—12 აბზაცები)
12 ნიშნავს ეს იმას, რომ ვინც ჭეშმარიტებას ზურგი აქცია, აღარასოდეს მიეცემა კრებაში დაბრუნების უფლება? ან ის, ვინც თავს არ უძღვნის იეჰოვას, შეგვიძლია ხელაღებით იმის თქმა, რომ ეს ადამიანი „ცუდი თევზია“? რასაკვირველია, არა. დიდი გასაჭირის დაწყებამდე ამ კატეგორიის ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, შეიცვალონ. ასეთებს იეჰოვა თავისკენ უხმობს: „დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით“ (მალ. 3:7). ამ საკითხზე ქვემოთ კიდევ უფრო ვრცლად ვიმსჯელებთ. მოდი, ახლა განვიხილოთ იგავი გზასაცდენილ შვილზე (წაიკითხეთ ლუკას 15:11—32).
გზასაცდენილი შვილი
13. რა მნიშვნელობა აქვს იესოს იგავს გზასაცდენილ შვილზე?
13 რა მნიშვნელობა აქვს იესოს იგავს გზასაცდენილ შვილზე? იგავში მოყვანილი მოსიყვარულე და თანამგრძნობი მამა ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას განასახიერებს, შვილი კი, რომელიც მამისეულ მემკვიდრეობას ითხოვს და შემდგომ ანიავებს მას — ღვთის კრებას ჩამოშორებულთ. ისინი „მამის სახლიდან“, ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, „შორეულ ქვეყანაში“, სატანის ქვეყნიერებაში მიდიან, რომელიც არ ცნობს იეჰოვას (ეფეს. 4:18; კოლ. 1:21). მართალია, ზოგი მოგვიანებით გონს ეგება და ქრისტიანულ კრებაში ბრუნდება, მაგრამ, უკან დასაბრუნებელი გზა რთული გასავლელია. ამ მომნანიე და თავმდაბალ ადამიანებს ჩვენი მიმტევებელი მამა ფართოდ გაშლილი ხელებით ხვდება და გულში იკრავს (ეს. 44:22; 1 პეტ. 2:25).
14. რატომ მოიყვანა იესომ იგავი გზასაცდენილ შვილზე?
14 რატომ მოიყვანა იესომ ეს იგავი? იესომ ამ იგავის მეშვეობით თვალსაჩინოდ დაგვანახვა, თუ როგორ ელის იეჰოვა გზასაცდენილთ. მამას იესოს იგავში არასდროს გადაუწურავს იმედი, რომ შვილი დაუბრუნდებოდა. როდესაც მამამ თვალი მოჰკრა თავის ძეს, რომელიც „ჯერ კიდევ შორს იყო“, მასთან შესახვედრად გაიქცა. ეს მართლაც დიდი სტიმულია ჭეშმარიტებას ჩამოშორებულთათვის, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ იეჰოვას! გზასაცდენილნი შესაძლოა სულიერად დაუძლურებულნი არიან, რცხვენიათ და ეუხერხულებათ კრებაში დაბრუნება; მაგრამ დაბრუნება ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ამ დროს ზეცის მკვიდრნიც კი ხარობენ! (ლუკ. 15:7).
15, 16. ა) რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან გზასაცდენილ შვილზე? მოიყვანეთ მაგალითები. ბ) რას ვსწავლობთ ამ იგავიდან იეჰოვასა და იესოს შესახებ?
15 როგორ მოემსახურება ჩვენს კეთილდღეობას იესოს იგავი გზასაცდენილ შვილზე? ჩვენ იეჰოვას უნდა მივბაძოთ — არასდროს ვიყოთ „მეტისმეტად მართალი“ და არ ვკრათ ხელი კრებაში დაბრუნებულ მომნანიე შემცოდველებს. თუ ამ რჩევას ყურად არ ვიღებთ, სულიერად გავნადგურდებით (ეკლ. 7:16). ამ იგავიდან სხვა რამესაც ვსწავლობთ: ის, ვინც კრებას ტოვებს, „დაკარგული ცხვარია“ და არა — დაღუპული (ფსალმ. 119:176). თუ თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ქრისტიანულ კრებას მოსწყდა, გაუწვდით დახმარების ხელს, რომ ის კვლავ ღვთის ხალხს დაუბრუნდეს? აცნობებთ უხუცესებს დაუყოვნებლივ ამის შესახებ, რათა მათ სათანადო დახმარება აღმოუჩინონ სულიერად მოსუსტებულს? თქვენ ასე იმ შემთხვევაში მოიქცევით, თუ გამოიყენებთ იესოს ამ იგავიდან ნასწავლ გაკვეთილს.
16 ახლა მოდი, მოვუსმინოთ რამდენიმე „გზასაცდენილ შვილს“, რომლებიც იეჰოვას ემადლიერებიან გამოვლენილი გულმოწყალების გამო; ისინი იმ და-ძმების მადლიერნიც არიან, რომელთაც მათ მიმართ სიყვარული არ დაიშურეს და მხარში დაუდგნენ. ძმა, რომელიც 25 წლის მანძილზე გარიცხული იყო, ამბობს: «მას შემდეგ, რაც ქრისტიანულ კრებას დავუბრუნდი, დღითი დღე სიხარულით ვივსები, რადგან დამიდგა „იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ (საქ. 3:19). და-ძმები გვერდში მიდგანან და ყველასგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ! დღეს მე ძვირფასი სულიერი ოჯახი მყავს». ერთი ახალგაზრდა და კი, რომელიც 5 წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო იეჰოვას მზრუნველ კალთას, ასეთ რამეს ამბობს: „ჩემ მიმართ თანაქრისტიანებმა გამოავლინეს სიყვარული, რომელზეც იესო საუბრობდა. გრძნობებს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. იეჰოვას ხალხს შორის ყოფნა მართლაც რომ ფასდაუდებელი ძღვენია!“.
17, 18. ა) რა ვისწავლეთ ამ სტატიაში გარჩეული სამი იგავიდან? ბ) რა უნდა დავისახოთ მიზნად?
17 რა ვისწავლეთ ზემოთ განხილული სამი იგავიდან? პირველი: ჩვენზე არაა დამოკიდებული ბიბლიის შემსწავლელის სულიერი ზრდა. ეს იეჰოვას პრეროგატივაა. მეორე: არარეალური მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ვინც ქრისტიანულ კრებებს ესწრება და ვისაც ბიბლიას ვასწავლით, აუცილებლად იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდება. და მესამე: მაშინაც კი, თუ ვინმე ჭეშმარიტებას ტოვებს და იეჰოვას ზურგს აქცევს, იმედი არ უნდა გადავიწუროთ და უნდა გვჯეროდეს, რომ ისინი ერთ მშვენიერ დღეს კრებაში დაბრუნდებიან. და თუ ისინი დაბრუნდებიან, დაე, მივბაძოთ იეჰოვას და ფართოდ გაშლილი ხელებით შევეგებოთ მათ.
18 არასდროს გაგვინელდეს სურვილი, რომ შევიძინოთ ცოდნა, გაგების უნარი და სიბრძნე. იესოს იგავების კითხვისას, საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: რას ნიშნავს ესა თუ ის იგავი? რატომ ჩაიწერა ის ბიბლიაში? რას გვასწავლის თითოეული მათგანი? დაბოლოს, რას ვიგებთ ამ იგავიდან იეჰოვასა და იესოს შესახებ? თუ ასეთ კითხვებზე ვიფიქრებთ, ცხადვყოფთ, რომ ვწვდებით იესოს სიტყვების მნიშვნელობას.