არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს სიკვდილს თქვენი ხსნა შეუძლია

იესოს სიკვდილს თქვენი ხსნა შეუძლია

იესოს სიკვდილს თქვენი ხსნა შეუძლია

დაახლოებით 2 000 წლის წინათ, ახ. წ. 33 წელს, პასექის დღესასწაულზე ერთმა უდანაშაულო ადამიანმა იმისათვის გაწირა თავი, რომ სხვებს ეცოცხლათ. ეს ადამიანი იესო ნაზარეთელი იყო. ვის მოუტანს სარგებლობას მისი კეთილშობილური საქმე? ერთ ბიბლიურ მუხლში იესოს გაღებული მსხვერპლის შესახებ ნათქვამია: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

ეს ბევრისთვის კარგად ნაცნობი მუხლია, მაგრამ მისი მნიშვნელობა ცოტას თუ ესმის. ბევრი შეიძლება დაინტერესდეს: „რისთვის იყო საჭირო ქრისტეს მსხვერპლი? როგორ უნდა იხსნას ერთმა ადამიანმა მთელი კაცობრიობა სიკვდილისგან?“ ამ კითხვებზე ბიბლია ნათელ და ამომწურავ პასუხებს იძლევა.

როგორ გაბატონდა სიკვდილი ადამიანებზე

ზოგს სწამს, რომ ღმერთმა ადამიანები იმ მიზნით შექმნა, რომ დედამიწაზე გარკვეულ ხანს ეცხოვრათ, განსაცდელებს შეხვედროდნენ, ცოტაოდენი ბედნიერებაც შეეგრძნოთ, შემდეგ კი მომკვდარიყვნენ და საიქიოში წასულიყვნენ. ამ შეხედულებიდან გამომდინარე, ისე ჩანს, თითქოს სიკვდილი ღვთის განზრახვაში შედიოდა. მაგრამ ღვთის სიტყვა ცხადყოფს, რომ ადამიანი სულ სხვა მიზეზით კვდება. ბიბლიაში წერია: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ ადამიანები ცოდვის შედეგად კვდებიან. მაგრამ ვინ არის ის „ერთი ადამიანი“, რომელმაც კაცობრიობას ცოდვის მომაკვდინებელი სენი შეჰყარა?

როგორც ენციკლოპედია „უორლდ ბუკშია“ აღნიშნული, მეცნიერთა უმეტესობას სჯერა, რომ ყველა ადამიანს ერთი წინაპარი ჰყავს; ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს წინაპარი არის „ერთი ადამიანი“. დაბადების 1:27-ში ვკითხულობთ: „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“. ბიბლია გვამცნობს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა თავისი დიდებული შემოქმედება უნიკალური ქმნილებების, ადამიანების შექმნით დააგვირგვინა.

„დაბადების“ პირველ თავებში მოთხრობილია, როგორ განვითარდა მოვლენები პირველი ადამიანის შექმნის შემდეგ. საგულისხმოა, რომ მთელ ამ კონტექსტში ღმერთმა მხოლოდ ერთხელ ახსენა სიკვდილი; მან ადამსა და ევას უთხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიხოცებოდნენ, თუ დაუმორჩილებლობას გამოავლენდნენ (დაბადება 2:16, 17). ღმერთს სურდა, რომ ადამიანებს ეცხოვრათ სამოთხეში დედამიწაზე და ყოველთვის ბედნიერები და ჯანმრთელები ყოფილიყვნენ. მას არ უნდოდა, რომ ისინი დაბერებულიყვნენ და მომკვდარიყვნენ. მაშ, როგორ გაბატონდა სიკვდილი ადამიანებზე?

„დაბადების“ მე-3 თავიდან ჩანს, რომ ადამი და ევა განზრახ ეურჩნენ იეჰოვა ღმერთს, რომელმაც მათ სიცოცხლე უბოძა. შედეგად ღმერთმა ის განაჩენი გამოუტანა, რომლის შესახებაც წინასწარ გააფრთხილა. იეჰოვამ უთხრა ადამს: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). როგორც ღმერთს ჰქონდა ნათქვამი, ეს ორი ურჩი ადამიანი სიკვდილს ვერ გაექცა.

