არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გულგატეხილობა ბედნიერებას ვერ წაგართმევთ

გულგატეხილობა ბედნიერებას ვერ წაგართმევთ

გულგატეხილობა ბედნიერებას ვერ წაგართმევთ

ვინ არ ყოფილა გულგატეხილი?! ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთსაც კი განცდილი აქვს ეს გრძნობა. ღმერთმა ისრაელები ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა და დიდად აკურთხა, თუმცა ბიბლიაში მათ შესახებ წერია: „კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს, ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (ფსალმუნი 78:41). მიუხედავად ამისა, იეჰოვა ყოველთვის „ბედნიერი ღმერთი“ იყო (1 ტიმოთე 1:11).

გულგატეხილობის უამრავი მიზეზი არსებობს. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, რომ გულგატეხილობამ ბედნიერება არ წაგვართვას? ვნახოთ, როგორ რეაგირებდა იეჰოვა, როცა მისი ქმნილებები გულს სტკენდნენ და რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან.

გულგატეხილობის მიზეზები

ბიბლიაში წერია, რომ ყველა ჩვენგანზე „დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). ადამიანი მოულოდნელად შეიძლება დანაშაულისა თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი აღმოჩნდეს, ან სერიოზულად დაავადდეს, რაც შესაძლოა სასოწარკვეთილების მიზეზი გახდეს. ბიბლიაში აგრეთვე წერია: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“ (იგავები 13:12). გულგატეხილობა შეიძლება მაშინაც დაგვეუფლოს, როცა რაღაცას მოუთმენლად ველით, მაგრამ მოლოდინი არ მართლდება. მოვიყვანოთ დენკენის * მაგალითი. მას ყოველთვის უნდოდა მისიონერად მსახურება და ეს ნატვრა აისრულა კიდეც. მაგრამ მისიონერად მსახურების დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში მას და მის მეუღლეს სახლში დაბრუნება მოუწიათ. ის გვიყვება: „ცხოვრებაში პირველად განვიცადე ასეთი სასოწარკვეთილება. მიზნებს ვერ ვისახავდი. თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა“. გულგატეხილობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, როგორც ეს კლერის შემთხვევიდან ჩანს. ის იხსენებს: „შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა მუცელი მომეშალა. ეს წლების წინ მოხდა, მაგრამ დღეს, როცა სცენაზე გამოსულ ბავშვებს ვხედავ, ვფიქრობ ხოლმე, ჩემი ბიჭიც ხომ ამხელა იქნებოდა-მეთქი“.

გულისტკივილი შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული. მაგალითად, შეყვარებულთან ურთიერთობის გაწყვეტით, განქორწინებით, შვილის ურჩობით, მეუღლის ღალატით, მეგობრის უმადურობით და ასე შემდეგ. გულგატეხილობის მიზეზებს რა გამოლევს?! ჩვენ ხომ რთულ დროში ვცხოვრობთ და არასრულყოფილ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა.

გულგატეხილობის მიზეზი შეიძლება ჩვენი წარუმატებლობაც გახდეს. მაგალითად, თუ გამოცდა ვერ ჩავაბარეთ, სამსახური ვერ ვიშოვეთ ან საპირისპირო სქესის ადამიანის ყურადღება ვერ მივიქციეთ, შეიძლება არასრულფასოვნების გრძნობა დაგვეუფლოს. გულსატკენია ისიც, როცა ოჯახის წევრი სულიერად არ იზრდება. მერი ამბობს: „თავიდან ისე ჩანდა, რომ ჩემი ქალიშვილი კარგი ქრისტიანი იყო. ვფიქრობდი, რომ მას კარგ მაგალითს ვაძლევდი. მაგრამ, როცა იეჰოვა ღმერთს ზურგი აქცია და ჩვენი ოჯახის ფასეულობები ფეხქვეშ გათელა, საშინელი იმედგაცრუება დამეუფლა. იმდენად დათრგუნული ვიყავი, რომ აღარაფერი მახარებდა“.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ გულგატეხილობას? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიგოთ, თავად იეჰოვა როგორ რეაგირებდა, როცა მისი ქმნილებები გულს სტკენდნენ.

