არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხედავ ღვთის ხელს შენს ცხოვრებაში?

ხედავ ღვთის ხელს შენს ცხოვრებაში?

„იეჰოვას ხელი ცნობილი გახდება მისი მსახურებისთვის“ (ეს. 66:14).

სიმღერები: 65, 26

1, 2. რას ფიქრობს ზოგი ღვთის შესახებ?

ბევრი ფიქრობს, რომ ღვთისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რას აკეთებენ ადამიანები. უფრო მეტიც, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ღმერთს არ ადარდებს მათი მდგომარეობა. როცა 2013 წლის ნოემბერში ფილიპინების ცენტრალურ ნაწილს დამანგრეველი ტაიფუნი, „ჰაიანი“, დაატყდა თავს, ქალაქის მერმა ასეთი რამ თქვა: „ამ ყველაფერში ღვთის ხელი უნდა ერიოს“.

2 ზოგი კი ფიქრობს, რომ ღმერთი ვერ ხედავს იმას, თუ რას ვაკეთებთ (ეს. 26:10, 11; 3 იოან. 11). ეს ადამიანები ჰგვანან მათ, ვის შესახებაც პავლე მოციქულმა დაწერა: „მათ არ უნდოდათ, საფუძვლიანი ცოდნა ჰქონოდათ ღვთის შესახებ“. ისინი „სავსენი იყვნენ ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, სიხარბით [და] უკეთურებით“ (რომ. 1:28, 29).

3. ა) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს? ბ) რა იგულისხმება ხშირად ბიბლიაში მოხსენიებულ „ღვთის ხელში“?

3 რის თქმა შეიძლება ჩვენზე? ზემოთ მოხსენიებული ადამიანებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას თვალს არაფერი გამოეპარება. მაგრამ, დარწმუნებულნი ვართ, რომ მას ვაინტერესებთ და ზრუნავს ჩვენზე? ვართ იმ ადამიანებს შორის, ვის შესახებაც იესომ თქვა, რომ „ღმერთს იხილავდნენ“? (მათ. 5:8). ამ სიტყვების ჭეშმარიტებას სრულად რომ ჩავწვდეთ, მოდი, თვალი გადავავლოთ რამდენიმე ბიბლიური პერსონაჟის ცხოვრებას; მათგან ზოგი ხედავდა ღვთის ხელს თავის ცხოვრებაში, ზოგი კი — ვერა. შედეგად, ჩვენ გავიგებთ, თუ როგორ შეგვიძლია რწმენის თვალით დავინახოთ ღვთის ხელი ჩვენს ცხოვრებაში. ამ საკითხებზე მსჯელობისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ბიბლია ხშირად „ღვთის ხელს“ მაშინ იხსენიებს, როცა მის მიერ თავის მსახურთა დასაცავად და მოწინააღმდეგეთა დასამარცხებლად გამოყენებულ ძალაზე საუბრობს (წაიკითხეთ კანონის 26:8).

მათ ვერ შენიშნეს ღვთის ხელი

4. რატომ ვერ შენიშნეს ისრაელის მტრებმა ღვთის ხელი?

4 ისრაელის ისტორიის გარიჟრაჟზე, ღვთის ერის მეზობლად მცხოვრებ ხალხებს შესაძლებლობა მიეცა, რომ დაენახათ და მოესმინათ იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა ღმერთი ძალას თავისი ერის დასაცავად. მაგალითად, იეჰოვამ ისინი ჯერ ეგვიპტელთა ხელიდან დაიხსნა სასწაულებრივად, შემდეგ კი არაერთი მეფე დასცა მათ ფერხთით (იეს. 9:3, 9, 10). მართალია, იორდანის დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებმა მეფეებმა გაიგეს, თუ რა ბედი ეწიათ მდინარისგაღმელ მეფეებს, მაგრამ ისინი მაინც „ერთად შეიკრიბნენ იესო ნავეს ძესთან და ისრაელთან შესაბრძოლებლად“ (იეს. 9:1, 2). ამ მეფეებს ღვთის ხალხის წინააღმდეგ გალაშქრების შემდეგაც შეეძლოთ ღვთის ხელის დანახვა, ვინაიდან ღვთის ძალით „გაჩერდა მზე და მთვარეც აღარ იძვროდა, სანამ ერმა შური არ იძია თავის მტრებზე“ (იეს. 10:13). თუმცა, ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაუჯიუტა იეჰოვამ მათ გულები, რომ შებრძოლებოდნენ ისრაელს“ (იეს. 11:20). ღვთის მტრებმა განგებ დახუჭეს თვალი იმ ფაქტზე, რომ ისრაელებისთვის მათი ღმერთი იბრძოდა; შედეგად, ისინი დამარცხდნენ.

