არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა“

„გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა“

„სულელია ის, ვინც არასდროს კითხულობს გაზეთს, მაგრამ კიდევ უფრო სულელია იგი, ვინც მხოლოდ იმიტომ იჯერებს რამეს, რომ გაზეთში წაიკითხა“. — ავგუსტ ლუდვიგ შლეცერი, გერმანელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1735—1809)

თუ ადამიანი 200 წელზე მეტი ხნის წინათაც ვერ ენდობოდა გაზეთში დაბეჭდილ ინფორმაციას, მით უმეტეს დღეს, 21-ე საუკუნეში, შეუძლებელია ენდო ინტერნეტში განთავსებულ ყველა სახის ინფორმაციას. დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ზღვა მასალაზე — ათასგვარ ჭორ-მართალზე, სასარგებლო თუ უსარგებლო, უწყინარ თუ საზიანო ინფორმაციაზე — მიგვიწვდება ხელი. ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, რომლებმაც ეს-ესაა დაიწყეს ინტერნეტის გამოყენება და ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც არ უნდა სენსაციურად და უცნაურად ეჩვენოთ, სიმართლეა მხოლოდ იმიტომ, რომ ინტერნეტშია განთავსებული ან მეგობარმა იმეილით გადაუგზავნა. ბიბლია გვაფრთხილებს: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავ. 14:15).

რა შეგვძენს წინდახედულობას და როგორ გავარჩიოთ ჭორ-მართალი? როგორ განვსაზღვროთ ინტერნეტში ნანახი ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება, თუ — არა? უპირველესად, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ეს ინფორმაცია სანდო და ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვნახე, რომელიმე ბლოგზე წავაწყდი თუ წყარო უცნობია? არის თუ არა ის განთავსებული ავტორიტეტულ ვებ-გვერდებზეც?“. * ამიტომ, მოუხმეთ გონიერებას (იგავ. 7:7). იმ შემთხვევაში, თუ ახალი ამბავი მეტისმეტად სენსაციურად ჟღერს, შესაძლოა ის არც იყოს სიმართლე. უფრო მეტიც, თუ ინფორმაცია ვინმეს რეპუტაციას ულახავს, დაფიქრდით, ვის წისქვილზე შეიძლება ასხამდეს წყალს ის ან რა ფარული მიზნები შესაძლოა ამოძრავებდეს მის გამავრცელებელს.

სენსაციური ამბების გამავრცელებლები

ზოგს იმდენად სურს ყურადღების ცენტრში მოხვედრა, რომ ხშირად სენსაციურ ამბებს მათი სიზუსტის გადაუმოწმებლად ან მოსალოდნელ შედეგებზე დაუფიქრებლად ავრცელებს (2 სამ. 13:28—33). თუმცა, თუ გამჭრიახობას გამოვიჩენთ, დავფიქრდებით მოსალოდნელ შედეგებზე და რეპუტაციას არავის შევულახავთ, იქნება ეს ცალკეული პირი თუ ორგანიზაცია.

როგორც წესი, ინფორმაციის შემოწმებას ძალისხმევა სჭირდება. ამიტომაცაა, რომ ზოგი ადრესატს უტოვებს იმის განსაზღვრის საშუალებას, შეეფერება თუ არა მიღებული ინფორმაცია სიმართლეს. მაგრამ გიფიქრიათ, რა დრო დასჭირდება მას ინფორმაციის გადასამოწმებლად? დრო ხომ ძალიან ძვირფასია! (ეფეს. 5:15, 16). ნაცვლად იმისა, რომ იხელმძღვანელოთ პრინციპით: „მერე რა, რომ ეჭვი მეპარება, მე მაინც გავგზავნი“, უმჯობესია, მიჰყვეთ პრინციპს: „თუ ეჭვი მეპარება, არ გავგზავნი“.

დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: „ჩვევად ხომ არ მექცა სენსაციური ამბების იმეილებით დაგზავნა? მომიწია ოდესმე ჩემი ადრესატებისთვის ბოდიშის მოხდა გადაუმოწმებელი ინფორმაციისა თუ წმინდა წყლის სიცრუის გადაგზავნის გამო? ვინმეს ხომ არ უთხოვია ჩემთვის, რომ მისთვის მეტად აღარ გამეგზავნა იმეილები?“. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვისაც იმეილებს უგზავნით, მათაც მიუწვდებათ ინტერნეტზე ხელი და თქვენი დახმარების გარეშეც შეძლებენ საჭირო ინფორმაციის მოძიებას. მათ შესაძლოა არ სურდეთ, რომ გაუთავებლად უგზავნოთ სახალისო ამბები, ვიდეოკლიპები თუ სლაიდშოუები. აგრეთვე არ იქნება სწორი ბიბლიური მოხსენებების აუდიოჩანაწერისა თუ ხელნაწერის სახით ვინმესთვის გადაგზავნა. * ამასთანავე, ნუ გადაუგზავნით თანაქრისტიანებს გამოკვლეულ მასალას, კრების ბიბლიის შესწავლისთვის ამოკრეფილ მუხლებს, ან კრების შეხვედრებზე გასაკეთებელ მზამზარეულ კომენტარებს; თუ ასე მოვიქცევით, ჩვენ გავაუფასურებთ პირადი შესწავლის როლს.

