არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ახლოვდება თქვენი ხსნა“!

„ახლოვდება თქვენი ხსნა“!

„გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკ. 21:28).

სიმღერები: 133, 43

1. რა მოვლენები განვითარდა ახ. წ. 66 წელს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

წარმოიდგინეთ, რომ ახ. წ. 66 წელი დგას და იერუსალიმში მცხოვრები ერთ-ერთი ქრისტიანი ხართ. თქვენ თვალწინ დრამატული მოვლენები ვითარდება: რომაელი პროკურატორი ფლორუსი წმინდა ტაძრის საგანძურიდან 17 ტალანტს იღებს, რასაც იუდეველთა ამბოხება მოჰყვება; მეამბოხენი იერუსალიმში მყოფ რომაელ ჯარისკაცებს ხოცავენ და რომისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ. რომი დაუყოვნებლივ რეაგირებს. სამი თვის თავზე სირიის რომაელი მმართველი ცესტიუს გალუსი 30 000-კაციან ჯართან ერთად ქალაქს ალყაში აქცევს. რომაელები სწრაფად იკავებენ იერუსალიმის გარეუბნებს, ამბოხებული იუდეველები კი ტაძარს აფარებენ თავს. ჯარისკაცები ძირს უთხრიან ქალაქის გალავანს ტაძრის სიახლოვეს. მთელი ქალაქი პანიკას მოუცავს. როგორ იგრძნობდით თავს, ეს ყოველივე საკუთარი თვალით რომ გენახათ?

2. რა უნდა გაეკეთებინათ ქრისტიანებს ახ. წ. 66 წელს და როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

2 ალბათ, გახსენდებათ ლუკას სახარებაში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება“ (ლუკ. 21:20). მაგრამ, შესაძლოა ფიქრობთ, როგორ უნდა იღოთ ყურად იესოს ეს გაფრთხილება და, მით უმეტეს, შემდეგი მითითება: „მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ მასში“ (ლუკ. 21:21). ნუთუ რეალურია ასეთ ვითარებაში იესოს მითითების მიყოლა და ქალაქის დატოვება მაშინ, როცა ის მრავალრიცხოვანი ჯარითაა გარშემორტყმული? თუმცა ისეთი რამ ხდება, თვალებს არ უჯერებთ — რომაელთა ჯარი უკან იხევს! დიახ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომაელთა თავდასხმა მოკლდება (მათ. 24:22). ახლა კი ნამდვილად შეგიძლიათ მიჰყვეთ იესოს მითითებას. წამსაც არ აყოვნებთ — ტოვებთ ქალაქს, ღვთის ერთგულ მსახურებთან ერთად მდინარე იორდანეს კვეთთ და მთებში გარბიხართ. * გადის რამდენიმე წელი და ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარი კვლავ იერუსალიმისკენ მოემართება; ამჯერად, ისინი ქალაქს მიწასთან ასწორებენ. თქვენ ცოცხალი და სრულიად უვნებელი ხართ; და ეს იმიტომ, რომ მიჰყევით იესოს ხელმძღვანელობას.

3. რა მოვლენები უნდა განვითარდეს ძალიან მალე და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ძალიან მალე ჩვენ თვალწინ ანალოგიური მოვლენები განვითარდება. იესომ ქრისტიანები მხოლოდ იერუსალიმის განადგურების შესახებ კი არ გააფრთხილა, არამედ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ პირველ საუკუნეში მოსახდენი მოვლენების მსგავსი მოვლენები მაშინაც განვითარდებოდა, როდესაც „დიდი გასაჭირი“ მოულოდნელად დაიწყებოდა (მათ. 24:3, 21, 29). სწორედ ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდ გასაჭირს „უამრავი ხალხი“ გადაიტანს (წაიკითხეთ გამოცხადების 7:9, 13, 14). რას გვაუწყებს ბიბლია, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები? ამ კითხვაზე პასუხმა ნამდვილად უნდა დაგვაინტერესოს, ვინაიდან ჩვენი ხსნა ამაზეა დამოკიდებული. მოდი, ამ სტატიაში დაწვრილებით განვიხილოთ, პირადად ჩვენზე რა გავლენას მოახდენს ის მოვლენები, რაც მომავალში განვითარდება.

