არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ამზადებენ უხუცესები ძმებს პასუხისმგებლობების მისაღებად?

როგორ ამზადებენ უხუცესები ძმებს პასუხისმგებლობების მისაღებად?

„ის, რაც ჩემგან მოისმინე . . . მიანდე ერთგულ მამაკაცებს“ (2 ტიმ. 2:2).

1. ა) რა ესმით კარგად ღვთის მსახურებს უხსოვარი დროიდან დღემდე? ბ) რას განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში?

ღვთის მსახურებს უხსოვარი დროიდან დღემდე კარგად ესმით, რომ ადამიანი საქმეში წარმატებას მომზადების გარეშე ვერ მიაღწევს. ბიბლია გვამცნობს, რომ პატრიარქმა აბრამმა „შეკრიბა ძლიერი [მომზადებული] კაცები“, რომელთა დახმარებითაც მან თავისი ძმისწული, ლოტი ტყვეობიდან დაიხსნა (დაბ. 14:14—16). მეფე დავითის დროს „იეჰოვასთვის განსწავლული [მომზადებული] მგალობელთა“ გუნდი ღმერთს ხოტბას ასხამდა მის სახლში (1 მატ. 25:7). დღეს ჩვენ სატანისა და მისი დამქაშების წინააღმდეგ სულიერ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი (ეფეს. 6:11—13). ამასთანავე, თავს არ ვზოგავთ, რომ იეჰოვას სახელი განვადიდოთ (ებრ. 13:15, 16). მაშასადამე, ღვთის ძველი დროის მსახურების მსგავსად, წარმატებას ჩვენც იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ მოგვამზადებენ. ეს საქმე იეჰოვამ კრებაში უხუცესებს მიანდო (2 ტიმ. 2:2). ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა მეთოდებით ამზადებენ გამოცდილი უხუცესები გამოუცდელ ძმებს, რათა მათ კრებაში მეტი პასუხისმგებლობა იტვირთონ.

განამტკიცეთ მოსწავლე სულიერად

2. რის გაკეთება შეუძლია უხუცესს, ვიდრე გამოუცდელ ძმას რაიმეს სწავლებას დაუწყებს და რატომ?

2 უხუცესი, რაღაც გაგებით, მებაღეს ჰგავს. შესაძლოა თესლის დათესვამდე მებაღემ ნიადაგი სასუქით გაანოყივროს, რათა მასზე უხვი მოსავალი მოიწიოს. მსგავსადვე, სანამ მასწავლებელი გამოუცდელ ძმას რაიმეს სწავლებას დაუწყებს, მან შესაძლოა თავდაპირველად მოსწავლის „გულის ნიადაგი გაანოყივროს“ ანუ საჭირო ბიბლიური მუხლები გაუზიაროს, რითაც მის გულს სასწავლად განაწყობს (1 ტიმ. 4:6).

3. ა) როგორ შეიძლება გამოგვადგეს მარკოზის 12:29, 30-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები მოსწავლესთან საუბრისას? ბ) როგორ შეიძლება იმოქმედოს უხუცესის მიერ მთელი გულით წარმოთქმულმა ლოცვამ მოსწავლეზე?

3 გამოცდილმა ძმამ, იმის დასადგენად, თუ რა გავლენა იქონია მოსწავლის აზროვნებასა თუ საქციელზე სამეფოს ცნობამ, შესაძლოა მას ჰკითხოს, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრების წესი მას შემდეგ, რაც მან იეჰოვას მიუძღვნა თავი. ამ კითხვას შესაძლოა საინტერესო საუბარი მოჰყვეს იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია ღმერთს წმინდა მსახურება მთელი სულით შევუსრულოთ (წაიკითხეთ მარკოზის 12:29, 30). საუბრის დასასრულ, შეგიძლიათ ილოცოთ და იეჰოვას სთხოვოთ, რომ წმინდა სულით დაეხმაროს მოსწავლეს ნასწავლის გათავისებაში. თქვენ მიერ ძმისთვის მთელი გულით წარმოთქმული ლოცვა მას უდავოდ შემატებს მხნეობას.

