არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთს „სიმართლის ბილიკებით მივყავარ“

ღმერთს „სიმართლის ბილიკებით მივყავარ“

ღმერთს „სიმართლის ბილიკებით მივყავარ“

მოგვითხრო ოლგა კემპბელმა

„კარგი მაგალითი ზარივითაა, რომლის დარეკვასაც დაუყოვნებლივ მოჰყვება მოქმედება. შენ ზარი დარეკე, მე კი გამოგეხმაურე“. ამ სიტყვებს მწერდა ჩემი და ემილი, რომელიც სრული დროით მსახურების 60 წლისთავს მილოცავდა. ნება მიბოძეთ, გიამბოთ ჩემი ბავშვობისა და იმის შესახებ, თუ როგორ დავიწყე სრული დროით მსახურება.

დავიბადე 1927 წლის 19 იანვარს ფერმერების ოჯახში, ქალაქ უაკასთან ახლოს (სასკაჩევანი, დასავლეთ კანადის ცენტრალური ნაწილი). ჩემი მშობლები წარმოშობით უკრაინელები იყვნენ. რვა და-ძმას შორის მეშვიდე ვიყავი. მყავდა ტყუპისცალი ძმა, რომელსაც ბილი ერქვა. ბავშვობაში მამაჩემს, რომელიც ბევრს შრომობდა, სამეურნეო საქმეებში ვეხმარებოდი. ჩვენ პატარა სახლში ვცხოვრობდით. დედაჩემს რევმატოიდული ართრიტი ჰქონდა, მაგრამ ძლიერი ტკივილების მიუხედავად, კარგად გვივლიდა. ამ ავადმყოფობამ მას 37 წლის ასაკში მოუსწრაფა სიცოცხლე. მაშინ 4 წლის ვიყავი.

დედის სიკვდილიდან ექვსი თვის შემდეგ მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. მალე ჩვენს ოჯახში ურთიერთობა დაიძაბა. მეორე ცოლთან მამაჩემს კიდევ ხუთი ქალიშვილი შეეძინა. ვცდილობდი, დედინაცვალს კარგად მოვპყრობოდი, მაგრამ ჩემს უფროს ძმას, ჯონს ძალიან უჭირდა მასთან ურთიერთობა.

30-იანი წლების მიწურულს მე და ბილმა სკოლაში სიარული დავიწყეთ, რისი წყალობითაც ოჯახში აყალმაყალს ნაწილობრივ ვარიდებდით თავს. კარზე იყო მომდგარი მეორე მსოფლიო ომი და ყველგან პატრიოტული სულისკვეთება იგრძნობოდა. ჩვენმა მასწავლებელმა სკოლაში დროშისთვის სალმის მიცემის წესი შემოიღო. კლასში ერთი გოგონა დროშისთვის სალმის მიცემაზე უარს ამბობდა, რის გამოც კლასელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. თუმცა მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი გაბედულებით. ერთხელ ვკითხე, რატომ არ აძლევდა დროშას სალამს. მან მითხრა, რომ ბიბლიის მკვლევარი იყო, როგორც მაშინ იეჰოვას მოწმეებს ეძახდნენ, და მხოლოდ ღმერთს მიაგებდა დიდებას (გამოსვლა 20:2, 3; საქმეები 5:29).

ვტოვებ სახლს

1943 წელს გადავედი ქალაქ პრინს-ალბერტში. იქ მტვირთავად დავიწყე მუშაობა, უალკოჰოლო სასმელების ყუთებს ვეზიდებოდი. ვგრძნობდი, რომ სულიერი მოთხოვნილება მქონდა, ამიტომ ბიბლია შევიძინე. მისი გაგება ძალიან გამიჭირდა; იმედგაცრუებულმა ტირილიც კი დავიწყე. ბიბლიიდან მხოლოდ „მამაო ჩვენო“ ვიცოდი (მათე 6:9—13).

ერთ კვირა დღეს სახლის პატრონმა, რომელიც ეკლესიის მრევლი იყო, დიდი სიამაყით მითხრა, რომ ერთ ბიბლიის მქადაგებელს ხელი ჰკრა და სახლიდან გააგდო. გავიფიქრე, რა უხეშად მოექცა-მეთქი. რამდენიმე კვირის შემდეგ ავად გავხდი და ეკლესიაში ვერ წავედი. სწორედ იმ დღეს მოვიდა ის ბიბლიის მქადაგებელი. საუბრისას მან მკითხა, ვლოცულობდი თუ არა. მე ვუთხარი, რომ „მამაო ჩვენოს“ ვლოცულობდი.

