არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

მას არასდროს უნანია სიყმაწვილეში მიღებული გადაწყვეტილება

მას არასდროს უნანია სიყმაწვილეში მიღებული გადაწყვეტილება

მამაჩემის ბიძამ, ნიკოლაი დუბოვინსკიმ, თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრების მანძილზე განცდილი, კარგი თუ ცუდი მოგონებები, წერილობით ჩამოაყალიბა. გასახსენებელი კი მას, როგორც იეჰოვას მოწმეს, რომელსაც ცხოვრება საბჭოთა აკრძალვების პერიოდში მოუხდა, მართლაც ბევრი ჰქონდა. განსაცდელებისა და სირთულეების მიუხედავად, იგი ყოველთვის იეჰოვას ერთგული რჩებოდა და არც სიცოცხლის წყურვილი უნელდებოდა. ბაბუა ნიკოლაის ძალიან უნდოდა, რომ მისი ისტორიები ახალგაზრდებს მოესმინათ. სწორედ ამიტომ, მსურს, გავიხსენო რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან. მამაჩემის ბიძა, ნიკოლაი, დაიბადა 1926 წელს გლეხის ოჯახში სოფელ პოდვირივკაში, რომელიც უკრაინაში, ჩერნივცის ოლქში, მდებარეობს.

ნიკოლაი იგებს ჭეშმარიტებას

ბაბუა ნიკოლაი გვიყვება: «1941 წელს ჩემმა უფროსმა ძმამ, ივანმა, სახლში მოიტანა წიგნები „ღვთის ქნარი“ და „ღვთის გეგმის განხორციელება საუკუნეების მანძილზე“; ამასთანავე, მან მოიტანა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე გამოცემა და ბროშურები. არც ერთი მათგანი არ დამრჩენია წაუკითხავი. ძალიან გამაოცა იმის გაგებამ, რომ ადამიანთა ტანჯვაში ღმერთს კი არ მიუძღოდა ბრალი, არამედ ყველაფრის თავიდათავი ეშმაკი იყო. იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციების პარალელურად, სახარებებსაც ვკითხულობდი და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე. იმავდროულად, შეძენილ იმედს სამეფოს შესახებ სხვებსაც ვუზიარებდი. რაც უფრო მეტს ვიგებდი პუბლიკაციებიდან, მით უფრო სიღრმისეულად ვწვდებოდი ჭეშმარიტებას და ჩემში იეჰოვას მსახურების სურვილი ღვივდებოდა.

ვხვდებოდი, რომ მრწამსის გამო დიდი განსაცდელები მელოდა. ქვეყანაში ომი მძვინვარებდა, მე კი არავის მოკვლა არ მსურდა. მომავალ განსაცდელებს რომ მედგრად დავხვედროდი, ისეთი ბიბლიური მუხლების დამახსოვრება დავიწყე, როგორიცაა: მათეს 10:28 და 26:52. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ იეჰოვას ერთგული დავრჩენილიყავი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გარდაუვალ სიკვდილს მოასწავებდა.

1944 წელს, როცა 18 წლის გავხდი, ჯარში გამიწვიეს. სწორედ კომისარიატში შევხვდი პირველად ჩემს თანამორწმუნეებს, სხვა წვევამდელ ძმებს. ხელისუფლების პირთ მტკიცედ განვუცხადეთ ჩვენი პოზიცია, რომ ომში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით. ამის გაგონებაზე გააფთრებული სამხედრო მოსამსახურეები დაგვემუქრნენ, რომ გვაშიმშილებდნენ, სანგრებს გაგვათხრევინებდნენ ან დაგვხვრეტდნენ. ჩვენ უშიშრად მივუგეთ: ჩვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია. რაც არ უნდა გაგვიკეთოთ, მაინც არ გადავალთ ღვთის მცნებას: „არ მოკლა“ (გამ. 20:13).

საბოლოოდ, მე და ორი ძმა ბელორუსიაში გაგვამწესეს ველ-მინდვრებში სამუშაოდ და ომისგან დაზიანებული სახლების აღსადგენად. თვალებიდან არ ამომდის მინსკის მისადგომებთან ნანახი ნაომარი ადგილები და მძიმე სურათები — დანახშირებული ხეებით ჩახერგილი გზები, თხრილებსა და ტყეებში დაყრილი ადამიანებისა და მკვდარი ცხენების დასიებული გვამები, მიტოვებული ვაგონები, ჯავშანტექნიკა და თვითმფრინავის ნამსხვრევები. მაშინ მთელი სიმძაფრით შევიგრძენი, თუ რა სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ადამიანი ღვთის კანონების უგულებელყოფას.

