არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყარო

მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყარო

მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყარო

„ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოანე 4:14).

მოულოდნელად . . . გამოჩნდა ლურჯი და თეთრი ფერებით მოხატული ცის მშვენება, ღია ლურჯი ფერის სფერო, რომელიც თითქოს თეთრი „მაქმანებით“ შეუმკიათ, და ცის უკიდეგანო სივრცეში პატარა მარგალიტივით მოსჩანს» (ედგარ მიტჩელი, ასტრონავტი, რომელმაც კოსმოსიდან აღწერა დედამიწა).

რა ხდის ჩვენს პლანეტას ასე თვალწარმტაცს, რამაც ასტრონავტი აღძრა, პოეტური ენით აღეწერა დედამიწა? წყალი, რომელიც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 75 პროცენტს ფარავს. წყალი არა მარტო ალამაზებს ჩვენს პლანეტას, არამედ მასზე ცოცხალი ქმნილებებისთვის საარსებო გარემოს ქმნის. ადამიანის სხეულის დაახლოებით 65 პროცენტიც წყალია. ამგვარად, ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ წყლის შესახებ ნათქვამია: „მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლის არსებობა; ის ცხოველებსა და მცენარეებში მიმდინარე ყველა ბიოლოგიურ პროცესში იღებს მონაწილეობას“.

წყლის წრებრუნვის წყალობით დედამიწაზე საჭირო არ არის წყლის მარაგის შევსება. «ჩვენ მიერ გამოყენებული წყლის თითქმის ყველა წვეთი ოკეანეში ჩაედინება, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. — ეს წყალი მზის სითბოს ზემოქმედების შედეგად ორთქლდება; შემდეგ კი წვიმის სახით კვლავ დედამიწაზე ხვდება; და ეს უწყვეტი პროცესია. დედამიწაზე წყლის მარაგი არასდროს იწურება». ბიბლიაში ეს საოცარი პროცესი დაახლოებით 3 000 წლის წინათ იყო აღწერილი: „ზამთრის ნიაღვრები ზღვისკენ მიედინებიან, ზღვა კი არ ივსება. ზამთრის ნიაღვრები საიდანაც მიედინებიან, კვლავ იქ ბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ“. მართლაც, საოცარია წყლის წრებრუნვა! (ეკლესიასტე 1:7).

თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის წყალი და რა საოცარი სახით გვეძლევა ის, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბიბლიაში წყალი 700-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული. ბიბლია ხშირად მოიხსენიებს წყლის უნიკალურ თავისებურებებს, — განსაკუთრებით იმას, თუ რა როლს ასრულებს ის სისუფთავისა და სიცოცხლის შენარჩუნებაში, — და გვიჩვენებს, როგორ შეუძლია ბიბლიას დაგვეხმაროს იეჰოვასადმი ჩვენი თაყვანისცემის განწმენდასა და მასთან ურთიერთობაში (ესაია 58:11; იოანე 4:14).

ბიბლიას განწმენდის ძალა შესწევს

ვინაიდან ისრაელები ხშირად იბანდნენ წყლით, მათი სისუფთავე ყველასთვის შესამჩნევი იყო. ჩვეულებისამებრ, ვიდრე სახლში საჭმელად შევიდოდნენ, სტუმარს ფეხებს ჰბანდნენ (ლუკა 7:44). გარდა იმისა, რომ ისრაელები წყლით იბანდნენ და თავიანთ ნივთებს რეცხავდნენ, ისინი წყალს იმისთვისაც იყენებდნენ, რომ ღვთისმსახურების ცერემონიალი სუფთად ჩატარებულიყო. კარავში მომსახურე მღვდლებს ხშირად უნდა დაებანათ და გაერეცხათ თავიანთი ტანსაცმელი (გამოსვლა 30:18—21). მოგვიანებით, სოლომონმა იერუსალიმის ტაძარში სპილენძის „მრგვალი ზღვა“ ჩამოასხა, რომელშიც, ჩვეულებრივ, 44 000 ლიტრი წყალი ჩადიოდა, რაც საკმარისი იყო სისუფთავის შესახებ ღვთის კანონის შესასრულებლად (2 მატიანე 4:2, 6). რა მნიშვნელობა აქვს დღეს ქრისტიანებისთვის წყლის ამგვარად გამოყენების მაგალითებს?