როცა ამ ლოცვის სიტყვების მნიშვნელობას მიხსნიდა, გაფაციცებით ვუსმენდი. ის დამპირდა, რომ მომდევნო ოთხშაბათს აუცილებლად მოვიდოდა.

სახლის პატრონი რომ დაბრუნდა, გახარებულმა მოვუყევი ბიბლიის მქადაგებლის, იეჰოვას მოწმის შესახებ. ეს რომ გაიგო, დამემუქრა, კიდევ თუ მოვა, ორივეს კინწისკვრით გაგყრითო.

მაშინვე დავიწყე სამეზობლოში იმ ქალის ძებნა, რომელიც, როგორც გავიგე, გვარად რამპელი ყოფილა. როცა ვიპოვე, ავუხსენი ჩემი პრობლემა და ვთხოვე, ყველაფერი მოეყოლა ბიბლიის შესახებ. იმდენ რამეზე მელაპარაკა, რომ მეგონა, „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“ ყველაფერი მიამბო. მან ჩვენი დრო ნოეს დროს შეადარა, როდესაც ღმერთმა ბოროტები გაანადგურა, ნოე და მისი ოჯახი კი გადაარჩინა (მათე 24:37—39; 2 პეტრე 2:5; 3:5—7, 12).

დიდი ხნის საუბრის შემდეგ ქალბატონმა რამპელმა მითხრა: „როგორც ვხედავ, გჯერა, რომ რასაც ბიბლია ასწავლის, ჭეშმარიტებაა. ორ კვირაში იეჰოვას მოწმეთა კონგრესი გაიმართება და უნდა მოინათლო“. იმ ღამით საერთოდ არ მიძინია; ჩვენს საუბარზე ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ ნათლობა სერიოზული ნაბიჯი იყო, მაგრამ ძალიან მინდოდა ღვთის მსახური გავმხდარიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია კარგად არ ვიცოდი, 1943 წლის 15 ოქტომბერს მოვინათლე; მაშინ 16 წლის ვიყავი.

გადავდივარ აღმოსავლეთ კანადაში

ნოემბერში ჩემმა ძმამ, ფრედმა, რომელიც ტორონტოში (აღმოსავლეთი კანადა) ცხოვრობს, თავის სამსართულიან სახლში დამლაგებლად მუშაობა შემომთავაზა. დავთანხმდი, რადგან იმედი მქონდა, რომ თაყვანისმცემლობისთვის იქ მეტი თავისუფლება მექნებოდა. გამგზავრებამდე ჩემს დას შევუარე, რომელიც ჩემგან არც ისე შორს ცხოვრობდა. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როცა გავიგე, რომ ის და დორისი იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდნენ. მან მირჩია, მეც შემესწავლა ბიბლია. მე კი ვუთხარი, რომ უკვე მონათლული მოწმე ვიყავი.

მე და ჩემი უმცროსი და ემილი ტორონტოში მატარებლით გავემგზავრეთ. სადგურზე ბილი დაგვხვდა და სახლში მიგვიყვანა. იმავე სახლში ცხოვრობდნენ ფრედი და ჯონი. ფრედს ვკითხე, კიდევ ვინ ცხოვრობდა იმ სახლში. მან მიპასუხა: „რომ გითხრა, ვერ დაიჯერებ. გახსოვს, ალექს რიდი, ჩვენი მშობლიური ქალაქიდან?! ის ახლა ჩვენს თავზე ცხოვრობს; ამ გადარეულს ბიბლიის მკვლევარებთან აქვს ურთიერობა“. ეს რომ გავიგე, სიხარულისგან გული ამიფანცქალდა.

ფეხაკრეფით ავედი ალექსისთან და იმავე საღამოს დავგეგმეთ კრების შეხვედრაზე წასვლა. მინდოდა, რაც შეიძლება მალე წავსულიყავი კრებაზე, რათა ჩემს ძმებს ჩემი გადარწმუნების დრო არ ჰქონოდათ. იქ პირველად გავედი საქადაგებლად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არავის შეუსწავლებია ბიბლია. განსაკუთრებით უკრაინელებთან ქადაგება მსიამოვნებდა. უკრაინული ბავშვობაში მქონდა ნასწავლი.