დიდი გასაჭირის დასაწყისი

4. როგორ დაიწყება დიდი გასაჭირი და როგორ განვითარდება მოვლენები?

4 როგორ დაიწყება დიდი გასაჭირი? წიგნ „გამოცხადების“ თანახმად, ეს მოვლენა „დიდი ბაბილონის“ განადგურებით დაიწყება (გამოცხ. 17:5—7). ბიბლიაში ცრუ რელიგია მეძავთანაა შედარებული. მართლაც რომ შესაფერისი სახელია! სამღვდელოება ამ ბოროტი ქვეყნიერების მმართველებთან „მეძაობს“. ნაცვლად იმისა, რომ სასულიერო პირებმა მხარი დაუჭირონ ქრისტეს და მის სამეფოს, ისინი ადამიანურ მმართველობებს ემხრობიან და საზოგადოებაზე გავლენის მოპოვების მიზნით ღვთის პრინციპებს უგულებელყოფენ. მართლაც, რამხელა კონტრასტია მათსა და ქალწულებთან შედარებულ, წმინდა, ცხებულ ქრისტიანებს შორის (2 კორ. 11:2; იაკ. 1:27; გამოცხ. 14:4). მაგრამ ვინ გაანადგურებს „მეძავს“, „დიდ ბაბილონს“? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღმერთი თავის აზრს ჩაუდებს გულში „ათრქიან ალისფერ მხეცს“. „ათი რქა“ დღეს არსებულ პოლიტიკურ მმართველობებს განასახიერებს, რომლებიც ზურგს უმაგრებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას; ეს უკანასკნელი კი წმინდა წერილებში „ალისფერი მხეცით“ არის წარმოდგენილი (წაიკითხეთ გამოცხადების 17:3, 16—18).

5, 6. საიდან ვიცით, რომ „დიდი ბაბილონის“ განადგურების შედეგად ცრუ რელიგიის ყველა მიმდევარი არ განადგურდება?

5 თუმცა ისმის კითხვა: ცრუ რელიგიის ყველა მიმდევარი განადგურდება „დიდ ბაბილონზე“ განაჩენის აღსრულების შედეგად? როგორც ჩანს, არა. წინასწარმეტყველმა ზაქარიამ ამ დროის შესახებ ღვთის სულის შთაგონებით იწინასწარმეტყველა. იგი მათ შესახებ, ვინც ერთ დროს ცრუ რელიგიის მიმდევარი იყო, ასეთ რამეს ამბობს: „თითოეული იტყვის: წინასწარმეტყველი კი არა, მიწათმოქმედი ვარ, რადგან სიყრმიდანვე ნაყიდი ვყავარო ერთ კაცს. ჰკითხავენ მას: ეს რა ჭრილობები გაქვსო სხეულზე? ის კი მიუგებს: ეს ჭრილობები მათ სახლში მივიღე, ვისაც ძლიერ ვუყვარვარო“ (ზაქ. 13:4—6). როგორც ჩანს, იმ დროს ზოგი სასულიერო პირიც კი მიატოვებს რელიგიურ მსახურებას და იმასაც კი უარყოფს, რომ ერთ დროს ცრუ რელიგიის მიმდევარი იყო.

6 საინტერესოა, ღვთის ხალხი რა მდგომარეობაში იქნება მაშინ? ამ კითხვაზე პასუხს იესოს სიტყვებიდან ვიგებთ: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები“ (მათ. 24:22). როგორც ზემოთ ვახსენეთ, ახ. წ. 66 წელს გასაჭირი შემოკლდა. ამან „რჩეულებს“, ცხებულ ქრისტიანებს, იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან გაქცევის საშუალება მისცა. „რჩეულთა“ გულისთვის მსგავსადვე შემოკლდება დიდი გასაჭირის პირველი ეტაპიც. ღმერთი „ათ რქას“, პოლიტიკურ ძალებს, თავისი ხალხის განადგურების საშუალებას არ მისცემს. მაშინ მცირე ხნით მშვიდობა ჩამოვარდება.

