არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასოწარკვეთილმა ახალგაზრდამ ნუგეში ვპოვე

სასოწარკვეთილმა ახალგაზრდამ ნუგეში ვპოვე

სასოწარკვეთილმა ახალგაზრდამ ნუგეში ვპოვე

მოგვითხრო აუსაბიო მორსელიომ

1993 წლის სექტემბერში განსაკუთრებული რეჟიმის ციხეს ვესტუმრე. იქ იმიტომ მივედი, რომ ჩემი უმცროსი და მარივი ინათლებოდა, რომელიც ამ ციხეში იხდიდა სასჯელს. ზოგი პატიმარი და ზედამხედველი თვალყურს ადევნებდა ნათლობის ცერემონიას. ვიდრე იმას გეტყოდეთ, როგორ მოვხვდით იქ, მოგითხრობთ ჩემს წარსულს.

დავიბადე ესპანეთში, 1954 წლის 5 მაისს; რვა დედმამიშვილს შორის ყველაზე უფროსი ვიყავი, მარივი კი მესამე იყო. ჩვენი ბებია ღრმად მორწმუნე კათოლიკებად გვზრდიდა. სიამოვნებით ვიხსენებ ბავშვობას, როცა ბებიის გვერდით ღვთის ერთგულ მსახურად ვთვლიდი თავს. მაგრამ ჩემს სახლში სულ სხვა გარემო იყო. მამა ხშირად სცემდა დედას და არც შვილებს გვინდობდა. შიში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; დედის ტანჯვის ყურება აუტანელ ტკივილს მაყენებდა.

გულისტკივილი არც სკოლაში დამკლებია. ერთი ჩვენი მასწავლებელი, მღვდელი, თავს კედელზე გვარტყმევინებდა, როცა არასწორ პასუხს ვცემდით. მეორე მღვდელი საშინაო დავალების მომზადებისას სექსუალურად რყვნიდა მოსწავლეებს. გარდა ამისა, კათოლიკური სწავლებები, მაგალითად ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ, მაბნევდა და მაშინებდა. ამგვარად, მალე ღვთისადმი ჩემი ერთგულება გაქრა.

აზრს მოკლებული ცხოვრების მახეში

ყოველგვარ სულიერ ხელმძღვანელობას მოკლებულმა დისკოთეკებზე უზნეო და მოძალადე ხალხთან დავიწყე ურთიერთობა. ხშირად ვჩხუბობდით დანებით, ჯაჭვებით, შუშებითა და სკამებით. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოჩხუბარი არ ვყოფილვარ, ერთხელ თავში რაღაც ჩამარტყეს და გონება დავკარგე.

ბოლოს დამღალა ამ გარემომ და უფრო მშვიდი დისკოთეკების ძებნა დავიწყე. მაგრამ ნარკოტიკებს იქაც იღებდნენ. სიამოვნებისა და სიმშვიდის განცდის ნაცვლად ნარკოტიკები ჩემში ჰალუცინაციებსა და შფოთს იწვევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების სტილით მე თვითონ უკმაყოფილო ვიყავი, ჩემი უმცროსი ძმა, ხოსე ლუისი, და ახლო მეგობარი მიგელი ავიყოლიე. მაშინ ესპანეთში ბევრ სხვა ახალგაზრდასთან ერთად ჩვენც გარყვნილი ქვეყნიერების მახეში აღმოვჩნდით. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ ნარკოტიკებისთვის ფული მეშოვა. საკუთარი თავის პატივისცემა სრულიად დავკარგე.

იეჰოვა მხსნელად მევლინება

ამ ხნის განმავლობაში დროდადრო მეგობრებს ვესაუბრებოდი ღვთის არსებობასა და ცხოვრების აზრზე. ვეძებდი ადამიანს, რომელსაც ჩემს გრძნობებს გავუზიარებდი და ამგვარად ვცდილობდი ღვთის პოვნას. ყურადღება ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფრანცისკომ მიიპყრო, რომელიც სხვებისგან გამოირჩეოდა. მისი შემხედვარე იტყოდი, ბედნიერი, პატიოსანი და კეთილიაო; ამიტომ გადავწყვიტე გული გადამეშალა მისთვის. ფრანცისკო ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე იყო და მან ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ მომცა, რომელშიც მოცემული იყო სტატია ნარკოტიკებზე.

