იეჰოვა ადამიანებთან ურთიერთობს
„მომისმინე და მე ვილაპარაკებ“ (იობ. 42:4).
1—3. ა) რატომ არ არსებობს ღვთისთვის ენობრივი ბარიერი და რა მხრივ გააჩნია მას ურთიერთობის უნიკალური უნარი? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
მარადარსებულმა ღმერთმა გონიერ ქმნილებებს სიცოცხლე და ბედნიერება უბოძა (ფსალმ. 36:9; 1 ტიმ. 1:11). მოციქულმა იოანემ ღვთის პირველ გონიერ ქმნილებას, რომელიც მამის მხარდამხარ შრომობდა, „სიტყვა“ და „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ უწოდა (იოან. 1:1; გამოცხ. 3:14). იეჰოვა მასთან ურთიერთობდა და საკუთარ აზრებსა და გრძნობებს უზიარებდა (იოან. 1:14, 17; კოლ. 1:15). პავლე მოციქულის კორინთელებისადმი მიწერილი წერილიდან ვიგებთ, რომ ანგელოზებიც ურთიერთობენ ზეცაში თავიანთ ენაზე, რომელიც ადამიანთა ენებზე ბევრად აღმატებულია (1 კორ. 13:1).
2 იეჰოვა დეტალურ ინფორმაციას ფლობს იმ მილიარდობით გონიერი ქმნილების შესახებ, რომლებიც მკვიდრობენ ზეცაში თუ დედამიწაზე. მას შესაძლოა ყოველ წუთს უამრავი ადამიანი მიმართავს ლოცვით სხვადასხვა ენაზე. ღმერთი არა მხოლოდ ისმენს ლოცვებს, არამედ ურთიერთობს კიდეც ზეციერ ქმნილებებთან და ხელმძღვანელობს მათ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვას აზრები ჩვენს აზრებზე გაცილებით მაღლა დგას, მისთვის არ არსებობს ენობრივი ბარიერი და მას ურთიერთობის უნიკალური უნარი გააჩნია (წაიკითხეთ ესაიას 55:8, 9). მართლაც, იეჰოვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს მათთვის გასაგებ ენას იყენებს.
3 ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რას აკეთებდა ყოვლადბრძენი ღმერთი იმისათვის, რომ თავის ხალხთან ჰქონოდა ურთიერთობა. ჩვენ იმაზეც
ვისაუბრებთ, თუ როგორ ცვლიდა იგი საურთიერთო ენას მათი საჭიროებებისა თუ მდგომარეობის გათვალისწინებით.ღვთის სიტყვა
4. ა) რომელ ენაზე ესაუბრებოდა იეჰოვა მოსეს, სამუელსა და დავითს? ბ) რის შესახებ მოგვითხრობს ბიბლია?
4 იეჰოვა ედემის ბაღში ადამს მის ენაზე ესაუბრებოდა. როგორც ჩანს, ეს ენა ძველი ებრაული იყო. ღმერთმა მოგვიანებით საკუთარი აზრები აუწყა ბიბლიის ებრაულენოვან დამწერებს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: მოსე, სამუელი და დავითი. მათ ღვთის აზრების გადმოსაცემად საკუთარი სიტყვები და თხრობის სტილი გამოიყენეს. ბიბლიის მწერლებმა თავიანთ ხელნაწერებში გადმოსცეს როგორც უშუალოდ ღვთის განაცხადები, ისე მისი დამოკიდებულება თავისი ხალხის მიმართ; ამასთანავე, მოგვითხრეს ღვთის ხალხის რწმენისა და ერთგულების, აგრეთვე მათი სისუსტეებისა თუ ორგულობის შესახებ. ეს ჩვენთვის მართლაც ფასდაუდებელი ინფორმაციაა (რომ. 15:4).
5. მოითხოვდა ღმერთი თავისი მსახურებისგან, რომ მხოლოდ ებრაული ენა გამოეყენებინათ? ახსენით.
5 საჭიროებიდან გამომდინარე, იეჰოვა ცვლიდა თავის ხალხთან საურთიერთო ენას; ის მხოლოდ ებრაული ენით არ იფარგლებოდა. მაგალითად, ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ღვთის ზოგი მსახურის ყოველდღიური სასაუბრო ენა არამეული გახდა. მომავალი მოვლენების აღსაწერად, როგორც ჩანს, იეჰოვამ წინასწარმეტყველებს, დანიელსა და იერემიას, აგრეთვე მღვდელ ეზრას, თავიანთი წიგნების ნაწილი არამეულ ენაზე დააწერინა. *
6. რამ განაპირობა ღვთის სიტყვის ბერძნულ კოინეზე თარგმნა?
