არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არმაგედონი ღვთის ომი, რომელიც აღმოფხვრის ყველა ომს

არმაგედონი ღვთის ომი, რომელიც აღმოფხვრის ყველა ომს

არმაგედონი ღვთის ომი, რომელიც აღმოფხვრის ყველა ომს

«ეს ადამიანები კაცის კვლას საშინელებად მიიჩნევენ. მათთვის ომი წარმოუდგენელი რამ არის, ის სისაძაგლეა; ამიტომ მათ ენაზე სიტყვა „ომი“ არ არსებობს». (ასე აღწერა 1888 წელს გრენლანდიაში მცხოვრები ინუიტები ნორვეგიელმა მკვლევარმა ფრიტიოფ ნანსენმა).

ვინ არ ისურვებდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას, რომელშიც ომი „წარმოუდგენელი რამ არის და სისაძაგლეა“? ვის არ უნდა, იცხოვროს იქ, სადაც არასდროს ყოფილა ომი და, ამიტომ, არც სიტყვა „ომი“ არსებობს? დაუჯერებელია ასეთი მსოფლიოს არსებობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანებზე ვამყარებთ იმედს.

ესაიას წინასწარმეტყველებაში თავად ღმერთი გვპირდება, რომ დადგება დრო, როცა დედამიწაზე ასეთი რამ შესაძლებელი იქნება: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:4).

ცხადია, ამ დანაპირების შესასრულებლად საჭიროა რადიკალურად შეიცვალოს დღევანდელი მსოფლიო, რომელსაც 20 მილიონი მებრძოლი ჯარისკაცი ჰყავს და, სადაც დაახლოებით 20 ომი მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა ჩაერევა ხალხთა საქმეებში და საბოლოოდ თავის განაჩენს არმაგედონში აღასრულებს (გამოცხადება 16:14, 16).

სიტყვა „არმაგედონი“ ბოლო წლებში მსოფლიო ბირთვული კატასტროფის მნიშვნელობით გამოიყენება, მაგრამ ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა არის: „კეთილი და ბოროტი ძალების დიდი და საბოლოო დაპირისპირების ადგილი“. სძლევს ოდესმე სიკეთე ბოროტებას თუ ასეთი ომი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია?

შეგვიძლია იმით ვინუგეშოთ, რომ ბიბლია არაერთხელ მოიხსენიებს ბოროტების აღსასრულს. „ცოდვილებს ბოლო მოეღებათ დედამიწაზე, — წინასწარმეტყველებს ფსალმუნმომღერალი. — აღარ იარსებებენ ბოროტები“ (ფსალმუნი 104:35). «მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, — ნათქვამია წიგნში „იგავები“, — ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან» (იგავები 2:21, 22).

ბიბლიაში ისიც ნათლად არის აღნიშნული, რომ ბოროტები თავიანთი ნებით არ დათმობენ ძალაუფლებას; ამიტომ საჭიროა ღმერთმა გადამწყვეტი ზომები მიიღოს ყოველგვარი ბოროტების, და მათ შორის ომის, აღმოსაფხვრელად (ფსალმუნი 2:2). არმაგედონი, ანუ სახელი, რომელსაც ბიბლია ამ უნიკალურ დაპირისპირებას უწოდებს, ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს.

ძველად მეგიდოს მახლობლად გამართული ომები

სიტყვა „არმაგედონი“ ნიშნავს „მეგიდოს მთას“. ძველი ქალაქი მეგიდო და მასთან მდებარე იზრეელის ველი, მრავალი გადამწყვეტი ომის მომსწრეა. „კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მეგიდოსა და იზრეელის ველზე არაერთი ისეთი ომი გამართულა, რომელთაც ცივილიზაციების ბედი გადაუწყვეტიათ“, — წერს ისტორიკოსი ერიკ კლაინი თავის წიგნში „არმაგედონის ომები“.

როგორც კლაინი აღნიშნავს, მეგიდოს მახლობლად გამართულ ომებს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მონღოლთა ურდოებმა, რომლებმაც XIII საუკუნეში აზიის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს, ამ ველზე განიცადეს პირველი მარცხი. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა გენერალ ედმუნდ ალენბის მეთაურობით მეგიდოდან არც ისე შორს თურქები დაამარცხეს. ერთმა ისტორიკოსმა ალენბის ამ გამარჯვებას „ისტორიაში ყველაზე სწრაფი და ყველაზე გადამწვეტი ომი“ უწოდა.