მართალია, ომი 1945 წელს დამთავრდა, მაგრამ ჩვენ მაინც 10 წელი მოგვისაჯეს იმის გამო, რომ თავის დროზე იარაღი ხელში არ ავიღეთ. ჩვენი პატიმრობის პირველი სამი წლის განმავლობაში არც და-ძმებთან გვქონდა ურთიერთობა და არც პუბლიკაციებზე მიგვიწვდებოდა ხელი. მხოლოდ რამდენიმე დასთან გვქონდა მიმოწერა, მაგრამ მალე ისინიც დააპატიმრეს და შრომა-გასწორების ბანაკში 25 წელი მიუსაჯეს.

1950 წელს ციხიდან ვადაზე ადრე გაგვათავისუფლეს. ჩვენ შინ დავბრუნდით. ჩემი ციხეში ყოფნის დროს დედაჩემი და ჩემი უმცროსი და მარია, იეჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ. რაც შეეხება უფროს ძმებს, ისინი ბიბლიას სწავლობდნენ. ვინაიდან გულმოდგინედ ვქადაგებდი, საბჭოთა უსაფრთხოების სამსახურს კვლავ სურდა ჩემი დაპატიმრება. სწორედ მაშინ ძმებმა, რომლებიც ლიტერატურის ბეჭდვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, მთხოვეს, რომ დავხმარებოდი და ეს საქმე იატაკქვეშეთში შემესრულებინა. მაშინ 24 წლის გახლდით.

ლიტერატურის ბეჭდვა

იმ დროს მოწმეები ხშირად ამბობდნენ: „თუ სამეფოს საქმე მიწის ზემოთ აიკრძალება, ის მიწის ქვეშ მაინც გაგრძელდება“ (იგავ. 28:28). მაშინ ჩვენი პუბლიკაციები ძირითადად, მიწისქვეშეთში იბეჭდებოდა ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც არავინ უწყოდა. ჩემი პირველი „კაბინეტი“ გახლდათ ბუნკერი, რომლის თავზეც ჩემი უფროსი ძმა დიმიტრი ცხოვრობდა. ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ ორი კვირის განმავლობაში საერთოდ არ გამოვსულვარ ბუნკერიდან. როცა ოთახში უჟანგბადობის გამო ნავთის ლამპა ქრებოდა, ვწვებოდი და ველოდი, როდის შეივსებოდა ოთახი ჟანგბადით.

ბუნკერის ესკიზები, სადაც ნიკოლაი ლიტერატურის ასლებს ამზადებდა

ერთ დღესაც, ძმამ, რომელთანაც ვმუშაობდი, მკითხა: „ნიკოლაი, მონათლული ხარ?“. მართალია, უკვე 11 წელი იყო, რაც იეჰოვას ვემსახურებოდი, მაგრამ მონათლული არ ვიყავი. იგი ნათლობის მნიშვნელობაზე მესაუბრა და იმავე ღამით ტბაში მოვინათლე. მაშინ 26 წლის ვიყავი. 3 წელიწადში ახალი პასუხისმგებლობა მივიღე, გავხდი ქვეყნის კომიტეტის წევრი. იმ პერიოდში ძმები, რომლებიც დაპატიმრებულნი არ იყვნენ, ინიშნებოდნენ იმ ძმების პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ციხეებში ისხდნენ; შედეგად, სამეფოს საქმე წინ მიიწევდა.

სირთულეები იატაკქვეშეთში

იატაკქვეშეთში ლიტერატურის ბეჭდვა ციხეში ჯდომაზე რთული იყო. კა-გე-ბე-ს კვალი რომ არ აეღო, 7 წლის მანძილზე კრების შეხვედრებს ვერ ვესწრებოდი; აქედან გამომდინარე, სულიერობაზე თავად უნდა მეზრუნა. ჩემს ოჯახს მხოლოდ მაშინ ვხედავდი, როცა მათთან სტუმრად მივდიოდი, რაც იშვიათად ხდებოდა. თუმცა მათ ესმოდათ ჩემი; ეს ძალიან მამხნევებდა. გამუდმებულმა სტრესმა გამომფიტა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. მაგალითად, ერთ საღამოს, სახლში, სადაც ღამეს ვათევდი, თავს ორი მილიციელი დაგვადგა. მე სახლის უკანა ფანჯრიდან გადავხტი და ტყეს მივაშურე. როცა მინდორში გავრბოდი, უცნაური წუილი შემომესმა. როდესაც გასროლის ხმა გავიგე, მივხვდი, რომ ჩემს ზურგს უკან ტყვიები ზუზუნებდნენ! ერთ-ერთი მდევარი ცხენს მოახტა და მანამ მესროდა, სანამ ტყვია-წამალი არ გამოელია. ერთი ტყვია მხარში მომხვდა. მდევარმა 5 კილომეტრი მდია, მაგრამ მაინც დავუსხლტი ხელიდან და ტყეში მივიმალე. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე გავიგე, რომ თურმე მათ ჩემთვის 32 ტყვია უსვრიათ.

