არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაელოდეთ!

დაელოდეთ!

„რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება“ (აბაკ. 2:3).

სიმღერები: 128, 45

1, 2. როგორი განწყობა აქვთ ღვთის თაყვანისმცემლებს ოდითგანვე?

იეჰოვას თაყვანისმცემლები ოდითგანვე ელოდნენ ღვთის წინასწარმეტყველებების შესრულებას. მაგალითად, იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ იუდა უნდა გაუკაცრიელებულიყო. ეს ასეც მოხდა, როცა ის ბაბილონელებმა ძვ. წ. 607 წელს მიწასთან გაასწორეს (იერ. 25:8—11). ესაიამ, რომელმაც აგრეთვე ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა იუდას კვლავ დაასახლებდა, განაცხადა: „ბედნიერია ყველა, ვისაც მისი მოლოდინი აქვს“ (ეს. 30:18). მიქას, რომელიც აგრეთვე ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ხალხზე წინასწარმეტყველებდა, გადაწყვეტილი ჰქონდა: „მე . . . კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა“ (მიქ. 7:7). ღვთის ხალხი საუკუნეების განმავლობაში ელოდა, თუ როგორ შესრულდებოდა ღვთის წინასწარმეტყველებები მესიაზე ანუ ქრისტეზე (ლუკ. 3:15; 1 პეტ. 1:10—12). *

2 ღვთის თანამედროვე მსახურებიც ველით მესიასთან დაკავშირებული იმ ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებას, რომლებიც ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია. იეჰოვა, მესიანური სამეფოს მეშვეობით, მალე გაანადგურებს ბოროტს, ბოლოს მოუღებს ადამიანთა ტანჯვას და იხსნის თავის ხალხს სატანის ბოროტი ქვეყნიერებისგან (1 იოან. 5:19). მაშ, მოდი, შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ეჭვი არ შეგვეპაროს იმაში, რომ სატანის ქვეყნიერება აღსასრულისკენ მიექანება!

3. რა კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს, თუ უკვე არაერთი წელია, რაც აღსასრულს ველით?

3 იეჰოვას მსახურებს მთელი გულით გვწადია, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ, თუ როგორ შესრულდება ღვთის ნება დედამიწაზე, ისევე როგორც ის ზეცაში სრულდება (მათ. 6:10). თუმცა ვინაიდან არაერთი წელია, ველით ქვეყნიერების აღსასრულს, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ აღსასრული იგვიანებს და გაგვიჩნდეს კითხვა: რა გვარწმუნებს იმაში, რომ ლოდინს აზრი აქვს? მოდი, ვნახოთ.

რატომ უნდა ველოდოთ?

4. რომელია უმთავრესი მიზეზი, რის გამოც უნდა ვიფხიზლოთ?

4 ბიბლია ცალსახად გვანახვებს, თუ რატომ უნდა დაველოდოთ ქვეყნიერების გარდაუვალ აღსასრულს. იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „იფხიზლეთ“ (მათ. 24:42; ლუკ. 21:34—36). სიფხიზლისკენ თავად ქრისტემ მოგვიწოდა, სწორედ ამიტომ უნდა დაველოდოთ აღსასრულს. ამ მხრივ იეჰოვას ორგანიზაცია უზადო მაგალითს გვაძლევს. ჩვენს პუბლიკაციებში გამუდმებით ვკითხულობთ შეხსენებას, რომ ველოდოთ და ყოველთვის გვახსოვდეს დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე და რომ იმედი ყოველთვის ღვთის აღთქმულ ქვეყნიერებაზე დავამყაროთ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:11—13).

5. რატომ უნდა ვიფხიზლოთ დღეს განსაკუთრებით?

5 მართალია, საუკუნეების წინათ მცხოვრებ ქრისტიანებსაც მართებდათ ლოდინი, მაგრამ დღეს ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია; ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როცა ქრისტე უკვე ზეცაში მმართველობს. მისი მოსვლის ნიშანი 1914 წლიდან გახდა ცხადი და ის მრავალმხრივ ვლინდება. მაგალითად, ამაზე მეტყველებს გაუარესებული მდგომარეობა მსოფლიოში და გლობალური სამქადაგებლო საქმიანობა; ეს ყველაფერი კი იმაზე მოწმობს, რომ „ქვეყნიერების აღსასრულისას“ ვცხოვრობთ (მათ. 24:3, 7—14). მართალია, იესოს არ უთქვამს, თუ რამდენ ხანს გასტანდა ასეთი მდგომარეობა და როდის დადგებოდა აღსასრული, მაგრამ ფაქტი ერთია: ჩვენ დღეს განსაკუთრებით უნდა ვიფხიზლოთ.

