არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღესაც პრაქტიკულია პრინციპი: დაქორწინდი, „ოღონდ უფალში“?

დღესაც პრაქტიკულია პრინციპი: დაქორწინდი, „ოღონდ უფალში“?

„კრებაში ჩემი შესაფერისი მეუღლე ვერ ვიპოვე. მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ სიბერე მარტოობაში უნდა გავლიო“.

„ზოგი ქვეყნიური მამაკაცი კეთილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანია. ისინი ჩემს რელიგიას არ ეწინააღმდეგებიან და ზოგ ძმაზე საინტერესონიც კი არიან“.

ღვთის ზოგი მსახური სწორედ ასე ფიქრობს. თუმცა ამ ქრისტიანებმა კარგად უწყიან პავლე მოციქულის რჩევა, რომ დაქორწინდნენ, „ოღონდ უფალში“. ეს არის პრინციპი, რომლითაც ყველა ქრისტიანმა უნდა იხელმძღვანელოს (1 კორ. 7:39). და თუ ასეა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რატომ იწყებს ზოგი ქრისტიანი ფიქრს ქვეყნიურ ადამიანზე, როგორც ეს ზემოთ მოყვანილი კომენტარებიდანაც ჩანს?

რატომ ყოყმანობს ზოგი

ის, ვინც ამგვარ კომენტარს აკეთებს, შესაძლოა ფიქრობს, რომ ქრისტიანულ კრებაში დები უფრო მეტი არიან, ვიდრე ძმები. მრავალ ქვეყანაში ეს მართლაც ასეა. მოვიყვანოთ ორი მაგალითი: კორეაში, საშუალოდ, 100 დაუქორწინებელი იეჰოვას მოწმიდან 57 დაა, ხოლო 43 — ძმა. თუ კოლუმბიის სტატისტიკასაც მოვიშველიებთ, იქ დაუქორწინებელთა 66 პროცენტს დები წარმოადგენენ, ხოლო 34 პროცენტს — ძმები.

ზოგ ქვეყანაში კი თანაქრისტიანზე დაქორწინება რთულია, რადგან ქრისტიანი გოგონას მშობლებმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, სასიძოს შესაძლოა დიდი ოდენობის ურვადი დააკისრონ. ეს კი, თავის მხრივ, ხელმოკლედ მცხოვრებ ძმას დაქორწინებაში ხელს უშლის. ამ სირთულეების გათვალისწინებით, დამ შეიძლება იფიქროს, რომ ძალიან ძნელია, დაქორწინდეს „მხოლოდ უფალში“. აქედან გამომდინარე, მას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: „ვიპოვი კი ოდესმე შესაფერის ცხოვრების თანამგზავრს ქრისტიანებს შორის?“. *

ყველაზე მთავარი იეჰოვაზე მინდობაა

თუ როდისმე მსგავსი ფიქრები თქვენც მოგსვლიათ, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვამ ამის შესახებ იცის და უფრო მეტიც, კარგადაც ესმის თქვენი (2 მატ. 6:29, 30).

თუმცა ისმის კითხვა: რატომღა მიუთითა ღმერთმა თავის ხალხს, რომ დაქორწინებულიყვნენ „მხოლოდ უფალში“? იმიტომ, რომ მან საუკეთესოდ იცის, თუ რა მოუტანს თავის ხალხს სიკეთეს. იეჰოვა ღმერთს მხოლოდ ის კი არ სურს, რომ დაიცვას თავისი ხალხი ტკივილისგან, რომელიც არასწორ არჩევანს მოჰყვება, არამედ ისიც, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. ნეემიას დროს ბევრი იუდეველი ქორწინდებოდა უცხოელ ქალებზე, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არ იყვნენ; მათ ნეემიამ მეფე სოლომონის ცუდ მაგალითზე გაუმახვილა ყურადღება და უთხრა, რომ მართალია, სოლომონი ღმერთს უყვარდა, მაგრამ „მასაც კი ჩაადენინეს ცოდვა უცხოელმა ცოლებმა“ (ნეემ. 13:23—26). სწორედ ამიტომ ღმერთი დღესაც ჩვენსავე საკეთილდღეოდ მოგვიწოდებს, რომ მხოლოდ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე დავქორწინდეთ (ფსალმ. 19:7—10; ეს. 48:17, 18). ნამდვილი ქრისტიანები მთელი გულით აფასებენ ღვთის სიყვარულსა და მზრუნველობას და ენდობიან მის ხელმძღვანელობას. ამრიგად, ისინი ემორჩილებიან ღმერთს და მას უზენაეს მმართველად აღიარებენ (იგავ. 1:5).

