არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ღვთის სამეფო?

რა არის ღვთის სამეფო?

რა არის ღვთის სამეფო?

რა იყო იესოს ქადაგების ძირითადი თემა? თვითონ იესოს სიტყვების თანახმად, ეს თემა ღვთის სამეფო იყო (ლუკა 4:43). ის ხალხთან ლაპარაკისას ხშირად მოიხსენიებდა სამეფოს. ცვიოდნენ ისინი საგონებელში? ეკითხებოდნენ მას, რას ნიშნავდა სამეფო? არა, სახარებებში მსგავსი არაფერია ჩაწერილი. იყო ღვთის სამეფოს თემა ხალხისთვის ნაცნობი?

ისრაელებს ჰქონდათ წმინდა წერილები, რომელშიც აღწერილი იყო ღვთის სამეფო; ამ წერილებიდან ნათლად ჩანდა, რა იყო ის და რას აღასრულებდა. დღეს იმავე საშუალებით, ანუ ბიბლიით, უფრო მეტს ვიგებთ სამეფოს შესახებ. მოდი, განვიხილოთ შვიდი რამ, რასაც ბიბლია სამეფოს შესახებ გვასწავლის. პირველი სამი ისრაელებისთვის ცნობილი იყო იესოს დღეებშიც და მანამდეც; შემდეგი სამი რამ პირველ საუკუნეში იესომ და მისმა მოციქულებმა გაგვიმხილეს; ბოლო მათგანს კი ნათელი ჩვენს დღეებში მოეფინა.

1. ღვთის სამეფო არის რეალურად არსებული ხელისუფლება, რომელიც მარადიულად იმმართველებს. ბიბლიის პირველივე წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ ღმერთი ერთგულ კაცობრიობას მხსნელს გამოუგზავნიდა. შთამომავალი გააქარწყლებდა იმ საშინელ შედეგებს, რომლებიც კაცობრიობას ადამის, ევასა და სატანის მოქმედებამ მოუტანა (დაბადება 3:15). ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ერთგულ მეფე დავითს ღმერთმა შთამომავლის, ანუ მესიის, შესახებ სასიხარულო ცნობა გადასცა. ეს შთამომავალი ღვთის სამეფოს მეფე უნდა ყოფილიყო. ეს სამეფო, ანუ ხელისუფლება, ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებული იქნებოდა. ეს სამეფო მარადიულად იარსებებდა (2 სამუელი 7:12—14).

2. ღვთის სამეფო გაანადგურებს ადამიანთა ყველა ხელისუფლებას. წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვაში ნახა, თუ როგორ ცვლიდნენ ერთმანეთს მსოფლიო მპყრობელები კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ჩვენს დრომდე. ყურადღება მიაქციეთ ამ ხილვის კულმინაციურ მომენტს: „იმ [ადამიანებს შორის ბოლო] მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“. ასე რომ, ყველა სამეფო, ანუ ხელისუფლება, მისთვის დამახასიათებელი ომებით, ჩაგვრითა და კორუფციით, სამუდამოდ განადგურდება. როგორც დანიელის წინასწარმეტყველება ცხადყოფს, ეს სამეფო ცაში უკვე დამყარდა, მაგრამ მალე ის მთელ დედამიწაზეც იმმართველებს (დანიელი 2:44, 45). ის არა მხოლოდ ერთადერთი სამეფო იქნება, არამედ მარადიულადაც იარსებებს *!

3. ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ომებს, ავადმყოფობას, შიმშილს და თვით სიკვდილსაც კი. ბიბლიური წინასწარმეტყველებები გვიჩვენებს, რომ ღვთის სამეფო დედამიწაზეც იმმართველებს. ეს ხელისუფლება იმას მიაღწევს, რასაც ადამიანთა ხელისუფლება ვერასდროს შეძლებს. წარმოიდგინეთ, სამუდამოდ განადგურდება ყველა საომარი იარაღი! „ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:9). აღარ იქნება საჭირო ექიმები და საავადმყოფოები, აღარ იარსებებს არავითარი ავადმყოფობა. „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). მოისპობა შიმშილობა და საკვების უკმარისობა. „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე“ (ფსალმუნი 72:16). არავითარი დაკრძალვები, კრემატორიუმები, მორგები და საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტანჯვა. ბოლოს და ბოლოს მოისპობა ჩვენი უმოწყალო მტერი სიკვდილი. ღმერთი „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ესაია 25:8).

