არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრეთ ლოცვის ნიმუშის თანახმად! — I ნაწილი

იცხოვრეთ ლოცვის ნიმუშის თანახმად! — I ნაწილი

„განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9).

1. როგორ ვიყენებთ მსახურებაში მათეს 6:9—13-ში ჩაწერილ უფლის ლოცვას?

უფლის ლოცვა დღეს ბევრმა ზეპირად იცის. კარდაკარ მსახურების დროს ამ ლოცვას მობინადრისთვის ხშირად იმის დასანახვებლად ვიყენებთ, რომ ღვთის სამეფო რეალური მთავრობაა, რომელიც გასაოცარ ცვლილებებს მოახდენს დედამიწაზე. ზოგჯერ კი მობინადრეს ამ ლოცვაში მოხსენიებულ პირველ თხოვნაზე ვუმახვილებთ ყურადღებას იმის საჩვენებლად, რომ ღმერთს აქვს სახელი, რომელიც უნდა განიწმინდოს (მათ. 6:9).

2. საიდან ვიცით, რომ იესოს არ სურდა, ლოცვის ნიმუში სიტყვასიტყვით გაგვემეორებინა ყოველი ლოცვის დროს?

2 სურდა იესოს, რომ მისი ლოცვა სიტყვასიტყვით გაგვემეორებინა ყოველი ლოცვის დროს, როგორც ამას ქრისტიანული სამყარო აკეთებს? არა. რადგან, ვიდრე იესო თავის მოწაფეებს ლოცვის ნიმუშს ასწავლიდა, ასეთი რამ უთხრა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“ (მათ. 6:7). მოგვიანებით ქრისტემ ამ ლოცვის წარმოთქმისას სხვა სიტყვები გამოიყენა (ლუკ. 11:1—4). ამგვარად, იესომ გაგვაგებინა, თუ რა უნდა ვთხოვოთ ღმერთს და როგორი თანმიმდევრობით. ასე რომ, სავსებით მართებულია, თუ მას ლოცვის ნიმუშად მივიჩნევთ.

3. რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ ლოცვის ნიმუშის მიმოხილვისას?

3 ამ და მომდევნო სტატიებში ჩვენ ლოცვის ნიმუშის შინაარსს მიმოვიხილავთ. უპრიანია, თუ საკუთარ თავს დავუსვამთ შემდეგ კითხვებს: როგორ დამეხმარება ლოცვის ნიმუში პირადი ლოცვების გაუმჯობესებაში? და რაც უფრო მთავარია, ვცხოვრობ ლოცვის ნიმუშის თანახმად?

„ჩვენო ზეციერო მამა“

4. რას შეგვახსენებს ლოცვაში მოხსენიებული ფრაზა „ჩვენო . . . მამა“ და რა გაგებითაა იეჰოვა მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანთათვის მამა?

4 ლოცვის ნიმუშში იესომ მოიხსენია ფრაზა „ჩვენო . . . მამა“ და არა „ჩემო მამა“; ეს იმას შეგვახსენებს, რომ ჩვენ ვეკუთვნით „საძმოს“, რომლის წევრებსაც მთელი გულით უყვართ ერთმანეთი (1 პეტ. 2:17). ეს მართლაც უდიდესი პატივია! ცხებული ქრისტიანები, რომლებიც ღმერთმა იშვილა და რომელთაც ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ, სამართლიანად უწოდებენ იეჰოვას „მამას“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (რომ. 8:15—17). თუმცა მათაც, რომლებიც დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებას მოელიან, შეუძლიათ ღმერთს უწოდონ „მამა“, ვინაიდან იგი სიცოცხლის მომცემია და სიყვარულით ზრუნავს თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა საჭიროებებზე. მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები ღვთის შვილები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გასრულყოფილებისა და საბოლოო გამოცდისას ერთგულების შენარჩუნების შემდეგ გახდებიან (რომ. 8:21; გამოცხ. 20:7, 8).

5, 6. რომელია ის საუკეთესო საჩუქარი, რის გაკეთებაც მშობლებს შვილებისთვის შეუძლიათ და როგორ უნდა მოექცეს თითოეული ბავშვი ამ საჩუქარს? (იხილეთ სურათი მე-20 გვერდზე)