ბილს ოთახში ვუტოვებდი ხოლმე „საგუშაგო კოშკს“, რომელსაც სიამოვნებით კითხულობდა. როცა ბილი საცხოვრებლად ბრიტანეთის კოლუმბიაში (დასავლეთი კანადა) გადავიდა, „საგუშაგო კოშკი“ გამოვუწერე. ბილმა, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაძუნწი იყო, ათგვერდიანი სამადლობელი წერილი გამომიგზავნა. გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვას მიუძღვნა თავი და მოგვიანებით ქრისტიანი ზედამხედველი გახდა. მიხარია, რომ ჩემი დედმამიშვილებიდან ხუთნი — ბილი, ენი, ფრედი, დორისი და ემილი — იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან.

1945 წლის 22 მაისს კანადის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობაზე აკრძალვა * გააუქმა. აკრძალვის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც ეს განცხადება გაკეთდა. მე და ჩემმა მეგობარმა ჯუდი ლუკასმა სრული დროით მსახურება კვებეკის აღმოსავლეთ ნაწილში გადავწყვიტეთ, სადაც ფრანგულად ლაპარაკობენ. ჩემმა დებმა, დორისმა და ემილიმ ჩვენი გეგმების შესახებ რომ შეიტყვეს, თვითონ ვანკუვერში (ბრიტანეთის კოლუმბია), ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში გადაწყვიტეს პიონერებად მსახურება.

რელიგიური შეუწყნარებლობა კვებეკში

კვებეკში ბევრ სიახლეს შევხვდი. მოწმეები ქადაგების გამო სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ *. მიუხედავად ამისა, სიხარულს არ ვკარგავდით. ჩვენ ვავრცელებდით ტრაქტატს „ღვთის, ქრისტესა და თავისუფლების მიმართ კვებეკელთა სიძულვილი მთელ კანადას არცხვენს“. ეს ტრაქტატი დაუფარავად ამხელდა რელიგიურ შეუწყნარებლობას მოწმეების წინაამღდეგ.

თექვსმეტი დღის განმავლობაში ღამის ორ საათზე გავდიოდით სახლიდან და ტრაქტატებს ფრთხილად შევაცურებდით ხოლმე კარის ქვეშ. ერთ-ერთ სახლთან პოლიიციის ხმა მოგვესმა, რომელიც ჩვენ დასაპატიმრებლად მოდიოდა. ვიწრო ქუჩისკენ გავიქეცით და მივიმალეთ. მეორე დღეს ქუჩაში ისევ ვავრცელებდით „საგუშაგო კოშკს“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. მომდევნო თვეების განმავლობაში იმდენჯერ დაგვიჭირეს, რომ სათვალავი აგვერია. ვინაიდან დაპატიმრების საშიშროება არსებობდა, ყოველთვის თან მქონდა კბილის ჯაგრისი და წარბის ფანქარი.

1946 წლის ნოემბერში ბრუკლინიდან (ნიუ-იორკი) ჩამოვიდა ნეითან ნორი, რომელიც მაშინ იეჰოვას მოწმეების საქმიანობას უძღვებოდა მთელ მსოფლიოში. მან კვებეკიდან 64 პიონერი მიგვიწვია „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-9 კლასში სასწავლებლად, რომელიც მაშინ საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი) მდებარეობდა. „გალაადში“ ბიბლიის სწავლების ხუთთვიანი ინტენსიური კურსი გავიარეთ. 1947 წლის აგვისტოში სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ კვებეკის ქალაქებში გაგვგზავნეს კრებების ჩამოსაყალიბებლად.

მსახურებას კურთხევები მოაქვს

ოთხი ახალგაზრდა და ქალაქ შერბრუკში გაგვგზავნეს. ინტენსიურად შევუდექით ფრანგულის სწავლას. სანამ სამქადაგებლო უბნამდე მივიდოდით ან იქიდან დავბრუნდებოდით, გზაში ზმნებს ვაუღლებდით. ზოგჯერ ფული არ გვქონდა, რომ გვესადილა, სახლში მივდიოდით და ვმეცადინეობდით. ჩემმა თანამსახურმა, კეი ლინდჰორსტმა საფუძვლიანად იცოდა გრამატიკა. ფრანგული ენის გრამატიკა კარგად რომ გამეგო, ჯერ ინგლისური ენის გრამატიკა მასწავლა.

პიონერად მსახურების საუკეთესო წლები ქალაქ ვიქტორიავილში გავატარე, სადაც დაახლოებით 15 000 მოსახლე იყო. ინგლისურად იქ თითქმის არავინ ლაპარაკობდა, რაც ფრანგულის გასაუმჯობესებლად საუკეთესო გარემოს ქმნიდა. პირველ კვირას მსახურებამ დიდი სიხარული მოგვიტანა. ხალხი ყველგან იღებდა ლიტერატურას. მაგრამ, როდესაც მათთან განმეორებით მივდიოდით, ყველა კარი დაკეტილი გვხვდებოდა, ხოლო შტორები — ჩამოწეული. ვფიქრობდი, ნეტავ რა ხდება-მეთქი?!

