შეესაბამება ევოლუციის თეორია ბიბლიის სწავლებას?
შეესაბამება ევოლუციის თეორია ბიბლიის სწავლებას?
გონივრულია, ვიფიქროთ, რომ ღმერთმა ევოლუციის საშუალებით ადამიანი ცხოველისგან შექმნა? უხელმძღვანელა ღმერთმა მიკროორგანიზმის თევზად, თევზის რეპტილიად, რეპტილიის ძუძუმწოვრად გარდაქმნას და ბოლოს მაიმუნისგან ადამიანის წარმოშობას? ზოგი მეცნიერი და რელიგიური წინამძღოლი ამბობს, რომ სჯერა როგორც ევოლუციის თეორიის, ისე ბიბლიის. ისინი ამბობენ, რომ ბიბლიის წიგნი „დაბადება“ ალეგორიაა. მაგრამ თქვენ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „შეესაბამება ადამიანის ცხოველისგან წარმოშობის შესახებ თეორია ბიბლიას?“
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი წარმოშობა, რადგან თუ ეს ვიცით, გვეცოდინება ვინ ვართ, საით მივდივართ და როგორ უნდა ვიცხოვროთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, გავიგებთ, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას და რა განზრახვა აქვს მას კაცობრიობის მიმართ, თუ გვეცოდინება, როგორ წარმოიშვა ადამიანი. შეუძლებელია ღმერთთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს, თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ის ჩვენი შემოქმედია. ამიტომ, მოდი გამოვიკვლიოთ, რას ამბობს ბიბლია ადამიანის წარმოშობის, მისი დღევანდელი მდგომარეობისა და მომავლის შესახებ. მაშინ დავინახავთ, შეესაბამება თუ არა ევოლუციის თეორია ბიბლიას.
როდესაც ერთი ადამიანი არსებობდა
ჩვეულებრივ ევოლუციონისტები ამბობენ, რომ ცხოველთა ერთ-ერთი პოპულაცია თანდათანობით ადამიანთა პოპულაციად იქცა. ისინი უარყოფენ, რომ იყო დრო, როდესაც დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობდა. ბიბლია კი სრულიად განსხვავებულ სურათს გვიხატავს. მასში ნათქვამია, რომ კაცობრიობა ერთი ადამიანისგან, ადამისგან წარმოიშვა. ბიბლია ადამს რეალურ პიროვნებად წარმოგვიდგენს. მასში მოცემულია ადამის ცოლისა და რამდენიმე შვილის სახელი. ის დაწვრილებით მოგვითხრობს, რა გააკეთა ადამმა, რა თქვა, როდის ცხოვრობდა და როდის მოკვდა. ბიბლიაში ჩაწერილ ამ ცნობას იესო გაუნათლებელი ადამიანებისთვის დაწერილ იგავად არ მიიჩნევდა. როდესაც განათლებულ რელიგიურ წინამძღოლებს მიმართავდა, იესომ თქვა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი“ (მათე 19:3—5). შემდეგ იესომ ადამისა და ევას შესახებ დაბადების 2:24-ში ჩაწერილი სიტყვები მოიყვანა.
ლუკამ, ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა და ისტორიის გულმოდგინე მკვლევარმა, ადამი ისეთივე რეალურ პიროვნებად წარმოგვიდგინა, როგორც იესო. ლუკამ დაწერა იესოს გენეალოგია და პირველ ადამიანამდე — ადამამდე მივიდა (ლუკა 3:23—38). გარდა ამისა, როდესაც მოციქული პავლე მიმართავდა ხალხს, მათ შორის ფილოსოფოსებსაც, რომლებსაც განათლება ცნობილ ბერძნულ სკოლებში ჰქონდათ მიღებული, თქვა: ‘ღმერთმა შექმნა სამყარო და ყველაფერი. მან ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ’ (საქმეები 17:24—26). ცხადია, ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენ „ერთი ადამიანის“ შთამომავლები ვართ. შეესაბამება ევოლუცია ადამიანის წარმოშობის შესახებ ბიბლიურ ცნობას?
ადამიანი უფრო და უფრო შორდება სრულყოფილებას
ბიბლიის თანახმად იეჰოვამ პირველი ადამიანი სრულყოფილი შექმნა; ღვთის ქმნილება შეუძლებელია სხვანაირი ყოფილიყო. შემოქმედების შესახებ ცნობაში ნათქვამია: „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად . . . დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:27, 31). როგორი იყო სრულყოფილი ადამიანი?