5 როდესაც მშობლები თავიანთ შვილებს ასწავლიან, თუ როგორ ილოცონ და იმის დანახვაში ეხმარებიან, რომ იეჰოვა მზრუნველი ზეციერი მამაა, ეს შვილებისთვის მათ მიერ გაკეთებული საუკეთესო საჩუქარია. ერთი ძმა, რომელიც ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, იხსენებს: „ჩვენი ქალიშვილების დაბადების დღიდანვე ყოველღამე მათთან ერთად ვლოცულობდი, იმ შემთხვევების გარდა, როცა სახლში არ ვიყავი. მართალია, ჩემი შვილები ხშირად ამბობენ, რომ არ ახსოვთ, რაზე ვლოცულობდით, მაგრამ არ ავიწყდებათ ის მშვენიერი ატმოსფერო, რაც ჩვენს ოჯახში სუფევდა — ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან წმინდა ურთიერთობა, სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა. როცა გოგონები წამოიზარდნენ და დამოუკიდებლად ლოცვა შეძლეს, ვთხოვდი მათ, რომ ხმამაღლა ელოცათ, რათა გამეგო, როგორ უზიარებდნენ თავიანთ აზრებსა და გრძნობებს იეჰოვას. ეს საუკეთესო საშუალება იყო, რომ მათ გულში ჩამეხედა. შემდეგ რბილად მივუთითებდი ხოლმე, რომ თავიანთ ლოცვებში ლოცვის ნიმუშში მოცემული მნიშვნელოვანი საკითხები მოეხსენიებინათ, რათა მათი ლოცვები უფრო აზრიანი და შინაარსიანი ყოფილიყო“.

6 ამის წყალობით, პატარა გოგონები სულიერად გაიზარდნენ. ახლა მათ კარგი ოჯახები ჰყავთ და თავიანთ მეუღლეებთან ერთად სრული დროით ემსახურებიან ღმერთს. მშობლები თავიანთ შვილებს იეჰოვასთან დამეგობრებასა და დაახლოებაში უნდა დაეხმარონ; ამაზე უკეთეს საჩუქარს ისინი მათ ვერასოდეს გაუკეთებენ. თუმცა საბოლოოდ ბავშვის გადასაწყვეტია, რამდენად შეინარჩუნებს ღმერთთან ძვირფას ურთიერთობას. ამ ურთიერთობაში იგულისხმება ღვთის სახელის სიყვარული და ამ სახელისადმი დიდი პატივისცემის გამოვლენა (ფსალმ. 5:11, 12; 91:14).

„განიწმინდოს შენი სახელი“

7. რა პატივი ხვდა წილად ღვთის ხალხს და რა მოითხოვება მათგან?

7 ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ არა მხოლოდ ვიცით ღვთის სახელი, არამედ ვიწოდებით კიდეც მისი სახელით (საქ. 15:14; ეს. 43:10). ზეციერ მამას ასე ვევედრებით: „განიწმინდოს შენი სახელი“. როდესაც ღმერთს ამ თხოვნით მივმართავთ, ამან შესაძლოა იმისკენ გვიბიძგოს, რომ ვთხოვოთ ღმერთს, დაგვეხმაროს — არ ვთქვათ ან არ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც მის სახელს შეურაცხყოფდა. ნამდვილად, არ გვსურს, დავემსგავსოთ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგიერთ ქრისტიანს, რომლებიც ერთს ქადაგებდნენ, მეორეს კი აკეთებდნენ. მოციქულმა პავლემ მათ შესახებ დაწერა: „თქვენ გამო უცხოტომელები ღვთის სახელს გმობენ“ (რომ. 2:21—24).

8, 9. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა მას, ვისაც მისი სახელის განწმენდა სურს.

8 ჩვენ გვსურს, რომ განვწმინდოთ ღვთის სახელი. ვნახოთ ერთი ნორვეგიელი დის შემთხვევა, რომელსაც ახალგაზრდა მეუღლე გამოეცალა ხელიდან და ორი წლის ბიჭუნა დარჩა. იგი გვიამბობს: „ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. ღმერთს ყოველდღე, თითქმის ყოველ საათში ერთხელ, ვთხოვდი დახმარებას ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად, რათა არაგონივრული გადაწყვეტილება არ მიმეღო, იეჰოვასთვის არ მეღალატა და სატანისთვის მისი დაცინვის საბაბი არ მიმეცა. ძალიან მინდოდა, რომ იეჰოვას სახელი განმეწმინდა და ჩემს შვილს მამამისი კვლავ ენახა სამოთხეში“ (იგავ. 27:11).

9 უპასუხა იეჰოვამ ამ დის უანგარო ლოცვებს? დიახ. ამ დამ მზრუნველი თანაქრისტიანებისგან, რომლებთანაც ის ხშირად ურთიერთობდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო. 5 წლის შემდეგ ის ერთ უხუცესზე დაქორწინდა. მისი ვაჟი ახლა 20 წლისაა და მონათლული ძმაა. ეს და ამბობს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლე შვილის აღზრდაში დამეხმარა“.

10. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღვთის სახელი სრულად განიწმინდოს?