სტატიის წაკითხვის შემდეგ ღმერთს ლოცვით დახმარება ვთხოვე: „უფალო ვიცი, რომ არსებობ და მინდა გიცნობდე და შენს ნებას ვასრულებდე. გთხოვ, დამეხმარე!“ ფრანცისკო და სხვა მოწმეები ჩემს გასამხნევებლად ბიბლიას იყენებდნენ და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს მაძლევდნენ. მივხვდი, რომ მათი დახმარება ჩემი ლოცვის პასუხი იყო. მალე ჩემს მეგობრებთან და ხოსე ლუისთან იმაზე ლაპარაკი დავიწყე, რასაც ვსწავლობდი.

ერთ დღეს, როდესაც მეგობრებთან ერთად როკ-კონცერტიდან ვბრუნდებოდი, ჯგუფს გამოვეყავი. მე გვერდიდან შევხედე მათ და დავინახე, როგორი ამაზრზენი იყო ნარკოტიკების ზემოქმედებით გამოწვეული ჩვენი საქციელი. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე, უარი მეთქვა ჩემი ცხოვრების წესზე და იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე გავმხდარიყავი.

ფრანცისკოს ბიბლია ვთხოვე, მან კი ბიბლიასთან ერთად მომცა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ *. წავიკითხე თუ არა ღვთის დანაპირები და გავიგე, რომ ღმერთი ხალხს მოსწმენდს ცრემლს და სიკვდილსაც კი მოსპობს, ეჭვი აღარ შემპარვია, რომ ვიპოვე ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს (იოანე 8:32; გამოცხადება 21:4). მოგვიანებით სამეფო დარბაზში იეჰოვას მოწმეების შეხვედრას დავესწარი. იქაურმა მეგობრულმა და თბილმა გარემომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

სამეფო დარბაზიდან შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი და მაშინვე შევკრიბე ხოსე ლუისი და ჩემი მეგობრები, რათა მათთვის ყველაფერი მომეთხრო. რამდენიმე დღის შემდეგ ყველა ერთად დავესწარით შეხვედრას. ჩვენ წინ ერთი გოგონა იჯდა, წამით თვალი შეგვავლო და გრძელთმიანი ჰიპების დანახვაზე აშკარად შეცბუნდა; მას მერე კი ფრთხილობდა თვალი ჩვენკენ არ გამოპარვოდა. ალბათ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მომდევნო კვირას სამეფო დარბაზში კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილები დაგვინახა.

არც ისე დიდი ხნის შემდეგ მე და მიგელი იეჰოვას მოწმეების სარაიონო კონგრესს დავესწარით. მანამდე მსგავსი არაფერი გვენახა — ნამდვილი საძმო, რომელშიც ყველა ასაკის ადამიანი ერთიანდებოდა. უცნაური ის იყო, რომ ცოტა ხნის წინ, ამ თეატრში, სადაც კონგრესი ტარდებოდა, როკ-კონცერტს ვესწრებოდით. მაგრამ ამ შემთხვევაში აქაური გარემო და მუსიკა სულიერად გვამაღლებდა.

მთელმა ჯგუფმა დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა. დაახლოებით რვა თვის შემდეგ, 1974 წლის 26 ივლისს, მე და მიგელი მოვინათლეთ; მაშინ ორივენი ოცი წლისანი ვიყავით. რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენი ჯგუფიდან კიდევ ოთხი მოინათლა. ბიბლიის შესწავლამ აღმძრა, საოჯახო საქმეებში ჩემს დატანჯულ დედას მხარში ამოვდგომოდი და მისთვის ჩემი ახალშეძენილი რწმენა გამეზიარებინა. ჩვენ ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით. გარდა ამისა, გაცილებით მეტ დროს ვუთმობდი ჩემს უმცროს და-ძმებს.

დროთა განმავლობაში დედამ და, ერთის გარდა, ყველა ჩემმა დედმამიშვილმა შეისწავლეს ბიბლიური ჭეშმარიტება და იეჰოვას მოწმეებად მოინათლნენ. 1977 წელს სოლედადზე დავქორწინდი. ეს ის ახალგაზრდა და იყო, რომელმაც შეცბუნებულმა შემოგვხედა, როცა სამეფო დარბაზში პირველად მივედით. რამდენიმე თვეში ორივემ პიონერად (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობის სრული დროით მქადაგებლებს) მსახურება დავიწყეთ.