გამოცდისა და გასამართლების დრო

7, 8. რის შესაძლებლობა მოგვეცემა ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ და რა გამოარჩევს ღვთის ხალხს იმ დროს სხვებისგან?

7 რა მოხდება ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ? მაშინ გამომჟღავნდება, თუ სინამდვილეში რა გვაქვს გულში. იმ დროს ადამიანთა უმრავლესობა თავშესაფრის ძიებას სხვადასხვა ორგანიზაციაში დაიწყებს, რომლებიც ბიბლიაში „კლდოვან მთებს“ არიან შედარებულნი (გამოცხ. 6:15—17). თუმცა ღვთის ხალხი, გადატანითი მნიშვნელობით, იმ დროსაც იეჰოვას თავშესაფრისკენ გაიქცევა. პირველ საუკუნეში ალყის მოხსნის შემდგომი პერიოდი ნამდვილად არ იყო იუდეველთა ქრისტიანობაზე მოქცევის დრო; ეს დრო მათთვის, რომლებიც უკვე ქრისტიანები იყვნენ, მოქმედებისა და იესოს მითითებებისადმი მორჩილების დრო იყო. მსგავსად ამისა, არც ჩვენ ველით, რომ დიდი გასაჭირის დროს, ცრუ რელიგიის განადგურების შემდგომ ხანმოკლე პერიოდში — ვიდრე მტრები ღვთის ხალხზე იერიშს მიიტანენ — წმინდა თაყვანისმცემლობას ბევრი შემოუერთდება. ეს იქნება დრო, როცა ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს მიეცემა საშუალება, სიყვარული დაუმტკიცოს იეჰოვას და მხარი დაუჭიროს ქრისტეს ძმებს (მათ. 25:34—40).

8 მართალია, ჩვენ ბოლომდე ვერ ვწვდებით, თუ რა შეიძლება მოხდეს გამოცდის დროს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, იმ დროს თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს რაღაც მსხვერპლზე წასვლა. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს საკუთარ ქონებაზე უარის თქმა და არაერთი სირთულის გადატანა მოუხდათ (მარ. 13:15—18). საინტერესოა, ჩვენ თუ შევძლებთ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ ქონებაზე უარის თქმას? მზად ვიქნებით ყველა იმ დავალების შესასრულებლად, რითაც იეჰოვას ერთგულებას დავუმტკიცებთ? მხოლოდ დაფიქრდით: იმ დროს, ღვთის ერთგული წინასწარმეტყველის, დანიელის, მსგავსად, მხოლოდ ჩვენ არ შევწყვეტთ ღვთისადმი მსახურებას, რაც არ უნდა მოხდეს! (დან. 6:10, 11).

9, 10. ა) რა ცნობას გააცხადებს ღვთის ხალხი დიდი გასაჭირის დროს? ბ) რა რეაქცია ექნებათ ამაზე ღვთის ხალხის მტრებს?

9 დიდ გასაჭირში სასიხარულო ცნობის ქადაგების დრო არ იქნება. ეს დრო წარსულში დარჩება; მაშინ აღსასრული ძალიან მალე მოვა! (მათ. 24:14). იმ დროს ხალხს ღვთის საზარელ ცნობას გამოვუცხადებთ. როგორც ჩანს, მაშინ ადამიანებს ვაუწყებთ, რომ სატანის ბოროტი ქვეყნიერება უკანასკნელ წუთებს ითვლის! ბიბლია ჩვენ მიერ გასაცხადებელ ცნობას სეტყვას ადარებს: „ციდან ადამიანებზე წამოვიდა ძლიერი სეტყვა, რომლის თითოეული მარცვალი ტალანტის წონისა იყო. ადამიანები გმობდნენ ღმერთს სეტყვის წყლულის გამო, რადგან მისი წყლული უჩვეულოდ დიდი იყო“ (გამოცხ. 16:21).

