არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?

რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?

მკითხველები გვეკითხებიან

რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?

ღმერთი არ იწვევს ადამიანთა ტანჯვას. „შორს არის ღვთისგან ბოროტება!“ — ამბობს ბიბლია (იობი 34:10). მაშ, ვის მიუძღვის ბრალი ადამიანთა ტანჯვაში?

იესომ სატანას „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (იოანე 14:30). იეჰოვა სამყაროს უზენაესი მმართველია და ის არასოდეს დათმობს თავის მდგომარეობას, მაგრამ მან სატანას იმის უფლება მისცა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში კაცობრიობის უმეტეს ნაწილზე ემმართველა (1 იოანე 5:19).

როგორი მმართველია სატანა? ადამიანებთან პირველივე ურთიერთობის შემდეგ მან ცხადყო, რომ მკვლელი და მატყუარაა. ის საშინელ ზიანს აყენებს ადამიანებს. იესომ სატანა შემდეგი სიტყვებით ამხილა: „ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44). იესომ ისიც თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ღვთის ძეს მოსაკლავად დაეძებდნენ, ამ პირველი მკვლელის შვილები იყვნენ. ისინი სატანის შვილები გახდნენ, რადგან მის მსგავსად მოქმედებდნენ. ზუსტად მათ მიესადაგება ძველი ანდაზა, „რაც მამა, იგი შვილიო“.

სატანა დღესაც ცდილობს, რომ ადამიანებში მკვლელისთვის დამახასიათებელი აზროვნება განავითაროს. მაგალითად, ჰავაის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ რ. ჯ. რამელის გამოთვლის თანახმად 1900—1987 წლებში სხვადასხვა მთავრობის მიერ 169 198 000 ადამიანი იქნა მოკლული პოლიტიკური დაპირისპირების, გენოციდისა და არეულობების დროს. ამ რიცხვში არ შედის ის ათობით მილიონი ადამიანი, რომლებიც ამავე წლებში ომებში დაიხოცნენ.

თუ ღმერთი არ არის ტანჯვის მიზეზი, მაშ რატომღა უშვებს მას? ამ კითხვაზე პასუხი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, რომლებიც სამყაროში ყველას ეხება. ეს საკითხები დიდი ხნის წინათ წამოიჭრა და ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. განვიხილოთ ერთი მათგანი.

კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ადამმა და ევამ სატანის მხარე დაიკავეს. მათ უარყვეს ღვთის მმართველობა და არჩიეს, თავად ემართათ საკუთარი თავი, რითაც სინამდვილეში სატანის მმართველობის ქვეშ მოექცნენ (დაბადება 3:1—6; გამოცხადება 12:9).

იეჰოვას სამართლიანობიდან გამომდინარე საჭირო იყო, გასულიყო დრო იმის დასამტკიცებლად, რომ ადამისა და ევას მიერ აღებული კურსი მცდარი იყო. რა უჩვენა დრომ? სატანის გავლენის ქვეშ მოქცეულ ადამიანთა მმართველობას მხოლოდ ტანჯვა მოაქვს. სინამდვილეში, თუ მხედველობაში მივიღებთ ადამიანთა მმართველობის შედეგებს, ამ საკითხის გადასაჭრელად ღვთის მიერ დროის გამოყოფას ადამიანებისთვის სარგებლობა მოაქვს. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ ვინც უკვირდება შედეგებს და რეალურად აფასებს მათ, აქვთ შესაძლებლობა, ცხადყონ, რომ სურთ ღმერთი იყოს მათი მმართველი. მათ, ვინც ეცნობა ღვთის მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრობს, მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა აქვთ (იოანე 17:3; 1 იოანე 2:17).

სატანა დღეს მთელ ქვეყნიერებას მართავს. მაგრამ მის მმართველობას მალე წერტილი დაესმება. სულ მალე იეჰოვა თავისი ძის მეშვეობით ‘დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს’ (1 იოანე 3:8). ღვთის ხელმძღვანელობით იესო ჭრილობებს მოუშუშებს გულგატეხილებს და ყველა დანაკლისს აუნაზღაურებს მათ. ის აღადგენს დედამიწაზე მილიარდობით მკვდარს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იტანჯებოდნენ (იოანე 11:25).

იესოს მკვდრეთით აღდგომა ეშმაკის საქმეებზე ღვთის გამარჯვების მაგალითია, რაც ცხადყოფს იმას, თუ რა მომავალი ელით მათ, ვინც ღვთის მმართველობა აირჩია (საქმეები 17:31). ბიბლია ჩვენს ყურადღებას მიმართავს იმ დროზე, როცა შემდეგი სიტყვები შესრულდება: „ღმერთი მათთან [ადამიანებთან] იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).