4. ა) მოიყვანეთ ბიბლიური ეპიზოდები, რომლითაც მოსწავლეს სულიერი ზრდისკენ წაახალისებთ. ბ) რა მიზანი აქვთ უხუცესებს, როცა ძმებს ამზადებენ?

4 მომზადების საწყის ეტაპზე განიხილეთ ბიბლიიდან ზოგიერთი მონაკვეთი, რაც მოსწავლეს დაანახვებს იმის აუცილებლობას, რომ ჰქონდეს მზადყოფნის სული, იყოს სანდო და თავმდაბალი (1 მეფ. 19:19—21; ნეემ. 7:2; 13:13; საქ. 18:24—26). ეს თვისებები მოსწავლისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც ნიადაგისთვის სასუქი, რომელიც თესლის აღმოცენებას აჩქარებს. საფრანგეთში მცხოვრები ერთი უხუცესი, ჟან-კლოდი, გვიზიარებს: «ძმების მომზადების დროს ჩემი უმთავრესი ამოცანა ისაა, რომ მათ სულიერი მოწიფულობის შეძენაში დავეხმარო. შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებ, რომ მოსწავლეს კონკრეტული მუხლი წავუკითხო, რომელიც მას ღვთის კანონის საოცრებების დასანახად „თვალს აუხელს“» (ფსალმ. 119:18). არსებობს კიდევ სხვა საშუალებები, რითაც მოწიფული ძმები გამოუცდელთ სულიერად განამტკიცებენ?

დაეხმარეთ მოსწავლეს მიზნების დასახვაში

5. ა) რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უხუცესი მოსწავლეს სულიერი მიზნების დასახვაში დაეხმაროს? ბ) რატომ უნდა დაიწყონ უხუცესებმა ახალბედების მომზადება ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან? (იხილეთ სქოლიო)

5 უხუცესებო, ჰკითხეთ მოსწავლეს, რა სულიერი მიზნები აქვს. თუ მოსწავლეს მიზანი ჯერ არ დაუსახავს, დაეხმარეთ მას ისეთი მიზნის დასახვაში, რომელიც მისთვის გონივრული და რეალურია. პირადი გამოცდილებიდან უთხარით, თუ თქვენ რა მიზანი გქონდათ თავის დროზე და როგორ გაიხარეთ მაშინ, როცა მას მიაღწიეთ. მართალია, ეს, ერთი შეხედვით, მარტივი მეთოდია, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანი. ერთი აფრიკელი უხუცესი, ვიქტორი, რომელიც პიონერად მსახურობს, გვიზიარებს: „როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ერთმა უხუცესმა რამდენიმე კითხვა დამისვა იმის გამოსარკვევად, თუ რა მიზნები მქონდა. ამ კითხვებმა უფრო სერიოზულად დამაფიქრა ჩემს მსახურებაზე“. გამოცდილი უხუცესები იმის აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ მოწიფულმა ძმებმა ახალბედები ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან მოამზადონ, მაგალითად, მათი ასაკის გათვალისწინებით, კრებაში რაიმე დავალება მისცენ. ამგვარი მომზადების წყალობით, მოზარდი, რომელიც რამდენიმე წელიწადში სხვადასხვა საცდურის წინაშე აღმოჩნდება, აღარ შეცდება და იმაზე იფიქრებს, თუ როგორ მიაღწიოს დასახულ მიზნებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 71:5, 17). *

აუხსენით ძმას, რატომ უნდა გააკეთოს მან ესა თუ ის საქმე; ამასთანავე, შეაქეთ ის თავდაუზოგავი შრომისთვის (იხილეთ მე-5—8 აბზაცები)

6. როგორ ამზადებდა იესო მოწაფეებს დავალების შესასრულებლად?