10 ეს ყველაფერი ჩვენს მტრებს შეუმჩნეველი არ დარჩება. ღვთივშთაგონებით წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ახსნა, თუ რას მოიმოქმედებს „გოგ მაგოგელი“, ერთა კოალიცია: «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს რაღაცას გაივლებ გულში, ბოროტებას განიზრახავ და იტყვი: გამოვალო უგალავნო, გაშლილი დაბის წინააღმდეგ; თავს დავესხმებიო უშფოთველად და უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს, უგალავნოდ რომ ცხოვრობს, რომელსაც არც ურდულები აქვსო და არც კარები. დიდძალი ნაძარცვის წამოსაღებად და ბევრის დასატაცებლად წახვალ, რათა ხელი აღმართო ერთ დროს განადგურებულ და კვლავ დასახლებულ ადგილებზე და ხალხებიდან გამოკრებილ ხალხზე, რომელნიც სიმდიდრესა და ქონებას აგროვებენ და დედამიწის შუაგულში ცხოვრობენ“» (ეზეკ. 38:10—12). ღვთის ხალხი, მართლაც ყველასგან გამორჩეული იქნება ანუ ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, ისინი „დედამიწის შუაგულში“ იქნებიან. ეს ერებს განარისხებს; ღვთის მტრები იეჰოვას ცხებულებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გაილაშქრებენ!

11. ა) რა უნდა გვახსოვდეს დიდი გასაჭირის დროს მოვლენათა განვითარების შესახებ? ბ) რა რეაქცია ექნება ხალხს ცაში ნიშნების დანახვაზე?

11 ღვთის სიტყვა ზუსტ ინფორმაციას არ გვაწვდის იმის თაობაზე, თუ რა თანმიმდევრობით განვითარდება მოვლენები. როგორც ჩანს, ზოგიერთი მოვლენა თანადროულად მოხდება. ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველების წარმოთქმისას იესომ აღნიშნა: „იქნება ნიშნები მზეზე, მთვარეზე და ვარსკვლავებზე; დედამიწაზე ხალხები გაიტანჯებიან და არ ეცოდინებათ გამოსავალი, რადგან ზღვა ახმაურდება და აღელდება, ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს, რადგან ციური ძალები შეირყევა. მაშინ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს“ (ლუკ. 21:25—27; წაიკითხეთ მარკოზის 13:24—26). ნიშნავს ეს იმას, რომ იესოს სიტყვები პირდაპირი გაგებით შესრულდება და ცაში შემაძრწუნებელ ნიშნებსა თუ მოვლენებს უნდა ველოდოთ? ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაწინასწარმეტყველები ნიშნები საგონებელში ჩააგდებს და შიშის ზარს დასცემს ღვთის მტრებს!

ჩვენ გავიხარებთ და წამითაც არ შეგვეპარება ეჭვი, რომ ხსნა ახლოსაა! (იხილეთ მე-12 და მე-13 აბზაცები)

12, 13. ა) რა მოხდება, როცა იესო „ძლიერებითა და აღმატებული დიდებით“ მოვა? ბ) როგორ მოიქცევა ღვთის ხალხი იმ დროს?

12 რა მოხდება, როცა იესო „ძლიერებითა და აღმატებული დიდებით“ მოვა? მაშინ ერთგულნი ჯილდოს მიიღებენ, ხოლო ორგულთ თავს სასჯელი დაატყდებათ (მათ. 24:46, 47, 50, 51; 25:19, 28—30). იესომ ნიშნის შემადგენელ სხვადასხვა ნაწილზე საუბარი, რომლის შესახებაც მათეს სახარებაში ვკითხულობთ, ცხვრებისა და თხების იგავით დაასრულა: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ“ (მათ. 25:31—33). რა განაჩენი გამოაქვს იესოს „ცხვრებისა“ და „თხებისთვის“? იგავი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „[თხები] მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ“ (მათ. 25:46).

