ვარსკვლავებში გაცხადებული ღვთის ძალა
ვარსკვლავებში გაცხადებული ღვთის ძალა
„მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს. მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას“ (ესაია 40:26).
მზე ერთ-ერთი საშუალო ზომის ვარსკვლავია. და მაინც, მისი მასა 330 000-ჯერ აღემატება დედამიწის მასას. დედამიწასთან ახლოს არსებული ვარსკვლავების უმეტესობა მზესთან შედარებით მცირე ზომისაა. სხვა ვარსკვლავები კი მზეზე დიდია. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავის, V382 გედის მასა, სულ მცირე 27-ჯერ აღემატება მზისას.
რა რაოდენობის ენერგიას ასხივებს მზე? წარმოიდგინეთ, როგორი მწველი უნდა იყოს ცეცხლი, თუ მისგან ათი კილომეტრის მოშორებითაც კი იგრძნობდით მის მხურვალებას. მზე დედამიწიდან დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. მაგრამ მზიან დღეს მისმა მცხუნვარე სხივებმა შეიძლება კანი დაგიწვათ! საოცარია, მაგრამ დედამიწამდე მზის ენერგიის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი, დაახლოებით ერთი მემილიარდედი აღწევს. მზის ენერგიის ეს მცირე ნაწილიც კი საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
მეცნიერების გამოთვლის თანახმად, მხოლოდ მზისგან გამოყოფილი ენერგია საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ დედამიწის მსგავს 31 ტრილიონ პლანეტაზე სიცოცხლე შენარჩუნებულიყო. სხვაგვარად რომ წარმოვიდგინოთ მზის უზარმაზარი ენერგიის ოდენობა, მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: შესაძლებელი რომ ყოფილიყო მზის მიერ მხოლოდ ერთ წამში გამოყოფილი მთელი ენერგიის დაგროვება, შეერთებულ შტატებს „ეს ენერგია 9 000 000 წელი ეყოფოდა, თუ ის იმ ოდენობით იქნებოდა გამოყენებული, რა ოდენობითაც ახლა გამოიყენება“, — ნათქვამია ერთ-ერთი კოსმოსური ცენტრის ვებ-საიტზე („Weather Prediction Center“).
მზის ენერგია გამოიყოფა მისი ბირთვიდან, ერთგვარი ბირთვული რეაქტორიდან, სადაც ატომები ერთმანეთს ეხეთქება და უზარმაზარი ენერგია წარმოიქმნება. მზე იმდენად დიდია და მისი ბირთვი იმდენად მკვრივია, რომ მილიონობით წელია საჭირო, რათა ბირთვში წარმოქმნილმა ენერგიამ მზის ზედაპირამდე მიაღწიოს. ზემოაღნიშნულ ვებ-საიტზე ნათქვამია: „დღეს რომ მზეს ენერგიის წარმოქმნა შეეწყვიტა, დედამიწაზე ამით განპირობებული მნიშვნელოვანი ცვლილებები მხოლოდ 50 000 000 წლის შემდეგ იქნებოდა შესამჩნევი!“
ახლა დაფიქრდით ასეთ რამეზე: როდესაც ღამით მოწმენდილ ცას უყურებთ, თქვენ ხედავთ ათასობით ვარსკვლავს, რომელთაგან თითოეული დაახლოებით იმდენივე ენერგიას წარმოქმნის, რამდენსაც მზე. სამყაროში კი, მეცნიერების გამოთვლით, მილიარდობით მილიარდი ვარსკვლავი არსებობს!
საიდან გაჩნდა ყველა ეს ვარსკვლავი? დღეს მკვლევარების უმეტესობას სჯერა, რომ სამყარომ, მათთვის ჯერ კიდევ უცნობი მიზეზებით, დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ უეცრად დაიწყო არსებობა. ბიბლიაში მარტივად არის ნათქვამი: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). ეჭვგარეშეა, რომ მასზე, ვინც შექმნა კოლოსალური ენერგიის მქონე „მექანიზმები“, რომლებსაც ჩვენ ვარსკვლავებს ვუწოდებთ, შეიძლება ითქვას, რომ ის არის „ძლევამოსილი“ (ესაია 40:26).