მოციქულმა პავლემ თქვა, რომ იესომ ქრისტიანული კრება „სიტყვის საშუალებით წყალში განბანით“ განწმინდა. წყლის მსგავსად, რომელიც ჭუჭყისგან წმენდს, ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას მორალური და სულიერი განწმენდის ძალა შესწევს. ასეთი განწმენდის შედეგად ქრისტეს მოწაფეები ‘წმინდები და უმანკოები’ არიან (ეფესოელები 5:25—27). ამგვარად, ვისაც ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება სურს, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მორალურად და სულიერად ‘უმწიკვლო და უმანკო’ იყოს (2 პეტრე 3:11, 14). როგორ ეხმარება ამაში მათ ღვთის სიტყვა?

ისინი, ვისაც უნდა, რომ ღმერთს ასიამოვნონ, ბიბლიის რეგულარული შესწავლით სულიერ წყალს სვამენ. როცა მიღებული ცოდნა გავლენას ახდენს კაცის გულსა და გონებაზე, ეს მას ბიბლიური მითითებების გათვალისწინების დაუოკებელ სურვილს აღუძრავს: „განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2).

ღვთის შესახებ ზუსტი ცოდნა კაცს საშუალებას აძლევს, დაინახოს შეცდომები, რომლებსაც ფიქრითა თუ საქმით უშვებს. ბიბლიური პრინციპების გამოყენების შემთხვევაში დროთა განმავლობაში ღვთის სიტყვა, როგორც წყალი, სერიოზული ცოდვისგანაც კი ‘წმენდს’ ადამიანს (1 კორინთელები 6:9—11).

განვიხილოთ ერთი ახალგაზრდა ესპანელი კაცის მაგალითი, რომელიც რადიკალურად შეიცვალა. „18 წლის ასაკში უკვე უბედური ვიყავი“, — ამბობს ალფონსო. ის ნარკოტიკებს ეძალებოდა და ისეთი ბოროტმოქმედი იყო, რომლის გამოსწორების იმედიც აღარავის ჰქონდა. „იმის გამო, თუ როგორ ვეპყრობოდი საკუთარ თავს და სხვებს, ვგრძნობდი, რომ სიბინძურეში ვიყავი ჩაფლული.

სკოლაში ჩემი ყურადღება ჩემივე ასაკის ახალგაზრდა გოგონამ მიიპყრო, რომელიც ჩაცმულობითა თუ საქციელით ყველასგან გამოირჩეოდა. მის შემყურეს მომინდა, მას დავმსგავსებოდი. მისი რჩევისამებრ იეჰოვას მოწმეების შეხვედრას დავესწარი. მალე ბიბლიის შესწავლა და ღმერთთან დაახლოება დავიწყე. ერთ წელიწადში ყველაფერი მოვიცილე, რაც მბილწავდა, და იეჰოვას მოწმედ მოვინათლე. ამ რადიკალური ცვლილების შემხედვარე მრავალი მეზობელი მოვიდა ჩემთან, რათა მათ მოზარდ და უკვე ნარკომან შვილებს დავხმარებოდი“.

მარადიული სიცოცხლის მომტანი წყალი

ერთხელ იესომ იაკობის ჭასთან წყლის ამოსაღებად მისულ სამარიელ ქალს „სიცოცხლის წყლის“ შესახებ უთხრა: „ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოანე 4:10, 14). იესოს სიტყვების თანახმად და ბიბლიური გაგებით „სიცოცხლის წყარო“ იმის სიმბოლოა, რაც ღვთისაგან სიცოცხლის შესანარჩუნებლად გვჭირდება და რაც ადამიანს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს. ამ სიმბოლური წყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქრისტე იესოს გამოსასყიდია. იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

ალფონსომ დააფასა ღვთისგან მიღებული „სიცოცხლის წყალი“. მათზე კი, ვინც უარი არ თქვა ძველი ცხოვრების სტილსა და ნარკოტიკებზე, ალფონსო ამბობს: „ჩემი ღვიძლი ძმა დაიღუპა, იგივე ბედი ეწია ყველა ჩემს ძველ მეგობარს; მე კი ღვთის შესახებ ცოდნამ გადამარჩინა. დღეს იეჰოვას წყალობით ვარ ცოცხალი“. უფრო მეტიც, ღვთის სიტყვიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე ალფონსო ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში სასიამოვნო უბოლოო ცხოვრებას მოელის (2 პეტრე 3:13).