5. რა არ აღიარა ბოროტმა მეფე ახაბმა?

5 ბოროტ მეფე ახაბსაც მიეცა შესაძლებლობა, რომ ღვთის ხელი დაენახა. მას ელია წინასწარმეტყველმა უთხრა: „არ იქნება ... არც ნამი და არც წვიმა, სანამ მე არ ვიტყვი“ (1 მეფ. 17:1). ეს სიტყვები აშკარად იეჰოვას ეკუთვნოდა, თუმცა ახაბმა განზრახ დახუჭა თვალი. მოგვიანებით მეფემ იხილა, თუ როგორ ჩამოვარდა ელიას ლოცვის პასუხად ზეციდან ცეცხლი და შთანთქა შესაწირავი. შემდეგ, როცა ელია მიხვდა, რომ იეჰოვა გვალვას შეწყვეტდა, ახაბს მსახურის პირით შეუთვალა: „წადი, რომ წვიმამ არ მოგისწროს“ (1 მეფ. 18:22—45). მიუხედავად იმისა, რომ ახაბმა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა, მან მაინც თვალი დაიბრმავა, რათა არ ეხილა ღვთის ძალის დიდებული გამოვლინება. ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ: ჩვენ უნდა შევნიშნოთ ღვთის ხელი ჩვენს ცხოვრებაში.

მათ შენიშნეს ღვთის ხელი

6, 7. რას ხედავდა ნათლად იესო ნავეს ძის ზოგი თანამედროვე?

6 ზემოთ მოხსენიებული ბოროტი მეფეებისგან განსხვავებით, სხვებმა, ვინც მათ მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, შენიშნეს ღვთის ხელი. მაგალითად, იესო ნავეს ძის დროს მცხოვრებმა გაბაონელებმა ისრაელებთან ზავი დადეს იმ დროს, როცა სხვა ერები ღვთის ხალხს ებრძოდნენ. საინტერესოა, რატომ შეკრეს მათ ზავი ღვთის ხალხთან? გაბაონელებმა ისრაელებს უთხრეს: „მოვიდნენ შენი მსახურები იეჰოვას, შენი ღვთის სახელის გამო, რადგან გავიგეთ მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ... მოიმოქმედა“ (იეს. 9:3, 9, 10). გაბაონელებს ეყოთ გამჭრიახობა, დაენახათ, რომ ისრაელებს ჭეშმარიტი ღმერთი მფარველობდა.

7 ღვთის ხელი არც რახაბს დარჩენია შეუმჩნეველი. მას გაგებული ჰქონდა, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი; ამიტომაც უთხრა ორ ისრაელ მზვერავს: „ვიცი, რომ მოგცემთ იეჰოვა ამ მიწას“. მიუხედავად იმისა, რომ რახაბის საქციელი საფრთხესთან იყო დაკავშირებული, მას მტკიცედ სწამდა, რომ იეჰოვას შეეძლო როგორც მისი, ისე მისი ოჯახის გადარჩენა (იეს. 2:9—13; 4:23, 24).

8. როგორ შენიშნა ზოგმა ისრაელმა ღვთის ხელი?

8 ბოროტი მეფის, ახაბისგან განსხვავებით, ზოგი ისრაელი, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ელიას ლოცვაზე პასუხად იეჰოვას მიერ სასწაულებრივად მოვლენილი ცეცხლი, დარწმუნდა, რომ ამაში იეჰოვას ხელი ერია. როდესაც მათ დაინახეს, თუ როგორ შთანთქა იეჰოვას ცეცხლმა შესაწირავი, წამოიძახეს: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“ (1 მეფ. 18:39). ცხადია, მათ შენიშნეს ღვთის ხელი!