6. რატომ უნდა ველოდოთ მსოფლიოში მდგომარეობის გაუარესებას აღსასრულის მოახლოებასთან ერთად?

6 შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: იმ დროზე ხომ არ მიუთითებს „ქვეყნიერების აღსასრული“, როცა მსოფლიოში მდგომარეობა უფრო დამძიმდებოდა? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანები კიდევ უფრო გაბოროტდებოდნენ (2 ტიმ. 3:1, 13; მათ. 24:21; გამოცხ. 12:12). ასე რომ, ლოგიკურია, ველოდოთ მსოფლიოში მდგომარეობის გაუარესებას.

7. რას გვიმჟღავნებს მათეს 24:37—39 იმის თაობაზე, თუ რა ვითარება იქნება ბოლო დღეებში მსოფლიოში?

7 მაგრამ, რამდენად გაუარესდება მდგომარეობა „დიდი გასაჭირის“ დადგომამდე? (გამოცხ. 7:14). ფიქრობთ, რომ ამ დროს ყველა ქვეყანა ომის ქარცეცხლში გაეხვევა, არავის ექნება საკვები და ყველა ოჯახში იქნება სნეული? ეს რომ ასე მოხდეს, სკეპტიკოსებმაც კი შეიძლება აღიარონ, რომ ამით ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება. თუმცა იესომ თქვა, რომ ადამიანთა უმეტესობა მის მოსვლას არად ჩააგდებდა და ძველებურად განაგრძობდა ცხოვრებას მანამ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნებოდა (წაიკითხეთ მათეს 24:37—39). ბიბლიიდან აშკარად ჩანს ერთი რამ: ბოლო დღეებში მსოფლიოში მდგომარეობა ისე არ დამძიმდება, რომ ხალხს აღსასრულის მოახლოების აღიარება მოუწიოს (ლუკ. 17:20; 2 პეტ. 3:3, 4).

8. რა არ დარჩებათ შეუმჩნეველი მათ, ვინც ყურად იღებს იესოს მოწოდებას: „იფხიზლეთ“?

8 მეორე მხრივ, იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ნიშანი უდავოდ მოემსახურება თავის მიზანს: მის შესრულებას უცილობლად შენიშნავენ ისინი, რომლებიც ყურადღებით ეკიდებიან იესოს მოწოდებას: „იფხიზლეთ“ (მათ. 24:27, 42). ამ ნიშნის შესრულება 1914 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ მოყოლებული ნიშნის შემადგენელი სხვადასხვა ნაწილი სრულდება. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ „ქვეყნიერების აღსასრულისას“, დროის იმ ხანმოკლე მონაკვეთში, რომელიც მოიცავს როგორც ბოროტი ქვეყნიერების განადგურების წინა პერიოდს, ისე — მის განადგურებას.

9. კიდევ რატომ უნდა დაველოდოთ ამ ქვეყნიერების აღსასრულს?

9 კიდევ რატომ გვმართებს დღეს მცხოვრებ ქრისტიანებს ლოდინი? იმიტომ, რომ ვემორჩილებით ქრისტეს და შეუმჩნეველი არ გვრჩება მისი მოსვლის ნიშანი. ჩვენ იმის გამო კი არ ველით აღსასრულს, რომ გულუბრყვილოდ გვჯერა ყოველი სიტყვის, არამედ ამის მტკიცე საფუძველს ბიბლია გვაძლევს, რომელიც მოგვიწოდებს, დავრჩეთ „მღვიძარენი“, „ფხიზელნი“ და ასე დაველოდოთ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს.

როდემდე უნდა ველოდოთ?

10, 11. ა) რისთვის შეამზადა იესომ თავისი მოწაფეები? ბ) რისკენ მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს, თუ მათ იმაზე მეტხანს მოუწევდათ ლოდინი, ვიდრე ფიქრობდნენ? (იხილეთ სურათი მე-14 გვერდზე)

10 ბევრი ჩვენგანი უკვე ათწლეულებია, რაც „ფხიზლად“ ველით აღსასრულს. მოდი, არ დავუშვათ, რომ დროის სვლამ ლოდინი გაგვიძნელოს. ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ ქრისტეს, რომელიც ბოროტი ქვეყნიერებისთვის გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად მოვა. გახსოვდეთ, რა ურჩია მან თავის მიმდევრებს: „ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო. ეს ისევეა, სხვა ქვეყანაში მიმავალმა კაცმა სახლი რომ დატოვოს, უფლებამოსილება თავის მონებს გადასცეს, თითოეულს თავისი საქმე მიუჩინოს, დარაჯს კი უბრძანოს, იფხიზლეო. ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: დღის ბოლოს, შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ დილით ადრე, რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარეებს არ მოგისწროთ. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარ. 13:33—37).

