არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ასეთი სიყვარული არასოდეს მიგრძნია“

„ასეთი სიყვარული არასოდეს მიგრძნია“

წერილი დომინიკელთა რესპუბლიკიდან

„ასეთი სიყვარული არასოდეს მიგრძნია“

ნიურკამ კრების შეხვედრაზე ბიბლიის გამოყენებით პირველად გააკეთა ინსცენირება. მან ბრაილის შრიფტით წინასწარ დაწერა სათქმელი და შემდეგ დაიმახსოვრა. სცენაზე ერთად გამოვედით, მე ბიბლიით დაინტერესებული ადამიანის როლს ვასრულებდი; ნიურკა საყურისის მეშვეობით მისმენდა, მე კი მიკროფონით ვლაპარაკობდი. ჩვენს გამოსვლას მადლიერი აუდიტორია ისეთი მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა, რომ ნიურკამაც კი გაიგო. მას სიხარულისა და კმაყოფილებისგან სახე უბრწყინავდა. მეც ძალიან გახარებული ვიყავი. მართლაც, რამდენი კურთხევა მოაქვს მისიონერულ მსახურებას!

მახსოვს ის დღე, როცა პირველად შევხვდი ნიურკას. ეს ორი წლის წინ იყო. სოფლის მტვრიან გზებზე ნახევარი საათის სვლის შემდეგ თვალი მოვკარი ნიურკას. ის უბრალო სახლის აივანზე იჯდა, რომელიც ქვითა და ხით იყო აშენებული და დაჟანგული სახურავი ჰქონდა. იქვე იყვნენ თხები, კურდღლები და ძაღლები; უსიამოვნო სუნი იდგა. ნიურკა თავჩაღუნული იჯდა. ეტყობოდა, რომ სასოწარკვეთილი და მარტოობით გატანჯული იყო. ნიურკა 34 წლის იყო, მაგრამ გაცილებით დიდი შეხედულება ჰქონდა.

მხარზე ფრთხილად შევეხე; ნიურკამ არაფრის მეტყველი თვალებით ამომხედა; მას 11 წელი მზის შუქი არ ენახა. ყურში ჩავძახე ჩემი და ჩემი თანამსახურის სახელები. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ნიურკა მარფანის სინდრომით იყო დაავადებული; ეს საკმაოდ სერიოზული გენეტიკური დაავადებაა. მას მძიმე ფორმის დიაბეტიც ჰქონდა, რის გამოც მუდმივად უნდა ეკონტროლებინა სისხლში შაქრის შემცველობა.

ნიურკას ხელში ბიბლია დავაჭერინე; მან იცნო ეს წიგნი და თქვა, რომ ადრე, სანამ მხედველობას დაკარგავდა, კითხულობდა მას. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მესწავლებინა ღვთის სიტყვა ამ უმწეო, ეული და მორიდებული ადამიანისთვის. ნიურკამ ანბანი იცოდა. ამიტომ ხელში ვაძლევდი ხოლმე პლასტმასის ასოებს და ისიც ცნობდა, რომელი ასო რომელი იყო. შემდეგ, როდესაც ხელით ჟესტების ენაზე შესაბამის ასოს ვაჩვენებდი, ის ხელზე ხელით მეხებოდა და ხვდებოდა, თავისი ანბანის რომელ ასოს რომელი ასო შეესაბამებოდა ამერიკული ჟესტების ენაზე. თანდათანობით მან სიტყვებიც ისწავლა. ჟესტების ენის სწავლა მეც ახალი დაწყებული მქონდა, ამიტომ თითოეული გაკვეთილისთვის საათობით ვემზადებოდი. მეც და ნიურკაც ძალიან მონდომებულები ვიყავით და შედეგად მალე დავეუფლეთ ჟესტების ენას.

ნიურკას სულიერ ზრდას განსაკუთრებით სასმენმა აპარატმა შეუწყო ხელი, რომელიც მას ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ აჩუქა. ამ მარტივმა ხელსაწყომ ნიურკას დიდი დახმარება გაუწია. ათი წელია, რაც ნიურკა ვერაფერს ხედავს და თითქმის არაფერი ესმის, რის გამოც ის საკუთარ თავში ჩაიკეტა. მაგრამ ნიურკა იეჰოვას სულმა გამოაცოცხლა; მან მიიღო ბიბლიური ცოდნა, იმედი ჩაესახა და შეიგრძნო სიყვარული. მალე მან ხელჯოხის დახმარებით შეძლო სამეზობლოში ბიბლიური ჭეშმარიტების ქადაგება.

ნიურკა ბიბლიას ასწავლის თავის დეიდას, დეიდაშვილსა და რძალს. ის თითოეული გაკვეთილისთვის წინასწარ საგულდაგულოდ ემზადება. შემსწავლელები კითხულობენ აბზაცს, ნიურკა კი ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნიდან სვამს კითხვას. იეჰოვას მოწმე, რომელიც მას თან ახლავს, შემსწავლელების მიერ გაცემულ პასუხებს ნიურკას ხმამაღლა უმეორებს ან ჟესტებით უხსნის.

ნიურკას მთელი კრება უდგას მხარში. ქრისტიან ძმებს ის კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე მიჰყავთ. კრების წევრები მასთან ერთად ქადაგებენ. ამას წინათ ნიურკამ მითხრა: „ასეთი სიყვარული არასოდეს მიგრძნია“. ნიურკა უახლოეს საოლქო კონგრესზე აპირებს მონათვლას.

როდესაც მის სახლს გვერდით ჩავუვლით, სულ სხვა ნიურკას ვხედავთ. ის თავაწეული და გაღიმებული ზის აივანზე. ერთხელ ვკითხე, რატომ იღიმოდა. მან მიპასუხა: „ვფიქრობდი მომავალზე, როდესაც დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, და ჩემი თავი იქ წარმოვიდგინე“.

[სურათი 25 გვერდზე]

ნიურკა ჩვენი კრების წევრებთან ერთად სამეფო დარბაზის წინ

[სურათი 25 გვერდზე]

ნიურკა ბიბლიურ ჭეშმარიტებას ქადაგებს