არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ომი, რომელიც აღმოფხვრის ყველა ომს“

„ომი, რომელიც აღმოფხვრის ყველა ომს“

„ომი, რომელიც აღმოფხვრის ყველა ომს“

„გპირდებით, რომ ეს ბოლო ომი იქნება — ომი, რომელიც აღმოფხვრის ყველა ომს“. (ვუდრო უილსონი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, 1913—1921).

ასეთი ოპტიმისტური განწყობა ჰქონდა დაახლოებით 90 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისას, მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთ პოლიტიკურ მოღვაწეს. ეს ომი იმდენად საშინელი იყო, რომ გამარჯვებულებს უნდოდათ, და აუცილებელიც იყო, დაეჯერებინათ, რომ გაღებული უზარმაზარი მსხვერპლი ხანგრძლივ სარგებლობას მოუტანდათ. მაგრამ ადამიანთა ომები იშვიათად ჭრის პრობლემებს, ხოლო ომის ღრმად ფესვგადგმული პრობლემის მოსპობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

პრეზიდენტ უილსონის ამ ნაჩქარევი დაპირებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომმა იფეთქა. მას ბევრად მეტი სიკვდილი და ნგრევა მოჰყვა, ვიდრე პირველ მსოფლიო ომს. ორი ათწლეულის განმავლობაში ტექნიკურმა პროგრესმა ადამიანებს მასობრივი ჟლეტის მეტი შესაძლებლობა მისცა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს კი მსოფლიო ლიდერებს ესმოდათ, რომ ომის გაჩაღების საშიშროება მაშინ მეტი იყო, ვიდრე ოდესმე.

1945 წელს ამერიკელმა გენერალმა დუგლას მაკარტურმა განაცხადა: „ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო. თუ უკეთეს და სამართლიან სისტემებს არ შევქმნით, არმაგედონი დაგვატყდება თავს“.

გენერალ მაკარტურმა იცოდა, რა მოჰყვა მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში ნაგასაკსა და ჰიროსიმაში ატომური ბომბების ჩამოგდებას. იაპონიის ამ ორი ქალაქის საშინელმა განადგურებამ გენერალს სიტყვა „არმაგედონის“ ახალი მნიშვნელობით გამოყენების საფუძველი მისცა; და ეს იყო ტოტალური ბირთვული კატასტროფა, რასაც შეიძლებოდა ჩვენს პლანეტაზე ყველაფერი გაენადგურებინა.

ბირთვული კატასტროფის მოლოდინი დღემდე მოსვენებას უკარგავს კაცობრიობას. მეოცე საუკუნის დაახლოებით 60-იანი წლებისთვის მსოფლიო მმართველებმა შეიმუშავეს სტრატეგია „ორივე მხრიდან გარანტირებული განადგურების“ შესახებ. მათი მიზანი იყო, ჰქონოდათ საკმარისი რაკეტები და გასასროლი სისტემები, რომლებიც უეჭველად გაანადგურებდა მტრის მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის 25 პროცენტს და სამრეწველო ობიექტების 50 პროცენტს, იმის მიუხედავად, რომელი მხარე დაიწყებდა ომს. მშვიდობის შესანარჩუნებლად შემუშავებულმა ამ სტრატეგიამ ძალიან ცოტა თუ ანუგეშა.

დღეს ბირთვული იარაღის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, ერებს შორის ომები გრძელდება, რაც უამრავი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. კაცობრიობას დღემდე აშინებს ბირთვული კატასტროფის მოლოდინი. ადამიანები დიდი ხანია, ომის გარეშე ცხოვრებას ესწრაფვიან, მაგრამ ცოტას თუ სჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევა ომით ან სხვა რომელიმე სტრატეგიით არის შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, ბიბლია აღგვიწერს უნიკალურ ომს, რომელიც ყველა ომს მოუღებს ბოლოს. ბიბლია ამ ომს „არმაგედონს“ უწოდებს; ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელსაც ხალხი ხშირად ბირთვულ კატასტროფას უკავშირებს. როგორ მოუღებს ბოლოს არმაგედონი ომს? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]

NASA/​The Visible Earth (http://​visibleearth.nasa.gov/)

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

DTRA Photo

[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

Nagasaki, Japan, 1945: USAF photo