არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს?

როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს?

როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს?

«მიდიოდნენ მის [იაკობის] სანუგეშებლად მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ იღებდა ნუგეშს, ამბობდა: „გლოვით ჩავალ ჩემს ვაჟთან სამარეში!“ დასტიროდა მას მამამისი» (დაბადება 37:35).

პატრიარქი იაკობი მოთქვამდა და შვილს დასტიროდა; ფიქრობდა, რომ მის მწუხარებას სიკვდილის გარდა ვერაფერი მოერეოდა. იაკობის მსგავსად, შეიძლება თქვენც ფიქრობთ, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არასოდეს გაგიყუჩდებათ. ღრმა მწუხარების გამოვლენა არის რწმენის ნაკლებობის მაჩვენებელი? რასაკვირველია, არა!

ბიბლია იაკობს ისეთ კაცად გვაცნობს, რომელიც რწმენით დადიოდა. იაკობის რწმენა მისი პაპის — აბრაამისა და მამის — ისააკის რწმენასავით ძლიერი იყო (ებრაელები 11:8, 9, 13). ერთხელ ღვთისგან კურთხევის მისაღებად, ანგელოზსაც კი ერკინებოდა ის მთელი ღამე! (დაბადება 32:24—30). როგორც ჩანს, იაკობს იეჰოვასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რას გვასწავლის ეს ისტორია? საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის მძაფრი განცდა სუსტი რწმენის მაჩვენებელი არ არის; მწუხარების გამოხატვა ნორმალური და ბუნებრივია.

მწუხარება

მწუხარებამ შეიძლება ჩვენზე სხვადასხვაგვარად იმოქმედოს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ამ დროს აუტანელ ემოციურ ტკივილს განიცდის. განვიხილოთ 14 წლის ლეონარდოს შემთხვევა, რომლის მამასაც გულმა უმტყუნა და მოულოდნელად დაიღუპა. ლეონარდოს არასოდეს დაავიწყდება ის დღე, როცა დეიდამ მამის სიკვდილი გააგებინა. თავიდან ვერ იჯერებდა, რომ ეს სიმართლე იყო. დაკრძალვაზე ლეონარდო უყურებდა მამის ცხედარს, მაგრამ თავი სიზმარში ეგონა. დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ის ვერ ტიროდა. ხშირად უგრძვნია, რომ სამსახურიდან მამის დაბრუნებას ელოდა. ერთი წელი დასჭირდა იმის დასაჯერებლად, რომ მამა აღარ ჰყავდა; როცა ეს გააცნობიერა, საშინელი სიმარტოვე იგრძნო. ცარიელ სახლში ყოველი შესვლა ლეონარდოს კიდევ ერთხელ ახსენებდა, რომ მამა აღარ იყო. ასეთ დროს ის ხშირად თავს ვერ იკავებდა და ტიროდა. მას ძალიან ენატრებოდა მამა!

როგორც ლეონარდოს შემთხვევიდან ჩანს, ემოციური ტკივილი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს. ამ ტკივილის გაყუჩება შესაძლებელია, მაგრამ ამას დრო სჭირდება. როგორც ღრმა ფიზიკურ ჭრილობას სჭირდება დრო შესახორცებლად, ისე — დიდი დანაკლისით მიყენებულ ემოციურ ჭრილობას. ტკივილის გაყუჩებას შეიძლება თვეები, რამდენიმე წელი ან მეტიც კი დასჭირდეს, მაგრამ მწვავე ტკივილი დროთა განმავლობაში ნელდება და ნელ-ნელა ჭირისუფალს ცხოვრება ნაკლებად დამთრგუნველი და აზრს მოკლებული ეჩვენება.

როგორც ამბობენ, მწუხარების გამოხატვა ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას და მდგომარეობასთან შეგუებას. საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისას სიცარიელე ჩნდება და ჭირისუფალი იძულებულია, გარდაცვლილის გარეშე ცხოვრებას შეეგუოს. ის შვებას იგრძნობს, თუ თავს არ შეიკავებს და გამოხატავს ტკივილს. მართალია, ყველა ერთნაირად არ გამოხატავს მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია — დარდის გულში ჩაკვლას ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური ზიანის მიყენება შეუძლია. მაშ, როგორ შეიძლება ემოციების სათანადოდ გამოხატვა? პრაქტიკულ რჩევებს ბიბლია გვაძლევს *.

ემოციურ ტკივილთან გამკლავება

მრავალ ჭირისუფალს სხვებთან საუბარმა შვება მოჰგვარა. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იობმა, რომელსაც ათივე შვილი დაეღუპა და არც სხვა განსაცდელები მოჰკლებია: „მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე. გასაქანს მივცემ ჩემს წუხილს, ვილაპარაკებ ჩემი სულის სიმწარით“ (იობი 1:2, 18, 19; 10:1, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). დაუკვირდით, რომ იობს სჭირდებოდა, ‘გასაქანი მიეცა თავისი წუხილისთვის’. როგორ გააკეთა ეს? მისივე სიტყვების თანახმად, ილაპარაკა თავის ტკივილზე.

