არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტიმოთე მზად იყო, გულმოდგინედ ემსახურა

ტიმოთე მზად იყო, გულმოდგინედ ემსახურა

ასწავლეთ შვილებს

ტიმოთე მზად იყო, გულმოდგინედ ემსახურა

უკითხავს ვინმეს შენთვის: „მზად ხარ?“ თუ დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ აინტერესებს მომზადებული ხარ თუ არა. მაგალითად, ვინმეს შეიძლება აინტერესებდეს, გაქვს თუ არა სახელმძღვანელო ან ისწავლე თუ არა გაკვეთილები. ამ სტატიიდან დავინახავთ, რომ ტიმოთე მზად იყო.

ტიმოთე გულმოდგინეც იყო. გესმით რას ნიშნავს ეს? როცა ტიმოთეს ღვთის მსახურება შესთავაზეს, მისი განწყობა ღვთის იმ მსახურის განწყობას ჰგავდა, რომელმაც თქვა: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ესაია 6:8). ტიმოთე მზად იყო, გულმოდგინედ ემსახურა, რის გამოც მისი ცხოვრება საინტერესო იყო. მოდი, გავეცნოთ მას.

ტიმოთე იერუსალიმიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ლისტრაში დაიბადა. მისი ბებია ლოისი და დედა ევნიკე წმინდა წერილების გულმოდგინე მკვლევარები იყვნენ და ტიმოთე ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა მას ღვთის სიტყვას ასწავლიდნენ (2 ტიმოთე 1:5; 3:15).

ტიმოთე, ალბათ, მოზარდი იყო, როცა მოციქული პავლე თავისი პირველი ხანგრძლივი მისიონერული მოგზაურობისას ბარნაბასთან ერთად ლისტრას ეწვია. შესაძლოა, ამ დროს გახდნენ ტიმოთეს დედა და ბებია ქრისტიანები. მოდი გავიგოთ, რა სირთულეებს წააწყდნენ პავლე და ბარნაბა. ერთხელ ქრისტიანების მოძულეებმა ქვები დაუშინეს პავლეს, მიწაზე დააგდეს და ბოლოს ქალაქგარეთ გაათრიეს. მათ ეგონათ, რომ პავლე მოკვდა.

ცოცხალ-მკვდარ პავლეს გარს შემოეხვივნენ ადამიანები, რომლებმაც ირწმუნეს მისი სიტყვები, და ისიც წამოდგა. მეორე დღეს პავლემ და ბარნაბამ დატოვეს იქაურობა, მაგრამ ისინი მალევე დაბრუნდნენ ლისტრაში. მაშინ პავლემ სიტყვით მიმართა თავის მსმენელებს: „ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო“ (საქმეები 14:8—22). როგორ ფიქრობთ რას გულისხმობდა პავლე? ის იმას გულისხმობდა, რომ ღვთის მსახურებს სხვები განსაცდელში ჩაყრიდნენ. მოგვიანებით პავლემ ტიმოთეს მისწერა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს . . . დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12; იოანე 15:20).

ლისტრადან პავლე და ბარნაბა პირდაპირ შინ დაბრუნდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ პავლემ სილა აირჩია მისიონერულ მოგზაურობაში წასაყვანად და ისინი ერთად გაემგზავრნენ ახალი მოწაფეების გასამხნევებლად იქ, სადაც პავლე უკვე ნამყოფი იყო. როგორი ბედნიერი იქნებოდა ტიმოთე ლისტრაში დაბრუნებული პავლეს დანახვისას! მაგრამ ის მაშინ უფრო ბედნიერი იქნებოდა, როდესაც პავლე და სილა შესთავაზებდნენ, მათთან ერთად გამგზავრებულიყო მისიონერულ მსახურებაში. ტიმოთემ მიიღო მიწვევა. ის მზად იყო, გაჰყოლოდა მათ და გულმოდგინედ ემსახურა (საქმეები 15:40—16:5).

სამივე ერთად გაემგზავრა. მათ მრავალი კილომეტრი გაიარეს ფეხით, მერე გემში ჩასხდნენ; როცა ნაპირს მიადგნენ, თესალონიკემდე (საბერძნეთი) გზას ისევ ფეხით გაუყვნენ. იქ ბევრმა მიიღო ქრისტიანობა, მაგრამ ბევრი რისხვით იყო ანთებული, რის გამოც ერთი დიდი ბრბო შეიკრიბა. პავლეს, სილასა და ტიმოთეს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა; ამიტომ, ისინი ბერეასკენ გაემართნენ (საქმეები 17:1—10).

პავლე ძალიან წუხდა მათ გამო, ვინც თესალონიკეში ახლახან მიიღო ქრისტიანობა, და ტიმოთე უკან დააბრუნა მათთან. თქვენი აზრით, რატომ? მოგვიანებით პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა: „[იმიტომ,] რომ განემტკიცებინეთ და ენუგეშებინეთ თქვენი რწმენის გასაძლიერებლად“. როგორ ფიქრობთ, რატომ გაგზავნა პავლემ ტიმოთე ასეთი სახიფათო დავალების შესასრულებლად? ტიმოთეს არც ისე კარგად იცნობდნენ ქრისტიანობის მოძულეები, თანაც ის მზად იყო ამ საქმის შესასრულებლად. ამისათვის დიდი გაბედულება იყო საჭირო! რა მოჰყვა შედეგად ტიმოთეს იქ ჩასვლას? პავლესთან დაბრუნებულმა ტიმოთემ მას ამბავი ჩაუტანა, რომ თესალონიკელები ერთგულად მსახურობდნენ. ამიტომ, პავლემ თესალონიკელებს მისწერა: „თქვენით . . . ვინუგეშეთ“ (1 თესალონიკელები 3:2—7).

ტიმოთე პავლესთან ერთად მომდევნო ათ წელიწადს მსახურობდა. შემდეგ რომში პავლე დააპატიმრეს, ტიმოთე კი, რომელიც ახალი გათავისუფლებული იყო საპატიმროდან, მაშინვე პავლეს სანახავად გაეშურა. ციხეში მყოფმა პავლემ, შესაძლოა, ტიმოთეს დააწერინა წერილი, რომელიც ფილიპელებს მისწერა: ‘იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით ტიმოთეს, რადგან არავინ მყავს მასავით ერთგული და ვერავინ მოგემსახურებათ მასზე უკეთესად’ (ფილიპელები 2:19—22; ებრაელები 13:23).

როგორ გაახარებდა ეს სიტყვები ტიმოთეს! პავლეს ძალიან შეუყვარდა ტიმოთე, რადგან ის მზად იყო გულმოდგინედ ემსახურა ღვთისთვის. იმედი გვაქვს, რომ შენც მზად ხარ ამისთვის.

კითხვები:

○ სად გაიზარდა ტიმოთე და რა მოხდა პავლეს პირველი სტუმრობისას?

○ რა გააკეთა ტიმოთემ, როცა პავლემ და სილამ მისიონერულ მოგზაურობაში გაყოლა შესთავაზეს?

○ როგორ გამოავლინა ტიმოთემ გაბედულება, და რატომ უყვარდა ის პავლეს ასე ძალიან?

[სურათი 24 გვერდზე]

რა არის ნაჩვენები ამ სურათზე?