6 მას შემდეგ, რაც ასპარეზზე ალექსანდრე მაკედონელი გამოჩნდა და იმდროინდელი მსოფლიოს დიდი ნაწილი დაიპყრო, სასაუბრო ბერძნულმა ენამ, კოინემ, საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. ამ ენაზე ბევრი ებრაელი ამეტყველდა, რასაც ებრაული წერილების ბერძნულ ენაზე თარგმნა მოჰყვა. ფიქრობენ, რომ ამ თარგმანზე 72 მთარგმნელი მუშაობდა; ის სეპტუაგინტის სახელით გახდა ცნობილი. სეპტუაგინტა ბიბლიის პირველი და უდიდესი მნიშვნელობის მქონე თარგმანი გახლდათ. * ვინაიდან აღნიშნულ თარგმანზე არაერთმა მთარგმნელმა იმუშავა, ესა თუ ის მონაკვეთი განსხვავებული სტილითაა შესრულებული — ვხვდებით როგორც სიტყვასიტყვით, ისე საკმაოდ თავისუფალ თარგმანს. ამის მიუხედავად, მას ბერძნულენოვანი იუდეველები, მოგვიანებით კი ქრისტიანები, ღვთის სიტყვად თვლიდნენ.
7. სავარაუდოდ, რომელ ენაზე ასწავლიდა იესო თავის მოწაფეებს?
7 ღვთის პირმშო დედამიწაზე ცხოვრებისას, სავარაუდოდ, იმ ენაზე საუბრობდა და ასწავლიდა, რომელსაც ბიბლია ებრაულს უწოდებს (იოან. 19:20; 20:16; საქ. 26:14). როგორც ჩანს, პირველი საუკუნის ებრაულ ენაზე არამეული ახდენდა გავლენას და ალბათ, ამიტომ იყენებდა იესო საუბრისას არამეულ ფრაზებს. ამასთანავე, მან იცოდა ძველი ებრაული. ეს იყო ენა, რომელზეც მოსემ და სხვა წინასწარმეტყველებმა ბიბლიის წიგნები დაწერეს. სწორედ ამ წიგნებიდან იკითხებოდა მონაკვეთები ყოველ შაბათს სინაგოგებში (ლუკ. 4:17—19; 24:44, 45; საქ. 15:21). იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს ისრაელში ბერძნულ და ლათინურ ენებზეც საუბრობდნენ. წმინდა წერილები არაფერს გვატყობინებს იმის თაობაზე, საუბრობდა თუ არა იესო ამ ენებზე.
8, 9. რატომ იყო ქრისტიანობის გავრცელებისას ღვთის ხალხის ძირითადი სასაუბრო ენა ბერძნული და რას გვიმჟღავნებს ეს ფაქტი იეჰოვას შესახებ?
8 თავიდან იესოს პირველი მიმდევრები ებრაულად საუბრობდნენ, მაგრამ უფლის სიკვდილის შემდეგ ისინი სხვა ენებზე ამეტყველდნენ (წაიკითხეთ საქმეების 6:1). სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებისას ქრისტიანების სასაუბრო ენა ბერძნული იყო. მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებმა, რომლებშიც ღვთის სულის შთაგონებით იესოს სწავლებები და საქმეები ჩაიწერა, ფართო გავრცელება ბერძნულ ენაზე პოვა. ამიტომაც მრავალი მოწაფისთვის სასაუბრო ენა ძირითადად ბერძნული იყო და არა — ებრაული. * ბერძნულ ენაზე დაიწერა აგრეთვე პავლე მოციქულის წერილები და სხვა ღვთივშთაგონებული წიგნები.
9 აღსანიშნავია ერთი გარემოება: როდესაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებს თავიანთ წიგნებში ებრაული წერილებიდან მოჰყავდათ ციტატები, ისინი, როგორც წესი, სეპტუაგინტით ხელმძღვანელობდნენ. ეს ციტატები, რომლებიც ზოგჯერ სიტყვასიტყვით არ მისდევდა ებრაულ დედნისეულ ტექსტს, დღეს ბიბლიის ნაწილია. ასე რომ, არასრულყოფილ ადამიანთა თარგმანები ღვთის სიტყვის ნაწილი გახდა; ღვთისა, რომელიც ერთ კულტურასა თუ ენას მეორეზე მაღლა არ აყენებს (წაიკითხეთ საქმეების 10:34).