10 რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღვთის სახელი სრულად განიწმინდოს და აღარავინ შეურაცხყოს ის? ამისათვის იეჰოვამ ბოლო უნდა მოუღოს ყველას, ვინც შეგნებულად არ აღიარებს მის უზენაესობას (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:22, 23). ამის შემდეგ ადამიანებს თანდათან დაუბრუნდებათ სრულყოფილება. მთელი გულით ველით იმ დროს, როცა ყველა მოაზროვნე ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, დაამტკიცებს, რომ მათთვის იეჰოვას სახელი წმინდაა. ბოლოს კი, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა იქნება „ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორ. 15:28).

„მოვიდეს შენი სამეფო“

11, 12. რა გახდა ცხადი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მე-19 საუკუნის მიწურულს?

11 იესოს მოციქულებმა მას ზეცაში ასვლამდე ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?“. იესოს პასუხიდან გამოჩნდა, რომ ჯერ ადრე იყო მათთვის იმის გაგება, თუ როდის უნდა დაეწყო ღვთის სამეფოს მმართველობა. ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მათ მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საქმეზე, ქადაგებაზე, უნდა გადაეტანათ (წაიკითხეთ საქმეების 1:6—8). თუმცა იესო თავის მიმდევრებს იმასაც ასწავლიდა, რომ ელოცათ ღვთის სამეფოს მოსვლაზე და დალოდებოდნენ მას. ამიტომ მოციქულების დროიდან მოყოლებული ქრისტიანები დღემდე ვლოცულობთ ღვთის სამეფოს მოსვლაზე.

12 როდესაც ზეცაში იესოს გამეფებისა და ღვთის სამეფოს მმართველობის დაწყების დრო მოახლოვდა, იეჰოვა თავის ხალხს იმის გაგებაში დაეხმარა, თუ როდის უნდა მომხდარიყო ეს. 1876 წელს ჟურნალ „ბიბლიის მკვლევარში“ ჩარლზ რასელის სტატია დაიბეჭდა. სტატიაში, „როდის დასრულდება უცხოტომელთათვის დანიშნული დროები?“, ყურადღება გამახვილდა 1914 წლის მნიშვნელოვნებაზე. რასელმა ამ სტატიაში დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „შვიდი დრო“ იესოს ნაწინასწარმეტყველებ „უცხოტომელთათვის დანიშნულ დროებს“ დაუკავშირა * (დან. 4:16; ლუკ. 21:24).

13. რა მოხდა 1914 წელს და რას ადასტურებს მას შემდეგ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები?

13 ევროპის ქვეყნებს შორის 1914 წელს ომმა იფეთქა. ამ ომში სხვა ქვეყნებიც ჩაება და საბოლოოდ, ომმა მთელი მსოფლიო მოიცვა. 1918 წლის დასასრულს შიმშილობა ჩამოვარდა, ხოლო გრიპის ეპიდემიას უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვიდრე — ომს. ამგვარად, დაიწყო იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები „ნიშნის“ შესრულება, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იგი უხილავად დედამიწის ახალი მეფე გახდა (მათ. 24:3—8; ლუკ. 21:10, 11). უდავოდ, ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ უფალ იესო ქრისტეს 1914 წელს „გვირგვინი მიეცა“. ბიბლიაში მის შესახებ ვკითხულობთ: „გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“ (გამოცხ. 6:2). მან ზეცაში ომი გამოუცხადა სატანასა და მის დემონებს და დედამიწაზე გადმოყარა ისინი. ამგვარად, განწმინდა ქრისტემ ზეცა. იმ დროიდან მოყოლებული, კაცობრიობამ მთელი სიმძაფრით შეიგრძნო ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხ. 12:7—12).

14. ა) რატომ უნდა ვილოცოთ ჯერ კიდევ ღვთის სამეფოს მოსვლაზე? ბ) რა პატივი გვხვდა წილად?

14 გამოცხადების 12:7—12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გვიხსნის, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ღვთის სამეფოს დაბადებისთანავე ის საზარელი მოვლენები, რაც დღემდე ტანჯავს ადამიანებს. როგორც ვიცით, იესომ, ღვთის სამეფოს მეფემ, მმართველობა თავის მტრებს შორის დაიწყო. ჩვენ ღვთის სამეფოს მოსვლაზე მანამ უნდა ვილოცოთ, სანამ ქრისტე სრულად არ დაიპყრობს მტრებს და დედამიწიდან ბოროტებას არ აღგვის. ამასთანავე, უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ლოცვების შესაბამისად და მონაწილეობა მივიღოთ „ნიშნის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებაში. იესომ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14).

„იყოს შენი ნება . . . დედამიწაზე“

15, 16. როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ლოცვაში მოხსენიებული თხოვნის თანახმად, რომ ღვთის ნება შესრულდეს დედამიწაზე?

