არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ჩვენი არქივიდან

„მეტად შესაფერისი დრო“

„მეტად შესაფერისი დრო“

პიტსბურგში (ყოფილი ალეგანი, პენსილვანია, აშშ) პატარა ჯგუფი 1870 წელს წმინდა წერილების გამოკვლევას შეუდგა. ჯგუფს ჩარლზ ტეიზ რასელი ხელმძღვანელობდა. ისინი იკვლევდნენ გამოსასყიდთან დაკავშირებულ საკითხს და მალევე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქრისტეს მსხვერპლს იეჰოვას განზრახვაში უმთავრესი ადგილი ეკავა. ეს წრფელი გულის მამაკაცები განაცვიფრა იმის გაგებამ, რომ იესოს გამოსასყიდი მათაც იხსნიდა, რომელთაც ქრისტეს შესახებ არც კი სმენოდათ! მათ გადაწყვიტეს, ყოველწლიურად აღენიშნათ იესოს სიკვდილის გახსენების საღამო, რითაც მადლიერებას გამოხატავდნენ გამოსასყიდისადმი (1 კორ. 11:23—26).

ძმა რასელმა „სიონის საგუშაგო კოშკის“ გამოცემა დაიწყო. ეს ჟურნალი ხაზს უსვამდა გამოსასყიდს, როგორც ღვთის სიყვარულის აღმატებულ გამოვლინებას ჩვენდამი. „საგუშაგო კოშკი“ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს პერიოდს „მეტად შესაფერის დროდ“ მოიხსენიებდა და მკითხველს მოუწოდებდა, რომ ეს განსაკუთრებული საღამო პატარ-პატარა ჯგუფებად აღენიშნათ პიტსბურგში ან სხვა, მათთვის მოსახერხებელ ადგილას. ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში ეწერა: „სულ ორი-სამი კაციც რომ შეიკრიბოს რწმენით ანთებული“ ან თუნდაც ერთმა ადამიანმა აღნიშნოს ეს საღამო, „ასეთებთან უფალი იქნება“.

წლიდან წლამდე, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩადიოდა პიტსბურგში გახსენების საღამოს აღსანიშნავად. გახსენების საღამოზე ბიბლიის მკვლევრები ხალხს შემდეგი სიტყვებით იწვევდნენ: „მთელი გულით გეპატიჟებით. მობრძანდით!“. პიტსბურგელი ბიბლიის მკვლევრები სულიერ და-ძმებს თავიანთი სახლის კარს ფართოდ უღებდნენ და უმასპინძლდებოდნენ. 1886 წელს, გახსენების საღამოს პერიოდში ჩატარდა კონგრესი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. „საგუშაგო კოშკი“ მკითხველს მოუწოდებდა: „უფლის, საძმოსა და ჭეშმარიტების სიყვარულით აღტკინებულნო, მთელი გულით გიწვევთ!“.

„ლონდონის კარავში“ გახსენების საღამოზე სიმბოლოების გადაწოდების სქემა

წლების მანძილზე პიტსბურგელი ბიბლიის მკვლევრები ორგანიზებას უწევდნენ ფართომასშტაბიან შეხვედრებს ქრისტეს გახსენების საღამოს აღსანიშნავად ჩასული ადამიანებისთვის, რომელთაც გამოსასყიდის სწამდათ. რაც უფრო იზრდებოდა ბიბლიის მკვლევართა რიცხვი, მით უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენდა გახსენების საღამოს შეხვედრები. რეი ბოპი, ჩიკაგოს ეკლესიის (კრება) წევრი, იხსენებს, რომ 1910-იან წლებში, სიმბოლოების გადაწოდება რამდენიმე საათს გრძელდებოდა, რადგან დამსწრეთა უმეტესობა სიმბოლოებს იღებდა.

რა სიმბოლოები გამოიყენებოდა უფლის გახსენების საღამოზე? მართალია, იესო ქრისტემ გახსენების საღამოზე სიმბოლოდ ღვინო გამოიყენა, მაგრამ „საგუშაგო კოშკი“ მკითხველს მოუწოდებდა, რომ „სუსტების“ გამო ახალდაწურული ყურძნის წვენი ან ქიშმიშის კომპოტი გამოეყენებინათ. თუმცა გახსენების საღამოზე ღვინოს ისინი სვამდნენ, ვისაც მიაჩნდა, რომ ამ საღამოზე ღვინო უნდა შესმულიყო. ბიბლიის მკვლევრები მოგვიანებით იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იესოს სისხლის სიმბოლოდ მხოლოდ წითელი ღვინო გამოდგებოდა.