უნდა გავუგზავნო ვინმეს იმეილით სენსაციური ინფორმაცია?

რა უნდა გააკეთოთ, თუ ინტერნეტში იეჰოვას მოწმეების შესახებ დეზინფორმაციას წააწყდებით? ასეთ მასალას ახლოსაც არ უნდა გაეკაროთ. ზოგი თვლის, რომ თანაქრისტიანების თვალსაზრისის გასაგებად ეს ინფორმაცია მათაც უნდა გაუზიაროს; თუმცა ასეთი საქციელი დეზინფორმაციის პროპაგანდაა და მეტი არაფერი. და მაინც, თუ ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია მოსვენებას გიკარგავთ, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე და ამის შესახებ კრებაში მოწიფულ ძმებს გაესაუბრეთ (იაკ. 1:5, 6; იუდ. 22, 23). იესო ქრისტე, რომელსაც უამრავ რამეში დასწამეს ცილი, თავის მიმდევრებს აფრთხილებდა, რომ მათ მტრები განდევნიდნენ და „ყველანაირ ბოროტებას“ დააბრალებდნენ (მათ. 5:11; 11:19; იოან. 10:19—21). ჩვენ ჭკუა და გამჭრიახობა დაგვეხმარება, ამოვიცნოთ ისინი, რომლებიც უკუღმართად ლაპარაკობენ და მზაკვრულად იქცევიან (იგავ. 2:10—16).

პატივი ეცით სხვის უფლებებს

სიფრთხილე მაშინაც უნდა გამოვიჩინოთ, როცა და-ძმების შესახებ ვყვებით ისეთ ამბებს, რომლებიც უშუალოდ მათგან არ მოგვისმენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი ამბავი სიმართლეს შეეფერება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის შესახებ აუცილებლად სხვებსაც უნდა მოვუყვეთ. ზოგჯერ ნამდვილად არაა სწორი და სიყვარულის მაჩვენებელი სხვების შესახებ ახალი ამბების მოყოლა (მათ. 7:12). მაგალითად, ვერც ვერავის დავუმტკიცებთ სიყვარულს და ვერც ვერავის გავამხნევებთ, თუ სხვების შესახებ ზურგს უკან ვილაპარაკებთ, თუნდაც სიმართლეს (2 თეს. 3:11; 1 ტიმ. 5:13). ზოგი ახალი ამბავი კონფიდენციალურია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სხვების უფლებებს — მივცეთ მათ საშუალება, სასურველ დროსა და ვითარებაში თავად თქვან სათქმელი. ინფორმაციის ნაადრევ გავრცელებას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს.

დღეს ჭორ-მართალი, სასარგებლო თუ უსარგებლო, უწყინარი თუ საზიანო ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება. ის, ვინც მესიჯს ან იმეილს გზავნის, უნდა ახსოვდეს, რომ მისი სურვილის მიუხედავად, გაგზავნილი ინფორმაცია თვალის დახამხამებაში მთელ მსოფლიოს შემოივლის. აქედან გამომდინარე, მოდი, შევეწინააღმდეგოთ ცდუნებას და ნუ გადავუგზავნით ნებისმიერი სახის ინფორმაციას სწრაფად და უკლებლივ ყველას. როდესაც ინტერნეტში სენსაციურ ამბებს წაიკითხავთ, გახსოვდეთ, რომ მართალია, სიყვარულს ეჭვიანობა არ ახასიათებს, მაგრამ მას არც გულუბრყვილობა სჩვევია. დაბოლოს, ვისაც ღმერთი უყვარს, ის დაუყოვნებლივ უკუაგდებს იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ გავრცელებულ ღვარძლიან მონაჭორს და არც ჩვენს და-ძმებზე გაგონილ ტყუილებს დაიჯერებს, რომელთა მიღმაც ისინი დგანან, ვინც „სიცრუის მამის“, სატანა ეშმაკის, მონები არიან (იოან. 8:44; 1 კორ. 13:7). თუ ჭკუასა და გამჭრიახობას მოვუხმობთ, წინდახედულები გავხდებით და ვისწავლით, როგორ გამოვიყენოთ მართებულად ჩვენ ხელთ არსებული ზღვა ინფორმაცია. ბიბლიაში ნათქვამია: „გამოუცდელები გაუგუნურდებიან, წინდახედულებს კი ცოდნა თავსაბურავად ექნებათ“ (იგავ. 14:18).

^ აბზ. 4 ფრთხილად იყავით, ვინაიდან ერთ დროს გამოაშკარავებული ჭორი შეიძლება კვლავ განთავსდეს ინტერნეტში მცირედი სახეცვლილებით, რათა ინტერნეტ-მომხმარებლისთვის იგი უფრო ადვილად დასაჯერებელი გახდეს.

^ აბზ. 8 იხილეთ „შეკითხვების ყუთი“ 2010 წლის აპრილის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“.