არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

იეჰოვას კურთხევებმა ცხოვრება გამიმდიდრა!

იეჰოვას კურთხევებმა ცხოვრება გამიმდიდრა!

დავიბადე 1927 წელს პატარა ქალაქ უეიკოში (სასკაჩევანი, კანადა). ოჯახში შვიდი დედმამიშვილი ვიყავით, ოთხი ძმა და სამი და; ამიტომ ხალხთან ურთიერთობას ბავშვობიდან მივეჩვიე.

1930-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ისტორიაში „დიდი დეპრესიის“ სახელითაა ცნობილი, ჩვენს ოჯახსაც შეეხო. მართალია, მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ საჭმელი არ გვაკლდა. გვყავდა რამდენიმე ქათამი და ერთი ძროხა; შესაბამისად, ოჯახში ყოველთვის იყო კვერცხი, რძე, ნაღები, ყველი და კარაქი. საქმეც თავზე საყრელი გვქონდა.

ბავშვობა ტკბილად მაგონდება. მაგალითად, მახსოვს, როგორ იფრქვეოდა ახალმოკრეფილი ვაშლის სურნელი მთელ ოთახში. მამას, როგორც წესი, შემოდგომაზე სოფლის ნობათი ქალაქში მიჰქონდა გასაყიდად, შინ კი მთელი ყუთი ვაშლით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა. როგორ გვიხაროდა ბავშვებს ყოველდღე წვნიანი ვაშლით პირის ჩატკბარუნება!

ჩემი ოჯახი ეცნობა ჭეშმარიტებას

6 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ოჯახმა ჭეშმარიტება გაიგო. მანამდე ჩემს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ჩემი პატარა ძამიკო ჯონი დაბადებისთანავე დაიღუპა. როცა სასოწარკვეთილმა მშობლებმა ადგილობრივ მღვდელს ჰკითხეს, თუ სად იყო ჯონი, მღვდელმა უპასუხა, რომ ვინაიდან ბავშვი ჯერ არ იყო მონათლული ქრისტიანად, იგი სამოთხის ნაცვლად განსაწმენდელში იმყოფებოდა. თუმცა მან დასძინა, რომ თუ ჩემი მშობლები ფულს გადაუხდიდნენ, იგი ილოცებდა, რომ ჯონის სულს განსაწმენდელიდან სამოთხეში გადაენაცვლებინა. თქვენ რომ ჩემი მშობლების ადგილზე ყოფილიყავით, რას იგრძნობდით? მღვდლის სიტყვებმა გული გაუტეხა დედ-მამას, ამიტომ ისინი მეტად აღარ დალაპარაკებიან მას. თუმცა მათ მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, თუ სად იმყოფებოდა ჯონი.

ერთ დღესაც დედაჩემს ხელში ჩაუვარდა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული პუბლიკაცია სახელწოდებით „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“. მან ის ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა. როდესაც მამა შინ დაბრუნდა, დედა გახარებული მიეგება და უთხრა: „მე ვიცი, სადაა ჯონი. მას ახლა სძინავს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის გაიღვიძებს“. იმავე საღამოს მამამაც წაიკითხა ეს პუბლიკაცია. ჩემი მშობლები ანუგეშა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ, რომლის თანახმადაც, მკვდრებს სძინავთ და მომავალში აღდგებიან (ეკლ. 9:5, 10; საქ. 24:15).

ბიბლიურმა იმედმა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა; ოჯახში ბედნიერებამ დაისადგურა. მშობლებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე სიარული დაიწყეს ქალაქ უეიკოში. კრებაში არცთუ ისე ბევრი მაუწყებელი იყო; ისინი, ძირითადად, უკრაინული წარმომავლობისანი იყვნენ. მშობლები ძალიან მალე ჩაებნენ სამქადაგებლო საქმეში.

