„მოთმინება გჭირდებათ“
მას შემდეგ, რაც ანიტამ * იეჰოვას თავი მიუძღვნა, მისი მეუღლე სასტიკი მოწინააღმდეგე გახდა. ანიტა გვიამბობს: „ჩემი მეუღლე კრებებზე არ მიშვებდა და იეჰოვას ხსენება ამიკრძალა. იგი ღვთის სახელის გაგონებაზეც კი წყობიდან გამოდიოდა“.
კიდევ ერთ სირთულეს ანიტასთვის ის წარმოადგენდა, რომ მისი მეუღლე ძალიან ღიზიანდებოდა, როცა იგი ბავშვებს იეჰოვას შესახებ ასწავლიდა. იგი გვიზიარებს: „საკუთარ სახლში იეჰოვას თაყვანისცემა მეკრძალებოდა: თავისუფლად ვერც ბიბლიას ვასწავლიდი ბავშვებს და ვერც კრებაზე დამყავდნენ ისინი“.
როგორც ანიტას მაგალითიდან ვხედავთ, შესაძლოა ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობამ ღვთისადმი ქრისტიანის ერთგულებას საფრთხე შეუქმნას. ქრისტიანის რწმენა შეიძლება იმ შემთხვევაშიც გამოიცადოს, თუ მას ჯანმრთელობა შეერყევა, მეუღლე ან შვილი დაეღუპება, ანდა ოჯახის წევრი ზურგს შეაქცევს იეჰოვას. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: რა დაეხმარება ქრისტიანს, დარჩეს ღვთისადმი ერთგული?
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ განსაცდელების პირისპირ აღმოჩნდებით? მოციქული პავლე გვირჩევს: „მოთმინება გჭირდებათ“ (ებრ. 10:36). მაგრამ, რა დაგეხმარებათ მოთმინების გამოვლენაში?
ილოცეთ და მიენდეთ იეჰოვას
ლოცვა და იეჰოვაზე მინდობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მოთმინებით ავიტანოთ განსაცდელები. განვიხილოთ ერთი დის მაგალითი. ერთ ორშაბათს ანას ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მას მეუღლე გამოეცალა ხელიდან. ანა გვიამბობს: „იმ დილით, როცა ჩემი საყვარელი მეუღლე სამუშაოზე გავუშვი, თურმე ბოლოჯერ ვნახე ცოცხალი. ის მხოლოდ 52 წლის იყო“.
რა დაეხმარა ანას განსაცდელთან გამკლავებაში? იგი კვლავ სამუშაოს დაუბრუნდა. ეს მისთვის დამხმარე აღმოჩნდა, რადგან სამუშაო მისგან სრულ კონცენტრირებას მოითხოვდა. მაგრამ სამუშაომ ანას ტკივილი ვერ გაუყუჩა. იგი აღნიშნავს: „მე გულს ვუღვრიდი იეჰოვას ლოცვაში და ვემუდარებოდი, ამ დანაკარგთან შეგუებაში დამხმარებოდა“. ანას წამითაც არ ეპარება ეჭვი, რომ იეჰოვამ მის ლოცვებს უპასუხა. ის ამბობს: „ისეთი სიმშვიდე დამეუფლა, რომლის მოცემაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს. სწორედ ეს დამეხმარა ემოციური წონასწორობის შენარჩუნებასა და ტკივილის დაამებაში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა სიცოცხლეს დაუბრუნებს ჩემს მეუღლეს“ (ფილ. 4:6, 7).
„ლოცვების მომსმენი“ ღმერთი აღუთქვამს თავის მსახურებს, რომ ყოველთვის დაეხმარება მათ ერთგულების შენარჩუნებაში (ფსალმ. 65:2). ნუთუ არ გიმტკიცებთ რწმენას ეს დაპირება? მისი წყალობით, თქვენც შეძლებთ მოთმინებით გაუმკლავდეთ სირთულეებს!
ქრისტიანული შეხვედრები — გამხნევების წყარო
იეჰოვა თავის ხალხს ქრისტიანული კრების მეშვეობით ამხნევებს. მაგალითად, როდესაც თესალონიკეს კრების წევრები იდევნებოდნენ, პავლემ მათ მოუწოდა: „ამიტომ ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც“ (1 თეს. 2:14; 5:11). ქრისტიანული სიყვარულისა და ერთობის წყალობით თესალონიკეს კრების წევრებმა რწმენის გამოცდებს გაუძლეს. ისინი მოთმინების ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევენ; გარდა ამისა, მათი მაგალითიდან ვსწავლობთ, თუ რა დაგვეხმარება განსაცდელების მოთმინებით ატანაში.