როგორ იყენებს ღმერთი თავის ძალას?
იეჰოვა ღმერთი თავის ძალას მათ მხარდასაჭერად იყენებს, ვინც მის ნებას ასრულებს. მაგალითად, მოციქული პავლე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ სხვებისთვის ღვთის შესახებ ესწავლებინა. მართალია, პავლე ზეადამიანი არ იყო, მაგრამ მან მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო ბევრი კარგი საქმის გაკეთება. როგორ? მას ესმოდა, რომ ღვთისგან 2 კორინთელები 4:7—9).
ჰქონდა მიღებული „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (იეჰოვა ღმერთი თავის ძალას იმისთვისაც იყენებს, რომ გაანადგუროს ისინი, ვინც შეგნებულად არღვევენ მის ზნეობრივ ნორმებს. ეს კარგად გამოჩნდა იესო ქრისტეს სიტყვებიდან, როდესაც მან მოიხსენია სოდომისა და გომორას განადგურება და ნოეს წარღვნა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მალე იეჰოვა თავის ძალას გამოიყენებს მათ გასანადგურებლად, ვინც მის ნორმებს უგულებელყოფს (მათე 24:3, 37—39; ლუკა 17:26—30).
როგორ მოქმედებს ეს თქვენზე?
ვარსკვლავებში გაცხადებულ ღვთის ძალაზე დაფიქრების შემდეგ თქვენ ალბათ მეფე დავითის მსგავსი გრძნობები დაგეუფლებათ, რომელმაც თქვა: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს, ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?“ (ფსალმუნი 8:3, 4).
დიახ, ნამდვილად თავმდაბლობის გრძნობა გვეუფლება, როდესაც ვფიქრობთ იმაზე, თუ რა განუზომელი ძალა აქვს ჩვენს შემოქმედს და რამდენად უმნიშვნელოები ვჩანვართ ამ უკიდეგანო სამყაროსთან შედარებით. და მაინც, ამის გამო არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ არაფრის ძალა არ შეგვწევს. იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას შთააგონა, რომ შემდეგი მანუგეშებელი სიტყვები დაეწერა: „ის [ღმერთი] ძალას აძლევს დაღლილს და ძალ-ღონით ავსებს ძალაგამოცლილს. ყმაწვილები დაიღლებიან და დაიქანცებიან, ჭაბუკები წაიბორძიკებენ, იეჰოვაზე მინდობილები კი ძალას განიახლებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს. ირბენენ და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“ (ესაია 40:29—31).
თუ ღვთის ნების შესრულება გსურთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ღმერთი თავის წმინდა სულს მოგცემთ, რათა დაგეხმაროთ, შეასრულოთ მისი ნება. მაგრამ, თქვენ უნდა სთხოვოთ ღმერთს წმინდა სული (ლუკა 11:13). ღვთის მხარდაჭერით თქვენ შეძლებთ, გაუძლოთ ნებისმიერ განსაცდელს და მიიღოთ ძალა, რათა აკეთოთ ის, რაც სწორია (ფილიპელები 4:13).
[ჩანართი 7 გვერდზე]
ღვთის მხარდაჭერით თქვენ შეძლებთ, მიიღოთ ძალა, რათა აკეთოთ ის, რაც სწორია
[სურათები 7 გვერდზე]
ზემოდან მარცხნივ საათის ისრის მიმართულებით: გალაქტიკა (მორევი); ვარსკვლავთა გროვა, პლეადები; ორიონის ნისლეული; ანდრომედეს გალაქტიკა
[სურათები 7 გვერდზე]
მზის მასა 330 000-ჯერ აღემატება დედამიწის მასას
[სურათის საავტორო უფლებები 7 გვერდზე]
Pleiades: NASA, ESA and AURA/Caltech; all others above: National Optical Astronomy Observatories