არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა საყვარელი ადამიანი გიკვდებათ

როცა საყვარელი ადამიანი გიკვდებათ

როცა საყვარელი ადამიანი გიკვდებათ

ორიათას შვიდი წლის 17 ივლისს, სამშაბათს, დაახლოებით 7 საათზე, ბრაზილიაში სან-პაულუს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და დიდ საწყობს შეეჯახა. ამ უბედურმა შემთხვევამ დაახლოებით 200 ადამიანი შეიწირა.

ბრაზილიაში მომხდარი ეს შემაძრწუნებელი ავიაკატასტროფა არასდროს დაავიწყდება მათ, ვინც მაშინ საყვარელი ადამიანი დაკარგა. კლაუდეტემაც ამ დროს განიცადა უდიდესი დანაკლისი. ის ტელევიზორს უყურებდა, როცა ავიაკატასტროფის შესახებ გაიგო. ამ თვითმფრინავში მისი 26 წლის შვილი რენატო იჯდა, რომელიც ოქტომბერში დაქორწინებას აპირებდა. თავზარდაცემულმა კლაუდეტემ შვილს მაშინვე მობილურ ტელეფონზე დაურეკა, მაგრამ ამაოდ. ის ჩაიკეცა, იატაკზე დავარდა და მწარედ აქვითინდა.

ანჟეს საქმრო 1986 წლის იანვარში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ ამბის გაგებამ მას თავზარი დასცა: „ვერ ვიჯერებდი, რომ ის აღარ იყო; მეგონა კოშმარს ვხედავდი, მალე გავიღვიძებდი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. მთელი სხეული მიცახცახებდა და ისეთ საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს მუცელში ხანჯალი ჩამცესო“. ანჟე სამი წლის განმავლობაში დეპრესიიდან ვერ გამოდიოდა. ახლაც კი, როცა ამ შემთხვევიდან 20 წელზე მეტია გასული, მომხდარის გახსენებისას ანჟეს ცივი ოფლი ასხამს.

შეუძლებელია იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რასაც კაცი ასეთი ტრაგედიის დროს განიცდის; ახლობლებისთვის თავზარდამცემი, დაუჯერებელი და გამანადგურებელია მოულოდნელი დანაკლისი. ტკივილი აუტანელია მაშინაც, როცა საყვარელი ადამიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო გეცლება ხელიდან. შეუძლებელია ბოლომდე შეეგუო იმ აზრს, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით აღარ გყავს. ნენსის დედა 2002 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დაეღუპა, მაგრამ დედის გარდაცვალების დღეს საავადმყოფოში თავზარდაცემული ჩაიკეცა; მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, მაგრამ დედაზე ფიქრისას ნენსი დღესაც ტირის.

„დანაკლისს ვერაფერი შეავსებს, ადამიანი უბრალოდ ეგუება შექმნილ მდგომარეობას“, — ამბობს დოქტორ ჰოლი პრიგერსონი. თუ სიკვდილმა მოულოდნელად ან ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად საყვარელი ადამიანი წაგართვათ, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვები: ნორმალურია მწუხარების გამოხატვა? როგორ გავუმკლავდე საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს? ოდესმე ისევ ვნახავ მას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

EVERTON DE FREITAS/AFP/Getty Images