ბუნებრივია, არ გსურთ, რომ „უთანასწორო უღელში“ შეებათ ისეთ ადამიანთან, რომელმაც შესაძლოა ღმერთს ჩამოგაშოროთ (2 კორ. 6:14). სასიამოვნოა, რომ დღეს ბევრი ქრისტიანი ემორჩილება დროში ნაცად ღვთის ამ მითითებას და აცნობიერებს, რომ ბრძნულად იქცევა. თუმცა სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც სხვაგვარად იქცევიან.

კვლავ პრაქტიკული

ავსტრალიაში მცხოვრები ერთი და, მაგი * გვიზიარებს, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც პაემნებზე სიარული დაიწყო მასთან, ვინც მის რწმენას არ იზიარებდა. ის ამბობს: „კრებებს ვაცდენდი, ოღონდაც კი მის გვერდით ვყოფილიყავი. სულიერად მოვსუსტდი“. კიდევ ერთი მაგალითი: ახალგაზრდა გოგონას, რატანას, რომელიც ინდოეთში ცხოვრობს, გრძნობა გაუჩნდა თანაკლასელი ბიჭის მიმართ. ამ ბიჭმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ მას ბიბლიის შესწავლა რატანას გულის მოსაგებად დაეწყო. სამწუხაროდ, რატანამ ჭეშმარიტება მიატოვა და სხვა რელიგიის მიმდევარი გახდა, რათა ცოლად გაჰყოლოდა თავის კლასელს.

ნდენკეი კამერუნში ცხოვრობს. ის 19 წლისა იყო, როცა გათხოვდა. საქმრო დაჰპირდა, რომ ქორწინების შემდეგაც მისცემდა ნებას, ემსახურა თავისი ღმერთისთვის. თუმცა ეს ლიტონი სიტყვები აღმოჩნდა, რადგან ქორწინებიდან ორ კვირაში, ქმარმა კრების შეხვედრაზე აღარ გაუშვა. ნდენკეი გვიზიარებს: „თავს მარტოსულად ვგრძნობდი და გულს ტირილით ვიოხებდი. მივხვდი, რომ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი აღარ ვიყავი. დღემუდამ სინდისი მქენჯნიდა“.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მეუღლე, ვინც იეჰოვას მოწმე არ არის, სასტიკი და უგუნურია. თუმცა თუ თქვენი ქმარი, რომელიც თქვენს რწმენას არ იზიარებს, ხელს არ გიშლით, ემსახუროთ ღმერთს, მაინც დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: როგორ აისახა თქვენი არჩევანი მოსიყვარულე ზეციერ მამასთან თქვენს ურთიერთობაზე? რა გრძნობა გეუფლებათ დღეს, რომ თავის დროზე ყურად არ იღეთ მამის რჩევა? და, რაც უმთავრესია, როგორ უყურებს ზეციერი მამა თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას? (იგავ. 1:33).

მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრები და-ძმები საკუთარმა გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ღვთის მითითება, დაქორწინებულიყვნენ, „ოღონდ უფალში“, საუკეთესო აღმოჩნდა. დაუქორწინებელ ქრისტიანებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ იეჰოვას გული გაუხარონ და სურთ, რომ მხოლოდ მის თაყვანისმცემლებს შორის აირჩიონ შესაფერისი ცხოვრების თანამგზავრი. ამის საუკეთესო მაგალითს იაპონიაში მცხოვრები ერთი დასაქორწინებელი და, მიჩიკო, გვაძლევს. მას ნათესავები უკიჟინებდნენ, რომ შეექმნა ოჯახი მასთან, ვინც არ იყო იეჰოვას მოწმე. მიჩიკოს ემოციურ მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ მისი ნაცნობ-მეგობრები ქრისტიანულ კრებაში ქმნიდნენ ოჯახებს. მიჩიკო გვიყვება: „საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ იეჰოვა ბედნიერი ღმერთია. ასე რომ, ჩვენი ბედნიერება ნამდვილად არ არის დამოკიდებული იმაზე, გვეყოლება თუ არა მეორე ნახევარი. ამასთანავე, მჯერა, რომ იეჰოვა ყველას უსრულებს გულის წადილს. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულით გვსურს დაქორწინება, მაგრამ ვერ ვპოულობთ შესაფერის თანამგზავრს, უმჯობესი იქნება, თუ საერთოდ არ დავქორწინდებით“ (1 ტიმ. 1:11). გავიდა დრო და მიჩიკო სულიერად მოწიფულ იეჰოვას მოწმეზე გათხოვდა; ის ახლა ბედნიერია, რომ არ აჩქარდა და ეს ნაბიჯი გააზრებულად გადადგა.

ზოგ ძმასაც მოცდა მოუწია იმისათვის, რომ გვერდით შესაფერისი მეუღლე ჰყოლოდა. ერთ-ერთი ასეთი ძმა ბილია. ის აღიარებს, რომ დროდადრო სიმპათია უჩნდებოდა ქალების მიმართ, რომლებიც მის რწმენას არ იზიარებდნენ. თუმცა იგი ყველანაირად ცდილობდა, არ დაახლოებოდა მათ. რატომ იქცეოდა ბილი ასე? იმიტომ, რომ მას არ სურდა, „უთანასწორო უღელში შებმულიყო“. წლების განმავლობაში, ბილს ქრისტიანულ კრებაში რამდენიმე და კი მოეწონა, მაგრამ ყოველ ჯერზე მისი გრძნობა ცალმხრივი აღმოჩნდა. თუმცა 30-წლიანი ლოდინის შემდეგ ბილი შეხვდა თავის გულის სწორს. იგი გვიამბობს: „არაფერს ვნანობ. ვფიქრობ, რომ ღმერთმა მაკურთხა: ჩვენ ერთად ვმსახურობთ, ერთად ვიკვლევთ სულიერ საკითხებს და ერთად ვცემთ თაყვანს ღმერთს. მსიამოვნებს ჩემი ცოლის ახლობლებთან ურთიერთობა, რადგან ისინიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან. ჩვენ ქორწინებაში ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ“.

ვიდრე ველით იეჰოვას

რა უნდა გააკეთოთ მას შემდეგ, რაც იეჰოვას მიანდობთ თქვენს საზრუნავს? შეგიძლიათ ერთ რამეზე დაფიქრდეთ, მაგალითად: რატომ არ ხართ დაქორწინებული. თუ ამის მიზეზი ბიბლიაში ჩაწერილი მითითებაა, დაქორწინდეთ, „ოღონდ უფალში“, ნამდვილად შესაქები ხართ, რადგან ითვალისწინებთ ამ ღვთიურ მოწოდებას. იოტისოდენა ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ იეჰოვას სიამოვნებს თქვენი სიმტკიცე და ის, რომ ცდილობთ, დაემორჩილოთ მის სიტყვას (1 სამ. 15:22; იგავ. 27:11). კვლავაც გადმოუღვარეთ გული ლოცვაში ღმერთს (ფსალმ. 62:8). თუ გულწრფელად და დაჟინებით შეავედრებთ ღმერთს თქვენს სათხოვარს, თქვენი ლოცვები კიდევ უფრო აზრიანი გახდება. თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ და გაუმკლავდებით როგორც საკუთარ სურვილებს, ისე სხვა ცდუნებებს, იეჰოვა ღმერთთან თქვენი ურთიერთობა დღითი დღე გაღრმავდება. გულდაჯერებული იყავით, რომ უზენაესი შემოქმედი ინტერესდება თავისი ყოველი მსახურით და თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ. ის ზრუნავს თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე. მართალია, ღმერთი არავის დაჰპირებია მეუღლეს, მაგრამ თუ თქვენ ნამდვილად გინდათ ოჯახის შექმნა, მან იცის, როგორ დააკმაყოფილოს თქვენი სურვილი საუკეთესოდ (ფსალმ. 145:16; მათ. 6:32).

