არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდის მოვა ღვთის სამეფო?

როდის მოვა ღვთის სამეფო?

როდის მოვა ღვთის სამეფო?

„უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?“ (საქმეები 1:6). მოციქულებს ძალიან აინტერესებდათ, როდის დაამყარებდა იესო თავის სამეფოს. დღეს, დაახლოებით 2 000 წლის შემდეგ, ხალხს კვლავაც აინტერესებს, როდის მოვა ღვთის სამეფო.

ვინაიდან იესოს ქადაგების მთავარი თემა სამეფო იყო, ალბათ, ფიქრობთ, რომ ის იმასაც იტყოდა, როდის მოვიდოდა ეს სამეფო. და ეს მართლაც ასე იყო. იესოს არაერთხელ ულაპარაკია გარკვეულ პერიოდზე, ანუ დროის იმ მონაკვეთზე, როდესაც თვითონ მოსული იქნებოდა (მათე 24:37). მესიის სამეფოს დამყარება და პერიოდი, როცა ქრისტე მოსული იქნებოდა, იესომ ერთმანეთს დაუკავშირა. რის თქმა შეიძლება ამ პერიოდზე? განვიხილოთ ოთხი ფაქტი, რასაც ბიბლია ცხადყოფს იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც ქრისტე მოსული იქნებოდა.

1. იესოს სიკვდილიდან დიდი დრო უნდა გასულიყო იმ პერიოდამდე, როცა ქრისტე მოსული იქნებოდა. იესომ მოიყვანა მაგალითი; ამ მაგალითში მან თავისი თავი შეადარა კაცს, რომელიც „შორეულ ქვეყანაში წავიდა, რომ სამეფო ძალაუფლება მიეღო“ (ლუკა 19:12). როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველური მაგალითი? იესო მოკვდა და მკვდრეთით აღდგა; შემდეგ ის „შორეულ ქვეყანაში“, ანუ ზეცაში, წავიდა. იმავე მაგალითში იესომ იწინასწარმეტყველა, რომ სამეფო ძალაუფლებით მხოლოდ „კარგა ხნის შემდეგ“ მოვიდოდა (მათე 25:19).

იესოს ზეცად ამაღლებიდან წლების შემდეგ მოციქულმა პავლემ დაწერა: „მან [იესომ] . . . სამუდამოდ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. მას შემდეგ ელის იმ დროს, როცა მისი მტრები მის ფეხსადგამად იქცევიან“ (ებრაელები 10:12, 13). ამგვარად, ზეცაში ასვლის შემდეგ იესოს დიდხანს უნდა მოეცადა. ლოდინი მაშინ დასრულდა, როდესაც იეჰოვა ღმერთმა იესო — მესია გაამეფა; ის დიდი ხნის წინათ აღთქმული სამეფოს მეფე გახდა. სწორედ მაშინ დაიწყო ის პერიოდი, როცა ქრისტე მოსული იყო. დაინახავდნენ ამ მნიშვნელოვან მოვლენას დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები?

2. ადამიანის თვალისთვის უხილავი. გაიხსენეთ, რომ იესომ აღწერა, რა იქნებოდა მისი მოსვლის ნიშანი (მათე 24:3, იხილეთ სქოლიო). თუ ადამიანთა თვალისთვის ხილული იქნებოდა, რომ იესო მოსული იყო, რაღა საჭირო იყო ნიშანი? წარმოიდგინეთ, რომ ოკეანის სანახავად მიდიხართ. გზაზე ხვდებით ოკეანისკენ მიმართულების მაჩვენებელ საგზაო ნიშნებს, მაგრამ როგორც კი ნაპირამდე მიხვალთ და თქვენს თვალწინ უკიდეგანო ოკეანე გადაიშლება, როგორ ფიქრობთ, იქნება იქ ოკეანისკენ მიმართული დიდი ისარი წარწერით „ოკეანე“? რა თქმა უნდა, არა! რა საჭიროა ნიშანი იქ, სადაც ყველაფერი ისედაც ნათელია?

იესომ აღწერა, რა ნიშნის მიხედვით შეიძლებოდა იმის განსაზღვრა, რომ მოსული იყო; ამ დროს მან მიუთითა არა იმაზე, რაც ადამიანის თვალისთვის ხილული იქნებოდა, არამედ იმაზე, რაც ადამიანს ზეცაში მომხდარი მოვლენის გაგებაში დაეხმარებოდა. ამგვარად, იესომ თქვა: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა“ (ლუკა 17:20). მაშ, დედამიწაზე მყოფთ როგორ აჩვენებდა ეს ნიშანი, რომ ქრისტე მოსული იქნებოდა?