მას ნების თავისუფლება ჰქონდა მიცემული და სრულად შეეძლო ღვთის თვისებების არეკვლა. ბიბლიაში ნათქვამია: „ჭეშმარიტმა ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა, მაგრამ ისინი ბევრ სხვა გეგმას აწყობენ“ (ეკლესიასტე 7:29). ადამმა არჩია, ღვთის წინააღმდეგ წასულიყო. ამის გამო თავადაც დაკარგა სრულყოფილება და შთამომავლობასაც დაუკარგა. სრულყოფილების დაკარგვაა იმის მიზეზი, ხშირად რატომაც ვუცრუებთ იმედს საკუთარ თავს, თუმცა გვინდა, რომ სწორად მოვიქცეთ. მოციქულმა პავლემ დაწერა: „იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს“ (რომაელები 7:15).
ბიბლიის თანახმად, სრულყოფილი ადამიანი მარადიულად იცხოვრებდა და სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებოდა. ადამისთვის ნათქვამი ღვთის სიტყვებიდან ჩანს, რომ თუ ღვთის მორჩილი იქნებოდა, პირველი ადამიანი არასოდეს მოკვდებოდა (დაბადება 2:16, 17; 3:22, 23). იეჰოვა ადამიანზე არ იტყოდა „ძალიან კარგიაო“, თუ მას ექნებოდა მიდრეკილება, ავად გამხდარიყო ან ღვთის წინააღმდეგ წასულიყო. ადამიანის სასწაულებრივად შექმნილი ორგანიზმი არასრულყოფილების მიზეზით კნინდება და ავადდება. ასე რომ, ევოლუცია არ შეესაბამება ბიბლიას, ვინაიდან ევოლუციის თანახმად, თანამედროვე ადამიანი არის ცხოველთა განვითარების მაღალ საფეხურზე ასვლის შედეგი, ბიბლიის თანახმად კი — სრულყოფილი ადამიანის დაკნინებული შთამომავალი.
შეხედულება იმის შესახებაც, რომ ღმერთმა ევოლუციის საშუალებით შექმნა ადამიანი, არ შეესაბამება ღვთის პიროვნებაზე ბიბლიის თვალსაზრისს. ამგვარად მოქმედება იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ღმერთმა მიიყვანა კაცობრიობა დღეს არსებულ საშინელ მდგომარეობამდე. მაგრამ ბიბლია ღვთის შესახებ ამბობს: „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი. უკეთურად მოიქცნენ ისინი; არ არიან მისი შვილები, ნაკლი აქვთ“ (კანონი 32:4, 5). ასე რომ, დღევანდელი მსოფლიოს სავალალო მდგომარეობის მიზეზი შეუძლებელია იყოს ევოლუცია, რომელიც თითქოს ღმერთმა წარმართა. ამ მდგომარეობის მიზეზი ის არის, რომ ერთი ადამიანი ღვთის წინააღმდეგ წავიდა და შედეგად მან და მისმა შთამომავლობამ სრულყოფილება დაკარგეს. მოდი, ახლა იესოზე ვისაუბროთ. შეესაბამება ერთმანეთს ევოლუციის თეორია და ის, რასაც ბიბლია იესოს შესახებ ამბობს?
შეიძლება ქრისტიანს ევოლუციის სჯეროდეს?
„ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა“. შესაძლოა იცით, რომ ეს ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი სწავლებაა (1 კორინთელები 15:3; 1 პეტრე 3:18). იმის დასანახად, რომ ევოლუციის თეორია არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ სიტყვებს, პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ, რატომ გვიწოდებს ბიბლია ცოდვილებს და რა გავლენას ახდენს ცოდვა ჩვენზე.
ჩვენ იმ გაგებით ვართ ცოდვილები, რომ სრულყოფილად არ შეგვიძლია ღვთის დიდებული თვისებების, მაგალითად სიყვარულისა და სამართლიანობის, არეკვლა. ამიტომ ბიბლია ამბობს: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). ბიბლია გვასწავლის, რომ სიკვდილის მიზეზი ცოდვაა. „სიკვდილის ნესტარი ცოდვაა“, — ნათქვამია 1 კორინთელების 15:56-ში. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვაა იმის მიზეზიც, რომ ავად ვხდებით. იესომ ცხადყო, რომ ავადმყოფობა და ცოდვილი მდგომარეობა ერთმანეთს უკავშირდება. მან პარალიზებულ მამაკაცს უთხრა: „გეპატია ცოდვები“ და ისიც განიკურნა (მათე 9:2—7).