იფიქრეთ გამოსავალზე

იეჰოვა ღმერთმა ყველაფრით უზრუნველყო ადამი და ევა, მაგრამ მათ უმადურობა გამოავლინეს და ეურჩნენ შემოქმედს (დაბადება, თავები 2, 3). შემდეგ მათმა ვაჟმა კაენმა განიზრახა ბოროტების ჩადენა, უგულებელყო იეჰოვას გაფრთხილება და საკუთარი ძმა მოკლა (დაბადება 4:1—8). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა იეჰოვა!

რატომ ვერ წაართვა ღმერთს მომხდარმა შემთხვევამ ბედნიერება? იეჰოვას განზრახული ჰქონდა, რომ დედამიწა სრულყოფილი ადამიანებით დაესახლებინა, ამიტომ მან განაგრძო მოქმედება თავისი განზრახვის შესაბამისად (იოანე 5:17). იეჰოვამ იზრუნა კაცობრიობის გამოსყიდვაზე და თავისი სამეფოს დამყარებაზე (მათე 6:9, 10; რომაელები 5:18, 19). ის გამოსავალზე ფიქრობდა და არა პრობლემაზე.

ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, ყურადღება დადებითზე გავამახვილოთ და არა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა საქმე სხვაგვარად წარმართულიყო ან სხვა რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. ბიბლიაში წერია: „რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8).

სწორი მიდგომა

ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. შეიძლება მოულოდნელად სამსახურის გარეშე აღმოვჩნდეთ, მეუღლე დაგვეღუპოს, კრებაში პასუხისმგებლობა დავკარგოთ, ჯანმრთელობა შეგვერყეს, სახლ-კარის ან მეგობრების გარეშე დავრჩეთ. როგორ უნდა შევხვდეთ ასეთ სერიოზულ სირთულეებს?

ზოგს სწორი პრიორიტეტების დადგენა დაეხმარა. ზემოთ მოხსენიებული დენკენი ამბობს: „როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გავაცნობიერეთ, რომ მისიონერებად ვეღარ ვიმსახურებდით, საშინელი სიცარიელის გრძნობა დაგვეუფლა. ბოლოს განვსაზღვრეთ, რა იყო ჩვენთვის უმთავრესი: უნდა მოგვეარა დედისთვის და თუ შესაძლებლობა მოგვეცემოდა, სრული დროით გვემსახურა. ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის გვახსოვდა ეს ორი უმთავრესი რამ, რაც გვიადვილებდა სწორი გადაწყვეტილებების მიღებას“.

გულგატეხილობის დროს ბევრ ჩვენგანს სჩვევია პრობლემის გაზვიადება. შესაძლოა დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, შვილმა ამაგი არ დაგვიფასოს, ვერ დავეუფლოთ ამა თუ იმ საქმეს ან უცხოენოვან ტერიტორიაზე ქადაგებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღოს. ამის გამო შეიძლება ვიფიქროთ, რომ არაფერი გამოგვდის. ღვთის შექმნილმა პირველმა ადამიანებმაც არ გაამართლეს მისი მოლოდინი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი წარუმატებელია. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც; თუ ჩვენს მცდელობას თავიდანვე არ გამოაქვს სასურველი ნაყოფი და ამის გამო გული გვიტყდება, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ (კანონი 32:4, 5).

როდესაც სხვები გულს გვტკენენ, შეიძლება ადვილად გამოვიდეთ მდგომარეობიდან. მაგრამ იეჰოვა ასე არ იქცევა. მას გული ეტკინა, როცა მეფე დავითმა იმრუშა და შემდეგ მკვლელობა ჩაიდინა. მაგრამ იეჰოვამ დაინახა, რომ დავითი გულწრფელად ინანიებდა და ზურგი არ აქცია მას. ერთგულმა მეფემ, იეჰოშაფატმაც დაუშვა შეცდომა, როცა ღვთის მტრებთან დადო შეთანხმება. იეჰოვას წინასწარმეტყველმა უთხრა მას: „ამის გამო განრისხებულია იეჰოვა შენზე. თუმცა კარგიც აღმოგაჩნდა“ (2 მატიანე 19:2, 3). ერთი შეცდომის გამო იეჰოვას მოღალატედ არ ჩაუთვლია იეჰოშაფატი. თუ იეჰოვას მსგავსად, მძაფრი რეაგირება არ გვექნება ჩვენი მეგობრების შეცდომებზე, მათ არ დავკარგავთ, რადგან კარგი თვისებებიც აქვთ (კოლოსელები 3:13).