მღვდელს ხალხი გაეფრთხილებინა, რომ ჩვენთვის არ მოესმინათ. კარდაკარ რომ ვქადაგებდით, ბავშვები შორიდან ქვებსა და თოვლის გუნდებს გვესროდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრი ისმენდა სასიხარულო ცნობას. თავიდან მხოლოდ შებინდების შემდეგ გვიშვებდნენ სახლში. და რაც მეტ ცოდნას იღებდნენ ბიბლიიდან, მით უფრო თამამად აგრძელებდნენ ბიბლიის შესწავლას, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები უკმაყოფილოები იყვნენ.

50-იან წლებში მე და ჩემი დები უაკაში ჩავედით. კრების ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვყევით სამქადაგებლო მსახურების შემთხვევებს. კრების თავმჯდომარე მსახურმა გვითხრა: „როგორ გაიხარებს დედათქვენი, როცა აღდგება და გაიგებს, რომ მისი შვილები იეჰოვას მოწმეები გახდნენ“. შემდეგ გვითხრა, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დედამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ეს რომ გავიგეთ, თვალებზე ცრემლი მოგვადგა. კიდევ რომ ეცოცხლა, უთუოდ გაგვიზიარებდა ჭეშმარიტებას ბიბლიიდან.

ქმართან ერთად მსახურება

1956 წელს გავიცანი მერტონ კემპბელი, იეჰოვას მოწმე, რომელიც ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვის გამო მეორე მსოფლიო ომის დროს 2 წელიწადზე მეტი ხანი იყო დაპატიმრებული. მერტონი ბრუკლინში, იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში 10 წელი მსახურობდა. ის მოწიფული ქრისტიანი იყო. მივხვდი, რომ კარგი მეუღლე იქნებოდა. რამდენიმე თვე ერთმანეთთან მიმოწერა გვქონდა. ერთმანეთისადმი პატივისცემა მალე სიყვარულში გადაიზარდა.

მე და მერტონი 1960 წლის 24 სექტემბერს დავქორწინდით. ბედნიერი ვარ, რომ 47 წელი ასეთ სულიერად მოწიფულ ადამიანთან ვცხოვრობ. მერტონი 58 წელი მუშაობდა სამსახურებრივ განყოფილებაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების კრებებს უწევს ხელმძღვანელობას. მე კი სტუმრების ოთახებს ვალამაზებდი, ხოლო შემდეგ დამევალა ნიუ-იორკის დიდი საკონგრესო დარბაზების დეკორაცია. ამ საქმეს 30 წელი ვაკეთებდი. 1995 წელს მე და მერტონი გადაგვიყვანეს პატერსონში, „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთით 110 კილომეტრით არის დაშორებული.

სახლიდან რომ წამოვედი, 12 წლის ვიყავი. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მე და ჩემი და-ძმები დიდი სულიერი ოჯახის წევრები გავხდებოდით. მოუთმენლად ველი ღვთის ახალ ქვეყნიერებას, როდესაც დედას შევხვდებით და ყველაფერს მოვუყვებით, განსაკუთრებით კი იმას, თუ როგორ ზრუნავდა იეჰოვა ღმერთი მისი შვილების სულიერ კეთილდღეობაზე. ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვას „სიმართლის ბილიკებით მივყავართ“ (ფსალმუნი 23:3).

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 ნეიტრალიტეტის დაცვის გამო კანადის მთავრობამ 1940 წლის 4 ივლისს აკრძალა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა.

^ აბზ. 21 კვებეკში რელიგიური შეუწყნარებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2000 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 20—23.

[სურათები 27 გვერდზე]

ჩემი მშობლები და ჩემი სახლი, რომელშიც შვიდ და-ძმასთან ერთად ვცხოვრობდი

[სურათი 29 გვერდზე]

ჩემს თანამსახურებთან ერთად ოტავაში, 1952 წელი

[სურათი 29 გვერდზე]

ჩემს და-ძმებთან ერთად: (მარცხნიდან მარჯვნივ) ენი, მერი, ფრედი, დორისი, ჯონი, მე, ბილი და ემილი

[სურათი 29 გვერდზე]

მე და მერტონი