რას ნიშნავს ჩვენთვის იესოს სიკვდილი? ბიბლია ადამსა და იესო ქრისტეს აპირისპირებს და ამბობს: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორინთელები 15:22). იესომ საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ჩვენი ცოდვების საფასური გადაიხადა. ამგვარად, ყველას, ვინც იესოსადმი რწმენას ავლენს და მას ემორჩილება, მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ეძლევა (იოანე 3:16; რომაელები 6:23).
ხედავთ თუ არა, რომ ქრისტიანს შეუძლებელია ევოლუციის სჯეროდეს? თუ ეჭვობთ, რომ „ადამში კვდება ყველა“, როგორ შეიძლება იმის იმედი გქონდეთ, რომ ყველა „გაცოცხლდება . . . ქრისტეში“?
რატომ იზიდავს ხალხს ევოლუციის თეორია?
ბიბლია გვიჩვენებს, როგორ გახდა პოპულარული ევოლუციის და სხვა მსგავსი თეორიები. მასში ნათქვამია: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4). ევოლუციის თეორია, ჩვეულებრივ, მეცნიერული ენით არის ჩამოყალიბებული, მაგრამ სინამდვილეში რელიგიური თეორიაა. ის ადამიანს ცხოვრებასა და ღმერთზე გარკვეულ თვალსაზრისს უყალიბებს. ეს მოძღვრება მიმზიდველია ადამიანთა ეგოისტური და დამოუკიდებლობის მოყვარული ბუნებისთვის. მრავალი, ვისაც ევოლუციის სწამს, ამბობს, რომ ღმერთიც სწამს. მაგრამ, მათი აზრით ღმერთი არ არის შემოქმედი, არც ადამიანთა საქმეებში ერევა და არც მომავალში განსჯის მათ. ასეთი მოძღვრება მათ ყურს სიამოვნებს.
ევოლუციონისტები თავიანთ მოძღვრებას იმიტომ კი არ ასწავლიან, რომ ამ თეორიის დამადასტურებელი ფაქტები აქვთ ხელთ, არამედ იმიტომ, რომ „საკუთარი სურვილით“ მოქმედებენ, ანუ სურთ, აღიარებული იყვნენ მეცნიერულ წრეებში, სადაც ეს თეორია მეცნიერულად დასაბუთებულად ითვლება. ბიოქიმიის მეცნიერებათა პროფესორმა მაიკლ ბიჰიმ, რომელმაც უჯრედში მიმდინარე რთული პროცესების შესწავლას თითქმის მთელი ცხოვრება შეალია, აღნიშნა, რომ უჯრედის ევოლუციის თეორიის მომხრეებს თავიანთი შეხედულების გასამართლებლად არავითარი საფუძველი არა აქვთ. შესაძლებელი იყო თუ არა მოლეკულურ დონეზე ევოლუცია? ბიჰი წერდა: „მოლეკულური ევოლუცია მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია. არ არსებობს მეცნიერული ლიტერატურა — ავტორიტეტული ჟურნალები ან წიგნები — რომლებშიც აღწერილია რომელიმე რეალურად არსებული რთული ბიოქიმიური სისტემის წარსული ან მიმდინარე ევოლუცია . . . დარვინის მოლეკულური ევოლუციის მტკიცება მხოლოდ ხმამაღალი განაცხადია“.
თუ ევოლუციის თეორია საფუძველს მოკლებულია, რატომღა იცავენ მას ასე თავგამოდებით? ბიჰი ამბობს: „მრავალ ადამიანს, მათ შორის გავლენიან და ავტორიტეტულ მეცნიერს, უბრალოდ, არ სურს იმის დაშვება, რომ ქმნილებები ზებუნებრივმა ძალამ შექმნა“.
ევოლუციის თეორია მისაღებია მრავალი სასულიერო პირისთვის, რომლებსაც სურთ, განათლებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვონ. ისინი რომაელებისთვის მიწერილ პავლეს წერილში მოხსენიებულ ადამიანებს ჰგვანან. პავლემ დაწერა: „მათთვის ცხადია ყველაფერი, რაც ღვთის შესახებ შეიძლება იცოდე . . . მისი უხილავი თვისებები — მარადიული რომაელები 1:19—22). პირადად თქვენ, როგორ შეგიძლიათ თავი არ მოატყუებინოთ ცრუ მასწავლებლებს?
ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ; თუმცა იცნობდნენ ღმერთს, არ ადიდებდნენ მას, როგორც ღმერთს, და არც მადლობას უხდიდნენ, არამედ დაუჩლუნგდათ გონება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ბრძენები იყვნენ, უგუნურები გახდნენ“ (შემოქმედისადმი საფუძვლიანი რწმენა
როცა ბიბლია რწმენას განმარტავს, ხაზგასმით აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რწმენას მტკიცე საფუძველი ჰქონდეს. მასში ნათქვამია: „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1). ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა იმ მტკიცებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რომლებიც შემოქმედის არსებობას ადასტურებს. ბიბლია ცხადად წარმოგვიდგენს ამ მტკიცებებს.
ღვთის შთაგონებით ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი დავითი წერდა: „ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი“ (ფსალმუნი 139:14). ჩვენს საოცარ ორგანიზმსა და სხვა ცოცხალ ქმნილებებზე დაკვირვება ჩვენი ბრძენი შემოქმედისადმი მოკრძალებულ შიშს გვინერგავს. ჩვენ ვცოცხლობთ იმის შედეგად, რომ ჩვენს ორგანიზმში ათასობით ერთმანეთზე დამოკიდებული სისტემა იდეალურად არის შექმნილი. აგრეთვე, ფიზიკური სამყარო იმის მტკიცებაა, რომ ის მათემატიკური სიზუსტითაა შექმნილი და მასში საოცარი წესრიგია. დავითი წერდა: „ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს“ (ფსალმუნი 19:1).
თვითონ ბიბლიაშიც მრავლად არის ჩვენი შემოქმედის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებები. თუ გამოიკვლევთ, რამდენად თანამიმდევრულად არის დაწერილი ბიბლიის 66 წიგნი, რამდენად აღმატებულია მისი ზნეობრივი ნორმები და როგორ შესრულდა და სრულდება მისი წინასწარმეტყველებები, გვექნება იმის მრავალი მტკიცება, რომ ამ წიგნის ავტორი შემოქმედია. ბიბლიური მოძღვრებაც დაგარწმუნებთ, რომ ბიბლია შემოქმედის სიტყვაა. მაგალითად, როდესაც გაიგებთ ბიბლიის თანახმად, რა არის ტანჯვის მიზეზი, რა არის ღვთის სამეფო და რა მომავალი ელის კაცობრიობას, დაინახავთ ღვთის სიბრძნის გამოვლინებას. თქვენც ისეთივე გრძნობა დაგეუფლებათ, როგორიც მოციქულ პავლეს, რომელიც წერდა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომაელები 11:33).
მას შემდეგ, რაც ამ მტკიცებებს გამოიკვლევთ და თქვენი რწმენა გაიზრდება, დარწმუნდებით, რომ ბიბლიის კითხვისას თავად შემოქმედს უსმენთ. ის ამბობს: „მე თვითონ შევქმენი დედამიწა და ადამიანი მასზე. მე, ჩემმა ხელმა გადაჭიმა ზეცა და მე ვაძლევ ბრძანებას მთელ მის ლაშქარს“ (ესაია 45:12). ეჭვგარეშეა, არასოდეს ინანებთ, რომ ძალ-ღონე არ დაიშურეთ და საკუთარ თავს დაუმტკიცეთ, რომ იეჰოვა ყოველივეს შემოქმედია.
[ჩანართი 14 გვერდზე]
მოციქულმა პავლემ განათლებულ ბერძნებს უთხრა: „მან [ღმერთმა] ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი“.
[ჩანართი 15 გვერდზე]
ევოლუციის თანახმად, თანამედროვე ადამიანი ცხოველთა განვითარების მაღალ საფეხურზე ასვლის შედეგია, ბიბლიის თანახმად კი — სრულყოფილი ადამიანის დაკნინებული შთამომავალი.
[ჩანართი 16 გვერდზე]
„მოლეკულური ევოლუცია მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია“.
[ჩანართი 17 გვერდზე]
ჩვენს საოცარ ორგანიზმსა და სხვა ცოცხალ ქმნილებებზე დაკვირვება ჩვენი ბრძენი შემოქმედისადმი მოკრძალებულ შიშს გვინერგავს.