13 რა რეაქცია ექნებათ „თხებს“, როცა გააცნობიერებენ, რომ მარადიულად უნდა მოიკვეთონ? ისინი „მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას“ (მათ. 24:30). მაგრამ, როგორ მოიქცევიან იმ დროს ქრისტეს ძმები და მათი მხარდამჭერები? ისინი, იეჰოვასა და მის ძეზე სრულიად მინდობილნი, ისე მოიქცევიან, როგორც ქრისტემ თქვა: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკ. 21:28). დიახ, ჩვენ გავიხარებთ და წამითაც არ შეგვეპარება ეჭვი, რომ ხსნა ახლოსაა!

„სამეფოში . . . გაანათებენ“

14, 15. რა შეკრება უნდა მოხდეს „გოგ მაგოგელის“ თავდასხმის დაწყების შემდეგ და როგორ მოხდება ეს?

14 რა მოხდება მას შემდეგ, რაც „გოგ მაგოგელი“ ღვთის ხალხზე მიიტანს იერიშს? ამ კითხვაზე პასუხს ვკითხულობთ როგორც მათეს, ისე მარკოზის სახარებებში: „[კაცის ძე] გაგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს ქარის ოთხივე მიმართულებიდან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე“ (მარ. 13:27; მათ. 24:31). აქ მოხსენიებულ სიტყვა „შეკრებაში“ არც ცხებულთა თავდაპირველი შეკრება იგულისხმება და არც — მათი დარჩენილი ნაწილის საბოლოო ბეჭედდასმა (მათ. 13:37, 38). ცხებულებს საბოლოო ბეჭედი დიდი გასაჭირის დაწყებამდე დაესმებათ (გამოცხ. 7:1—4). მაშ, რომელ „შეკრებაზე“ საუბრობს იესო? იგი საუბრობს იმ დროზე, როცა 144 000-ის დარჩენილი ნაწილი თავის ზეციურ ჯილდოს მიიღებს (1 თეს. 4:15—17; გამოცხ. 14:1). ეს მოვლენა ღვთის ხალხზე „გოგ მაგოგელის“ თავდასხმის დაწყების შემდეგ, რაღაც ეტაპზე, მოხდება (ეზეკ. 38:11). სწორედ ამის შემდეგ შესრულდება იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები: „იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ“ (მათ. 13:43). *

15 ნიშნავს ეს იმას, რომ ცხებული ქრისტიანები „ზეატაცებულნი“ იქნებიან? ქრისტიანულ სამყაროში სწავლებას „ზეატაცების“ შესახებ ბევრი იზიარებს: მათ სწამთ, რომ ქრისტიანები ზეცაში ხორციელი სხეულით იქნებიან ატაცებულნი. შესაბამისად, ისინი მოელიან, რომ ქრისტე დედამიწაზე სამმართველოდ ხილულად დაბრუნდება. თუმცა ბიბლია ცალსახად აცხადებს, რომ „ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი“ და მას „იხილავენ . . . ცის ღრუბლებზე მომავალს“ (მათ. 24:30). ამ ორივე ფრაზაში იესოს უხილავად მოსვლა იგულისხმება. გარდა ამისა, ღვთის სიტყვაში იმასაც ვკითხულობთ, რომ „ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს“. ასე რომ, ისინი, ვინც ზეცად ავლენ, ჯერ უნდა შეიცვალონ „უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე“ * (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:50—53). მართალია, ჩვენ სიტყვა „ზეატაცებას“ მისი მცდარი რელიგიური დატვირთვის გამო არ ვიყენებთ, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ გვეპარება: ერთგულ ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილი ნაწილი ნამდვილად შეიკრიბება ზეცაში და ეს თვალის დახამხამებაში მოხდება.