11 მას შემდეგ, რაც იესოს მიმდევრები მიხვდნენ, რომ ქრისტე 1914 წელს გამეფდა, მათ იფიქრეს, რომ აღსასრული შეიძლება მალე დამდგარიყო და სამზადისს შეუდგნენ — მათ ძირითადი აქცენტი ქადაგებაზე გადაიტანეს. იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ შესაძლოა დაგვიანებოდა და მოსულიყო „მამლის ყივილზე“ ან „დილით ადრე“. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იესოს მიმდევრები, თუკი მას შეაგვიანდებოდა? მისი სიტყვების თანახმად, უნდა ეფხიზლათ. მაშ ასე, თუ ლოდინი დიდხანს გვიწევს, ის დღე გონებაში არ გადავწიოთ და არ ვიფიქროთ, რომ ჩვენი მოლოდინი ფუჭია.

12. რა ჰკითხა აბაკუმმა ღმერთს და რა პასუხი მიიღო მისგან?

12 განვიხილოთ წინასწარმეტყველ აბაკუმის მაგალითი. მას იერუსალიმის განადგურების შესახებ წინასწარმეტყველება დაევალა. თუმცა ეს განაჩენი ქალაქისთვის ნამდვილად არ იყო სიახლე, ვინაიდან ამ ცნობას მისი წინამორბედნიც აცხადებდნენ. იუდაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას ბიბლია ასე აღგვიწერს: „ბოროტები გარს ეხვევიან მართლებს, ამიტომაც გაუკუღმართდა სამართალი“. ასე რომ, გასაკვირი არაა, თუ რატომ ჰკითხა აბაკუმმა იეჰოვას: „როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას?“. მართალია, იეჰოვას მისთვის ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია, მაგრამ მან ერთგული წინასწარმეტყველი დაარწმუნა, რომ ქალაქი თავის დროზე განადგურდებოდა. ღმერთმა მოუწოდა აბაკუმს: „დაელოდე“ (წაიკითხეთ აბაკუმის 1:1—4; 2:3).

13. როგორ შეიძლება ეფიქრა აბაკუმს და რატომ იქნებოდა ეს არაგონივრული?

13 წარმოიდგინეთ, აბაკუმს რომ გული გასტეხოდა და ეფიქრა: „უკვე წლებია, რაც იერუსალიმის განადგურების შესახებ მესმის. იქნებ, განაჩენის აღსრულებამდე ჯერ კიდევ შორია? ანდა, რეალობას მოკლებული ხომ არ იქნება ხალხისთვის იმის თქმა, რომ ქალაქი სადაცაა განადგურდება?! მოდი, ამის შესახებ სხვამ გააცხადოს“. აბაკუმს რომ ამგვარი ფიქრებით ეკვება გონება, იეჰოვას კეთილგანწყობასაც დაკარგავდა და დიდი ალბათობით, სიცოცხლესაც გამოესალმებოდა მაშინ, როცა ბაბილონელები იერუსალიმს დასცემდნენ!

14. რატომ ვიქნებით ახალ ქვეყნიერებაში დარწმუნებულნი, რომ ლოდინის შემთხვევაში იმედი არ გაგვიცრუვდება?

14 ახალ ქვეყნიერებაში ნამდვილად შევძლებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ შესრულდა ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებული მოვლენები. ეს კიდევ უფრო განგვიმტკიცებს იეჰოვასადმი ნდობას და არც მის სხვა დაპირებებში შევიტანთ ეჭვს (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 23:14). მაშინ ნამდვილად მადლიერები ვიქნებით ჩვენი ღვთის, რომელმაც დაადგინა „დროები და ვადები“ და თავის დროზე გაგვაფრთხილა „ყველაფრის დასასრულის“ მოახლოების შესახებ (საქ. 1:7; 1 პეტ. 4:7).

ლოდინი უმოქმედობას არ ნიშნავს!

გულმოდგინედ ქადაგებთ სასიხარულო ცნობას? (იხილეთ მე-15 აბზაცი)

15, 16. რატომ გვმართებს დღეს მსახურებაში გააქტიურება?