9. როგორ შეგვიძლია დავინახოთ იეჰოვა და მისი ხელი ჩვენს ცხოვრებაში?

9 თუ ზემოთ მოყვანილ მაგალითებზე დავფიქრდებით, ჩავწვდებით, თუ რას ნიშნავს, ვხედავდეთ იეჰოვასა და მის ხელს ჩვენს ცხოვრებაში. რაც უფრო უკეთ გავიცნობთ ღვთის პიროვნებას, მით უფრო უკეთ დავინახავთ მის ხელს ჩვენი „გულის თვალებით“ (ეფეს. 1:18). რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვსურს, მივბაძოთ როგორც წარსულში, ისე დღეს მცხოვრებ ღვთის მსახურებს, რომლებიც აშკარად გრძნობდნენ ღვთის მხარდაჭერას. თუმცა ისმის კითხვა: ნამდვილად არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ღმერთი ერევა ადამიანთა ცხოვრებაში?

ღვთის მხარდაჭერის მტკიცებულება

10. რა გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა ეხმარება თავის ხალხს? (იხილეთ სურათი მე-4 გვერდზე)

10 ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იეჰოვა კვლავაც ეხმარება თავის ხალხს. არაერთხელ გვსმენია, თუ როგორ უპასუხა ღმერთმა იმ ადამიანების ლოცვებს, რომლებიც მას სულიერ დახმარებას შესთხოვდნენ (ფსალმ. 53:2). მაგალითად, ერთხელ ფილიპინების ერთ-ერთ პატარა კუნძულზე ჩვენი ძმა, ალანი, კარდაკარ მსახურების დროს შეხვდა ერთ ქალბატონს, რომელიც მის დანახვაზე ატირდა. ალანი გვიამბობს: „თურმე ეს ქალბატონი იმ დილით იეჰოვას ლოცვაში შესთხოვდა, რომ მასთან მოწმეები მისულიყვნენ. მოზარდობის წლებში მას იეჰოვას მოწმეები ასწავლიდნენ ბიბლიას, მაგრამ მას შემდეგ, რაც გათხოვდა და საცხოვრებლად ამ კუნძულზე გადმოვიდა, მათთან კავშირი გაუწყდა. ღმერთმა ისე სწრაფად უპასუხა მის ლოცვას, რომ იგი სულით ხორცამდე შეიძრა“. ამ შემთხვევიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ამ ქალბატონმა ღმერთს თავი მიუძღვნა!

ხედავთ, როგორ ეხმარება იეჰოვა თავის ხალხს? (იხილეთ მე-11—13 აბზაცები)

11, 12. ა) როგორ ეხმარება იეჰოვა თავის მსახურებს? ბ) მოიყვანეთ ერთი დის მაგალითი, რომელსაც იეჰოვა დაეხმარა.

11 ბევრმა იეჰოვას მოწმემ სწორედ ღვთის დახმარებით დააღწია თავი სიგარეტის, ნარკოტიკებისა თუ პორნოგრაფიის მონობას. ზოგმა მათგანმა აღნიშნა, რომ მათ მანამდეც არაერთხელ სცადეს ამ მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა, თუმცა — ამაოდ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც დახმარებისთვის იეჰოვას მიმართეს, მან მათ ჩვეულებრივზე აღმატებული ძალა მისცა; შედეგად, მათ სძლიეს სისუსტეებს (2 კორ. 4:7; ფსალმ. 37:23, 24).