ცოტა ხანში საცხოვრებლად ბრიტანეთის კოლუმბიაში გადავედით; იქაურმა კრებამ გულთბილად მიგვიღო. სასიამოვნოდ მახსენდება დრო, როცა მთელი ოჯახი ვემზადებოდით „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის, რომელიც კვირაობით ტარდებოდა. გულმოდგინე შესწავლების წყალობით, იეჰოვასა და ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი სიყვარული გვიღრმავდებოდა. საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ გვაკურთხებდა იეჰოვა და გვიმდიდრებდა ცხოვრებას.

ბუნებრივია, ჩვენთვის, ბავშვებისთვის, ადვილი არ იყო ჩვენს მრწამსზე სხვებთან საუბარი, თუმცა მე და ჩემს დას, ევას, დიდი დახმარება გაგვიწია იმან, რომ ხშირად გვიწევდა მიმდინარე თვის შეთავაზების მომზადება და სამსახურებრივ შეხვედრაზე აუდიტორიის წინაშე ინსცენირებით გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით მორცხვები ვიყავით, ჩვენ ვისწავლეთ, როგორ გვესაუბრა სხვებთან ბიბლიურ თემებზე. ძალიან მიხარია, რომ ამის წყალობით მსახურებაში დავხელოვნდით.

ჩვენს სახლს ხშირად სტუმრობდნენ სრული დროით მსახურები, რაც ბავშვობის ერთ-ერთ ძვირფას მოგონებად დამრჩა. მაგალითად, ძალიან გვიხაროდა, როდესაც კრების მონახულების დროს ჩვენთან რჩებოდა სარაიონო ზედამხედველი, ჯეკ ნეითანი. * მის მიერ მოყოლილი ისტორიები გვამხნევებდა, ხოლო მისი გულწრფელი შექება აღგვძრავდა, რომ იეჰოვასთვის ერთგულად გვემსახურა.

მახსოვს, პატარაობაში ვფიქრობდი: „როცა გავიზრდები, ძმა ნეითანს დავემსგავსები“. რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ მისი მაგალითი ხანგრძლივი სრული დროით მსახურებისთვის შემამზადებდა. 15 წლის ასაკში გადავწყვიტე, იეჰოვასთვის მემსახურა; 1942 წელს მე და ჩემი დაიკო, ევა, მოვინათლეთ.

რწმენის გამოცდები

მეორე მსოფლიო ომის დროს პატრიოტული სულისკვეთება მთელ ქვეყანას მოედო; ერთმა მასწავლებელმა, მის სკოტმა, რომელსაც რწმენის გამო მოძულებული ვყავდით, ჩემი ორი და და ერთი ძმა სკოლიდან გარიცხა. მიზეზი ის იყო, რომ მათ დროშას არ მისცეს სალამი. მის სკოტმა არც ეს იკმარა. იგი ჩემი სკოლის მასწავლებელსაც დაუკავშირდა და ჩემი სკოლიდან გარიცხვაც მოსთხოვა. ჩემმა პედაგოგმა მიუგო: „ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას პირადი გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პატრიოტულ ღონისძიებებში“. მის სკოტის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ჩემმა მასწავლებელმა მას უთხრა: „მე ასე გადავწყვიტე“.

მის სკოტმა კი უპასუხა: „ეს შენი გადასაწყვეტი არ არის. თუ მელიტას არ გარიცხავ, იქ დაგასმენ, სადაც საჭიროა“. ჩემმა მასწავლებელმა მშობლებს აუხსნა, რომ მართალია, ესმოდა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ სხვა გზა არ დარჩენოდა — თუ არ გამრიცხავდა, სამსახურს დაკარგავდა. ასე რომ, სკოლიდან გამრიცხეს, თუმცა მე და ჩემი და-ძმები სკოლის მასალას სახლში გავდიოდით. ცოტა ხანში საცხოვრებელი შევიცვალეთ და ჩვენი სახლიდან დაახლოებით 32 კილომეტრში გადავედით. იქ ჩვენ ადგილობრივმა სკოლამ მიგვიღო.