პაოლო, რომელსაც დედა დაეღუპა, ამბობს: „დედაზე ლაპარაკი ტკივილს მიამებდა“. ასე რომ, სანდო მეგობართან საუბარი გარკვეულწილად უმსუბუქებს ჭირისუფალს მდგომარეობას (იგავები 17:17). დედის სიკვდილის შემდეგ იუნემ თანაქრისტიანებს სთხოვა, უფრო ხშირად მისულიყვნენ ხოლმე მასთან. „ლაპარაკი ემოციურ ტკივილს მიმსუბუქებდა“, — ამბობს იუნე. თანამგრძნობი მსმენელისთვის გულის გადმოღვრამ თქვენც შეიძლება მოგგვაროთ შვება.

ემოციურ ტკივილს წერაც აყუჩებს. ვისაც საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი უჭირს, შესაძლოა, თავისი ტკივილის ფურცელზე გადმოტანა უადვილდებოდეს. საულისა და იონათანის სიკვდილის შემდეგ ერთგულმა დავითმა დიდი მწუხარება სიმღერით გამოხატა, ეს სიმღერა კი ბიბლიის წიგნში „მეორე სამუელში“ ჩაიწერა (2 სამუელი 1:17—27).

ტირილიც შვების მომგვრელია. „ყველაფერს თავისი დრო აქვს, . . . [არის] მოთქმის დროც“, — ნათქვამია ბიბლიაში (ეკლესიასტე 3:1, 4). მართლაც, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისას „მოთქმის დროა“. ცრემლების არ უნდა შეგვრცხვეს. ბიბლიაში მოხსენიებულია მრავალი ერთგული ღვთის მსახური, ქალი თუ კაცი, რომლებიც აშკარად, ცრემლებით გამოხატავდნენ თავიანთ მწუხარებას (დაბადება 23:2; 2 სამუელი 1:11, 12). იესო ქრისტე აცრემლდა, როდესაც თავისი საყვარელი, ახალგარდაცვლილი მეგობრის, ლაზარეს სამარხს მიუახლოვდა (იოანე 11:33, 35).

საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილთან გასამკლავებლად მოთმინებაა საჭირო, რადგან ჭირისუფალს ემოციური მდგომარეობა დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეეცვალოს რადიკალურად. გახსოვდეთ, რომ ტირილი სირცხვილი არ არის. მრავალმა ერთგულმა ქრისტიანმა საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ ტირილი ტკივილს ამსუბუქებს.

დაუახლოვდით ღმერთს

ბიბლია მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). ღმერთს უმთავრესად ლოცვით ვუახლოვდებით. სათანადოდ დააფასეთ ლოცვის ძალა! ბიბლიაში მანუგეშებელი დანაპირებია ჩაწერილი: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18). ბიბლია აგრეთვე გვარწმუნებს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22). იფიქრეთ ამაზე! როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრავალს სანდო მეგობართან საუბარმა შეუმსუბუქა მდგომარეობა. განა უფრო მეტად არ გაუნელებს კაცს ტკივილს თავისი გრძნობების გაზიარება ღვთისთვის, რომელიც ნუგეშისცემას გვპირდება?! (2 თესალონიკელები 2:16, 17).

ზემოთ მოხსენიებულმა პაოლომ თქვა: „როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა და თავს ვეღარ ვერეოდი, მუხლებზე ვეცემოდი და ვლოცულობდი. ღმერთს დახმარებას ვევედრებოდი“. პაოლო დარწმუნებულია, რომ ლოცვა დიდად დაეხმარა. მხურვალე ლოცვების საპასუხოდ ღმერთი, „ყოველგვარი ნუგეშის მამა“, თქვენც მოგცემთ ძალას და აგატანინებთ ტკივილს (2 კორინთელები 1:3, 4; რომაელები 12:12).

მკვდრეთით აღდგომის იმედი

იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება“ (იოანე 11:25). ბიბლიური მოძღვრების თანახმად, მკვდრები გაცოცხლდებიან *. დედამიწაზე ყოფნისას იესომ ცხადყო, რომ მკვდრების გაცოცხლების ძალა შესწევდა. ერთხელ მან 12 წლის გოგონა აღადგინა. როგორი იყო მისი მშობლების რეაქცია? მათ „აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“ (მარკოზი 5:42). ზეციერი მეფე, იესო ქრისტე, თავისი მმართველობის დროს დედამიწაზე საცხოვრებლად აღადგენს უამრავ ხალხს, რომლებიც მშვიდობიან და სამართლიან გარემოში იცხოვრებენ (საქმეები 24:15; 2 პეტრე 3:13). წარმოიდგინეთ, რა აღტაცებული იქნება ყველა, როდესაც გარდაცვლილები გაცოცხლდებიან და თავიანთ ახლობლებს დაუბრუნდებიან!

კლაუდეტემ ავიაკატასტროფაში დაღუპული შვილის სურათი მაცივარზე მიაკრა. ის ხშირად უყურებს მას და საკუთარ თავს ეუბნება: „მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს!“ ლეონარდო ხშირად წარმოიდგენს, როგორ აღდგება მკვდრეთით მამამისი ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში. აღდგომის იმედი ნამდვილად მანუგეშებელია მათთვის და სხვა მრავალი ღვთის მსახურისთვის, რომლებსაც სიკვდილმა საყვარელი ადამიანი წაართვა. ეს თქვენც განუგეშებთ!

