არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა კავშირი აქვს ლიდიის ძველ სამეფოს დღევანდელობასთან?

რა კავშირი აქვს ლიდიის ძველ სამეფოს დღევანდელობასთან?

რა კავშირი აქვს ლიდიის ძველ სამეფოს დღევანდელობასთან?

შეიძლება არასდროს გსმენიათ ლიდიის ძველი სამეფოს შესახებ. ალბათ, გაგაოცებთ იმის გაგება, რომ ლიდიელების აღმოჩენამ მსოფლიო სავაჭრო საქმიანობა შეცვალა. ბიბლიის მკითხველებს ისიც გააოცებთ, რომ ლიდიელთა ეს აღმოჩენა ნათელს ჰფენს ბიბლიურ წინასწარმეტყველებას, რომელიც მრავალს საგონებელში აგდებს. რა აღმოაჩინეს მათ ასეთი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე კარგი იქნებოდა მოკლედ გავცნობოდით ამ თითქმის მივიწყებული იმპერიის ისტორიას.

ლიდიელი მეფეები სახელმწიფოს მაშინდელი მცირე აზიის (დღევანდელი თურქეთის) დასავლეთ ნაწილში მდებარე თავიანთი დედაქალაქიდან, სარდისიდან, მართავდნენ. ლიდიის უკანასკნელმა მეფემ კრეზუსმა ზღაპრული სიმდიდრე დააგროვა, მაგრამ დაახლოებით ძვ. წ. 546 წელს ის დამარცხდა კიროს დიდთან და მისი იმპერია სპარსეთმა შეიერთა; ეს ის კიროსია, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ ბაბილონის იმპერია დაამარცხა.

ამბობენ, რომ ლიდიელებმა პირველებმა მოჭრეს და გამოიყენეს მონეტები. ოქრო და ვერცხლი დიდი ხანია, რაც ფულის დანიშნულებას ასრულებდა, მაგრამ ოქროს ზოდებისა და რგოლების სხვადასხვა მასის გამო რაღაცის ყიდვისას ხალხს ყოველთვის უწევდა მათი აწონვა. მაგალითად, ისრაელში ღვთის წინასწარმეტყველმა იერემიამ იყიდა მიწა და ამის შესახებ დაწერა: „მივუწონე ფული — შვიდი შეკელი და ათი ვერცხლი“ (იერემია 32:9).

ლიდიაში იერემიას თანამედროვეებმა ვაჭრობის გასამარტივებლად განსაზღვრული წონის მონეტების გამოყენება დაიწყეს; წონის უტყუარობის გარანტიას თითოეულ მონეტაზე გაკეთებული სახელმწიფო შტამპი იძლეოდა. ლიდიის პირველი მონეტები ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივი შენადნობისგან იყო დამზადებული; ამ შენადნობს ელექტრუმი ეწოდებოდა. როდესაც კრეზუსი გამეფდა, მან შენადნობი თითქმის წმინდა ვერცხლისა და ოქროს მონეტებით შეცვალა. ლიდიელებმა შემოიღეს მონეტებისთვის ორი მეტალის გამოყენების სისტემა, სადაც 12 ვერცხლის მონეტა 1 ოქროს მონეტის ტოლფასი იყო. მაგრამ შეიქმნა იმის საშიშროება, რომ ვიღაცას შეიძლებოდა გაეკეთებინა ისეთი ოქროს მონეტები, რომლებშიც ნაკლებად ძვირფასი ლითონი იქნებოდა შერეული. ამიტომ ვაჭრებს სჭირდებოდათ ადვილად გამოსაყენებელი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ოქროს სიწმინდის ხარისხის დადგენას შეძლებდნენ.

ლიდიელებმა აღმოაჩინეს შავი ქვა, რომელსაც „ლიდიურ ქვას“ უწოდებდნენ. როდესაც მონეტას ამ წვრილმარცვლოვანი ქვის გლუვ ზედაპირზე დაუსვამდნენ, ის ქვაზე თავის კვალს ტოვებდა. ამ კვალის ფერს ადარებდნენ იმ მეტალის მიერ დატოვებული კვალის ფერთან, რომელშიც სათანადო შემადგენლობის ოქრო იყო, და ადგენდნენ, მონეტა ყალბი იყო თუ არა. სწორედ ამ გამოგონების წყალობით, რომელსაც სასინჯი ქვით შემოწმებას უწოდებდნენ, გახდა შესაძლებელი სანდო მონეტებით სარგებლობა. როგორ გვეხმარება ამ სასინჯი ქვის შესახებ ცოდნა ბიბლიის გაგებაში?

ფიგურალური სასინჯი ქვა ბიბლიაში

მას შემდეგ, რაც სასინჯი ქვით ოქროს შემოწმება ვაჭრებს შორის პოპულარული გახდა, სიტყვა „სასინჯი ქვის“ შემოწმების მნიშვნელობით გამოყენება დაიწყეს. ბერძნულ ენაზე, რომელზეც ბიბლიის გარკვეული ნაწილი დაიწერა, ეს სიტყვა „წამებით დაკითხვასაც“ ნიშნავდა.