10. რა დასკვნამდე მივყავართ იმ ფაქტს, რომ ღმერთმა თავისი სიტყვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა?
10 ამ მოკლე მიმოხილვიდან დავინახეთ, თუ როგორ ურთიერთობს ღმერთი ადამიანებთან მათი საჭიროებებისა თუ მდგომარეობის გათვალისწინებით. ღმერთი ჩვენგან არ მოითხოვს რომელიმე ენის სწავლას იმისათვის, რომ გავიცნოთ იგი და გავიგოთ მისი განზრახვები (წაიკითხეთ ზაქარიას 8:23; გამოცხადების 7:9, 10). მართალია, ბიბლია იეჰოვას ხელმძღვანელობით დაიწერა, მაგრამ მან ადამიანებს დართო ნება, რომ მისი სათქმელი სხვადასხვა სტილით გადმოეცათ.
იეჰოვამ თავისი სიტყვა შემოგვინახა
11. რატომ არ შეუშალა ხელი ღმერთს ადამიანებთან ურთიერთობაში ენობრივმა მრავალფეროვნებამ?
11 ხომ არ შეუშალა ხელი ღმერთს ადამიანებთან ურთიერთობაში სხვადასხვა ენისა თუ ბიბლიის თარგმანებში უმნიშვნელო სხვაობების არსებობამ? არავითარ შემთხვევაში. მაგალითად, იმ ენაზე, რომელზეც იესო საუბრობდა, ჩვენ შეიძლება მხოლოდ თითო-ოროლა სიტყვა ვიცოდეთ (მათ. 27:46; მარ. 5:41; 7:34; 14:36). თუმცა იეჰოვამ იზრუნა, რომ იესოს სიტყვები თარგმნილიყო ბერძნულზე, შემდეგ კი სხვა ენებზე. მოგვიანებით იუდეველები და ქრისტიანები ბიბლიის ხელნაწერების ასლებს კვლავ და კვლავ ამზადებდნენ; სწორედ ამგვარად მოაღწია ჩვენამდე წმინდა წერილებმა. ბიბლიის ხელნაწერების ასლები მრავალ ენაზე ითარგმნა. ახ. წ. IV-V საუკუნეებში მცხოვრებმა ღვთისმეტყველმა იოანე ოქროპირმა თქვა, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში იესოს სწავლებები ნათარგმნი იყო სირიელთა, ეგვიპტელთა, ინდოელთა, სპარსთა, ეთიოპთა და სხვა ხალხთა ენებზე.
12. როგორ ესხმოდნენ თავს ბიბლიას?
12 ბიბლიის მრავალ ენაზე თარგმნა მნიშვნელოვანწილად შეაფერხა რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ, რომელმაც ახ. წ. 303 წელს წმინდა წერილების ასლების განადგურების ბრძანება გასცა. თავს ესხმოდნენ როგორც ღვთის სიტყვას, ისე მის მთარგმნელებსა და გამავრცელებლებს. 2 ტიმოთეს 2:9).
XVI საუკუნეში მოღვაწე მთარგმნელმა უილიამ ტინდალმა, რომელიც ებრაული და ბერძნული ენებიდან ბიბლიის ინგლისურ ენაზე თარგმნას შეუდგა, ერთ დიდად განათლებულ ადამიანს უთხრა: „თუ ღმერთი ინებებს და ცოტას კიდევ ვიცოცხლებ, მერწმუნეთ, რომ რამდენიმე წელიწადში უბრალო ბიჭუნას, რომელსაც ხელში გუთანი უჭირავს, თქვენზე უკეთ ეცოდინება წმინდა წერილები“. ტინდალი იძულებული გახდა, რომ ინგლისიდან ევროპის კონტინენტზე გადასულიყო, რათა ეთარგმნა და გამოეცა ბიბლია. იმის მიუხედავად, რომ სამღვდელოება საჯაროდ წვავდა ბიბლიებს, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა, წმინდა წერილების ასლები მაინც არნახული სისწრაფით ვრცელდებოდა. მოგვიანებით, ტინდალი გასცეს; იგი ბოძზე ჩამოახრჩვეს, შემდეგ კი დაწვეს. თუმცა მის მიერ ნათარგმნი ბიბლია კვლავაც ცოცხალია. სწორედ ამ თარგმანით იხელმძღვანელეს მათ, ვინც ფართოდ გავრცელებულ „მეფე ჯეიმზის თარგმანზე“ იმუშავეს (წაიკითხეთ13. რა გამოააშკარავა ძველი ხელნაწერების კვლევამ?