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 როგორ დაეხმაროთ შვილებს საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავებაში, იხილეთ ამ ჟურნალის 18—20-ე გვერდებზე მოცემულ სტატიაში „როგორ შეგიძლიათ გადაატანინოთ ბავშვს მწუხარება?“

^ აბზ. 19 მკვდრეთით აღდგომის ბიბლიური იმედის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თავი მე-7 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

„ყოველგვარი ნუგეშის მამა“

„კურთხეული იყოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა“ (2 კორინთელები 1:3).

ეს ბიბლიური მუხლი გვარწმუნებს, რომ ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს ნებისმიერი სირთულისა თუ განსაცდელის ატანაში ეხმარება. იეჰოვამ შეიძლება სანდო მეგობრის ან მოსიყვარულე თანამორწმუნის თანადგომით გვანუგეშოს.

ლეონარდო, რომელსაც მამა დაეღუპა, იხსენებს შემთხვევას, რამაც ძალები შეჰმატა და ანუგეშა. ერთხელ, როცა ის შინ დაბრუნდა და სახლში არავინ დახვდა, მწარედ აქვითინდა. იქვე ახლოს პარკში გავიდა და სკამზე ჩამოჯდა; ცრემლები ისევ ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, თან ლოცულობდა და ღმერთს შემწეობას სთხოვდა. უცებ იქვე ავტომანქანა გაჩერდა; ლეონარდომ დაინახა, რომ საჭესთან მისი თანამორწმუნე იჯდა. ის სამსახურიდან ბრუნდებოდა და აქეთ სრულიად შემთხვევით შემოუხვია. ლეონარდოსთვის ძმის გვერდით ყოფნაც საკმარისი აღმოჩნდა დასამშვიდებლად.

ერთი ქვრივი მამაკაცი საშინელ მარტოობას გრძნობდა, დათრგუნული იყო, და სასოწარკვეთილს ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა; იატაკზე ეგდო და ღმერთს შველას შესთხოვდა. ლოცვა დამთავრებული არ ჰქონდა, ტელეფონმა რომ დარეკა. შვილიშვილი ურეკავდა. ის იხსენებს: „მოკლე სატელეფონო საუბარიც კი მეყო ძალის მოსაკრებად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ზარი ჩემს ლოცვაზე პასუხი იყო“.

[ჩარჩო 9 გვერდზე]

ანუგეშეთ გასაჭირში მყოფნი

„[ღმერთი] ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:4).

მრავალ ქრისტიანს საკუთარ თავზე გამოუცდია ამ სიტყვების ჭეშმარიტება. საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ თავად ნუგეშცემულნი სხვებს ანუგეშებენ.

ამის მაგალითია კლაუდეტეც, რომელიც რეგულარულად მიდის ადამიანებთან და ბიბლიურ რწმენას უზიარებს. შვილის დაღუპვამდე ის ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლიდა ერთ ქალს, რომელსაც შვილი ლეიკემიით მოუკვდა. ქალი სიამოვნებით ესაუბრებოდა კლაუდეტეს, მაგრამ ფიქრობდა, რომ ის სრულად მაინც ვერასდროს გაიზიარებდა მის ტკივილს. კლაუდეტეს შვილის სიკვდილის შემდეგ არც ისე დიდი დრო იყო გასული, როცა ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებული ქალბატონი კლაუდეტესთან მივიდა და ჰკითხა, ისევ ჰქონდა თუ არა რწმენა. კლაუდეტეს მტკიცე რწმენის შემხედვარემ მასთან ერთად რეგულარულად დაიწყო ბიბლიის შესწავლა, და ამის მერე ღვთის სიტყვა უფრო მეტად ანუგეშებს.

მამის სიკვდილის შემდეგ ლეონარდომ ჟესტების ენის შესწავლა დაიწყო, რათა ბიბლიური ცნობით ყრუ-მუნჯები ენუგეშებინა. მისი ძალისხმევა კურთხევის გარეშე არ დარჩენილა. ის ამბობს: „ყრუ-მუნჯებთან ქადაგება მწუხარებასთან გამკლავებაში მეხმარება. დროსა და ენერგიას არ ვიშურებ მათთვის. როცა პირველი შემსწავლელი მოინათლა, მწუხარება სიხარულად მექცა! სიმართლე რომ გითხრათ, მამის სიკვდილის შემდეგ პირველად ვიყავი ასეთი ბედნიერი“ (საქმეები 20:35).

[სურათი 5 გვერდზე]

ტკივილის სხვებისთვის გაზიარება მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ

[სურათი 6 გვერდზე]

მანუგეშებელია იმ ბიბლიური მუხლების კითხვა, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას ეხება

[სურათი 6 გვერდზე]

ტკივილი დაგიამდებათ, თუ თქვენს სატკივარს ფურცელზე გადაიტანთ

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

იესო დაგვპირდა, რომ ყველას გააცოცხლებს, ვისაც მისი სწამდა