ვინაიდან საპატიმროებში ციხის ზედამხედველები აწამებდნენ პატიმრებს, „სასინჯი ქვის“ ფუძიდან წარმოებული სიტყვა ციხის ზედამხედველებსაც ნიშნავდა. ამგვარად, ბიბლიაში ჩაწერილია იესოს იგავი, სადაც უმადურ მონას „საპყრობილის ზედამხედველებს“, ანუ საქართველოს საპატრიარქოს თარგმანის თანახმად — „მტანჯველებს“, გადასცემენ (მათე 18:34). ამ მუხლის შესახებ „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: «როგორც ჩანს, თვითონ დაპატიმრება ითვლებოდა წამებად (და ეს, ალბათ, ასეც იყო), „მტანჯველები“ კი სხვა არავინ იყვნენ, თუ არა ციხის ზედამხედველები». ეს განმარტება ერთი ბიბლიური მუხლის ახსნაში გვეხმარება.

ახსნა შესაძლებელი გახდა

ბიბლიის გულწრფელ მკვლევარებს დიდი ხანია აინტერესებთ, თუ რა მოუვა სატანას. ბიბლიაში ნათქვამია: „ეშმაკი კი . . . ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იყვნენ. ისინი დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“ (გამოცხადება 20:10). ცხადია, მარადიულ სატანჯველად ვინმეს გადაცემა ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ღმერთი მოსიყვარულე და სამართლიანია (იერემია 7:31). გარდა ამისა, ბიბლია მარადიულ ცხოვრებას ძღვენს უწოდებს და არა დასჯას (რომაელები 6:23). აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ გამოცხადების 20:10-ში სიმბოლური ენაა გამოყენებული. მხეცი და ცეცხლის ტბა სიმბოლური მნიშვნელობითაა ნახმარი (გამოცხადება 13:2; 20:14). არის თუ არა ტანჯვაც სიმბოლური მნიშვნელობით გამოყენებული? რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გამოთქმა?

როგორც დავინახეთ, ბერძნული სიტყვა, რომელიც „წამებად“ ან „ტანჯვად“ არის ნათარგმნი, ნაწარმოებია „სასინჯი ქვიდან“ და შეიძლება პატიმრის წამებაზე მიუთითებდეს. ამგვარად, სატანის მარადიულად ტანჯვა შეიძლება ყველაზე დაცულ ციხეში, სიკვდილში, მის გამომწყვდევას ნიშნავდეს.

ლიდიის „სასინჯი ქვა“ სატანის მარადიული „ტანჯვის“ შესახებ კიდევ ერთი რამის გაგებაში გვეხმარება, რაც არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ღმერთი სიყვარულია. ზოგ ენაში „სასინჯი ქვა“ არის სტანდარტი, რომელთანაც ხდება შესამოწმებელი საგნის შედარება. მაგალითად, ინგლისურ ენაზე „სასინჯ ქვად“ ნათარგმნი სიტყვა ნიშნავს „კრიტერიუმს, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება შესამოწმებელი საგნის ხარისხი და ის, არის თუ არა იგი ნამდვილი“. ამგვარად, როგორც ლიდიელები იყენებდნენ ფულის შესამოწმებლად სასინჯ ქვას, სატანის მარადიული „ტანჯვა“, ანუ სიკვდილი, მომავალში ნებისმიერისთვის, ვინც იეჰოვას წინააღმდეგ წავა, მარადიული მტკიცება იქნება. ბრალმდებლის სიცრუის დასამტკიცებლად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღარასდროს გამოიცდება, აქვს თუ არა იეჰოვას მმართველობის უფლება.

იმის გაგება, რატომ იყენებდნენ ყველგან ვაჭრები ლიდიელების მიერ აღმოჩენილ სასინჯ ქვას, და მნიშვნელობები, რომლებიც ამ ფრაზამ მოგვიანებით შეიძინა, ნათელს ჰფენს იმას, თუ რა მოუვა სატანას. სატანის აღსასრული იქნება მარადიული „სასინჯი ქვა“, რომელსაც ღმერთი იმის დამამტკიცებლად გამოიყენებს, რომ აღარ არის საჭირო მათი შეწყნარება, ვინც მის წინააღმდეგ წავა (რომაელები 8:20).

[ჩანართი 23 გვერდზე]

სატანის სიმბოლური გაგებით ტანჯვა იმაზე მიუთითებს, რომ მისთვის გამოტანილი განაჩენი მარადიული „სასინჯი ქვა“ იქნება

[რუკა 21 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

შავი ზღვა

ლიდია

სარდისი

ხმელთაშუა ზღვა

[სურათი 21 გვერდზე]

ძველი სარდისის ნანგრევები

[სურათი 22 გვერდზე]

ძველ დროს ფულის ასაწონად სასწორს იყენებდნენ

[საავტორო უფლება]

E. Strouhal/Werner Forman/Art Resource, NY

[სურათები 22, 23 გვერდებზე]

სასინჯ ქვას დღემდე იყენებენ

[საავტორო უფლებები]

Coins: Courtesy Classical Numismatic Group, Inc.; touchstone: Science Museum/Science & Society Picture Library

[სურათის საავტორო უფლება 21 გვერდზე]

Electrum coin: Courtesy Classical Numismatic Group, Inc.