მართალია, ომის შემდეგ ჩვენი ლიტერატურა კვლავაც აკრძალული იყო, მაგრამ კარდაკარ მსახურებისას ბიბლიას ვიყენებდით. შედეგად, უფრო ოსტატურად ვუზიარებდით ხალხს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უშუალოდ წმინდა წერილებიდან. ეს ყოველივე ჩვენს სულიერ ზრდას მოემსახურა და უფრო ნათლად შევიგრძენით იეჰოვას მზრუნველი ხელი.

სრული დროით მსახურება

ჩემი საქმე კარგად გამომდიოდა და არაერთი ჯილდოც მაქვს მიღებული

სკოლის დამთავრებისთანავე მე და ევა პიონერად მსახურებას შევუდექით. მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ მაღაზიაში, სურსათის განყოფილებაში. შემდეგ ექვსთვიანი საპარიკმახერო კურსები გავიარე; ეს საქმე ყოველთვის მიყვარდა. პარიკმახერის ხელობის დაუფლებამდეც ოჯახის წევრების ვარცხნილობაზე თავად ვზრუნავდი. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ ერთ-ერთ სილამაზის სალონში დავსაქმდი, იქ კვირაში ორჯერ ვმუშაობდი, ხოლო თვეში ორჯერ სხვებს ვასწავლიდი ჩემს ხელობას. სწორედ ასე ვირჩენდი თავს და თან პიონერად ვმსახურობდი.

1955 წელს მთელი გულით მსურდა, დავსწრებოდი კონგრესებს დევიზით „გამარჯვებული სამეფო“, როგორც ნიუ-იორკში (აშშ), ისე ნიურნბერგში (გერმანია). ნიუ-იორკში გამგზავრებამდე შევხვდი ძმა ნეითან ნორს, რომელიც მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობდა. ის და მისი მეუღლე ვანკუვერში (კანადა) ესწრებოდნენ კონგრესს. მაშინ მთხოვეს, რომ ვარცხნილობა გამეკეთებინა ძმა ნორის მეუღლისთვის. ძმა ნორი იმდენად მოიხიბლა მეუღლის ვარცხნილობით, რომ ჩემთან შეხვედრა მოისურვა. საუბარში ვახსენე, რომ გერმანიაში წასვლამდე ნიუ-იორკში გაჩერებას ვაპირებდი. მან 9 დღით ბრუკლინის ბეთელში მსახურება შემომთავაზა.

ამ მოგზაურობამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. სწორედ ნიუ-იორკში შევხვდი ახალგაზრდა ძმას, თეოდორ (ტედ) იარაჩს. გაცნობიდან მალევე მან მკითხა: „პიონერი ხარ?“. ვუპასუხე, რომ არ ვიყავი პიონერი. საუბარში ჩემი მეგობარი, ლავონი, ჩაგვერთო და თქვა: „პიონერია, აბა?!“. შემცბარმა ტედმა ლავონს მიმართა: „უკაცრავად, თქვენ მასზე უკეთ იცით?“. ამის შემდეგ ტედს ავუხსენი, რომ მართალია, პიონერული მსახურება შეწყვეტილი მქონდა, მაგრამ კონგრესებიდან დაბრუნების შემდეგ პიონერული მსახურების განახლებას ვაპირებდი.

ვქორწინდები სულიერად მოაზროვნე მამაკაცზე

ტედი 1925 წელს კენტუკიში (აშშ) დაიბადა; მან იეჰოვას თავი 15 წლისამ მიუძღვნა. მართალია, ტედის ოჯახის წევრები ჭეშმარიტებას არ იზიარებდნენ, მაგრამ იგი ნათლობიდან ორ წელიწადში პიონერულ მსახურებას შეუდგა. ასე დაიწყო მისი დაახლოებით 67-წლიანი სრული დროით მსახურება.

1946 წლის ივლისში ტედმა 20 წლის ასაკში „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-7 კლასი დაამთავრა. შემდეგ იგი მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა კლივლენდში (ოჰაიო). დაახლოებით ოთხ წელიწადში ტედი ავსტრალიის ფილიალის მსახურად დაინიშნა.

