„სახელი, რომელსაც არ წარმოთქვამენ“
„სახელი, რომელსაც არ წარმოთქვამენ“
სენტ-ლუისში (მისური) მდინარის სანაპიროზე დგას შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი მონუმენტი — გეიტვეის თაღი. ამ თაღის მახლობლად არცთუ ისე მაღალი ეკლესიაა, რომელსაც ძველ საკათედრო ტაძარს უწოდებენ.
ამ ტაძრის შესასვლელის არქიტექტურული თავისებურებების აღწერისას ბროშურაში „ძველი საკათედრო ტაძრის ისტორია“ (საეკლესიო გამოცემა) ნათქვამია: „გალერეის ლამაზი ფასადის ზემოთა ნაწილის ცენტრში მოოქრული დიდი ებრაული ასოებით ამოტვიფრულია ღვთის სახელი, რომელსაც არ წარმოთქვამენ“. სურათზე აშკარად ჩანს ოთხი ებრაული ასო יהוה (ჲჰვჰ), ანუ ტეტრაგრამატონი, რომლითაც ღვთის სახელია წარმოდგენილი.
1834 წელს, როდესაც სენტ-ლუისის ეპარქიამ ეს საკათედრო ტაძარი ააგო, ფიქრობდნენ, რომ ოთხი ებრაული ასოთი წარმოდგენილი ღვთის სახელი ყველაზე თვალშისაცემ ადგილას უნდა ყოფილიყო. მაშ, რატომ მიიჩნევენ, რომ ღვთის ეს სახელი არ უნდა წარმოითქვას?
„ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ახსნილია, თუ რა მოხდა ძვ. წ. VI საუკუნეში ბაბილონის ტყვეობიდან იუდეველების დაბრუნების შემდეგ მალევე. ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ამ დროს სახელ იაჰვესადმი [ხმოვნებჩამატებული ტეტრაგრამატონისადმი] განსაკუთრებულ მოწიწებას ავლენდნენ; ამიტომ ის შეცვალეს სიტყვით ადონაი [უფალი] და ელოჰიმი [ღმერთი] . . . შედეგად, დროთა განმავლობაში ხალხს დაავიწყდა, როგორ უნდა წარმოთქმულიყო სწორად სახელი იაჰვე“. ამგვარად, ხალხმა შეწყვიტა ღვთის სახელის გამოყენება. საბოლოოდ, უკვე აღარ იცოდნენ, როგორ წარმოთქვამდნენ ამ სახელს ძველად, რის გამოც შეუძლებელი იყო მისი სწორად წარმოთქმა.
ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როგორ წარმოითქმებოდა ღვთის სახელი, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მისი გამოყენება ღმერთთან გვაახლოებს. მოგეწონებოდათ მეგობრებს თქვენთვის „ბატონო“-თი ან „ქალბატონო“-თი რომ მოემართათ, და არა სახელით? მაშინაც კი, თუ ისინი სხვა ენაზე ლაპარაკობენ და თქვენს სახელს სწორად ვერ წარმოთქვამენ, განა არ არჩევდით, რომ მაინც სახელით მოემართათ? იმავეს თქმა შეიძლება ღმერთზეც — მას სურს პირადი სახელით, იეჰოვათი მივმართოთ.
მრავალი მკვლევარისთვის ცნობილია ღვთის სახელი იაჰვე, იგივე იეჰოვა. განა მართებული არ იქნებოდა, რომ ყველას, ვისაც ღმერთი უყვარს, მისთვის პირადი სახელით მიემართა და, ამგვარად, უფრო დაახლოებოდა მას? „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“, — ნათქვამია ბიბლიაში (იაკობი 4:8).