არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როდის მოინახულეს ასტროლოგებმა იესო?

მათეს სახარება მოგვითხრობს, რომ „ასტროლოგები . . . აღმოსავლეთიდან“ მივიდნენ იესოსთან და საჩუქრები მიუტანეს (მათე 2:1—12). ცნობილი არ არის, რამდენი ასტროლოგი მივიდა იესოსთან; არც იმის საფუძველი არსებობს, რომ, როგორც უმრავლესობა ამბობს, ისინი სამნი იყვნენ; არც ბიბლიური ცნობა გვეუბნება რამეს მათი რაოდენობის შესახებ.

ერთ ნაშრომში მათეს 2:11-ის შესახებ ნათქვამია: «გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, მოგვები მწყემსებივით იესოს დაბადების ღამეს არ მისულან მასთან. ისინი რამდენიმე თვის შემდეგ „სახლში“ მივიდნენ „ბავშვის“ სანახავად» (New International Version Study Bible). ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჰეროდემ, რომელიც პატარა იესოს მოკვლას ცდილობდა, ბრძანა, ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი დაეხოცათ. ეს ასაკი მან გამოთვალა „იმ დროის მიხედვით, რომელიც ასტროლოგებისგან გამოიძია“ (მათე 2:16).

ასტროლოგები იესოსთან მისი დაბადების ღამეს რომ მისულიყვნენ და ოქრო და ძვირფასი საჩუქრები მიეტანათ, მარიამი იესოს დაბადებიდან ორმოცი დღის შემდეგ ტაძარში ბავშვის მიყვანისას მხოლოდ ორ გვრიტს არ შესწირავდა (ლუკა 2:22—24). კანონის თანახმად, ღარიბებს შეეძლოთ, ცხვრის ნაცვლად ფრინველის შეწირვა (ლევიანები 12:8). ეს ძვირფასი საჩუქრები იესოს ოჯახს ეგვიპტეში ყოფნისას გამოადგებოდა (მათე 2:13—15).

რატომ მივიდა იესო ლაზარეს სამარხთან მეოთხე დღეს?

როგორც ჩანს, იესომ ეს გარკვეული მიზნით გააკეთა. რის საფუძველზე შეიძლება ამის თქმა? განვიხილოთ იოანეს მე-11 თავში ჩაწერილი ცნობა.

როდესაც ბეთანიის მკვიდრი, იესოს მეგობარი ლაზარე, სერიოზულად დაავადდა, მისმა დებმა იესოსთან მაცნე გაგზავნეს (მუხლები 1—3). მაშინ იესო ბეთანიიდან ორი დღის სავალზე იყო (იოანე 10:40). იმ დროისთვის, როდესაც მაცნე იესოსთან მივიდა, ლაზარე, როგორც ჩანს, გარდაიცვალა. როგორ მოიქცა იესო? ის „ორი დღე დარჩა იქ, სადაც იმყოფებოდა“ და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა ბეთანიაში (მუხლები 6, 7). ამგვარად, ორი დღის მოცდისა და ორი დღის მგზავრობის შემდეგ იესო სამარხთან ლაზარეს სიკვდილიდან ოთხი დღის შემდეგ მივიდა (მუხლი 17).

ადრე იესომ ორი მკვდარი აღადგინა — ერთი გარდაცვალებისთანავე, მეორე კი სიკვდილიდან გარკვეული დროის შემდეგ (ლუკა 7:11—17; 8:49—55). შეეძლო მას მკვდრეთით აღედგინა ადამიანი, რომელიც უკვე ოთხი დღის გარდაცვლილი იყო და რომლის სხეულიც უკვე იხრწნებოდა? (მუხლი 39). ერთი ბიბლიური ცნობარი იუდეველების მრწამსის საინტერესო დეტალს მოიხსენიებს; ამ მრწამსის თანახმად, არავითარი იმედი არ არსებობს „იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც ოთხი დღის მკვდარია; ოთხ დღეში სხეულს უკვე აშკარად ეტყობა გახრწნა და სული, რომელიც სამი დღის განმავლობაში სხეულს დასტრიალებდა, ზეცაშია ასული“.

თუ სამარხთან შეკრებილთაგან ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ იესოს მკვდრის გაცოცხლება შეეძლო, მალე თავად გახდებოდა ამის მოწმე. ღია სამარხის წინ მდგარმა იესომ ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ რის შემდეგაც „კაცი, რომელიც მკვდარი იყო . . . გამოვიდა“ (მუხლები 43, 44). ამგვარად, მკვდრების პერსპექტივა ის კი არ არის, რომ სიკვდილის შემდეგ სულმა განაგრძოს ცხოვრება (როგორც ეს ცრუ რწმენის თანახმად სჯერათ), არამედ მკვდრეთით აღდგომა (ეზეკიელი 18:4; იოანე 11:25).