12 იეჰოვა თავის უამრავ მსახურს პირადი სირთულეების გადალახვაშიც დაეხმარა. ემი ერთ-ერთი მათგანია. როცა იგი წყნარი ოკეანის ერთ პატარა კუნძულზე სამეფო დარბაზისა და მისიონერთა სახლის მშენებლობის პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, მას სწორედ პირადი ხასიათის პრობლემებთან მოუხდა გამკლავება. იგი გვიამბობს: „ვცხოვრობდით ერთ პატარა სასტუმროში. სამშენებლო მოედნამდე მისაღწევად ყოველდღე დატბორილი ქუჩების გავლა გვიწევდა“. ემი ადგილობრივ ადათ-წესებსაც უნდა შეგუებოდა; გარდა ამისა, ხშირად წყდებოდა წყალი და ითიშებოდა ელექტროენერგია. იგი დასძენს: „ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ერთხელ მშენებლობაზე ერთ დასთან უთანხმოება მომივიდა. შინ განადგურებული დავბრუნდი. ჩემს ჩაბნელებულ ოთახში იეჰოვას გული გადმოვუღვარე და დახმარება ვთხოვე“. როდესაც შუქი მოვიდა, ემიმ „საგუშაგო კოშკში“ წაიკითხა სტატია, რომელშიც განხილული იყო სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთი კლასის გამოსაშვები დღის პროგრამა. მასში გაშუქებული იყო ყველა ის პრობლემა, რომელიც ემის იმ ეტაპზე აწუხებდა; ეს იყო უცხო კულტურასთან და და-ძმებთან შეგუება, ამასთანავე, მშობლიური მხარის მონატრება. ემი გვიზიარებს: „იმ ღამით ვიგრძენი, რომ იეჰოვა პირადად მესაუბრებოდა. ამან წამახალისა, რომ კვლავაც შემართებით მემსახურა“ (ფსალმ. 44:25, 26; ეს. 41:10, 13).

13. რა მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვა მხარს უჭერს თავის ხალხს „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებაში“?

13 ღვთის ხალხი რომ „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებაში“ წარმატებულია, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ იეჰოვა თავისი ძლიერი მკლავით იცავს მათ (ფილ. 1:7). ღვთის ხალხის საქმიანობის შეჩერებას არაერთი მთავრობა შეეცადა. მაგრამ, თუ იეჰოვას მოწმეთა ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ 2000 წლიდან მოყოლებული, მათ უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებში, სულ მცირე, 268 გამარჯვება მოიპოვეს; ამ გამარჯვებებს შორისაა 24 საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; ეს ყველაფერი ნათელყოფს იმას, რომ ღვთის ხელის წინაშე ყველა უძლურია (ეს. 54:17; წაიკითხეთ ესაიას 59:1).

14. როგორ მოწმობს ღვთის მხარდაჭერაზე ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა და ერთ მუშტად შეკრული მსოფლიო საძმო?

14 სასიხარულო ცნობას რომ მსოფლიო მასშტაბით ვქადაგებთ, ესეც იეჰოვას მხარდაჭერაზე მეტყველებს (მათ. 24:14; საქ. 1:8). იეჰოვას მხარდაჭერაზე ისიც მოწმობს, რომ მრავალეროვანი საძმოს წევრები ვართ და გვაქვს ერთობა, რაც ქვეყნიერებაში ადამიანებისთვის მხოლოდ ოცნებაა. სწორედ ამის გამო ამბობენ გარშემომყოფნი ჩვენზე: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“ (1 კორ. 14:25). ასე რომ, ნამდვილად არაერთი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ღმერთი თავისი ხალხის საკეთილდღეოდ იღვწის (წაიკითხეთ ესაიას 66:14). მაგრამ, პირადად შენ თუ ხედავ იეჰოვას ხელს შენს ცხოვრებაში?

ხედავ ღვთის ხელს შენს ცხოვრებაში?

15. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ხელის დანახვა?

15 რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს ღვთის ხელის დანახვა ჩვენს ცხოვრებაში? ამის მიზეზი შესაძლოა ცხოვრებისეული სირთულეები იყოს. როდესაც პრობლემებს ვაწყდებით, შესაძლოა მხედველობიდან გამოგვრჩეს, თუ როგორ დაგვეხმარა იეჰოვა უწინ. მაგალითად, როდესაც დედოფალი იზებელი წინასწარმეტყველ ელიას მოკვლით დაემუქრა, წამიერად მასაც გადაავიწყდა, თუ როგორ ედგა ხოლმე მხარში იეჰოვა. მის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „[მან] სიკვდილი ითხოვა“ (1 მეფ. 19:1—4). მაგრამ, რა დაუბრუნებდა ელიას სულის სიმხნევეს? მას საშველად იეჰოვასთვის უნდა მიემართა (1 მეფ. 19:14—18).

16. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეების დროს, იობის მსგავსად, ჩვენც შევნიშნოთ ღვთის ხელი?