3. იესო რომ მოსულია, ამის მაჩვენებელი დედამიწაზე უკიდურესად ცუდი მდგომარეობა იქნებოდა. იესომ თქვა, რომ ზეცაში მისი მეფედ ყოფნის პერიოდისთვის დამახასიათებელი იქნებოდა დედამიწაზე ომები, შიმშილობა, მიწისძვრები, ეპიდემიები და უკანონობის გამრავლება (მათე 24:7—12; ლუკა 21:10, 11). რა იქნებოდა ამ საშინელი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი? ბიბლია გვეუბნება, რომ „ამ ქვეყნიერების მმართველი“, სატანა განრისხებულია, ვინაიდან იცის, რომ მას შემდეგ, რაც ქრისტე მოვიდა, ძალიან ცოტა დრო დარჩა (იოანე 12:31; გამოცხადება 12:9, 12). ჩვენს დროში მრავლად არის იმის ხილული მტკიცება, რომ სატანა განრისხებულია და ქრისტე უკვე მოსულია. ეს მტკიცებები მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით აშკარად გამოჩნდა 1914 წლიდან, ანუ იმ წლიდან, რომელსაც ისტორიკოსები გარდამტეხ პერიოდად მიიჩნევდნენ.

ყოველივე ეს ვიღაცას შეიძლება ცუდ ამბად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ ნიშნის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ მესიანური სამეფო ზეცაში მმართველობს. ძალიან მალე ის მთელ დედამიწასაც გაუწევს მმართველობას. როგორ შეუძლიათ ადამიანებს, გაიგონ ამ სამეფოს შესახებ, რათა მისი მმართველობა აღიარონ და ამ სამეფოს ქვეშევრდომები გახდნენ?

4. გლობალური სამქადაგებლო საქმიანობა. იესომ პერიოდი, როცა ის მოსული იქნებოდა, „ნოეს დროს“ შეადარა * (მათე 24:37—39). ნოე არა მარტო კიდობანს აშენებდა, არამედ ‘სიმართლეს ქადაგებდა’ (2 პეტრე 2:5). ის ხალხს აფრთხილებდა, რომ ღვთის სასამართლო გარდაუვალი იყო. იესომ თქვა, რომ თავისი მიმდევრები დედამიწაზე მსგავსი საქმით იქნებოდნენ დაკავებული იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ის მოსული იქნებოდა. მან იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ ღვთის სამეფო ამ ქვეყნიერების ყველა ხელისუფლებას გაანადგურებს. სამქადაგებლო საქმიანობის შედეგად ხალხი იგებს, რომ ზეციერი ხელისუფლება მალე ამოქმედდება და მათ საშუალება ეძლევათ, გადაურჩნენ განადგურებას და ამ სამეფოს ქვეშევრდომები გახდნენ. მნიშვნელოვანი ის არის, პირადად თქვენ როგორ გამოეხმაურებით სასიხარულო ცნობას.

იქნება სასიხარულო ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა?

იესო თავისი ქადაგებით ხალხს შეუდარებელ იმედს აძლევდა. ათასობით წლის წინათ, როდესაც ადამი ღვთის წინააღმდეგ წავიდა, იეჰოვა ღმერთმა განიზრახა, დაეფუძნებინა მთავრობა, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებდა, და ერთგულ ადამიანებს დაუბრუნებდა იმას, რაც ღმერთს მათთვის თავიდან ჰქონდა განზრახული — ადამიანები მარადიულად იცხოვრებდნენ აქ, დედამიწაზე სამოთხეში. რა შეიძლება იყოს იმაზე სასიხარულო, რომ ეს დიდი ხნის წინათ დაპირებული ხელისუფლება დღეს უკვე მმართველობს ზეცაში?! ეს სამეფო არარეალური არ არის — ის უკვე მოქმედებს!

ღვთის მიერ დანიშნული მეფე თავის მტრებს შორის მმართველობს (ფსალმუნი 110:2). ამ ღვთისგან გაუცხოებულ გახრწნილ ქვეყნიერებაში მესია მამის ნებას ასრულებს და ეძებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, გაიცნონ ღმერთი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, და „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცენ მას თაყვანი (იოანე 4:24). ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობის და მარადიული ცხოვრების პერსპექტივა აქვთ ნებისმიერი რასის, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობის ადამიანებს (საქმეები 10:34, 35). გამოიყენეთ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა! ახლა ისწავლეთ ღვთის სამეფოს შესახებ, რათა მომავალში მისი სამართლიანი მმართველობის ქვეშევრდომები გახდეთ! (1 იოანე 2:17).

[სქოლიო]

^ აბზ. 10 იესოს სიტყვები გვეხმარება სწორად გავიგოთ ფრაზა „როცა მოსული იქნები“, რომელიც ბიბლიის ზოგ თარგმანში არასწორად არის ნათარგმნი. ზოგ ბიბლიაში ის ნათარგმნია როგორც „მოსვლა“ ან „დაბრუნება“, რაც დროის მოკლე მონაკვეთში მომხდარ მოვლენაზე მიუთითებს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ იესოს ის პერიოდი, როცა მოსული იქნებოდა, არ შეუდარებია ნოეს დროს მომხდარ წარღვნასთან ანუ კონკრეტულ დროს მომხდარ მოვლენასთან, არამედ „ნოეს დროსთან“, ანუ მნიშვნელოვან პერიოდთან. ნოეს დღეების მსგავსად, იმ პერიოდშიც, როცა ქრისტე მოსული იქნებოდა, ხალხი ყოველდღიურ საქმეებში იქნებოდა ჩაფლული და ყურადღებას არ მიაქცევდა გაფრთხილებას.

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

ცუდი ახალი ამბები, რომლებსაც ყოველდღიურად ვისმენთ, იმაზე მოწმობს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება

[საავტორო უფლება]

Antiaircraft gun: U.S. Army photo