საყოველთაო მოწვევა

ბიბლიის ბოლო წიგნში ვკითხულობთ „სიცოცხლის წყლის მდინარის“ შესახებ, რომელიც ‘ბროლივით სუფთაა და ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინება’ (გამოცხადება 22:1). ეს მდინარე წარმოადგენს ღვთის ღონისძიებას, რომლის დახმარებითაც ადამიანები დაიბრუნებენ სრულყოფილებას, რომელიც ერთ დროს, კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე, ადამსა და ევას ჰქონდათ.

მდინარის აღწერის შემდეგ ბიბლია მოგვიწოდებს: «„მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). დღეს ეს მოწოდება მთელ დედამიწაზე ისმის. ყოველწლიურად იეჰოვას მოწმეები 235-ზე მეტ ქვეყანაში მილიარდ საათზე მეტს უთმობენ ხალხისთვის სიცოცხლის მომცემი ბიბლიური ცოდნის გაზიარებას.

გწყურიათ სიცოცხლის მომცემი წყალი? ამ სუფთა წყლის დალევით, ანუ შემოქმედის მიერ გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ გაგებითა და ამ ღონისძიებებით სარგებლობით, თქვენც იქნებით მათ შორის, ვინც აგროვებს განძს, „რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგ საძირკველს მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:19).

[ჩანართი 14 გვერდზე]

წყლის მსგავსად, რომელიც ფიზიკურად ასუფთავებს ადამიანს, ბიბლიური ჭეშმარიტება ზნეობრივად და სულიერად წმენდს კაცს

[ჩარჩო⁄სურათები 15 გვერდზე]

საიდან იღებდნენ წყალს ბიბლიურ დროში?

ბიბლიურ დროში ხალხი დიდ ძალისხმევას ახმარდა სასმელად ვარგისი წყლის პოვნას. აბრაამმა და ისაკმა თავინთი ოჯახისა და საქონლის წყლით უზრუნველსაყოფად ბეერ-შებას მახლობლად ჭები ამოთხარეს (დაბადება 21:30, 31; 26:18).

თუ ჭა ღრმა არ იყო, ხანგრძლივი და ცხელი ზაფხულის განმავლობაში ხშირად შრებოდა. ამიტომ წყალი რომ ყოველთვის ჰქონოდათ, ჭა ღრმა უნდა ყოფილიყო (იგავები 20:5). ლაქიშში ერთი ჭის სიღრმე 44 მეტრი იყო, გაბაონში კი ერთი ჭის სიღრმე — 25, ხოლო სიგანე — 11 მეტრი. ასეთი ჭის ამოთხრისას, ჩვეულებრივ, დაახლოებით 3 000 ტონა ქვა ამოჰქონდათ. იაკობის ჭასთან წყლის ამოსაღებად მისულმა სამარიელმა ქალმა იესოს უთხრა: „ჭა . . . ღრმაა“. ამ ჭის სიღრმე 23 მეტრზე მეტი იყო (იოანე 4:11).

ძველ დროს ახლო აღმოსავლეთში წყლის დასაგროვებლად დახურული მიწისქვეშა ავზებიც ჰქონდათ. მათში ოქტომბრიდან აპრილამდე მოსული წვიმის წყალი გროვდებოდა. მთებში გაყვანილი არხებით წვიმის წყალი ამ ავზებში ჩაედინებოდა. წყლის შესანახად ისრაელები დიდ მიწისქვეშა ავზებს აკეთებდნენ (2 მატიანე 26:10).

ჭებიდან და ავზებიდან წყლის ამოღება შრომატევადი საქმე იყო და ეს არც დღეს არის ადვილი. რებეკასა და ითროს ქალიშვილების მსგავსად, ქალები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ, როცა ყოველდღიურად მოჰქონდათ წყალი როგორც ოჯახის წევრებისთვის, ისე საქონლისთვის (დაბადება 24:15—20; გამოსვლა 2:16).

[სურათი 15 გვერდზე]

ალფონსო დღეს სხვებს ღვთის სიტყვას უზიარებს