6 მოწიფულო ძმებო, თქვენ მოსწავლეს კიდევ უფრო გაუღვივებთ იეჰოვასადმი მსახურების სურვილს, თუ არა მხოლოდ იმას ეტყვით, რა უნდა გააკეთოს, არამედ იმასაც, რატომ უნდა გააკეთოს. ამგვარად თქვენ მიჰბაძავთ ყველაზე დიდებულ მასწავლებელს, იესოს. მაგალითად, ვიდრე იგი მოციქულებს მოწაფეების მომზადებას დაავალებდა, მან ჯერ ის უთხრა, თუ რატომ უნდა მიჰყოლოდნენ ამ მითითებას. იესომ მოწაფეებს მიმართა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“. შემდეგ დასძინა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:18, 19). უხუცესებო, თქვენ როგორ შეგიძლიათ, მიჰბაძოთ იესოს ამ მხრივ?

7, 8. ა) როგორ შეუძლიათ უხუცესებს, მიჰბაძონ იესოს? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი შექება? გ) რომელი რჩევები დაეხმარებათ უხუცესებს მოსწავლეების მომზადებაში? (იხილეთ ჩარჩო „ როგორ მოვამზადოთ ძმები?“)

7 უხუცესებო, აუხსენით მოსწავლეს, თუ რომელი ბიბლიური პრინციპი უდევს საფუძვლად მისთვის დავალებულ საქმეს. ასეთი სახით მას საშუალებას მისცემთ, ჩაუფიქრდეს ბიბლიურ პრინციპებს. დავუშვათ, სთხოვთ ძმას, რომ სამეფო დარბაზთან მისასვლელი გზა დაასუფთაოს, რათა და-ძმები სამეფო დარბაზში უსაფრთხოდ შევიდნენ. ამ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ მასთან ერთად იმსჯელებთ ტიტეს 2:10-ში ჩაწერილ რჩევაზე და აუხსნით, თუ როგორ ამკობს „ჩვენი მხსნელის, ღვთის სწავლებას“ მისი გასაკეთებელი საქმე. ამასთანავე, უთხარით მოსწავლეს, რომ იფიქროს კრების ხანდაზმულებზე, რომლებიც დიდად მადლიერნი დარჩებიან მის მიერ შესრულებული საქმისთვის. ამგვარი საუბრები მოსწავლის მომზადებაში შედის, რომელთა წყალობითაც იგი მთელ ყურადღებას ხალხზე გადაიტანს და არა — წესების მიყოლაზე. მას აუცილებლად მოჰგვრის სიხარულს იმის დანახვა, თუ რამხელა სიკეთე მოაქვს მის მსახურებას და-ძმებისთვის.

8 შემდეგ მოსწავლე შეაქეთ იმისათვის, რომ იგი ყველანაირად ცდილობს, გაითვალისწინოს მისთვის მიცემული მითითებები. რატომ არის შექება მნიშვნელოვანი? გულიანი შექება მოსწავლისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც მცენარისთვის წყალი, რათა მან იზარდოს და იხაროს (შეადარეთ მათეს 3:17).

დამატებითი სირთულე

9. ა) რა სირთულეს ხვდებიან განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები უხუცესები? ბ) რატომ არ უკავია ღვთისადმი მსახურებას ზოგი ახალგაზრდის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი?

9 განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები უხუცესები დამატებით სირთულეს ხვდებიან. მათ 20—30 წელს გადაცილებულ ძმებს უნდა გაუღვივონ იმის სურვილი, რომ კრებაში პასუხისმგებლობები იტვირთონ. ამ საკითხის ირგვლივ დასავლეთის დაახლოებით 20 ქვეყანაში ჩავატარეთ გამოკითხვა; გამოცდილ უხუცესებს ვთხოვეთ, საკუთარი მოსაზრება გამოეთქვათ იმის თაობაზე, თუ რატომ არ ისწრაფვიან ახალგაზრდა ძმები კრებაში პასუხისმგებლობების მიღებისკენ. ძმების მიერ გაცემული პასუხებიდან გამოიკვეთა ერთი აზრი: მოზარდობის პერიოდში ახალგაზრდებიდან ზოგს სულიერი მიზნების დასახვისკენ არავინ მოუწოდებდა. მართალია, მათგან ზოგს სურდა, დაესახა სულიერი მიზნები, მაგრამ მშობლების კიჟინით მათ ქვეყნიერებაში განათლების მიღებისა და კარიერის შექმნისკენ დაიწყეს სწრაფვა! აქედან გამომდინარე, ღვთისადმი მსახურებამ მათ ცხოვრებაში ვერ დაიკავა უმთავრესი ადგილი (მათ. 10:24).

