არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაზარალებულებს ევროპის სასამართლო იცავს

დაზარალებულებს ევროპის სასამართლო იცავს

დაზარალებულებს ევროპის სასამართლო იცავს

2007 წლის 3 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ სტრასბურგში (საფრანგეთი) ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ. სასამართლომ დაადგინა, რომ მოწმეები არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ და მათი რელიგიის თავისუფლება უხეშად დაირღვა. სასამართლომ აგრეთვე დაადანაშაულა საქართველოს ყოფილი მთავრობა უმოქმედობაში, რაც იმით გამოიხატებოდა, რომ არანაირი ზომები არ იქნა მიღებული დამნაშავეთა დასასჯელად. რის საფუძველზე მიიღო ევროპის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება?

1999 წლის 17 ოქტომბერს გლდანის რაიონში დაახლოებით 120 იეჰოვას მოწმე რელიგიურ შეხვედრას ატარებდა, როცა მოულოდნელად დარბაზში შეიჭრა ბრბო მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის, ვასილ მკალავიშვილის მეთაურობით. ხის ხელკეტებითა და რკინის ჯვრებით შეიარაღებული ბრბო თავს დაესხა შეხვედრაზე მისულ ხალხს და ბევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; ზოგი სერიოზულად დაშავდა. ერთმა ქალმა ძლიერი დარტყმის შედეგად მხედველობა დაკარგა. სულ მცირე 16 ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. როდესაც მოწმეებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს, პოლიციის უფროსმა მათ განუცხადა, რომ უარეს მოპყრობას იმსახურებდნენ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მომხდარის ვიდეოჩანაწერი გააკეთა, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სატელევიზიო არხებზე გაუშვეს. ტელეკადრებიდან კარგად გამოჩნდა თავდამსხმელების სახეები *.

მოწმეებმა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, პოლიციაში საჩივარი შეიტანეს, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. გამომძიებელმა, რომელიც საქმეს იძიებდა, განაცხადა, რომ მართლმადიდებელი იყო და ამიტომ მიუკერძოებელი ვერ იქნებოდა. შესაბამისი ორგანოების უმოქმედობამ რელიგიურ ექსტრემისტებს სხვა მსგავსი ასობით თავდასხმის განხორციელებისკენ უბიძგა.

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო 2001 წლის 29 ივნისს იეჰოვას მოწმეებმა განაცხადი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში *. სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2007 წლის 3 მაისს მიიღო. გადაწყვეტილებაში აღწერილი იყო თავდასხმის დეტალები; სასამართლომ ასევე დაგმო მთავრობის უმოქმედობა. გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო: „მთავრობა . . . ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ გადაემოწმებინა ინფორმაცია“ თავდასხმის შესახებ. „მთავრობის მხრიდან შემწყნარებლური დამოკიდებულება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში კანონის უზენაესობის არსებობას და საზოგადოებას უნდობლობით განაწყობს სახელმწიფოს მიმართ, რადგან ქვეყანაში კანონი არ სრულდება“.

სასამართლოს დასკვნაში აღნიშნული იყო: „ვინაიდან 1999 წლის 17 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებული პირველი სერიოზული თავდასხმის შემდეგ მთავრობამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა, მთელ საქართველოში ფესვები გაიდგა რელიგიურმა ძალადობამ; მას შემდეგ იმავე თავდამსხმელებისგან შემდგარმა ბრბომ არაერთი თავდასხმა განახორციელა“.

ევროპის სასამართლომ დაზარალებულები დაიცვა და საქართველოს მთავრობას ზარალის ანაზღაურება დააკისრა. მათ გლდანის კრების წევრებისთვის ფულადი თანხა უნდა გადაეხადათ. საქართველოში იეჰოვას მოწმეების მიმართ დღეს თითქმის აღარავინ ავლენს სისასტიკესა და ძალადობას. მოწმეები გახარებულნი არიან, რომ ევროპის სასამართლომ დაიცვა მათი რელიგიური თავისუფლება. ისინი ემადლიერებიან თავიანთ ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთს, რომელიც დევნისა და შევიწროების დროს არ ტოვებდა მათ ხელმძღვანელობისა და მფარველობის გარეშე (ფსალმუნი 23:4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2002 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 18—24, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 5 ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო არის ევროპის საბჭოს დაქვემდებარებული ორგანო. ეს ორგანო განიხილავს ისეთ საქმეებს, რომლებიც აღიძვრება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციით გათვალისწინებული მუხლების დარღვევის შემთხვევაში. 1999 წლის 20 მაისს საქართველომ კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, რითაც ამ კონვენციით გათვალისწინებული მუხლების დაცვის ვალდებულება იკისრა.