15 დაახლოებით 6 000 წლის წინ ღვთის ნება დედამიწაზე სრულყოფილად სრულდებოდა. ამიტომაც ღმერთს, რომელმაც კაცობრიობისთვის თავდაპირველად ყველაფერი შექმნა, შეეძლო ეთქვა: „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბ. 1:31). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სატანა იეჰოვას აუჯანყდა და მას შემდეგ დედამიწაზე ღვთის ნებას თითო-ოროლა ადამიანი თუ ასრულებდა. სამაგიეროდ, დღეს ჩვენ წილად გვხვდა პატივი, ვიცხოვროთ იმ დროში, როცა დაახლოებით რვა მილიონი მოწმე დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებაზე არა მხოლოდ ლოცულობს, არამედ ამ ლოცვის თანახმად ცხოვრებასაც ცდილობს. ისინი ამას თავიანთი ცხოვრების წესითა და მოწაფეების მომზადების საქმეში სრული ჩართულობით ადასტურებენ.

ეხმარებით შვილებს, იცხოვრონ ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული თხოვნის თანახმად, რომ ღვთის ნება შესრულდეს დედამიწაზე? (იხილეთ მე-16 აბზაცი)

16 მაგალითად, ნახეთ, რას ამბობს 1948 წელს მონათლული ერთი და, რომელიც აფრიკაში მისიონერად მსახურობდა: „ხშირად ვლოცულობ, რომ ყველა ცხვრისმაგვარი ადამიანის ყურამდე მიაღწიოს სასიხარულო ცნობამ და ვიდრე ჯერ კიდევ არ არის გვიან, მათ იეჰოვა გაიცნონ. მაგალითად, როდესაც მინდა, რომ ვიღაცას ვუქადაგო, ღმერთს სიბრძნეს ვთხოვ, რათა ისე გადავცე მას სასიხარულო ცნობა, რომ ეს ცნობა გულში ჩასწვდეს. რაც შეეხება ცხვრისმაგვარ ადამიანებს, რომლებიც უკვე გამოეხმაურნენ სასიხარულო ცნობას, იეჰოვას ვთხოვ, რომ მოგვცეს მათზე ზრუნვის ძალა“. თუ ამ სიტყვებს გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ გაგვაოცებს ის ფაქტი, რომ ეს 80 წლის და მსახურებაში ძალიან წარმატებულია; იგი თანაქრისტიანებთან ერთად მრავალს დაეხმარა, რომ გამხდარიყო იეჰოვას მოწმე. რა თქმა უნდა, შეიძლება თქვენც გაგახსენდეთ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხანდაზმულობის მიუხედავად, დაუღალავად შრომობენ ღვთის საქმეში (წაიკითხეთ ფილიპელების 2:17).

17. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვა პასუხს გასცემს თქვენს თხოვნას და შეასრულებს თავის ნებას დედამიწაზე?

17 ჩვენ ვილოცებთ მანამ, სანამ ღვთის ნება არ შესრულდება და ღვთის სამეფოს მტრები დედამიწიდან არ მოისპობიან. შემდეგ სამოთხეში საკუთარი თვალით ვიხილავთ, როგორ შესრულდება უფრო სრულყოფილად ღვთის ნება, როცა მილიარდობით ადამიანი მკვდრეთით აღდგება. იესომ იწინასწარმეტყველა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოან. 5:28, 29). მართლაც, რა გასაოცარი იქნება მკვდრეთით აღმდგარ ჩვენს საყვარელ გარდაცვლილებთან შეხვედრა! დიახ, ღმერთი, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „[მოგვწმენდს] . . . ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხ. 21:4). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უმრავლესობა „უმართლო“ იქნება, ვინაიდან მათ თავიანთ სიცოცხლეში არ გაუგიათ ჭეშმარიტება ღვთისა და მისი ძის შესახებ. ნამდვილად, დიდი პატივი იქნება ჩვენთვის, რომ ამ ადამიანებს ღვთის ნებისა და მისი განზრახვის შესახებ ჭეშმარიტება გავაგებინოთ და ამგვარად, „მარადიული სიცოცხლის“ მიღებაში დავეხმაროთ (საქ. 24:15; იოან. 17:3).

18. რა არის ადამიანთა ძირითადი მოთხოვნილებები?

18 მშვიდობა და ჰარმონია იეჰოვას სახელის განწმენდაზეა დამოკიდებული; იეჰოვას სახელს კი მისი სამეფო განწმენდს. ასე რომ, როცა სრულად გაეცემა პასუხი ლოცვის ნიმუშში მოხსენიებულ პირველ სამ თხოვნას, მაშინ დაკმაყოფილდება ადამიანთა ძირითადი მოთხოვნილებები. თუმცა ჩვენ სხვა მოთხოვნილებებიც გვაქვს, რომელთა შესახებაც ლოცვის ნიმუშის დანარჩენ ოთხ თხოვნაშია საუბარი. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში.

^ აბზ. 12 1914 წელს ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებისა და ღვთის სამეფოს დაბადების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 215—218.