საყვარელი ადამიანი გათავისუფლდა

ჩემი უმცროსი და მარივი ბავშვობაში გააუპატიურეს, და საშინელმა წარსულმა ღრმა კვალი დატოვა მასზე. ჯერ კიდევ მოზარდმა უზნეო ცხოვრებას მიჰყო ხელი და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, ქურდობა და მეძაობა დაიწყო. 23 წლის ასაკში ის დააპატიმრეს, თუმცა არც იქ შეუწყვეტია თავაშვებული ცხოვრება.

იმ დროისთვის სარაიონო ზედამხედველად ვმსახურობდი (იეჰოვას მოწმეების მიმომსვლელი მსახური). 1989 წელს მე და სოლედადი იმ რაიონში დაგვნიშნეს, სადაც მარივი იხდიდა სასჯელს. უფლებამოსილმა პირებმა მას რამდენიმე ხნით ადრე დედობის უფლება ჩამოართვეს და მისი შვილი წაიყვანეს; სასოწარკვეთილებაში მყოფს სიცოცხლე აღარ უნდოდა. ერთ დღეს მის სანახავად მივედი და შევთავაზე, ბიბლია ერთად გვესწავლა, რაზეც უარი არ უთქვამს. შესწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მან ნარკოტიკებსა და თამბაქოზე უარი თქვა. გული სიხარულით მევსებოდა, როცა ვხედავდი, როგორ აძლევდა იეჰოვა მას ძალას, რომ თავისი ცხოვრება შეეცვალა (ებრაელები 4:12).

შესწავლის დაწყებიდან მალე მარივი ბიბლიურ ჭეშმარიტებას სხვა პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს უზიარებდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საპატიმროებში გადაჰყავდათ, ის მაინც აქტიურად განაგრძობდა ქადაგებას. ერთ-ერთ საპატიმროში ის საკან-საკან ამოწმებდა ღვთის სიტყვას. წლების განმავლობაში მარივიმ ბიბლიის შესწავლები სხვადასხვა საპატიმროს მრავალ პატიმართან დაიწყო.

ერთ მშვენიერ დღეს მარივიმ თავისი სურვილი გამიზიარა და მითხრა, რომ უნდოდა ცხოვრება იეჰოვასთვის მიეძღვნა და მონათლულიყო. მაგრამ ციხიდან გასვლისა და მონათვლის ნება არ დართეს; არც იმის უფლება მისცეს ვინმეს, მის მოსანათლად ციხეში შესულიყო. მას კიდევ ოთხ წელს მოუწია ციხეში ასეთი გარყვნილი გარემოს ატანა. რა დაეხმარა მას რწმენის შენარჩუნებაში? ზუსტად იმ დროს, როცა ადგილობრივი კრების შეხვედრები იმართებოდა, ის იმავე პროგრამას მარტო განიხილავდა ციხეში; მარივი რეგულარულად სწავლობდა ბიბლიას და ლოცულობდა.

დროთა განმავლობაში მარივი ისეთ საგანგებოდ დაცულ საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც აუზი იყო. მან იფიქრა, რომ ახალ გარემოში შეიძლებოდა მონათვლის შესაძლებლობა მისცემოდა. და ეს ასეც მოხდა, მარივის ნათლობის უფლება მისცეს. სწორედ ეს შემთხვევა მქონდა მხედველობაში თხრობის დასაწყისში. ჩემი დის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდით ვიყავი და ნათლობისთვის განკუთვნილი მოხსენებაც მე წარმოვთქვი.

თავისი წარსული ცხოვრების გამო მარივი შიდს-ით დაავადდა. მაგრამ ახლა, თავისი კარგი საქციელის გამო, 1994 წლის მარტში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან. ის დედასთან ერთად ცხოვრობდა სახლში და სიკვდილამდე ორი წლის განმავლობაში აქტიურ ქრისტიანულ ცხოვრებას ეწეოდა.

დამთრგუნველი გრძნობების დაძლევა

სრულად ვერც მე გავექეცი წარსული ცხოვრების შედეგებს. მამის ხელში განცდილმა ტანჯვამ და მოზარდობის პერიოდში ცუდმა ცხოვრების წესმა დიდი დაღი დაასვა ჩემს პიროვნებას. მოგვიანებით ხშირად მტანჯავდა დანაშაულისა და უღირსობის გრძნობა. დროდადრო დათრგუნულად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ღვთის სიტყვა დიდად დამეხმარა ამ გრძნობებთან გამკლავებაში. წლების განმავლობაში ესაიას 1:18-სა და ფსალმუნების 103:8—13-ში ჩაწერილი სიტყვები მეხმარებოდა, მოვრეოდი დანაშაულის გრძნობას, რომელიც არაერთხელ მახსენებდა თავს.