16, 17. რა მოვლენა უძღვის წინ კრავის ქორწილს?

16 როდესაც 144 000 ცხებული ქრისტიანი ზეცაში შეიკრიბება, დაიწყება საბოლოო სამზადისი კრავის ქორწილისთვის (გამოცხ. 19:9). თუმცა ამ სასიხარულო მოვლენას წინ კიდევ ერთი მოვლენა უძღვის. როგორც გვახსოვს, 144 000-ის დარჩენილი ნაწილის ზეცად ასვლამდე ცოტა ხნით ადრე „გოგი“ თავს ესხმის ღვთის ხალხს (ეზეკ. 38:16). რას აკეთებს ამ დროს ღვთის ხალხი დედამიწაზე? მართალია, ისინი, ერთი შეხედვით, სრულიად დაუცველნი არიან, მაგრამ მიჰყვებიან მითითებას, რომელიც თავის დროზე ღმერთმა მეფე იეჰოშაფატს მისცა: „ამჯერად თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა. დადექით, იდექით და იხილეთ, როგორ გიხსნით იეჰოვა! იუდა და იერუსალიმო, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით!“ (2 მატ. 20:17). თუმცა ამ დროს ზეცაში განსხვავებული სურათია. სწორედ ამ დროის შესახებ, როდესაც ყველა ცხებული ზეცაშია შეკრებილი, გამოცხადების 17:14-ში ღვთის მტრებზე ვკითხულობთ: „შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი სძლევს მათ, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. სძლევენ ისინიც, რომლებიც მასთან არიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“. ამრიგად, ქრისტე, თავის 144 000 თანამმართველთან ერთად, დედამიწაზე მცხოვრები ღვთის ხალხის სახსნელად გამოემართება.

17 ამას არმაგედონის ომი მოჰყვება, რაც იეჰოვას წმინდა სახელის განდიდებას მოემსახურება (გამოცხ. 16:16). მაშინ თხისმაგვარი ადამიანები „მარადიულად მოიკვეთებიან“, დედამიწიდან საბოლოოდ აღიგვება ბოროტების კვალი და უამრავი ხალხი დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპს გადაიტანს. როდესაც ქორწილის სამზადისი დასრულდება, რეალობად იქცევა ის, რის შესახებაც წიგნ „გამოცხადების“ დასასრულს ვკითხულობთ — გაიმართება კრავის ქორწილი (გამოცხ. 21:1—4). * არმაგედონგადატანილები ღვთის კეთილგანწყობით გაიხარებენ და მის უსაზღვრო სიყვარულს იგრძნობენ. მართლაც, რა დიდებული საქორწილო ნადიმი გაიმართება! ნუთუ მთელი სულითა და გულით არ ველით ამ დღეს?! (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:13).

18. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი ნაწინასწარმეტყველები ამაღელვებელი მოვლენების ხილვამდე?

18 ვინაიდან წინ ასეთი ამაღელვებელი მოვლენები გველის, რა უნდა გავაკეთოთ დღეს? მოციქულმა პეტრემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე . . . საყვარელნო, რადგან ამას ელოდებით, ყველანაირად ეცადეთ, რომ მის წინაშე წარდგეთ უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ (2 პეტ. 3:11, 12, 14). მაშ, მოდი, დავრჩეთ სულიერად სუფთანი და მხარი დავუჭიროთ „მშვიდობის მეფეს!“.

^ აბზ. 15 ცხებული ქრისტიანები ზეცაში ხორციელი სხეულით არ ავლენ (1 კორ. 15:48, 49). როგორც ჩანს, მათი სხეულებიც იესოს სხეულის მსგავსად გაქრება.

^ აბზ. 17 მოვლენათა თანმიმდევრობის შესახებ 45-ე ფსალმუნიც გვაუწყებს. მეფე ჯერ ომობს, რის შემდეგაც ქორწილს მართავს.