მას დახმარების სურვილი ჰქონდა
ასწავლეთ შვილებს
მას დახმარების სურვილი ჰქონდა
იცნობ ვინმე მძიმე ავადმყოფს? გაგჩენია მისი დახმარების სურვილი? რა შეიძლება ითქვას მაშინ, თუ ეს ავადმყოფი სხვა ქვეყნის ან სხვა რელიგიის წარმომადგენელია? მაინც მოგინდებოდა მისი დახმარება? დაახლოებით 3 000 წლის წინათ ერთ პატარა ისრაელ გოგონას ჰქონდა ამის სურვილი. ვნახოთ, რა მოხდა მაშინ.
ძველი ისრაელი, პატარა გოგონას მშობლიური ქვეყანა, და მეზობელი სირია ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს (1 მეფეები 22:1). ერთ-ერთი თავდასხმის დროს სირიელებმა ერთი პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ და სირიაში ჩაიყვანეს, სადაც ნაამანის, სირიელი მხედართმთავრის, მეუღლეს ემსახურებოდა. ნაამანი მძიმე სენით — კეთრით — იყო დაავადებული, რის გამოც ხორცი ულპებოდა.
ერთხელ ისრაელმა გოგონამ თავის ქალბატონს უთხრა, რომ მისი ქმრის კეთრისგან განკურნება იეჰოვას წინასწარმეტყველს, ელისეს, შეეძლო. გოგონა ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა ელისეს შესახებ, რომ ნაამანს წინასწარმეტყველის ძალაში ეჭვი არ შეჰპარვია. სირიის მეფე ბენ-ჰადადის ნებართვით ნაამანი და მისი რამდენიმე მსახური შორ გზას დაადგნენ — ელისესთან მისასვლელად დაახლოებით 150 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი.
თავდაპირველად სირიელები იერუსალიმში ისრაელის მეფესთან მივიდნენ და მას ბენ-ჰადადის წერილი გადასცეს. ამ წერილში ბენ-ჰადადი ისრაელის მეფეს ნაამანის განკურნებას სთხოვდა; მაგრამ უნდა ითქვას, რომ იეჰორამს არ სწამდა არც იეჰოვასი და არც მისი წინასწარმეტყველისა, და ის ფიქრობდა, რომ ბენ-ჰადადი ომის დაწყების მიზეზს ეძებდა. როცა ეს ამბავი ელისეს ყურამდე მივიდა, იეჰორამს უთხრა: „მოვიდეს ჩემთან“. ელისეს სურდა, ყველას დაენახა, რომ ღმერთს შეეძლო ნაამანის სერიოზული ავადმყოფობისგან განკურნება (2 მეფეები 5:1—8).
ნაამანი ცხენებითა და საომარი ეტლებით მიადგა ელისეს სახლს, წინასწარმეტყველმა კი მაცნეს პირით შეუთვალა: „წადი და შვიდჯერ დაიბანე იორდანეში . . . და განიწმინდები“. ნაამანი გაბრაზდა. ის ელოდა, რომ ელისე მოვიდოდა, დასნეულებულ ადგილზე ხელს მოატარებდა და განკურნავდა, მაგრამ სინამდვილეში მაცნე გაუგზავნეს! ამიტომ განრისხებულმა ნაამანმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა (2 მეფეები 5:9—12).
შენ რას იზამდი, ნაამანის ერთ-ერთი მსახურის ადგილას რომ ყოფილიყავი? მსახურებმა მას უთხრეს: „ძნელი საქმე რომ დაევალებინა, არ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება, დაიბანე და განიწმინდებიო“. ნაამანმა ყურად იღო მათი რჩევა, ‘იორდანეში შვიდჯერ ჩაყვინთა და ხორცი პატარა ბავშვის ხორცივით განუახლდა’.
ნაამანი ელისესთან დაბრუნდა და უთხრა: „ახლა ვიცი, რომ ისრაელის გარდა დედამიწაზე არსად არის ღმერთი“. შემდეგ კი ელისეს აღუთქვა: „ამიერიდან შენი მსახური იეჰოვას გარდა სხვა ღმერთებს აღარ შესწირავს აღარც დასაწვავ შესაწირავს და აღარც მსხვერპლს“ (2 მეფეები 5:13—17).
ისურვებდი, იმ პატარა გოგონასავით, დახმარებოდი ვინმეს, იეჰოვასა და მისი ძალის შესახებ გაეგო? დედამიწაზე ყოფნისას იესოსთან ერთი კეთრით დაავადებული კაცი მივიდა და უთხრა: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. იცი, რა უპასუხა ამ კაცს იესომ? „მსურს“, და განკურნა ის, როგორც იეჰოვამ განკურნა ნაამანი (მათე 8:2, 3).
იცი, რომ იეჰოვა შექმნის ახალ ქვეყნიერებას, სადაც ყველა ადამიანი ჯანმრთელი იქნება და მარადიულად იცხოვრებს? (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4). კარგს იზამ, თუ ამის შესახებ სხვებსაც მოუთხრობ.
კითხვები:
○ როგორ დაეხმარა ერთი გოგონა ნაამანს, რომლის თანამემამულეებმაც ის ტყვედ წაიყვანეს?
○ რატომ არ სურდა თავიდან ნაამანს ელისეს სიტყვების შესაბამისად მოქმედება, მაგრამ რამ შეაცვლევინა თვალსაზრისი?
○ რის სურვილი უნდა გქონდეს, ისრაელ გოგონასავით რომ მოიქცე?
○ რის გაკეთება სურდა იესოს და რატომ იქნება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება ძალიან კარგი?