15 არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ იეჰოვას ორგანიზაციიდან მომავალშიც არაერთ შეხსენებას მივიღებთ იმის თაობაზე, რომ კვლავაც განვაგრძოთ ღვთის მსახურება, ვინაიდან დრო არ იცდის. ეს შეხსენებები მხოლოდ იმიტომ კი არ გვეძლევა, რომ აქტიურნი დავრჩეთ ღვთის მსახურებაში, არამედ იმის დანახვაშიც გვეხმარება, რომ ქრისტეს მოსვლის ნიშანი სრულდება. და მაინც, ისმის კითხვა: რის გაკეთება მოითხოვება ახლა ჩვენგან ყველაზე მეტად? ჩვენგან ის მოითხოვება, რომ რაც შეიძლება მეტი გულმოდგინებით ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა და ამგვარად უპირველესად ვეძებოთ ღვთის სამეფო და მამის სიმართლე! (მათ. 6:33; მარ. 13:10).

16 ერთმა დამ ასეთი რამ თქვა: „ჩვენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ . . . რითაც ადამიანებს ვეხმარებით, გადაურჩნენ ქვეყნიერების გარდაუვალ აღსასრულს“. ამ დამ ერთხელ სიკვდილს თვალებში ჩახედა: იგი მეუღლესთან ერთად იმ მგზავრთა შორის იყო, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ საშინელ საზღვაო კატასტროფას გადაურჩნენ; ეს საბედისწერო შემთხვევა 1945 წელს მოხდა, როცა ფეშენებელური ლაინერი, „ვილჰელმ გუსტლოფი“, ჩაიძირა. საოცარი ისაა, რომ თურმე ადამიანს ასეთ დროსაც კი შეიძლება დაებინდოს საღი აზრი და ვერ განსაზღვროს, თუ რა არის ჭეშმარიტად ფასეული. მაგალითად, ჩვენი და იხსენებს გემზე მყოფ ერთ ქალბატონს, რომელიც მოსთქვამდა: „ჩემი ჩემოდნები! ჩემი სამკაულები! მთელი ძვირფასეულობა კაიუტაში დამრჩა. აღარაფერი მაბადია!“. მაგრამ ამ ქალბატონისგან განსხვავებით, გემზე ისეთი მგზავრებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც მზად იყვნენ, სხვების დასახმარებლად საკუთარ სიცოცხლესაც კი შელეოდნენ; ისინი ყინულივით ცივ წყალში ჩაცვენილ მგზავრებს შველოდნენ. ამ მამაცი ადამიანების მსგავსად, ხალხის დასახმარებლად ჩვენც ყოველ ღონეს ვხმარობთ. ჩვენ გვესმის, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება გადაუდებელი საქმეა და ამიტომ სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან, ვეხმარებით ადამიანებს, გონს მოეგონ და ქვეყნიერების აღსასრულს გადაურჩნენ.

აჩვენებს თქვენი გადაწყვეტილებები, რომ დრო არ იცდის? (იხილეთ მე-17 აბზაცი)

17. რატომ ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ აღსასრული შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს?

17 მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება და ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული გარდაუვალია. ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ კიდევ დიდი დრო გავა მანამ, სანამ გამოცხადების 17:16-ში მოხსენიებული „ათი რქა“ და „მხეცი“ თავს დაესხმებიან „დიდ ბაბილონს“, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს. მოდი, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღმერთი ამ აზრს „მათ გულებში ჩაუდებს“, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად და ნებისმიერ დროს მოხდეს (გამოცხ. 17:17). ამ ქვეყნიერების განადგურება კარსაა მომდგარი. ასე რომ, ნამდვილად ღირს, ყურად ვიღოთ იესოს გაფრთხილება: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე“ (ლუკ. 21:34, 35; გამოცხ. 16:15). მოდი, მიზნად დავისახოთ, ვემსახუროთ იეჰოვას იმ შეგრძნებით, რომ დრო არ იცდის და ეჭვი არ შეგვეპაროს, რომ იგი „მოქმედებს თავის მომლოდინეთა სასიკეთოდ“ (ეს. 64:4).

18. რაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში?

18 დღეს, როცა ველით ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს, ბრძნულია, ყურად ვიღოთ იუდას მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები: „საყვარელნო, თქვენს უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი, წმინდა სულით ილოცეთ და ამგვარად დარჩით ღვთის სიყვარულში, ვიდრე ელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გულმოწყალებას და გონებაში გაქვთ მარადიული სიცოცხლე“ (იუდ. 20, 21). მაგრამ, როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად ველით ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას? ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

^ აბზ. 1 ინფორმაცია მესიასთან დაკავშირებული ზოგი ბიბლიური წინასწარმეტყველებისა და მისი შესრულების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდი 200.