იატაკქვეშეთში დიდხანს მომიწია ყოფნა, ამიტომ სახეზე ძალიან ფერმკრთალი ვიყავი. ერთი შეხედვაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, თუ რა საქმით ვიყავი დაკავებული. ამიტომ ვცდილობდი, რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავი მზეზე. იატაკქვეშეთში მუშაობამ ჩემს ჯანმრთელობასაც ავნო. ერთხელ მნიშვნელოვან შეხვედრას გამოვაკლდი იმის გამო, რომ ცხვირ-პირიდან სისხლდენა ვერ შევიჩერე.

დაპატიმრება

მორდოვიის შრომა-გასწორების ბანაკში, 1963 წელი

1957 წლის 26 იანვარს დამაპატიმრეს. ექვს თვეში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამომიცხადა. მართალია, დახვრეტა მომისაჯეს, მაგრამ ვინაიდან ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმებული იყო, 25-წლიანი პატიმრობა შემიფარდეს. რვა ძმამ შრომა-გასწორების ბანაკში მთლიანობაში 130 წელი დავყავით. ჩვენ მორდოვიის ბანაკებში გაგვგზავნეს, სადაც უკვე დაახლოებით 500 მოწმე იმყოფებოდა. „საგუშაგო კოშკის“ შესასწავლად ჩუმად ვიკრიბებოდით პატარ-პატარა ჯგუფებად. ერთხელ, როცა ციხის მცველმა ჩვენთვის ჩამორთმეული ჟურნალები წაიკითხა, გვითხრა: „თუ კვლავაც განაგრძობთ ამ ჟურნალების კითხვას, თქვენ ნამდვილად ვერავინ გძლევთ!“. ჩვენ ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდით საქმეს და დავალებულზე მეტსაც ვაკეთებდით. თუმცა ბანაკის ზედამხედველმა მოგვმართა: „სულ ტყუილად იდგამთ წელებზე ფეხს. ჩვენ თქვენგან მხოლოდ ერთგულებას მოვითხოვთ“».

ჩვენ ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდით საქმეს და დავალებულზე მეტსაც ვაკეთებდით

ის ბოლომდე ერთგული დარჩა

სამეფო დარბაზი ველიკიე ლუკიში

1967 წელს ბაბუა ნიკოლაი შრომა-გასწორების ბანაკიდან გაათავისუფლეს; იგი ძმებს ესტონეთში, სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთში კრებების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. 1991 წლის დასაწყისში დანაშაულის დამადასტურებელი საჭირო მტკიცებულებების არქონის გამო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ 1957 წელს გამოტანილი განაჩენი გაუქმდა. ამიტომ ბევრ იეჰოვას მოწმეს, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სასტიკი მოპყრობის ატანა უწევდათ, ბრალეულობა მოუხსნეს. 1996 წელს ბაბუა ნიკოლაი სანკტ-პეტერბურგიდან დაახლოებით 500 კილომეტრით დაშორებულ ფსკოვის ოლქში, ქალაქ ველიკიე ლუკიში გადავიდა, სადაც პატარა სახლი შეიძინა; 2003 წელს ბაბუა ნიკოლაის სახლის მახლობლად, მისი მიწის ნაკვეთზე სამეფო დარბაზი აშენდა. ამჟამად ამ სამეფო დარბაზში ორი სწრაფად მზარდი კრება იკრიბება.

მე და ჩემი მეუღლე იეჰოვას მოწმეების რუსეთის ფილიალში ვმსახურობთ. 2011 წლის მარტში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ბაბუა ნიკოლაიმ უკანასკნელად გვინახულა. მისმა სიტყვებმა სულით ხორცამდე შეგვძრა, როცა თვალებაციმციმებულმა გვითხრა: „ბიბლიური ენით რომ ვთქვა, ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ იერიხონის გარშემო მეშვიდე შემოვლა დაწყებულია“ (იეს. 6:15). ნიკოლაი 85 წლისა გარდაიცვალა. მართალია, მისი ცხოვრების გზა ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა, მაგრამ იგი ამბობდა: „რა ბედნიერი ვარ, რომ სიყმაწვილეში სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ცხოვრება იეჰოვას მივუძღვენი. მე ეს არასდროს მინანია!“.