სასურველი შედეგების მიღწევამდე გულგატეხილობა გარდაუვალია. იმედგაცრუება შეიძლება მაშინაც დაგვეუფლოს, თუ შევცოდეთ. მაგრამ თუ სწორად და მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ, შევძლებთ ამ უარყოფითი გრძნობის დაძლევას. გულგატეხილი დავითი საკუთარ თავზე წერდა: „გამიცვდა ძვლები იმ ტკივილის გამო, რომელიც მთელი დღე მტანჯავდა . . . ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე [იეჰოვა] . . . შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული“ (ფსალმუნი 32:3—5). თუ ჩვენი საქციელით ღმერთს გული ვატკინეთ, პატიება უნდა ვთხოვოთ და შეცდომა აღარ გავიმეოროთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალში უფრო მეტი გულისყურით მოვეკიდოთ ღვთის რჩევებს (1 იოანე 2:1, 2).

შეხვდით პრობლემას მომზადებული

უეჭველია, ადრე თუ გვიან ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდება ამა თუ იმ პრობლემის წინაშე. როგორ უნდა მოვემზადოთ ამ პრობლემებთან შესახვედრად? საინტერესოა, რას ამბობს ერთი ხანდაზმული ქრისტიანი, ბრუნო, რომელიც გულგატეხილი იყო: „ყველაზე მეტად ის დამეხმარა, რომ განვაგრძობდი იმის კეთებას, რასაც მანამდე იეჰოვასთან დასაახლოებლად ვაკეთებდი. ვიცოდი, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტი ქვეყნიერების არსებობას. იეჰოვასთან წლების განმავლობაში ვავითარებდი ახლო ურთიერთობას. ბედნიერი ვარ, რომ ყოველივე ამის წყალობით განსაცდელს მომზადებული შევხვდი. იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ჩემთან იყო, გულგატეხილობის დაძლევაში დამეხმარა“.

ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ერთ რამეში: ჩვენი მიზეზით დაგვეუფლება გულგატეხილობა თუ სხვისი მიზეზით, იეჰოვა არასოდეს გაგვიცრუებს იმედს. იეჰოვამ თავად ახსნა თავისი სახელის მნიშვნელობა: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (გამოსვლა 3:14). ეს გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა თავისი დაპირებების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს. ის დაგვპირდა, რომ მისი სამეფოს მეშვეობით მისი ნება შესრულდება „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“. სწორედ ამის შესახებ წერდა პავლე მოციქული: „დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობები . . . ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“ (მათე 6:10; რომაელები 8:38, 39).

რწმენით დაველოდოთ იმ დანაპირების შესრულებას, რომელიც ღმერთმა წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით გაგვიმჟღავნა: „აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ესაია 65:17). მართლაც, მალე დადგება დრო, როცა აღარავინ იქნება გულგატეხილი და ყველა არასასიამოვნო მოგონება წარსულს ჩაჰბარდება!

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩანართი 13 გვერდზე]

თუ ჩვენს მცდელობას თავიდანვე არ მოაქვს სასურველი შედეგი, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ

[ჩანართი 14 გვერდზე]

ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, ყურადღება დადებითზე გავამახვილოთ და არა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა საქმე სხვაგვარად წარმართულიყო

[სურათები 15 გვერდზე]

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა არ გაამართლეს ღვთის მოლოდინი, ის მაინც ბედნიერია, რადგან თავის განზრახვას უსათუოდ შეასრულებს

[სურათი 16 გვერდზე]

სწორი პრიორიტეტების დადგენა დაგვეხმარება გულგატეხილობის დაძლევაში