ნიურნბერგში (გერმანია) ტედიც დაესწრო კონგრესს; იქ კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ჩვენი გზები და ჩვენს შორის გრძნობაც ჩაისახა. ძალიან მიხაროდა, რომ ტედის მიზანი იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურება იყო; იგი ღვთისა და თავისი საქმის ერთგული, თუმცა იმავდროულად, კეთილი და მეგობრული ადამიანი იყო. ტედი სხვების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებდა. კონგრესი დასრულდა; ტედი ავსტრალიაში წავიდა, მე კი ვანკუვერში დავბრუნდი. თუმცა ჩვენი ურთიერთობა წერილებით გაგრძელდა.

ავსტრალიაში დაახლოებით ხუთწლიანი მსახურების შემდეგ ტედი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა; შემდეგ ვანკუვერში ჩამოვიდა და პიონერული მსახურება დაიწყო. ძალიან მიხაროდა, რომ ჩემმა ოჯახმა ტედი შეიყვარა. ჩემი უფროსი ძმა, მაიკლი, ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა ძმებს, რომლებიც ჩემდამი ყურადღებას იჩენდნენ. თუმცა მას ტედი ძალიან მოეწონა. ის მეუბნებოდა: „მელიტა, ტედი კარგი ბიჭია. გაუფრთხილდი მას. ჭკვიანად მოიქეცი, რომ არ დაკარგო“.

ჩვენ 1956 წელს შევუღლდით; იეჰოვას მსახურებაში მრავალი ბედნიერი წელი გავატარეთ

ტედი ძალიან შემიყვარდა. ჩვენ 1956 წლის 10 დეკემბერს დავქორწინდით. მე და ჩემი მეუღლე პიონერებად ვმსახურობდით ვანკუვერში, შემდეგ კი — კალიფორნიაში; მოგვიანებით მისურისა და არკანზასის შტატებში სარაიონო მსახურება დავიწყეთ. დაახლოებით 18 წლის განმავლობაში ყოველკვირა სხვადასხვა სახლში ვრჩებოდით და სარაიონო მსახურებას შეერთებული შტატების ვრცელ ტერიტორიაზე ვეწეოდით. მსახურებაში გასაოცარი შემთხვევები გვქონდა; ამასთანავე, ვტკბებოდით და-ძმებთან ურთიერთობით. მართალია, „ჩემოდნებზე ცხოვრება“ ადვილი არ იყო, მაგრამ ასეთი მსახურება დიდ ბედნიერებას გვგვრიდა.

ტედში ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ მისთვის იეჰოვასთან ურთიერთობა ძალიან ძვირფასი იყო. იგი განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევდა წმინდა მსახურებას, რომელსაც სამყაროს უზენაესს უსრულებდა. როგორ გვიყვარდა ბიბლიის ერთად კითხვა და სწავლა! ღამღამობით, ძილის წინ, ჩვენ საწოლის წინ მუხლს ვიყრიდით და ტედი ლოცვას იწყებდა. შემდეგ ცალ-ცალკე ვლოცულობდით. როცა ტედი რაიმეზე სერიოზულად წუხდა, ამას ყოველთვის ვგრძნობდი, ვინაიდან იგი ასეთ დროს ლოგინიდან დგებოდა ხოლმე, ხელახლა იყრიდა მუხლს და დიდხანს, ჩუმად ლოცულობდა. ძალიან ვაფასებდი იმას, რომ ჩემი მეუღლე იეჰოვას ნებისმიერ, მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო, საკითხზე ესაუბრებოდა.

ჩვენი ქორწინებიდან რამდენიმე წელში ტედმა მითხრა, რომ გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღებას აპირებდა. მან ამიხსნა: „ამ საკითხზე მხურვალედ და განუწყვეტლივ ვლოცულობდი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ იმას ვაკეთებდი, რაც იეჰოვას სურდა“. სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, რომ ტედი სულითცხებული იყო და ზეცაში გააგრძელებდა მსახურებას. მე დიდ პატივად ჩავთვალე ის, რომ შემეძლო, მხარი დამეჭირა ქრისტეს ერთ-ერთი ძმისთვის (მათ. 25:35—40).