13 ბიბლიის ზოგ უძველეს თარგმანში დაფიქსირდა მცირედი შეცდომები და უზუსტობები. თუმცა ბიბლიის მკვლევრებმა გულდასმით შეისწავლეს და ერთმანეთს შეადარეს ბიბლიის ათასობით ფრაგმენტი, ხელნაწერი და უძველესი თარგმანი. ამ კვლევებით დადასტურდა, რომ ბიბლიის უდიდესი ნაწილი სიმართლეს შეესაბამება; მართალია, რამდენიმე მუხლში უმნიშვნელო სხვაობები შეინიშნა, მაგრამ ეს მთლიანობაში არ ცვლის ბიბლიის დედააზრს. ძველი ხელნაწერების ამგვარი კვლევა ბიბლიის გულწრფელ შემსწავლელებს ეჭვს არ უტოვებს, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს ბიბლია, რომელიც თავის დროზე იეჰოვამ წმინდა სულით დააწერინა თავის მსახურებს (ეს. 40:8). *
14. რამდენად ხელმისაწვდომია ბიბლია?
14 მტრების სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვამ იზრუნა, რომ მისი სიტყვა მრავალ ენაზე თარგმნილიყო და ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს ღვთის ნაკლებად სწამს ან საერთოდ არ სწამს მისი, ბიბლია კვლავაც ბესტსელერად ითვლება და ის, მთლიანად ან ნაწილობრივ, 2 800-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოში არც ერთი წიგნი არ არის ისეთი გავრცელებული და ხელმისაწვდომი, როგორც ბიბლია. მართალია, ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი არ არის ზუსტი და ადვილად გასაგები, მაგრამ თითქმის ყველა თარგმანიდან ვიგებთ იმედისა და ხსნის შესახებ, რაც ბიბლიის მთავარი თემაა.
ახალი თარგმანის საჭიროება
15. ა) როგორ ხდება ენობრივი ბარიერის დაძლევა? ბ) რა მხრივ უწყობს ინგლისური ენა ხელს სულიერი საზრდოს გავრცელებას?
15 გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბიბლიის გულმოდგინე მკვლევართა მცირერიცხოვანი ჯგუფი „ერთგულ და გონიერ მონად“ დაინიშნა, ისინი თავიანთ „შინაურებთან“ ძირითადად ინგლისურად ურთიერთობდნენ (მათ. 24:45). „მონას“ თავი არ დაუზოგავს იმისათვის, რომ სულიერი საზრდო უფრო და უფრო მეტ ენაზე გამხდარიყო ხელმისაწვდომი; დღეს ამ ენათა რიცხვი 700-ზე მეტია. როგორც ბერძნული კოინე იყო I საუკუნეში საყოველთაოდ გავრცელებული ენა, ასევეა დღეს ინგლისური. ეს ენა ფართოდ გამოიყენება როგორც კომერციის, ისე განათლების სფეროში; ამიტომაც ამ ენიდან ითარგმნება ჩვენი პუბლიკაციები სხვადასხვა ენაზე.
16, 17. ა) რის საჭიროება დაინახა ღვთის ხალხმა? ბ) როგორ დაკმაყოფილდა ეს საჭიროება? გ) რას იმედოვნებდა ძმა ნორი 1950 წელს, როდესაც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოიცა?
16 ჩვენი უმთავრესი სულიერი საზრდო ბიბლიაა. 1611 წელს გამოცემული „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ XX საუკუნის შუა პერიოდისთვის ინგლისურ ენაზე გამოცემულ ბიბლიებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ თარგმანში გამოყენებული ენა უკვე მოძველებული იყო. გარდა ამისა, მასში ღვთის სახელს მხოლოდ რამდენიმე ადგილას ვხვდებოდით იმ დროს, როცა ბიბლიის ხელნაწერები ამ სახელს ათასობით ადგილას იხსენიებდა. ამასთანავე, ამ თარგმანში იყო შეცდომები და ჩამატებული მუხლები, რომლებიც უძველეს ავტორიტეტულ ხელნაწერებში არ მოიპოვებოდა. მსგავს პრობლემებს ბიბლიის სხვა ინგლისურ თარგმანებშიც ვაწყდებოდით.