თუ კრების წევრებს დავუახლოვდებით, შევძლებთ ერთმანეთის აღშენებას (რომ. 14:19). ასეთი სიახლოვე განსაკუთრებით რთულ სიტუაციებშია საჭირო. პავლე თავადაც არაერთხელ აღმოჩენილა მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ღმერთს იგი დახმარების გარეშე არასოდეს დაუტოვებია. ზოგჯერ ღმერთი მოციქულს თანაქრისტიანების დახმარებით ამხნევებდა. მაგალითად, როდესაც პავლემ პირადი მოკითხვები შეუთვალა კოლოსეს კრებას, მან თანაქრისტიანების შესახებ, რომლებიც მას მხარში ედგნენ, შემდეგი რამ თქვა: „[ისინი] იყვნენ ჩემი დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ (კოლ. 4:10, 11). დიახ, სწორედ სიყვარულმა აღძრა და-ძმები, რომ პავლე გასაჭირში ენუგეშებინათ და განემტკიცებინათ. ალბათ, თქვენც გიგრძვნიათ კრების წევრების მხრიდან მსგავსი ნუგეშისცემა და მხარდაჭერა.
უხუცესების მიერ აღმოჩენილი დახმარება
იეჰოვა ქრისტიანული კრების წევრებს უხუცესების მეშვეობითაც ეხმარება. ეს სულიერად მოწიფული მამაკაცები ბიბლიაში დახასიათებულნი არიან: „როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში, როგორც წყლის ნაკადულები უწყლო ქვეყანაში, როგორც დიდი კლდის ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე“ (ეს. 32:2). ეს სიტყვები მართლაც მანუგეშებელია! პირადად თქვენ, თუ გითხოვიათ უხუცესებისთვის დახმარება? უხუცესების გამამხნევებელი სიტყვებისა და მხარდაჭერის წყალობით, შეძლებთ განსაცდელების მოთმინებით ატანას.
ფაქტია, უხუცესები სასწაულს ვერ მოახდენენ, ვინაიდან ისინი ჩვენსავით არასრულყოფილი და „უძლური ადამიანები“ არიან (საქ. 14:15). თუმცა ჩვენთვის წარმოთქმულ მათ ლოცვებს დიდი ძალა აქვს (იაკ. 5:14, 15). ერთი იტალიელი ძმა, რომელსაც არაერთი წელია, კუნთთა პროგრესული დისტროფია აქვს, ამბობს: „ძმები ყოველთვის სიყვარულს ავლენენ და ხშირად მინახულებენ, რაც მეხმარება, რომ მოთმინებით გავუმკლავდე პრობლემებს“. თქვენც შეგიძლიათ, რომ საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ იეჰოვას მიერ დანიშნულ მოსიყვარულე მწყემსებს, უხუცესებს!
ნუ შეწყვეტთ სულიერი საქმეების კეთებას!
მოთმინების გამოვლენაში კარგი სულიერი განრიგის მიყოლაც დაგვეხმარება. ვნახოთ ერთი 39 წლის ძმის, ჯონის მაგალითი, რომელსაც იშვიათი სახის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იგი ამბობს: „ვფიქრობდი, ასე ახალგაზრდას რატომ უნდა დამმართნოდა ეს?!“. იმ დროს ჯონის ვაჟი, სულ რაღაც, სამი წლისა იყო. იგი დასძენს: „ახლა ჩემს ცოლს არა მარტო ბავშვზე, არამედ ჩემზეც უნდა ეზრუნა — მჭირდებოდა უამრავი ვიზიტი ექიმებთან თუ სხვა სახის სამედიცინო პროცედურების გავლა“. ქიმიოთერაპიის კურსის განმავლობაში ჯონი სრულიად ღონემიხდილი იყო და გულისრევის შეგრძნება აწუხებდა. ამას ისიც დაემატა, რომ მამამისი ლოგინად ჩავარდა და ისიც მოვლა-პატრონობას საჭიროებდა.
როგორ გაუმკლავდა ჯონი და მისი ოჯახი ამ რთულ სიტუაციას? ჯონი გვიამბობს: „უძლურების მიუხედავად, ვცდილობდი, რომ მთელი ოჯახი ფეხდაფეხ მივყოლოდით სულიერი საქმეების განრიგს. არ ვაცდენდით კრების არც ერთ შეხვედრას, ყოველკვირა ვმსახურობდით და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი ვატარებდი ოჯახურ თაყვანისცემას“. ჯონი ხედავდა, რომ მათ სირთულეების მოთმინებით ატანაში სულიერ საქმეებში სრული ჩართულობა ეხმარებოდა. რას ურჩევს ჯონი სირთულეების წინაშე მყოფ და-ძმებს? „როდესაც შოკური მდგომარეობა გაივლის, იეჰოვას ძალისა და სიყვარულის წყალობით დაძლევთ უარყოფით ფიქრებს. ღმერთი თქვენც ისე გაგაძლიერებთ, როგორც მე გამაძლიერა“, — ამბობს ჯონი.
ეჭვგარეშეა, რომ ღვთის დახმარებით მოთმინებით ავიტანთ ნებისმიერ სირთულეს, ახლაც და მომავალშიც. მოდი, ვილოცოთ და მივენდოთ იეჰოვას, დავუახლოვდეთ კრების წევრებს, დახმარებისთვის მივმართოთ უხუცესებს და ფეხდაფეხ მივყვეთ სულიერი საქმეების განრიგს. ამგვარად, პავლეს სიტყვების შესაბამისად ვიმოქმედებთ, რომელმაც გვირჩია: „მოთმინება გჭირდებათ“.
^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.