უღირსობის გრძნობასთან გამკლავებაში ლოცვაც მეხმარებოდა. ხშირად ცრემლმორეული ვევედრებოდი იეჰოვას. მიუხედავად ამისა, 1 იოანეს 3:19, 20-ში ჩაწერილი სიტყვები ძალას მმატებდა: „ამგვარად გვეცოდინება, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და გულდაჯერებულები ვიქნებით მის წინაშე ყველაფერში, რაშიც ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, რადგან ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“.

იეჰოვასთვის გულწრფელად, „მოდრეკილი და განადგურებული გულით“ მიმართვის შემდეგ მივხვდი, რომ ისეთი ცუდიც არ ვყოფილვარ, როგორიც მეგონა. ბიბლია არწმუნებს ღვთის ყველა მაძიებელს, რომ იეჰოვა არ უგულებელყოფს არავის, ვინც გულწრფელად ინანიებს წარსულს და მის ნებას ასრულებს (ფსალმუნი 51:17).

როცა უღირსობის გრძნობა თავს მახსენებს, ვცდილობ, ფილიპელების 4:8-ში ჩაწერილის თანახმად დადებითზე და სულიერზე დავიწყო ფიქრი. დავიზეპირე 23-ე ფსალმუნი და მთაზე ქადაგება. როცა ცუდი ფიქრები მომეძალება, სწორედ ამ ბიბლიურ მუხლებს ვიხსენებ. გონების ამგვარად „დასუფთავება“ განსაკუთრებით მეხმარება ღამით, უძილობის დროს.

ჩემი მეუღლისა და მოწიფული ქრისტიანებისგან შექებაც დიდად მეხმარება. თუმცა თავიდან მიჭირდა, მიმეღო მათგან გამხნევება, მაგრამ ბიბლიის წყალობით გავიგე, რომ სიყვარულს „ყველაფერი სწამს“ (1 კორინთელები 13:7). და რაღა თქმა უნდა, ნელ-ნელა ვისწავლე თავმდაბლობა და, შესაბამისად, ჩემი სისუსტეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების აღიარება.

ამ ყველაფერს დადებითი ის ჰქონდა, რომ უარყოფითი გრძნობების წინააღმდეგ ბრძოლა დამეხმარა უფრო თანამგრძნობი მიმომსვლელი ზედამხედველი ვყოფილიყავი. მე და ჩემმა მეუღლემ დაახლოებით 30 წელი გავატარეთ სასიხარულო ცნობის სრული დროით ქადაგებაში. როცა სხვებს ვეხმარები, დიდ სიხარულს განვიცდი, რაც უარყოფით გრძნობებზე მამარჯვებინებს და ცუდი მოგონებები უფრო და უფრო ნაკლებად მახსენებს თავს.

ახლა, როდესაც წარსულს ვიხსენებ და ვფიქრობ იეჰოვასგან მიღებულ უხვ კურთხევაზე, აღძრული ვარ, ფსალმუნმომღერალს დავესესხო: „აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო . . . ის, ვინც ყველა დანაშაულს გპატიობს; ვინც ყველა შენი სნეულებისგან გკურნავს; ვინც საფლავში ჩავარდნისგან იცავს შენს სიცოცხლეს; ვინც სიკეთისა და წყალობის გვირგვინს გადგამს“ (ფსალმუნი 103:1—4).

[სქოლიო]

^ აბზ. 14 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ახლა აღარ გამოიცემა.

[ჩანართი 30 გვერდზე]

მოგვიანებით ხშირად მტანჯავდა დანაშაულისა და უღირსობის გრძნობა. მაგრამ ღვთის სიტყვა დიდად დამეხმარა ამ გრძნობებთან გამკლავებაში.

[სურათები 27 გვერდზე]

ჩემი ძმა ხოსე ლუისი და მეგობარი მიგელი, მიჰყვებოდნენ როგორც ჩემს ცუდ, ისე კარგ მაგალითს

[სურათი 28, 29 გვერდებზე]

მორსელიოების ოჯახი 1973 წელს

[სურათი 29 გვერდზე]

მარივი პატიმრობისას

[სურათი 30 გვერდზე]

ჩემს მეუღლესთან, სოლედადთან ერთად