10, 11. ა) როგორ შეუძლია უხუცესს აზროვნება შეუცვალოს ძმას, რომელიც დიდად არ ინტერესდება კრების საქმეებით? ბ) რომელი ბიბლიური აზრების განხილვა შეუძლია უხუცესს ასეთ ძმასთან და რატომ? (იხილეთ სქოლიო)

10 თუ ძმა დიდად არ ინტერესდება კრების საქმეებით, მას აზროვნების შესაცვლელად დიდი შრომა და მოთმინება დასჭირდება; თუმცა ეს ღირს ძალისხმევად! მაგალითად, ზოგმა მცენარემ რომ სწორად იზარდოს, მებაღე მის ღეროს პალოზე ამაგრებს და ზრდასთან ერთად მას პალოებს უცვლის. უხუცესებო, შეგიძლიათ ამ მხრივ მებაღეს მიჰბაძოთ და დროთა განმავლობაში ძმებს აზროვნების შეცვლაში დაეხმაროთ, რომ მათ პასუხისმგებლობებისკენ დაიწყონ სწრაფვა. მაგრამ, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

11 გამოყავით დრო, რომ დაუმეგობრდეთ მოსწავლეს. აგრძნობინეთ მას, რომ იგი კრებაში მეტად საჭიროა. შემდეგ პერიოდულად ერთად განიხილეთ შესაბამისი ბიბლიური მუხლები და დაეხმარეთ მას, დაფიქრდეს ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიცაა, ღვთისადმი თავის მიძღვნა (ეკლ. 5:4; ეს. 6:8; მათ. 6:24, 33; ლუკ. 9:57—62; 1 კორ. 15:58; 2 კორ. 5:15; 13:5). შეგიძლიათ მოსწავლეს ჰკითხოთ: „რა აღუთქვი იეჰოვას, როცა თავი მიუძღვენი მას?“. გულში სითბო რომ ჩაუღვაროთ, ჰკითხეთ: „როგორ ფიქრობ, რას გრძნობდა იეჰოვა შენი ნათლობის დღეს?“ (იგავ. 27:11). „რას გრძნობდა მაშინ სატანა?“ (1 პეტ. 5:8). გახსოვდეთ, სწორად შერჩეული ბიბლიური მონაკვეთები მოსწავლეს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს (წაიკითხეთ ებრაელების 4:12). *

მოსწავლეებო, ერთგულება საქმით დაამტკიცეთ!

12, 13. ა) როგორი განწყობა ჰქონდა ელისეს, როგორც „მოსწავლეს“? ბ) როგორ დაუფასა იეჰოვამ ელისეს ერთგულება?

12 ახალგაზრდა ძმებო, თქვენ შეგიძლიათ დიდი დახმარება გაუწიოთ კრებას. მაგრამ როგორი განწყობა უნდა გქონდეთ, რომ ეს შეძლოთ? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ რამდენიმე ეპიზოდი წარსულში მცხოვრები ერთი „მოსწავლის“ ცხოვრებიდან.