ამ ფურცელზე ამ ფანქრით ნიკარაგუის ციხეში და-ძმები საკნებში გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვს ინიშნავდნენ

იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთ შეეძლოთ ეფიქრათ მის მიერ გაღებულ გამოსასყიდზე. თუმცა ზოგ კრებაში გახსენების საღამოზე  სამგლოვიარო ატმოსფერო სუფევდა და შეხვედრას ბევრი თითქმის უსიტყვოდ ტოვებდა. მაგრამ საინტერესოა, რა ეწერა 1934 წელს გამოცემულ წიგნში „იეჰოვა“. მასში ნათქვამი იყო, რომ გახსენების საღამო ქრისტეს მოწამებრივი სიკვდილის გამო სატირალს არ უნდა დამსგავსებოდა. პირიქით, ამ შეხვედრაზე ყველას უნდა ემხიარულა, რადგან 1914 წლიდან მოყოლებული ქრისტე უკვე ზეცაში მეფობდა.

1957 წელს გახსენების საღამოს აღსანიშნავად მორდვინის (რუსეთი) შრომა-გასწორების ბანაკში შეკრებილი ძმები

1935 წელი გახსენების საღამოზე დამსწრეთათვის გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ წელს მოეფინა ნათელი გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხის“ ვინაობას. ამ წლამდე კი იეჰოვას მსახურები „უამრავი ხალხის“ წარმომადგენლებს მიიჩნევდნენ ღმერთზე მიძღვნილ ქრისტიანებად, რომლებიც ბოლომდე არ იხარჯებოდნენ იეჰოვასთვის. 1935 წლიდან ისინი ცნეს ღვთის ერთგულ თაყვანისმცემლებად, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც „უამრავ ხალხთან“ დაკავშირებული ჭეშმარიტება აიხსნა, ძმა რასელ პოგენსიმ თვითგამოკვლევის შედეგად დაასკვნა: „იეჰოვას წმინდა სულს ჩემში არ გაუღვიძებია ზეციური იმედი“. მის მსგავსად, სხვა ბევრმა ერთგულმა მსახურმაც შეწყვიტა გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება, თუმცა მათ ამ საღამოზე დასწრება არ შეუწყვეტიათ.

„მეტად შესაფერისი დროის“ განმავლობაში მიმდინარე სამქადაგებლო კამპანიებში მონაწილეობით ყველას შეეძლო გამოსასყიდისადმი მადლიერების გამოხატვა. 1932 წლის „ბიულეტენში“ ეწერა, რომ ქრისტიანები „გახსენების საღამოს წმინდანები“ არ უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც მხოლოდ სიმბოლოების მიღებით შემოიფარგლებოდნენ. ისინი „ერთგული მუშებიც“ უნდა ყოფილიყვნენ და ჭეშმარიტება ექადაგათ. 1934 წლის „ბიულეტენში“ კი ნათქვამი იყო, რომ საჭირონი იყვნენ „დამხმარეები“ და იქვე ასეთი კითხვა იყო დასმული: „გვეყოლება გახსენების საღამოს პერიოდში 1 000 დამხმარე?“. „ინფორმატორში“ ცხებულთა საყურადღებოდ ეწერა: „მათი სიხარული იმ შემთხვევაში იქნება სრული, თუ ისინი სამეფოს შესახებ იქადაგებენ“. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ეს რჩევა მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებზეც გავრცელდა. *

სამარტოო საკანში ჰაროლდ კინგი გახსენების საღამოსთვის ლექსებსა და სიმღერებს წერდა

იეჰოვას მოწმეთათვის იესოს სიკვდილის გახსენების საღამო წლის განმავლობაში ყველაზე წმინდა და განსაკუთრებული მოვლენაა. ამ დღესასწაულს ისინი ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი აღნიშნავენ. 1930 წელს პერლ ინგლიშმა და მისმა დამ, ორამ, გახსენების საღამოს რომ დასწრებოდნენ, დაახლოებით 80 კილომეტრი ფეხით გაიარეს. როდესაც ჰაროლდ კინგი ჩინეთის ციხეში სამარტოო საკანში იჯდა, გახსენების საღამოსთვის ლექსებსა და სიმღერებს წერდა; ხოლო სიმბოლოებად შავი მოცხრის ღვინოსა და ბრინჯის ხმიადს იყენებდა. აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალური ამერიკისა თუ აფრიკის ჩათვლით გაბედული ქრისტიანები ომიანობისა და აკრძალვების პერიოდშიც აღნიშნავდნენ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. აქედან გამომდინარე, იმისდა მიუხედავად, თუ რა მდგომარეობაში ვართ ან სად ვიმყოფებით, ამ „მეტად შესაფერისი დროის“, გახსენების საღამოს, აღსანიშნავად ერთად იმ მიზნით ვიკრიბებით, რომ განვადიდოთ იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე!

^ აბზ. 10 „ბიულეტენს“ მოგვიანებით „ინფორმატორი“ ეწოდა, დღეს კი მას „ჩვენი სამეფო მსახურება“ ჰქვია.