ღმერთი მზად არის პატიებისთვის
დაუახლოვდით ღმერთს
ღმერთი მზად არის პატიებისთვის
„კარგი ხარ, იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის“ (ფსალმუნი 86:5). ამ სიტყვებით ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ღმერთი ბევრს გვპატიობს. მოციქულ პეტრეს ცხოვრებიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვა „მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).
პეტრეს იესოსთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ დედამიწაზე იესოს ცხოვრების უკანასკნელ ღამეს ის შიშმა შეიპყრო და მძიმე ცოდვა ჩაიდინა. როცა მღვდელმთავრის სახლში იესოს უკანონოდ ასამართლებდნენ, ეზოში ყველას წინაშე პეტრემ ერთხელ კი არა, სამჯერ უარყო, რომ იცნობდა იესოს. მესამე ჯერზე იესო „მიბრუნდა და პეტრეს შეხედა“ (ლუკა 22:55—61). როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობდა პეტრე, როცა იესოს მზერას დაიჭერდა? მიხვდა ის თავის ცოდვას, „თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა“ (მარკოზი 14:72). მოციქული, რომელიც ნანობდა თავის საქციელს, ფიქრობდა, რომ ღმერთი არ აპატიებდა.
მკვდრეთით აღდგენის შემდეგ იესო პეტრეს ელაპარაკა და, ცხადია, დაარწმუნებდა იმაში, რომ ღმერთმა აპატია. იესოს არც ერთი უხეში სიტყვა, უბრალო საყვედურიც კი არ დასცდენია. პირიქით, მან ჰკითხა პეტრეს: „გიყვარვარ?“ პეტრემ მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. იესომ უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები“. იესომ პეტრეს კითხვა გაუმეორა, და მანაც იგივე პასუხი გასცა, ოღონდ ამჯერად მეტი სიმტკიცით. იესომ მიმართა: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“. მერე მესამედ ჰკითხა: „გიყვარვარ?“ „პეტრე დამწუხრდა“ და უთხრა: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ“. იესომ მიუგო: „აძოვე ჩემი ბატკნები“ (იოანე 21:15—17).
რატომ დაუსვა იესომ პეტრეს ის კითხვები, რომლებზეც პასუხები შესანიშნავად იცოდა? იესოს შეეძლო დაენახა, რა ჰქონდა კაცს გულში; ამიტომ კარგად იცოდა, რომ პეტრეს უყვარდა (მარკოზი 2:8). ამ კითხვების დასმით იესომ პეტრეს საშუალება მისცა, რომ სამჯერ დაედასტურებინა იესოს მიმართ თავისი სიყვარული. იესომ სიტყვებით „აძოვე ჩემი ბატკნები . . . დამწყემსე ჩემი ბატკნები . . . აძოვე ჩემი ბატკნები“ მოციქული დაარწმუნა, რომ ისევ ენდობოდა. იესომ პეტრეს მისთვის ყველაზე ძვირფასზე, ცხვრისმაგვარ მიმდევრებზე, ზრუნვა მიანდო (იოანე 10:14, 15). ალბათ, დიდ შვებას მოჰგვრიდა პეტრეს იმის ცოდნა, რომ იესოს თვალში ნდობა არ დაუკარგავს!
ცხადია, იესომ აპატია მოციქულს, რომელიც ინანიებდა ჩადენილ ცოდვას. იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს, რის გამოც თამამად შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვამაც აპატია პეტრეს (იოანე 5:19). იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია და მზად არის, აპატიოს მომნანიებელ შემცოდველს. განა მანუგეშებელი არ არის ამის ცოდნა?!