13 ეს ისტორია დაახლოებით 3 000 წლის წინ მოხდა. წინასწარმეტყველმა ელიამ ახალგაზრდა ელისეს შესთავაზა, რომ მისი მსახური გამხდარიყო. ელისეც ყოყმანის გარეშე დასთანხმდა; მას ხელზე მოსამსახურედ დაუდგა და უბრალო საქმის კეთებას არ თაკილობდა (2 მეფ. 3:11). დაახლოებით 6-წლიანი მომზადების შემდეგ ელისემ შეიტყო, რომ ელიას, როგორც წინასწარმეტყველის მსახურება ისრაელში, დასასრულს უახლოვდებოდა. ამიტომ ელიამ თავის კარგად მომზადებულ „მოსწავლეს“ უთხრა, რომ თავისუფალი იყო და შეეძლო მეტად აღარ მომსახურებოდა მას. თუმცა ელისემ სამჯერ უთხრა ელიას: „არ მიგატოვებ“. „მოსწავლეს“ გადაწყვეტილი ჰქონდა, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო თავისი „მასწავლებლის“ გვერდით. იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია ელისეს ერთგულება. ამაზე ის მოწმობს, რომ ღმერთმა მას ახილვინა, თუ როგორ აიტაცა მან ელია სასწაულებრივად ზეცად (2 მეფ. 2:1—12).

14. ა) როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს, მიჰბაძონ ელისეს? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლე იყოს ერთგული?

14 ძმებო, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ელისეს? მზადყოფნით მიიღეთ ნებისმიერი დავალება, მათ შორის, ერთი შეხედვით, ყველაზე უმნიშვნელოც კი. მასწავლებლები მეგობრებად ჩათვალეთ და აგრძნობინეთ, რომ ძალიან აფასებთ მათ შრომას. თუ მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება გექნებათ, ამგვარად ფაქტობრივად ეტყვით: „არ მიგატოვებ“. ამასთანავე, ერთგულად შეასრულეთ ნებისმიერი საქმე, რასაც ძმები მოგანდობენ. გაინტერესებთ, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ როდესაც უხუცესები დაინახავენ თქვენს ერთგულებასა და სანდოობას, ისინი დარწმუნდებიან, რომ იეჰოვას სურვილია, მეტი პასუხისმგებლობა მოგენდოთ კრებაში (ფსალმ. 101:6; წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:2).

პატივი ეცით გამოცდილ უხუცესებს

15, 16. ა) როგორ გამოავლინა ელისემ პატივისცემა თავისი მასწავლებლისადმი? (იხილეთ სურათი მე-9 გვერდზე) ბ) რამ დაარწმუნა წინასწარმეტყველთა ძეები, რომ ელისე წინასწარმეტყველი იყო?

15 ელისეს შემთხვევიდან იმასაც ვხედავთ, თუ როგორ უნდა გამოხატონ გამოუცდელმა ძმებმა პატივისცემა გამოცდილი უხუცესების მიმართ. მას შემდეგ, რაც ელიამ და ელისემ იერიხონში წინასწარმეტყველები მოინახულეს და მდინარე იორდანესთან მივიდნენ, „დაახვია ელიამ თავისი მოსასხამი და წყალს დაჰკრა; წყალი ორად გაიყო“. ელიამ და ელისემ მდინარე მშრალად გადაკვეთეს; ისინი „მიდიოდნენ და თან ლაპარაკობდნენ“. რა თქმა უნდა, ელისეს არ უფიქრია, რომ მან უკვე ყველაფერი იცოდა. ვიდრე მას ელია გვერდით ჰყავდა, გულთან ახლოს მიჰქონდა მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ელია ქარიშხალმა ზეცაში აიყვანა. ამის შემდეგ ელისემ აიღო მისი მოსასხამი, წავიდა იორდანის პირას, დაჰკრა ის წყალს და თქვა: „სად არის იეჰოვა, ელიას ღმერთი?“. წყალი ამჯერადაც ორად გაიყო (2 მეფ. 2:8—14).