მაგრამ ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის შედეგად სხვებიც დაზარალდნენ. მათმა შთამომავლებმა მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა დაკარგეს. იეჰოვა ადამისა და ევას ჯერარდაბადებულ შთამომავლობას გულისხმობდა, როცა მათ თავისი განზრახვა აუწყა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28). თუ ადამი და ევა ღმერთს დაემორჩილებოდნენ, მათი შთამომავლები დედამიწას აავსებდნენ, უსაზღვროდ ბედნიერები იქნებოდნენ და არ იგემებდნენ სიკვდილს. მაგრამ მათმა წინაპარმა, ადამმა — „ერთმა ადამიანმა“ — ისინი ცოდვის მონებად აქცია; ადამის შთამომავლები სიკვდილს ვერ გაექცეოდნენ. ადამის ერთ-ერთმა შთამომავალმა, მოციქულმა პავლემ დაწერა: „მე კი ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული“ (რომაელები 7:14).

როგორც ვანდალები აზიანებენ ხელოვნების ფასდაუდებელ ნიმუშებს, ისე ადამის ცოდვამ მიაყენა სერიოზული ზიანი ღვთის უნიკალურ ქმნილებას — ადამიანს. ადამს ეყოლა შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და ასე შემდეგ. ჩვენ, ადამიანები, ვიბადებით, ვიზრდებით, წარმოვშობთ შთამომავლობას და ბოლოს ვკვდებით. რატომ? იმიტომ, რომ ყველანი ადამის შთამომავლები ვართ. ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი ადამიანის შეცოდებით მრავალი მოკვდა“ (რომაელები 5:15). ავადმყოფობა, სიბერე, ბოროტებისკენ მიდრეკილება, მწუხარება და თვით სიკვდილი იმის შედეგია, რომ ადამმა საკუთარი ოჯახი გაწირა. ეს ოჯახი ჩვენ ვართ.

რომაელი ქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში პავლე მოციქული აღწერს არასრულყოფილი ადამიანების საცოდავ მდგომარეობას, რომლებიც ამაოდ ებრძვიან ცოდვას. ამ ადამიანებს შორის ის თავის თავსაც გულისხმობს. პავლე სინანულით ამბობს: „საწყალი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება?“. მართლაც საინტერესო კითხვაა! ვინ დაიხსნიდა პავლეს და სხვა ცოდვილ ადამიანებს, რომლებიც ნატრობდნენ ცოდვისა და სიკვდილისგან თავის დაღწევას? პავლე თავად გვცემს პასუხს: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომაელები 7:14—25). როგორც ვხედავთ, ჩვენმა შემოქმედმა იზრუნა იმაზე, რომ თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით დავეხსენით ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან.

იესოს როლი კაცობრიობის ხსნაში

იესომ აღნიშნა, თუ რა გააკეთა ცოდვისგან კაცობრიობის დასახსნელად. მან თქვა, რომ ‘კაცის ძე მოვიდა, რათა მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). რა გაგებით არის მისი სიცოცხლე გამოსასყიდი? და რა შემთხვევაში ექნება ჩვენთვის ფასი ამ გამოსასყიდს?

ბიბლიაში იესოზე წერია, რომ ის არის „უცოდველი“ და „ცოდვილებს ჩამოშორებული“. იესოს არასოდეს დაურღვევია ღვთის კანონი (ებრაელები 4:15; 7:26). ამიტომ, მას არ დაუმსახურებია სიკვდილი, რადგან ადამისგან განსხვავებით არც ცოდვილი იყო და არც ურჩი (ეზეკიელი 18:4). იესომ იმიტომ გაიღო სიცოცხლე, რომ მამის ნება შეესრულებინა და ადამიანები ცოდვისა და სიკვდილისგან ეხსნა. მან ნებაყოფლობით ‘მისცა თავისი სული გამოსასყიდად’, თავისი სურვილით ‘იგემა სიკვდილი ყველას გულისთვის’, რითაც შეუდარებელი სიყვარული გამოავლინა (ებრაელები 2:9).

იესოს მიერ გაღებული სიცოცხლე სრულყოფილი ადამის სიცოცხლის ტოლფასი იყო, რომელიც მან შეცოდების შემდეგ დაკარგა. რა მოხდა იესოს სიკვდილის შემდეგ? იეჰოვამ მიიღო იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი, როგორც „შესაბამისი გამოსასყიდი . . . ყველასთვის“ (1 ტიმოთე 2:6). ფაქტობრივად, იესოს სიცოცხლით ღმერთმა ყველა ადამიანი გამოისყიდა ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან.