4. ღვთის სამეფოს მმართველი ღვთის არჩეულია. მესიას საკუთარი თავი მმართველად თვითონ არ დაუნიშნავს და არც არასრულყოფილ ადამიანებს აურჩევიათ. ის პირადად იეჰოვა ღმერთმა აირჩია. თვითონ ტიტულიც „მესია“ და „ქრისტე“ ცხადყოფს, რომ ეს მმართველი ღვთის მიერ იყო დანიშნული. ორივე სიტყვა „ცხებულს“ ნიშნავს. ასე რომ, ეს მეფე იეჰოვამ ცხო, ანუ დანიშნა, განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად. ღმერთი მის შესახებ ამბობს: „აი ჩემი მსახური, რომელსაც მხარს ვუჭერ! ჩემი რჩეული, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა! ჩემი სული ჩავდე მასში. სამართალს გაუჩენს ხალხებს“ (ესაია 42:1; მათე 12:17, 18). ჩვენს შემოქმედზე უკეთ ვინ იცის, როგორი მმართველი გვჭირდება?

5. ღვთის სამეფოს მმართველმა მთელ კაცობრიობას უჩვენა, რომ ღირსეული მეფე იქნება. ნაწინასწარმეტყველები მესია იესო ნაზარეთელი აღმოჩნდა. ის ღვთის მიერ არჩეული საგვარეულო ხაზიდან მოვიდა (დაბადება 22:18; 1 მატიანე 17:11; მათე 1:1). დედამიწაზე ყოფნისას მან შეასრულა მრავალი წინასწარმეტყველება, რომლებიც მესიის შესახებ საუკუნეებით ადრე ჩაიწერა. ზეციდანაც დადასტურდა, რომ ის მესია იყო. როგორ? ღმერთმა მას ზეციდან საკუთარი ძე უწოდა; ანგელოზებმა იესოს შესახებ თქვეს, რომ ნაწინასწარმეტყველები მესია იყო; იესომ ასობით და ათასობით თვითმხილველის წინაშეც კი მრავალი სასწაული მოახდინა, რაც აშკარად იმაზე მეტყველებდა, რომ ამას ღვთის ძალით აკეთებდა *. იესომ არაერთხელ ცხადყო, როგორი მმართველი იქნებოდა. მას არა მხოლოდ ხალხის დახმარების ძალა შესწევდა, არამედ სურდა კიდეც ამის გაკეთება (მათე 8:1—3). ის უანგარო, თანამგრძნობი, გაბედული და თავმდაბალი იყო. ბიბლიაში აღწერილია დედამიწაზე მისი ცხოვრება, რისი წაკითხვაც ყველას შეუძლია.

6. ღვთის სამეფოში ქრისტეს გარდა, მისი 144 000 თანამმართველია. იესომ თქვა, რომ მასთან ერთად ზეცაში სხვებიც — მათ შორის თავისი მოციქულებიც — იმმართველებდნენ. მან ამ ჯგუფს „მცირე სამწყსო“ უწოდა (ლუკა 12:32). მოგვიანებით ხილვიდან მოციქულმა იოანემ გაიგო, რომ „მცირე სამწყსოს“ წევრთა რიცხვი 144 000 იქნებოდა. მათ ზეცაში ჩინებული დავალება ექნებოდათ — ქრისტესთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურებდნენ (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3).

7. ღვთის სამეფო, რომელიც ახლა ზეცაში მმართველობს, მალე მთელ დედამიწას გაუწევს მმართველობას. ეს ყველაზე შესანიშნავი რამაა. ბიბლიაში მრავალი მტკიცებაა იმისა, რომ იესო უკვე მეფობს ზეცაში. დღეს ის ზეცაში მმართველობს, ძალიან მალე კი მისი მმართველობა მთელ დედამიწაზეც გავრცელდება და შესრულდება ყველა დიდებული წინასწარმეტყველება, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ. მაგრამ რის საფუძველზე შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ დღეს ღვთის სამეფო მმართველობს? და როდის დაიწყებს ეს სამეფო დედამიწაზე მმართველობას?

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 მსგავსი წინასწარმეტყველებები ცხადყოფს, რომ ღვთის სამეფო არ არის ადამიანთა გულებში, როგორც მრავალს ასწავლიან. იხილეთ რუბრიკა „მკითხველები გვეკითხებიან“, გვერდი 13.