მართლა მთელი დედამიწა დაფარა ნოეს დროინდელმა წარღვნამ?
მკითხველები გვეკითხებიან
მართლა მთელი დედამიწა დაფარა ნოეს დროინდელმა წარღვნამ?
ნოეს დროინდელი წარღვნა 4 000 წელზე მეტი ხნის წინათ მოხდა და ამიტომაც არ არსებობს დედამიწაზე ამ მოვლენის თვითმხილველი. მაგრამ არსებობს ამ კატასტროფის შესახებ ჩანაწერები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ მაშინ წარღვნის წყალმა უმაღლესი მთების მწვერვალები დაფარა.
ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში ნათქვამია: „დედამიწაზე წარღვნა 40 დღეს გრძელდებოდა . . . წყლის დონემ ისე აიწია, რომ ცისქვეშეთში ყველა მაღალი მთა დაფარა. წყალი მაღალი მთების მწვერვალებსაც კი 6,5 მეტრით სცდებოდა“ (დაბადება 7:17—20).
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ მთელი დედამიწის წყლით დაფარვა მითია ან, სულ მცირე, მონაგონი. მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ! სინამდვილეში, დედამიწის უდიდესი ნაწილი დღემდე წყლითაა დაფარული. დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 71 პროცენტს წყალი ფარავს, და ეს წყლები წარღვნის შემდეგ დარჩენილი წყლებია. მყინვარებისა და პოლუსების ყინული რომ დამდნარიყო, ზღვის დონე ისე აიწევდა, რომ ნიუ-იორკსა და ტოკიოსაც კი დაფარავდა.
ჩრდილო-დასავლეთ შეერთებული შტატების ლანდშაფტის შემსწავლელი გეოლოგების აზრით, ეს ტერიტორია დაახლოებით 100 წარღვნის მოწმეა. მათგან ერთ-ერთის შესახებ ამბობენ, რომ წყალი უცებ მოვარდა და მისი სიმაღლე 600 მეტრი იყო, სიჩქარე 105 კილომეტრი საათში, მოცულობა 2 000 კუბური კილომეტრი, ხოლო მასა ორი ტრილიონი ტონა. სხვა მსგავსმა აღმოჩენებმა მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მსოფლიო წარღვნა სრულიად დასაშვები იყო.
მათთვის კი, ვისაც სწამს, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, მსოფლიო წარღვნა ფაქტია, და არა დასაშვები რამ. იესომ ღმერთს უთხრა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ღვთის „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:3, 4). როგორ ასწავლიდა პავლე იესოს მიმდევრებს ღვთისა და მისი განზრახვის შესახებ ჭეშმარიტებას, თუ ღვთის სიტყვაში ლეგენდები ეწერებოდა?
იესო არა მარტო იმაში იყო დარწმუნებული, რომ წარღვნა მოხდა, არამედ იმაშიც, რომ წარღვნის წყალმა მთელი დედამიწა დაფარა. ამ ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნის წინასწარმეტყველებისას იესომ მაშინდელი მოვლენები ნოეს დღეებს შეადარა (მათე 24:37—39). ნოეს დროინდელი წარღვნის წყლების შესახებ მოციქული პეტრეც წერდა: „მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა“ (2 პეტრე 3:6).
ნოე მითური პერსონაჟი რომ ყოფილიყო, და წარღვნა — ლეგენდა, იესოსა და პეტრეს მიერ უკანასკნელ დღეებში მცხოვრებთა გაფრთხილებას აზრი არ ექნებოდა. მაშინ ეს სიტყვები გამაფრთხილებელი კი აღარ იქნებოდა, არამედ დამაბნეველი, და სათუოს გახდიდა იმ გასაჭირში გადარჩენას, რომელიც ნოეს წარღვნაზე ბევრად დიდი იქნება (2 პეტრე 3:1—7).
როდესაც თავისი ხალხის მიმართ გამოვლენილ გულმოწყალებაზე ლაპარაკობდა, ღმერთმა თქვა: „როგორც დავიფიცე, რომ ნოეს წყლები მეტად აღარ დაფარავდა დედამიწას, ასევე დავიფიცე, რომ არ გაგიწყრებოდი და არ გაგკიცხავდი“. როგორც ნოეს დროს წარღვნის წყალმა აავსო მთელი დედამიწა, ისე ღვთის სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე აავსებს ყველა მასზე მინდობილს (ესაია 54:9).