წმინდა მსახურების ახალი სფერო

1974 წელს ტედი იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრად მიიწვიეს; ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მალე საცხოვრებლად ბრუკლინის ბეთელში გადავედით. იქ ტედი თავის პასუხისმგებლობას ასრულებდა ხელმძღვანელ საბჭოში, მე კი ხან დამლაგებლად ვმუშაობდი და ხანაც — პარიკმახერად.

ტედის პასუხისმგებლობაში ფილიალების მონახულებაც შედიოდა. მას განსაკუთრებით აინტერესებდა, როგორ მიმდინარეობდა სამქადაგებლო საქმე „რკინის ფარდის“ მიღმა, საბჭოთა ქვეყნებში. მახსოვს ერთხელ, როცა შვებულებით შვედეთში ვიყავით, ტედმა მითხრა: „მელიტა, პოლონეთში სამქადაგებლო საქმე აკრძალულია და ძალიან მინდა, რომ იქაურ ძმებს მხარში ამოვუდგე“. ჩვენ ვიზები ავიღეთ და პოლონეთში გავემგზავრეთ. იქ ტედი შეხვდა რამდენიმე ძმას, რომლებიც ქადაგების საქმეს ხელმძღვანელობდნენ; ისინი სეირნობდნენ, რათა მათი საუბარი არავის მოესმინა. ძმები ოთხი დღის განმავლობაში ინტენსიურად ხვდებოდნენ ერთმანეთს; ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ვხედავდი, რომ ჩემს მეუღლეს თავისი სულიერი ოჯახის დახმარება დიდ კმაყოფილებას ანიჭებდა.

1977 წლის ნოემბერში პოლონეთს კვლავ ვეწვიეთ; ამჯერად ფრედერიკ ფრენცთან და დენიელ სიდლიკთან ერთად. ეს გახლდათ ხელმძღვანელი საბჭოს წევრების პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში. მართალია, იქ ჩვენი საქმიანობა კვლავაც აკრძალული იყო, მაგრამ ხელმძღვანელი საბჭოს წარმომადგენლები მაინც შეხვდნენ სხვადასხვა ქალაქში პასუხისმგებელ ძმებს, პიონერებს და დიდი ხნის იეჰოვას მოწმეებს.

რუსეთის მთავრობამ ჩვენი საქმიანობა კანონიერად ცნო; ტედი სხვებთან ერთად მოსკოვში, იუსტიციის სამინისტროს წინ

მომდევნო წელს მილტონ ჰენშელი და ჩემი მეუღლე ისევ გაემგზავრნენ პოლონეთში; ისინი შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც უფრო და უფრო შემწყნარებელნი ხდებოდნენ ჩვენი საქმიანობისადმი. 1982 წელს პოლონეთის მთავრობამ ჩვენს ძმებს ერთდღიანი კონგრესების ჩატარების უფლება მისცა. მომდევნო წლებში პოლონეთში კიდევ უფრო დიდი კონგრესები ჩატარდა; ძირითადად, დაქირავებულ დარბაზებში. 1985 წელს, როცა ჩვენი საქმიანობა ქვეყანაში ოფიციალურად ჯერ კიდევ აკრძალული იყო, ძმებმა მიიღეს უფლება, რომ ოთხი ფართომასშტაბიანი კონგრესი ჩაეტარებინათ სტადიონებზე. 1989 წლის მაისში კი, როცა კიდევ უფრო ხალხმრავალი კონგრესების ჩატარებას ვგეგმავდით, პოლონეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კანონიერად ცნო. ეს ტედის ცხოვრებაში მართლაც დაუვიწყარი მოვლენა იყო!

საოლქო კონგრესი პოლონეთში

ჯანმრთელობის პრობლემები

2007 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მივემგზავრებოდით ფილიალის მიძღვნაზე. ინგლისში ყოფნისას ტედს წნევამ აუწია და ექიმის რჩევით აფრიკაში აღარ გავემგზავრეთ. როგორც კი ჩემი მეუღლე მომჯობინდა, ჩვენ შეერთებულ შტატებში დავბრუნდით. თუმცა რამდენიმე კვირაში ტედმა ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც მას მარჯვენა მხარე მთლიანად წაერთვა.