16 იობი იმდენად შთანთქა საწუხარმა, რომ სიძნელეები ადამიანური გადასახედიდან შეაფასა (იობ. 42:3—6). მის მსგავსად, პრობლემების ფონზე ღვთის ხელის დანახვა შეიძლება ჩვენც გაგვიჭირდეს. რა დაგვეხმარება ასეთ დროს? თუ ასეთ დროს პრობლემებს ბიბლიის ჭრილში განვიხილავთ, ეს დიდ სამსახურს გაგვიწევს. როდესაც ჩავწვდებით, თუ როგორ გვიდგას იეჰოვა მხარში, ის კიდევ უფრო რეალური გახდება ჩვენთვის. შედეგად, ჩვენც იობივით ვიტყვით: „ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი, მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი“.

გიყენებთ იეჰოვა სხვებისთვის საკუთარი თავის „დასანახვებლად“? (იხილეთ მე-17—18 აბზაცები)

17, 18. ა) რა შემთხვევებში შეიძლება შევნიშნოთ ღვთის ხელი ჩვენს ცხოვრებაში? ბ) მოიყვანეთ მაგალითები იმის დასტურად, თუ როგორ გვეხმარება იეჰოვა დღეს.

17 როგორ შეგიძლიათ ღვთის ხელის დანახვა? მოდი, მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: თქვენ შესაძლოა ღვთის ხელი მაშინ შენიშნეთ, როცა ჭეშმარიტება გაიგეთ ან მაშინ, როცა კრების შეხვედრაზე ისეთი აზრი მოისმინეთ, რომელზეც თქვით: „ზუსტად ეს მჭირდებოდა!“ ან იმ დროს, როცა ლოცვაზე იეჰოვასგან პასუხი მიიღეთ, ანდა იმ დროს, როცა მსახურების გაფართოებას გეგმავდით და იეჰოვას დახმარებით ყველაფერი ისე აგეწყოთ, რომ საწადელს მიაღწიეთ, ანდაც მაშინ, როცა სულიერი მიზნების გამო სამსახურიდან წამოხვედით და საკუთარ თავზე გამოსცადეთ ღვთის დანაპირები: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5). თუ სულიერად ვიფხიზლებთ, ცხოვრებაში იეჰოვას მზრუნველ ხელს მრავალმხრივ შევნიშნავთ.

18 კენიელი სარა გვიამბობს: „ვლოცულობდი ბიბლიის ერთ შემსწავლელზე, რომელიც ჩემი აზრით, სათანადოდ არ აფასებდა ბიბლიის შესწავლას. იეჰოვას ვთხოვე, ეჩვენებინა, ღირდა თუ არა მასთან ბიბლიის შესწავლის გაგრძელება. როგორც კი ლოცვა დავასრულე, ტელეფონმა დარეკა. გავოგნდი: ეს ჩემი შემსწავლელი იყო; მან კრებაზე წაყვანა მთხოვა!“. დიახ, თუ იფხიზლებთ, თქვენც მრავალმხრივ იგრძნობთ ღვთის ხელს. ერთი აზიელი და, რონა, ამბობს: „იმისათვის, რომ დაინახო, როგორ გხელმძღვანელობს ღმერთი, დროა საჭირო. თუმცა, თუ ერთხელ მაინც შენიშნავ მის ხელს შენს ცხოვრებაში, გაგაოცებს იმის დანახვა, თუ რაოდენ გულწრფელადაა დაინტერესებული იგი შენით“.

19. კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ვიყოთ იმ ადამიანთა შორის, რომლებიც „ღმერთს ხედავენ“?

19 იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათ. 5:8). რას ნიშნავს „სუფთა გულის“ ქონა? ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანი იყოს გონებრივად წმინდა და არ ჩაიდინოს ღვთისთვის მიუღებელი საქციელი (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:2). თუ სულიერად გავძლიერდებით და ღვთიური პრინციპებით ვიცხოვრებთ, ჩვენც ვიქნებით იმ ადამიანთა შორის, რომლებიც „ღმერთს ხედავენ“. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ დაგვეხმარება რწმენა, რომ საკუთარ ცხოვრებაში ღვთის ხელი კიდევ უფრო ნათლად შევიგრძნოთ!