არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა დიდად აკურთხებს გაცემის სულს

იეჰოვა დიდად აკურთხებს გაცემის სულს

ჩვენმა შემოქმედმა ადამიანები ფასდაუდებელი საჩუქრით, ნების თავისუფლებით, დააჯილდოვა. ის უხვად აკურთხებს მათ, ვინც საკუთარი ნებით მხარს უჭერს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და ყველაფერს აკეთებს მისი სახელის განსაწმენდად და მისი დიდებული განზრახვის განსახორციელებლად. იეჰოვას არ უნდა, რომ მას შიშის ან ძალდატანების გამო ვემსახურებოდეთ. ის ძალიან აფასებს ნებაყოფლობით ერთგულებას, რომელიც ნამდვილ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემაზეა დაფუძნებული.

მაგალითად, როდესაც ისრაელები სინას უდაბნოში იყვნენ, იეჰოვამ მათ უბრძანა, აეშენებინათ თაყვანისმცემლობის ადგილი. ღვთის დავალებით მოსემ ხალხს უთხრა: „აუკრიფეთ იეჰოვას შესაწირავი. ვისაც გული გაუწევს, ყველამ მოიტანოს იეჰოვას შესაწირავი“ (გამ. 35:5). თითოეულს ის უნდა მიეტანა, რისი მიტანაც შეეძლო; რაც უნდა ყოფილიყო და რამდენიც უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობით გაღებული შესაწირავი, სათანადოდ იქნებოდა გამოყენებული ღვთის განზრახვის შესასრულებლად. როგორ გამოეხმაურა ხალხი ამ მოწოდებას?

„მივიდა ყველა, ვისაც გულმა გაუწია, და ყველამ მიიტანა, ვინც სულმა აღძრა, იეჰოვას შესაწირავი“. კაცებმაც და ქალებმაც ნებაყოფლობით მიიტანეს, რისი მიტანაც შეეძლოთ იეჰოვას საქმისთვის: გულსაბნევები, საყურეები, რგოლები და ყველანაირი ოქროს ნივთი. ვერცხლი, სპილენძი, ლურჯი ძაფი, მოშინდისფრო შალი, ალისფერი ნართი, ძვირფასი სელი, თხისური, ვერძის წითელი ტყავი, სელაპის ტყავი, აკაციის ხე, ძვირფასი ქვები, ბალზამი და ზეთი. „შეგროვებული საკმარისი აღმოჩნდა მთელი საქმის შესასრულებლად, საკმარისზე მეტიც“ (გამ. 35:21—24, 27—29; 36:7).

მატერიალურ შესაწირავზე მეტად იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად ისრაელების მიერ გამოვლენილი გაცემის სული ესიამოვნა. ამასთანავე, ისინი აღძრულნი იყვნენ ამ საქმისთვის თავიანთი დრო და ენერგიაც კი გაეღოთ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ყველა გულბრძენი ქალი თავისი ხელით ართავდა“ და „ყველა ქალი, ვისაც სიბრძნით უწევდა გული, ართავდა თხისურს“. გარდა ამისა, იეჰოვამ ბეცალელს მისცა „სიბრძნე, გაგების უნარი, ცოდნა“, რათა „ყოველგვარი ხელობის ოსტატი“ ყოფილიყო. ღმერთმა ბეცალელი და ოჰოლიაბი იმ უნარით აღჭურვა, რაც საჭირო იყო მისი საქმის შესასრულებლად (გამ. 35:25, 26, 30—35).

როცა იეჰოვამ ისრაელებს უთხრა, შესაწირავი გაეღოთ, ის დარწმუნებული იყო, რომ ყველა, ვისაც გული გაუწევდა, მხარს დაუჭერდა წმინდა თაყვანისმცემლობას. სანაცვლოდ, იეჰოვამ უხვად აკურთხა ისინი, ვინც გაცემის სული გამოავლინა. ის მათ ხელმძღვანელობასა და სიხარულს არ აკლებდა. ამგვარად, იეჰოვამ ცხადყო, რომ როდესაც თავის მსახურებში ხედავს გაცემის სულს, ის მათ აკურთხებს და აძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა თავისი ნების შესასრულებლად, როგორც მატერიალურს, ისე უნარსა და შესაძლებლობებს (ფსალმ. 34:9). როდესაც იეჰოვას უანგაროდ ემსახურებით, ის უსათუოდ აკურთხებს თქვენ მიერ გამოვლენილ გაცემის სულს.