ამჯერად რეაბილიტაციის პროცესმა დიდხანს გასტანა; თავიდან ტედი საკუთარ ოფისამდეც კი ვერ მიდიოდა. თუმცა გვახარებდა ის ფაქტი, რომ ინსულტი მის მეტყველებაზე არ ასახულა. შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, იგი ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა თავისი საქმეების განრიგს და ხელმძღვანელი საბჭოს ყოველკვირეულ შეხვედრებშიც კი იღებდა მონაწილეობას; ამას ტედი ტელეფონით, ოთახიდან გაუსვლელად, ახერხებდა.

ტედი ძალიან მადლიერი იყო ფიზიოთერაპიის კურსისთვის, რომელსაც ბეთელში უტარებდნენ. შედეგად, მას ნელ-ნელა აღუდგა გადაადგილების უნარი. ტედს უკვე შეეძლო ზოგიერთი თეოკრატიული დავალების შესრულება. რაც მთავარია, ის ყოველთვის ინარჩუნებდა მხიარულ განწყობას.

სამი წლის შემდეგ ჩემს მეუღლეს ინსულტი მეორედ დაემართა; იგი 2010 წლის 9 ივნისს, ოთხშაბათს, გარდაიცვალა. მართალია, ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ტედი ერთ დღესაც დაასრულებდა თავის მიწიერ ცხოვრებას, მაგრამ ჩემთვის მაინც მწარე აღმოჩნდა მისი დაკარგვა; ტედი დღემდე ძალიან მაკლია. თუმცა იეჰოვას ყოველდღე ვუხდი მადლობას, რომ შესაძლებლობა მომცა, მხარი დამეჭირა მისთვის. ჩვენ ერთად 53 წელზე მეტი ვემსახურეთ იეჰოვას სრული დროით. მადლობა ტედს, რომ ასე დამაახლოვა ჩემს ზეციერ მამასთან. წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მას ახალი დავალება უდიდეს სიხარულსა და კმაყოფილებას ჰგვრის.

ახალი სირთულეები

ძალიან მსიამოვნებდა ბეთელის სალონში მუშაობა და სხვებისთვის ჩემი ხელობის სწავლება

მეუღლესთან მრავალწლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ ჩემთვის ადვილი არ არის ახალ სირთულეებთან გამკლავება. მე და ტედს ძალიან გვიყვარდა ბეთელსა თუ სამეფო დარბაზში მოსულ სტუმრებთან ურთიერთობა. ახლა, როცა ჩემი ძვირფასი მეუღლე გვერდით აღარ მყავს და არც ჯანმრთელობა მიწყობს ხელს, ბევრ თანაქრისტიანთან ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ. თუმცა კვლავინდებურად დიდი სიამოვნებით ვურთიერთობ და-ძმებთან როგორც ბეთელში, ისე კრებაში. მართალია, ბეთელის რეჟიმით ცხოვრება ადვილი არაა, მაგრამ ამგვარ მსახურებას ჩემთვის სიხარული მოაქვს. ყველა სირთულის მიუხედავად, ქადაგების სიყვარული არ გამნელებია. მართალია, მალე ვიღლები და დიდხანს ფეხზე დგომაც აღარ შემიძლია, მაგრამ ბიბლიის შესწავლების ჩატარება და ქუჩაში ქადაგება ძალიან მსიამოვნებს.

ირგვლივ არსებული უბედურებების ფონზე კიდევ უფრო ვაფასებ, რომ წლები იეჰოვას მსახურებაში გავატარე ჩემს ძვირფას მეუღლესთან ერთად! იეჰოვას კურთხევებმა ცხოვრება მართლაც გამიმდიდრა! (იგავ. 10:22).

^ აბზ. 13 ჯეკ ნეითანის ბიოგრაფია დაიბეჭდა 1990 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 10—14 (რუს.).