16 ალბათ შენიშნეთ, რომ ელისემ პირველად სწორედ ის სასწაული მოახდინა, რაც ელიამ — უკანასკნელად. ეს მართლაც ყურადსაღები დეტალია; როგორც ჩანს, ელისეს არ უფიქრია, რომ რადგან იგი წინასწარმეტყველი გახდა, მას უკვე შეეძლო თავისი წინამორბედისგან განსხვავებულად ემოქმედა. ელისე ერთგულად ჰბაძავდა წინასწარმეტყველ ელიას და ამგვარად გამოხატავდა მისადმი პატივისცემას; სწორედ ამან დაარწმუნა წინასწარმეტყველთა ძეები, რომ ის წინასწარმეტყველი იყო (2 მეფ. 2:15). თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ წინასწარმეტყველმა ელისემ 60-წლიანი მსახურების განმავლობაში იეჰოვას დახმარებით გაცილებით მეტი სასწაული მოიმოქმედა, ვიდრე — ელიამ. მოსწავლეებო, თქვენ რის სწავლა შეგიძლიათ ელისესგან?

17. ა) როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს, მიჰბაძონ ელისეს? ბ) როგორ შეუძლია იეჰოვას, დროის გასვლის შემდეგ გამოიყენოს ერთგული მოსწავლეები?

17 ნუ იფიქრებთ, რომ როცა კრებაში რაიმე პასუხისმგებლობას მიიღებთ, მაშინვე რადიკალური ცვლილებები უნდა განახორციელოთ. ცვლილებები კრების საჭიროებიდან გამომდინარე ან ორგანიზაციიდან მიღებული მითითებების საფუძველზე უნდა მოხდეს და არა ვისიმე პირადი შეხედულებით. ელისემ თავისი მოქმედებით წინასწარმეტყველთა ძეები დაარწმუნა, რომ წინასწარმეტყველი იყო; ამასთანავე, იგი პატივისცემას გამოხატავდა თავისი მასწავლებლის, ელიასადმი, რადგან ჰბაძავდა მას. ახალგაზრდა ძმებო, ელისეს მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ თანამორწმუნეები თქვენ მიმართ ნდობით განაწყოთ; გარდა ამისა, პატივისცემა გამოხატოთ გამოცდილი უხუცესებისადმი და გამოიყენოთ მათი სწავლების მეთოდები, რომელთა საფუძველიც ბიბლიაა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 4:17). თუმცა დროის სვლასთან ერთად, ბუნებრივია, თქვენც მოგიწევთ კრებაში ცვლილებების მოხდენა, რათა კრება არ ჩამორჩეს იეჰოვას ორგანიზაციას, რომელიც მუდამ წინ მიიწევს. ერთგულო მოსწავლეებო, როგორც ელისეს შემთხვევიდან დავინახეთ, იეჰოვამ შესაძლოა დროთა განმავლობაში თქვენს მასწავლებლებთან შედარებით, უფრო დიდებული საქმეები გაგაკეთებინოთ (იოან. 14:12).

18. რატომ არის ძმების მომზადების საქმე დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი?

18 უხუცესებო, ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიებში მოცემული რჩევები აღგძრავთ, დრო დაუთმოთ ძმების მომზადებას. ძმებო, რომლებსაც ჯერ არ გაქვთ პასუხისმგებლობები, სიხარულით დაჰყევით უხუცესების წვრთნას და შემდგომ ეს სწავლება ბრძნულად გამოიყენეთ იეჰოვას „ცხვრის“ დასამწყემსად. ამრიგად, მთელი მსოფლიო მასშტაბით კრებები განმტკიცდება და თითოეული ჩვენგანი ერთგულად გადავიტანთ იმ განსაცდელებს, რაც წინ გველის.

^ აბზ. 5 თუ ახალგაზრდა მოწიფულობას ავლენს, თავმდაბალია და ბიბლიურ მოთხოვნებს შეესაბამება, უხუცესებს შეუძლიათ მას რეკომენდაცია გაუწიონ მომსახურედ მსახურებაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჯერ 20 წელი არ შესრულებია (1 ტიმ. 3:8—10, 12). იხილეთ 1990 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 23 (რუს.).

^ აბზ. 11 უხუცესებო, გამოუცდელ ძმასთან მსჯელობისას შეგიძლიათ მოიშველიოთ აზრები, რომელიც მოცემულია 2012 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 14—16, აბზაცები 8—13 და წიგნში „დარჩით ღვთის სიყვარულში“, თავი 16, აბზაცები 1—3.