ბიბლიაში აღწერილი გადამწყვეტი ომებიც მეგიდოსთან ახლოს იმართებოდა. მსაჯულმა ბარაკმა იქ დაამარცხა ქანაანის ჯარი სისერას მეთაურობით (მსაჯულები 4:14—16; 5:19—21). გედეონმაც თავისი 300 კაციანი რაზმით მეგიდოს მახლობლად დაამარცხა მიდიანელების მრავალრიცხოვანი ჯარი (მსაჯულები 7:19—22). მეფე საული და მისი ძე იონათანი გილბოას მთის მახლობლად დაიღუპნენ, როცა ფილისტიმელების ჯარმა ისრაელები დაამარცხა (1 სამუელი 31:1—7).

სტრატეგიული მდებარეობის გამო მეგიდოსა და მის მახლობლად მდებარე ველზე უკანასკნელი 4 000 წლის განმავლობაში მრავალი ომი გამართულა. ერთი ისტორიკოსის სიტყვების თანახმად, ამ ომების რიცხვი 34-ს ითვლის!

მეგიდოს ისტორია და მისი სტრატეგიული მდებარეობა, ეჭვგარეშეა, სიტყვა „არმაგედონის“ სიმბოლურ მნიშვნელობას უკავშირდება; თუმცა ბიბლიაში ეს სიტყვა მხოლოდ ერთხელ გვხვდება და ისიც „გამოცხადებაში“. კონტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ არმაგედონი დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს შეეხება.

ბიბლიის თანახმად, რა არის არმაგედონი?

მეგიდოს მახლობლად გამართულ მრავალ ომს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ბოროტება არც ერთ მათგანს არ მოუსპია. ფაქტობრივად, არც ერთი მათგანი არ ყოფილა, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, სიკეთესა და ბოროტებას, ანუ კარგსა და ცუდს, შორის ბრძოლა. ლოგიკურია, რომ ამგვარი ბრძოლა ღვთისგან უნდა იყოს. როგორც ერთხელ იესომ თქვა: „არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (ლუკა 18:19). უფრო მეტიც, ბიბლია არმაგედონს პირდაპირ უწოდებს ღვთის ომს.

ბიბლიაში, კერძოდ კი „გამოცხადებაში“, ნათქვამია, რომ „მთელი მსოფლიოს მეფეები“ საომრად შეიკრიბებოდნენ „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხადება 16:14). შემდეგ წინასწარმეტყველებაში წერია: „შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი * ჰქვია“ (გამოცხადება 16:16). „გამოცხადების“ ბოლო თავებიდან ერთ-ერთში აღნიშნულია, რომ „დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები . . . ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად“ შეიკრიბებოდნენ (გამოცხადება 19:19). ცხენზე ამხედრებული სხვა არავინაა, თუ არა იესო ქრისტე (1 ტიმოთე 6:14, 15; გამოცხადება 19:11, 12, 16).

რა დასკვნამდე მივდივართ ამ მუხლების საფუძველზე? არმაგედონი ღმერთსა და ურჩ კაცობრიობას შორის ომია. რატომ იბრძოლებენ იეჰოვა და მისი ძე იესო ქრისტე ამ ომში? იმიტომ, რომ მოსპონ „დედამიწის მომსპობნი“ (გამოცხადება 11:18). და იმიტომაც, რომ ამ ომის შემდეგ იარსებებს მშვიდობიანი მსოფლიო, „ახალი დედამიწა, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ და რომელსაც ღვთის დაპირებისამებრ ველით (2 პეტრე 3:13).

რატომ უნდა მოხდეს არმაგედონი?

ხომ არ გიძნელდებათ იმის წარმოდგენა, რომ იეჰოვა, „სიყვარულის . . . ღმერთი“ თავის ძეს, „მშვიდობის მთავარს“, აგზავნის ომში საბრძოლველად? (2 კორინთელები 13:11; ესაია 9:6). ამის წარმოდგენაში მათი მოტივის ცოდნა დაგეხმარებათ. წიგნი „ფსალმუნები“ იესოს ამხედრებულ მებრძოლად წარმოგვიდგენს. რატომ იბრძვის იესო? ფსალმუნმომღერალი გვიხსნის, რომ ქრისტე „თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის“ არის ამხედრებული, და იმიტომ იბრძვის, რომ უყვარს სიმართლე და სძულს ბოროტება (ფსალმუნი 45:4, 7).

