დაუბრუნდით თქვენს მამას
დაუბრუნდით თქვენს მამას
კორეაში გაჩაღებული სამოქალაქო ომის დამთავრებიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ კორეის მაუწყებლობამ ეთერში გაუშვა სპეციალური გადაცემა. მისი მიზანი ის იყო, რომ ოჯახის დაკარგულ წევრებს ერთმანეთი ეპოვათ. ამ გადაცემის წყალობით 11 000-ზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა თავ-თავიანთ ოჯახებს; ერთმანეთს მონატრებული ოჯახის წევრები სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდნენ და ერთმანეთს გულში იკრავდნენ. „კორეა ტაიმზი“ იუწყებოდა: „კორეელი ხალხის ისტორიას არ ახსოვს ერთდროულად დაღვრილი ამდენი სიხარულის ცრემლი“.
ბრაზილიელი სეზარი ჩვილი იყო, როცა მამამ ვალის სანაცვლოდ გააშვილა. დაახლოებით 10 წლის შემდეგ მან ნამდვილი დედა იპოვა. ის იმდენად გახარებული იყო, რომ დატოვა თავისი მდიდარი გამზრდელები და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად.
წარმოიდგინეთ, რა სიხარულს განიცდიან ოჯახის წევრები, როდესაც დიდი ხნის განშორების შემდეგ ერთმანეთს პოულობენ! ბიბლიაში აღწერილია, როგორ მოსწყდნენ ღვთის ოჯახს ადამიანები. ბიბლიაში აგრეთვე მოთხრობილია, როგორ უბრუნდებიან დღეს ღმერთს თავისი მიწიერი შვილები და რაოდენ დიდ სიხარულს განიცდიან. როგორ მოსწყდნენ ღვთის ოჯახს ადამიანები? რა არის საჭირო, რომ თქვენც განიცადოთ ის სიხარული, რაც ღვთის ოჯახში დაბრუნებას მოაქვს?
როგორ მოსწყდნენ ადამიანები ღვთის ოჯახს?
ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის შესახებ ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „შენთან არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). იეჰოვა გონიერი და ერთგული ქმნილებებისგან შემდგარი ერთი დიდი ოჯახის მამაა. ამ ოჯახის წევრები არიან ანგელოზები ანუ მისი სულიერი ძეები, და ადამიანები.
როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, ღვთის მიერ შექმნილი პირველი ადამიანი, ადამი, ღმერთს ეურჩა, რის შედეგადაც ადამიანთა მოდგმა მოსიყვარულე მამას, შემოქმედს ჩამოშორდა (ლუკა 3:38). ურჩობის გამოვლენით ადამმა როგორც საკუთარ თავს, ისე თავის შთამომავლობას ღვთის შვილებად ყოფნის შესაძლებლობა წაართვა. ღმერთმა თავისი მსახურის, მოსეს პირით თქვა, თუ რა მოჰყვა ადამის დაუმორჩილებლობას: „უკეთურად მოიქცნენ ისინი; არ არიან მისი [ღვთის] შვილები, ნაკლი აქვთ“. „ნაკლმა“ ანუ ცოდვამ ადამიანები ყოვლადწმიდა და სრულყოფილ ღმერთს ჩამოაშორა (კანონი 32:4, 5; ესაია 6:3). ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა უმამოდ დარჩა (ეფესოელები 2:12).
ბიბლია ღვთის ოჯახს მოწყვეტილ ადამიანებს მტრებს უწოდებს იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად დაშორდა კაცობრიობა ღმერთს (რომაელები 5:8, 10). ღმერთს ჩამოშორებული ადამიანები სასტიკი მმართველის, სატანის ხელში არიან. მათზე აგრეთვე ბატონობს ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა და არასრულყოფილება. ეს ყოველივე კი მათი ტანჯვის მიზეზია (რომაელები 5:12; 1 იოანე 5:19). რამდენად შესაძლებელია, რომ ცოდვილი და არასრულყოფილი ადამიანები ღვთის ოჯახს დაუბრუნდნენ და აღადგინონ ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ადამსა და ევას ჰქონდათ ღმერთთან შეცოდებამდე?
ოჯახს მოწყვეტილი შვილების შეკრება
იეჰოვამ იზრუნა იმ არასრულყოფილ ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ იგი (1 კორინთელები 2:9). მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით შეირიგა ქვეყნიერება, შეცოდებები არ ჩაუთვალა“ (2 კორინთელები 5:19). როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, იეჰოვა ღმერთმა ჩვენი ცოდვები იესო ქრისტეს სისხლით გამოისყიდა (მათე 20:28; იოანე 3:16). მადლიერმა იოანე მოციქულმა დაწერა: „ნახეთ, როგორი სიყვარული გამოავლინა მამამ ჩვენდამი, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ“ (1 იოანე 3:1). ამგვარად, ღვთის მორჩილ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, იეჰოვას ოჯახს დაბრუნებოდნენ.
ყველა, ვინც ღვთის ოჯახს დაუბრუნდება, შეიგრძნობს ღვთის მზრუნველობას და ერთად ყოფნით გაიხარებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს ადამიანები ორ ჯგუფად იკრიბებიან: „ამით გვამცნო თავისი ნების წმინდა საიდუმლო, რომელიც მოსაწონია მისთვის, და გადაწყვიტა, განეგო დანიშნული დროების გასრულებიდან, ანუ ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესოელები 1:9, 10). რატომ მიიღო ღმერთმა ასეთი გადაწყვეტილება?
იეჰოვა თავის შვილებს ორ ჯგუფად იმიტომ კრებს, რომ თავისი ოჯახის კეთილდღეობას შეუწყოს ხელი. ღვთის ოჯახი იმდენად დიდია, რომ შეიძლება შევადაროთ სახელმწიფოს. ნებისმიერ სახელმწიფოს ადამიანთა მცირე ჯგუფი მართავს, რათა ქვეყანაში არსებობდეს კანონი და წესრიგი. სრული მშვიდობის დამყარება, რასაკვირველია, ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, ღმერთმა თავისი ოჯახის კეთილდღეობისთვის შექმნა სრულყოფილი მთავრობა. ადამიანთა პირველ ჯგუფში, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, „რაც ზეცაშია“, შედიან ღვთის შვილები. იეჰოვა მათ ზეციერი მთავრობის, ანუ სამეფოს წარმომადგენლებად ირჩევს. ისინი ზეციდან იმეფებენ, როგორც „დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:10).
ღვთის მიწიერი შვილები
იეჰოვა აგრეთვე კრებს ყველაფერს, „რაც დედამიწაზეა“, ანუ მილიონობით ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა მის ოჯახს დაუბრუნდნენ. მოსიყვარულე მამამ მათ სიყვარული ასწავლა, რათა სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთ ოჯახად გაერთიანებულიყვნენ. წარმოიდგინეთ, რომ ‘ღმერთი თავისთან შესარიგებლად’ იწვევს მოძალადე, უზნეო, ეგოისტ და ურჩ ადამიანებს! (2 კორინთელები 5:20).
მაგრამ რა ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ, ღმერთს შეურიგდნენ და მის ოჯახს დაუბრუნდნენ? იეჰოვა თავის ოჯახში სიმშვიდისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად მკაცრად გაუსწორდება მათ. უღვთოებისთვის ღმერთს დანიშნული აქვს „გასამართლებისა და დაღუპვის დღე“ (2 პეტრე 3:7). ღმერთი მოაშორებს დედამიწას ურჩ ადამიანებს, რაც ღვთის მორჩილ ხალხს შვებას მოუტანს (ფსალმუნი 37:10, 11).
უღვთო ადამიანების განადგურების შემდეგ დედამიწაზე ათასი წლით მშვიდობა დაისადგურებს. ამ დროს ყველას, ვინც ღვთის სიყვარულს დააფასებს, თანდათანობით დაუბრუნდება სრულყოფილი სიცოცხლე, რაც ადამმა დაკარგა. მიცვალებულებიც კი აღდგებიან (იოანე 5:28, 29; გამოცხადება 20:6; 21:3, 4). ამგვარად, ღმერთი შეასრულებს თავის დანაპირებს: „თვით ქმნილებაც [ადამიანი] გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომაელები 8:21).
დაუახლოვდით თქვენს მამას
სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ სეზარსა და ათასობით კორეელს თავიანთი ოჯახის წევრები რომ ეპოვათ, უნდა ემოქმედათ. იმ კორეელებმა, რომლებსაც დაკარგული ჰყავდათ ნათესავები, ზემოხსენებულ სპეციალურ გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა, სეზარს კი თავისი გამზრდელების დატოვება მოუწია. თქვენც უნდა იმოქმედოთ, რათა შეურიგდეთ თქვენს ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთს და დაუბრუნდეთ მის ოჯახს. რა არის საჭირო ამისთვის?
თქვენს მამას, იეჰოვას რომ დაუახლოვდეთ, უნდა შეისწავლოთ მისი სიტყვა, ბიბლია, რათა განივითაროთ მისადმი ძლიერი რწმენა და მისი დაპირებები თქვენთვის რეალური გახდეს. თქვენ უნდა ისწავლოთ იეჰოვაზე მინდობა და გჯეროდეთ, რომ ღვთის მოთხოვნების დაცვა თქვენს კეთილდღეობას მოემსახურება. აგრეთვე უნდა მიიღოთ ღვთის შეგონებები და მის აღმზრდელობით ზომებს უნდა დაემორჩილოთ, რადგან ბიბლიაში ქრისტიანების საყურადღებოდ ნათქვამია: „ღმერთი შვილებივით გეპყრობათ, რადგან ის რა შვილია, რომლის აღზრდაზეც მამა არ ზრუნავს?“ (ებრაელები 12:7).
ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ბიბლიაში ნათქვამია: ‘განიახლეთ გონების აღმძვრელი ძალა და შეიმოსეთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით’ (ეფესოელები 4:23, 24). შემდეგ გაითვალისწინეთ პეტრე მოციქულის რჩევა: „როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით ისეთ სურვილებს, რომლებიც წინათ, უცოდინარობის დროს გქონდათ“ (1 პეტრე 1:14).
იპოვეთ თქვენი ნამდვილი ოჯახი!
სეზარის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ ღვიძლი და-ძმაც ჰყოლია. როდესაც ზეციერ მამას დაუახლოვდებით, თქვენც აღმოაჩენთ, რომ უამრავი და-ძმა გყოლიათ ქრისტიანულ კრებაში. ამ და-ძმებთან ურთიერთობის შედეგად შეიძლება უფრო მეტი სიახლოვე იგრძნოთ მათთან, ვიდრე დღეს საკუთარი ოჯახის წევრებთან გაქვთ (საქმეები 28:14, 15; ებრაელები 10:24, 25).
ასე რომ, თქვენც გეძლევათ შესაძლებლობა, დაუბრუნდეთ თქვენს ნამდვილ მამასა და და-ძმებს. თქვენ ისეთივე სიხარულს იგრძნობთ, როგორიც სეზარმა და ათასობით კორეელმა იგრძნეს თავიანთი ოჯახის დაკარგულ წევრებთან შეხვედრისას.
[სურათი 8 გვერდზე]
19 წლის სეზარი დედასთან ერთად
[სურათები 10 გვერდზე]
გადადგით ნაბიჯები ღმერთთან დასაახლოებლად