17 აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ბიბლიის ისეთი თარგმანი, რომელიც თანამედროვე ენით ზუსტად გადმოსცემდა დედნისეული ხელნაწერების შინაარსს. ამისათვის შეიქმნა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტი; ათ წელზე ცოტა მეტ ხანში, (1950—1960წწ.) გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექვს ტომად. 1950 წლის 2 აგვისტოს ძმა ნორმა კონგრესზე შეკრებილ აუდიტორიას პირველი ტომის გამოცემა აუწყა; მან დელეგატებს მიმართა: „ჩვენ უფრო და უფრო მეტად ვგრძნობდით ბიბლიის თანამედროვე ენაზე თარგმნის საჭიროებას, ბიბლიისა, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გამჟღავნებულ ჭეშმარიტებასთან; თარგმანში გადმოცემული უნდა იყოს დედნისეულ ხელნაწერებში ჩადებული აზრი, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტად ჩავწვდეთ ჭეშმარიტების არსს. ბიბლიის თარგმანი თანამედროვე მკითხველისთვის ისეთივე გასაგები უნდა იყოს, როგორც ქრისტეს მოწაფეების თავდაპირველი ხელნაწერები იმ დროს მცხოვრები უბრალო და თავმდაბალი ხალხისთვის“. ძმა ნორი იმედოვნებდა, რომ ეს თარგმანი მილიონობით ადამიანს სულიერ დახმარებას აღმოუჩენდა.
18. რამ შეუწყო ხელი ბიბლიის თარგმნას?
18 ძმა ნორის მოლოდინი გამართლდა — 1963 წელს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კიდევ ექვს ენაზე გამოიცა, ესენია: გერმანული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული და ჰოლანდიური. 1989 წელს მთავარ სამმართველოში იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელმა საბჭომ ბიბლიის მთარგმნელთა დასახმარებლად განყოფილება შექმნა. 2005 წელს იმ მთარგმნელობითმა ჯგუფებმა, რომლებიც ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ გამოსცემდნენ, ბიბლიის თარგმნის ნებართვა მიიღეს. შედეგად, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დღესდღეობით 130-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი.
19. რა მოხდა 2013 წელს და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 დროის სვლასთან ერთად ცხადი გახდა, რომ ინგლისურ ენაზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ენაში მომხდარი ცვლილებების გამო განახლებას საჭიროებდა. 2013 წლის 5-6 ოქტომბერს გაიმართა „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ 129-ე ყოველწლიური შეხვედრა. ეს შეხვედრა 31 ქვეყანაში მცხოვრებმა 1 413 676-მა ადამიანმა მოისმინა; მათგან ზოგი უშუალოდ დარბაზში ესწრებოდა პროგრამას, ზოგი კი ტრანსლაციის მეშვეობით ადევნებდა თვალყურს. ყველა აღფრთოვანდა, როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა აუდიტორიას ინგლისურ ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემის გამოსვლა აუწყა. აუდიტორიაში შეკრებილებმა სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავეს, როდესაც ეს ბიბლიები დაურიგდათ. როცა მომხსენებლებმა თავიანთ თემებში ბიბლიური მუხლები გადამუშავებული ბიბლიიდან წაიკითხეს, აუდიტორიაში მსხდომნი დარწმუნდნენ, რომ ეს ინგლისურ ენაზე გამოცემულ ბიბლიებს შორის საუკეთესო თარგმანი იყო. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ გადამუშავებული თარგმანის თავისებურებებზე და აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ხდება მისი თარგმნა სხვადასხვა ენაზე.
^ აბზ. 5 მაგალითად, თავდაპირველად არამეულ ენაზე დაიწერა ბიბლიის შემდეგი მონაკვეთები: ეზრას 4:8—6:18, 7:12—26, იერემიას 10:11 და დანიელის 2:4ბ—7:28.
^ აბზ. 6 „სეპტუაგინტა“ ნიშნავს „სამოცდაათს“. ისტორიული წყაროების თანახმად, თარგმანზე მუშაობა ძვ. წ. III საუკუნეში ეგვიპტეში დაიწყო და სავარაუდოდ, ძვ. წ. 150 წელს დამთავრდა. მას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს, ვინაიდან ენათმეცნიერები სწორედ მისი მეშვეობით ადგენენ ზოგი ბუნდოვანი ებრაული სიტყვისა თუ მონაკვეთის შინაარსს.
^ აბზ. 8 ზოგს მიაჩნია, რომ მათემ სახარება თავიდან ებრაულად დაწერა, მოგვიანებით კი ის ბერძნულად თავადვე თარგმნა.
^ აბზ. 13 იხილეთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა, დანართი 3ა (ინგლ.); აგრეთვე ბროშურა „წიგნი ყველასთვის“, თავი „როგორ გადარჩა ეს წიგნი?“, გვ. 7—9.