ბიბლიაში არაერთხელ არის საუბარი შემოქმედის მიერ ამგვარად გამოვლენილი სიყვარულის შესახებ. მოციქული პავლე შეახსენებდა ქრისტიანებს, რომ ‘ფასით იყვნენ ნაყიდნი’ (1 კორინთელები 6:20; 7:23). პეტრემ დაწერა, რომ ღმერთმა ქრისტიანები სიკვდილისგან ოქროთი და ვერცხლით კი არ დაიხსნა, არამედ თავისი ძის სისხლით (1 პეტრე 1:18, 19). ღმერთმა ქრისტეს მსხვერპლით ერთხელ და სამუდამოდ იხსნა ადამიანები სიკვდილისგან.

თქვენც მიიღებთ სარგებლობას ქრისტეს გამოსასყიდიდან?

იოანე მოციქულმა ქრისტეს გამოსასყიდის შესახებ დაწერა: „ის [იესო ქრისტე] შერიგების მსხვერპლია ჩვენი ცოდვებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისთვის“ (1 იოანე 2:2). როგორც დავინახეთ, ქრისტემ მთელი კაცობრიობისთვის გაიღო გამოსასყიდი. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა ავტომატურად მიიღებს სარგებლობას ამ ფასდაუდებელი გამოსასყიდიდან? არა. გაიხსენეთ წინა სტატიიდან მეშახტეების მაგალითი. მაშველებმა მათ გადასარჩენად ამოთხრილ ორმოში კაბინა ჩაუშვეს, მაგრამ შევიდოდნენ თუ არა კაბინაში, ეს მეშახტეებზე იყო დამოკიდებული. მსგავსად ამისა, ვისაც უნდა, რომ ქრისტეს გამოსასყიდიდან სარგებლობა მიიღოს, გულხელდაკრეფილი არ უნდა ელოდოს ღვთისგან კურთხევას. ამისთვის მოქმედებაა საჭირო.

მაინც, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? იოანეს 3:36-ში ნათქვამია: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“. ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ქრისტეს გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ‘ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან ამით ვიგებთ, რომ შევიცანით იგი [იესო]’ (1 იოანე 2:3). ამგვარად, ცოდვასა და სიკვდილს თავი რომ დავაღწიოთ, უნდა გვწამდეს, რომ ქრისტეს გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს, და უნდა ვიცავდეთ იესოს მცნებებს.

იესოს გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ მადლიერების ნიშნად აღვნიშნოთ მისი სიკვდილის დღე, რომელიც თავად დააწესა. სიკვდილამდე იესომ თავის მოციქულებთან ერთად ვახშამი გამართა, რასაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. იესომ მათ უთხრა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). იეჰოვას მოწმეები ძალიან აფასებენ ღვთის ძესთან მეგობრობას და ასრულებენ ამ მითითებას. წელს, იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღინიშნება შაბათს, 22 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ. ჩვენ მთელი გულით გიწვევთ ამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე, რითაც ქრისტეს მითითებისადმი მორჩილების შესაძლებლობა მოგეცემათ. ამ შეხვედრის ზუსტი დრო და მისამართი შეგიძლიათ გაიგოთ თქვენ მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისგან. გახსენების საღამოზე მეტს გაიგებთ იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ ქრისტეს გამოსასყიდმა გაგათავისუფლოთ ადამის ცოდვის შედეგებისგან.

დღეს ცოტა თუ აფასებს იმ მსხვერპლს, რომელიც შემოქმედმა და მისმა ძემ გაიღეს ადამიანთა სახსნელად. ვისაც სწამს, რომ ქრისტეს გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს, განსაკუთრებულ ბედნიერებას გრძნობს. პეტრე მოციქულმა თანამორწმუნეების შესახებ დაწერა: „გწამთ [იესო] და ენით გამოუთქმელი, დიდი სიხარულით გიხარიათ, რადგან აღწევთ რწმენის საბოლოო მიზანს, თქვენი სულების ხსნას“ (1 პეტრე 1:8, 9). ასე რომ, თუ გეყვარებათ იესო ქრისტე და დარწმუნდებით, რომ მის გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს, დღესვე შეიგრძნობთ ბედნიერებას, მომავალში კი გათავისუფლდებით ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან.

[სურათი 6 გვერდზე]

იესომ საკუთარი სიცოცხლე ადამის ცოდვის შედეგების აღმოსაფხვრელად გაიღო

[სურათი 7 გვერდზე]

იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღინიშნება 2008 წლის 22 მარტს, შაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