ზოგჯერ შეიძლება თავი ფსალმუნმომღერალი დავითის მსგავსად იგრძნოთ, რომელმაც თქვა: „იჩქარე და მიპასუხე, იეჰოვა. ბოლო მოეღო ჩემს სულს. ნუ დამალავ სახეს ჩემგან“ (ფსალმ. 143:5—7, 10). ამ დროს კარგი იქნება, თუ იეჰოვას დროს მისცემთ, დაგანახოთ, რა სურს მას თქვენთვის. ამას კი იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ დროს გამოუყოფთ ბიბლიის კითხვასა და წაკითხულზე ფიქრს. ამგვარად გაიგებთ მის მითითებებსა თუ მცნებებს და დაინახავთ, რას აკეთებდა ის წარსულში თავისი ხალხისთვის. თუ გულისყურით მოუსმენთ ღმერთს, მიხვდებით, რომ ნამდვილად ღირს, დაემორჩილოთ მას.

დაუქორწინებლები კრების წევრებისთვის ძვირფასნი არიან — ისინი ხშირად უდგანან მხარში ოჯახებსა თუ მოზარდებს

კიდევ როგორ შეგიძლიათ დაუქორწინებლობის ხანის გამრავალფეროვნება და ამ პერიოდის ნაყოფიერად გამოყენება? კარგი იქნება, თუ ამ დროს საკუთარი პიროვნების დასახვეწად გამოიყენებთ და გამოიმუშავებთ ისეთ თვისებებს, რომლებიც ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად აუცილებელია. მაგალითად, შეიძენთ კარგ რეპუტაციას, გახდებით უფრო გამჭრიახი, ხელგაშლილი, შრომისმოყვარე, სასიამოვნო და ღვთისადმი ერთგული ადამიანი (დაბ. 24:16—21; რუთ. 1:16, 17; 2:6, 7, 11; იგავ. 31:10—27). უპირველესად ეძებეთ სამეფო — სრულად ჩაებით ქადაგებასა თუ სხვა ქრისტიანულ საქმეებში; ეს ყოველივე დიდად წაგადგებათ. ბილი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დაუქორწინებლობის პერიოდზე ამბობს: „ის წლები გაფრინდა! კარგია, რომ იმ დროს პიონერად ვმსახურობდი“.

ნამდვილად, პრინციპს, დაქორწინდით, „ოღონდ უფალში“, დღესაც არ დაუკარგავს პრაქტიკული ღირებულება. ასე რომ, თუ დაემორჩილებით ამ მითითებას, პატივს მიაგებთ იეჰოვას და ყოველთვის დაგეუფლებათ კმაყოფილების განცდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბედნიერია იეჰოვას მოშიში კაცი, რომელსაც დიდად სიამოვნებს მისი მცნებები. ქონება და სიმდიდრეა მის სახლში; მარადიულია მისი სიმართლე“ (ფსალმ. 112:1, 3). მაშ ასე, გამოიჩინეთ სიმტკიცე, რომ დაიცვათ ღვთიური მითითება და დაქორწინდეთ, „ოღონდ უფალში“.

^ აბზ. 7 ამ სტატიაში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დების გადასახედიდან ვიმსჯელებთ. თუმცა განხილული პრინციპები ძმებზეც ვრცელდება.

^ აბზ. 13 ზოგი სახელი შეცვლილია.