ბიბლია იმასაც აღწერს, რა დამოკიდებულება აქვს დღეს იეჰოვას მსოფლიოში არსებული უსამართლობის მიმართ. წინასწარმეტყველი ესაია წერს: „დაინახა იეჰოვამ, და ბოროტება იყო მის თვალში სამართლის არარსებობა. ჯავშანივით ჩაიცვა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიფარა. შურისძიების სამოსით შეიმოსა და მოსასხამივით მოისხა მოშურნეობა“ (ესაია 59:15, 17).

სანამ ბოროტი ადამიანები ძალაუფლებას ფლობენ, მართლები ვერ გაიხარებენ მშვიდობითა და უსაფრთხოებით (იგავები 29:2; ეკლესიასტე 8:9). ბოროტებს ჩვენ ვერ მოვაშლევინებთ უზნეობასა და ბოროტმოქმედებას. ამიტომ მარადიული მშვიდობისა და სამართლიანობისთვის საფასურის გადახდაა საჭირო — ბოროტები უნდა განადგურდნენ. „ბოროტი მართლის გამოსასყიდია“, — წერდა სოლომონი (იგავები 21:18).

ვინაიდან მოსამართლე ღმერთია, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბოროტების წინააღმდეგ გამოტანილი მისი ნებისმიერი განაჩენი სამართლიანი იქნება. „განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“ — იკითხა აბრაამმა. იეჰოვას პასუხიდან აბრაამმა დაინახა, რომ იეჰოვა ყოველთვის მართალია! (დაბადება 18:25). გარდა ამისა, ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვას არ სიამოვნებს ბოროტთა განადგურება, რასაც ღმერთი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გააკეთებს (ეზეკიელი 18:32; 2 პეტრე 3:9).

არმაგედონი რეალური ომია

ვის მხარეს ვიქნებით ამ გადამწყვეტ ომში? უმრავლესობა დაუფიქრებლად ვუპასუხებდით: ჩვენ სიკეთის მხარეს ვართ. მაგრამ რის გაკეთება გვმართებს, მართლა სიკეთის მხარეს რომ ვიყოთ? „ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება“, — მოგვიწოდებს წინასწარმეტყველი სოფონია (სოფონია 2:3). მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად, ღვთის ნებაა, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4).

გადარჩენისკენ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად აუცილებელია იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტების სწავლა და იმის გაგება, რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწაზე ბოროტების მოსასპობად. მეორე ნაბიჯი სიმართლის ძიებაა, რომელსაც ღვთის კეთილგანწყობა და მისგან დაცვა მოჰყვება.

თუ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, შიშით აღარ ველოდებით არმაგედონს, რომელიც ნამდვილად მოსპობს ყოველგვარ ომს ადამიანთა შორის. არმაგედონის შემდეგ დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ომი წარმოუდგენელი რამ იქნება, ის სისაძაგლე იქნება მათთვის. მაშინ აღარავინ „ისწავლის ომს“ (ესაია 2:4).

[სქოლიო]

^ აბზ. 17 არმაგედონი პირდაპირი გაგებით ადგილია თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ 31-ე გვერდზე მოცემულ რუბრიკაში „მკითხველები გვეკითხებიან“.

[ჩანართი 5 გვერდზე]

არმაგედონი ხალხთა საქმეებში ღვთის ჩარევაა

[სურათი 6 გვერდზე]

მეგიდო

[სურათი 6 გვერდზე]

გედეონმა და მისმა რაზმმა მეგიდოს მახლობლად გადამწყვეტ ომში გამარჯვება მოიპოვეს

[სურათი 6, 7 გვერდებზე]

არმაგედონის შემდეგ დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ომი წარმოუდგენელი რამ იქნება, ის სისაძაგლე იქნება მათთვის

[სურათი 8 გვერდზე]

იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ცოდნის მიღება ხსნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია