როგორ მოვექცეთ სხვებს?
რას ვსწავლობთ იესოსგან?
როგორ მოვექცეთ სხვებს?
რატომ უნდა ვიყოთ კეთილი ადამიანები?
კეთილად ექცევით სხვებს მაშინაც კი, თუ ისინი თქვენ მიმართ სიკეთეს არ ავლენენ? თუ გვსურს, მივბაძოთ იესოს, მათ მიმართაც უნდა გამოვავლინოთ სიკეთე, ვისაც ვძულვართ. იესომ თქვა: „თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა დამსახურებაა? ცოდვილებსაც უყვართ თავიანთი მოყვარულები . . . თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები . . . და უზენაესის შვილები იქნებით, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია“ (ლუკა 6:32—36; 10:25—37).
რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?
როდესაც ვუშვებთ შეცდომებს, გვინდა, რომ ღმერთმა გვაპატიოს. იესომ გვასწავლა, რომ ღმერთს ლოცვაში პატიება უნდა ვთხოვოთ (მათე 6:12). მაგრამ იესომ ისიც დასძინა, რომ ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაპატიებს შეცოდებებს, თუ ჩვენც ვპატიობთ სხვებს. მან თქვა: „თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა, ხოლო თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა“ (მათე 6:14, 15).
რა უწყობს ხელს ოჯახურ ბედნიერებას?
მართალია, იესო დაქორწინებული არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მისგან იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ოჯახური ბედნიერებისთვის. სიტყვითა და საქმით მან მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. დაფიქრდით ქვემოთ მოცემულ სამ ფაქტორზე:
1. ქმარს ცოლი საკუთარი სხეულივით უნდა უყვარდეს. იესომ მაგალითი მისცა ქმრებს. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი“. რამდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო მათი სიყვარული ერთმანეთისადმი? იესომ შემდეგ განაგრძო: „როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13:34). ბიბლიაში ეს პრინციპი ქმრებთან მიმართებაშიც გამოიყენება. მასში ნათქვამია: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის, ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს, როგორც ქრისტე — კრებას“ (ეფესოელები 5:25, 28, 29).
2. ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგული უნდა იყოს. ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება ცოდვაა ღვთის წინაშე. გარდა ამისა, ღალატის გამო ოჯახები ინგრევა. იესომ თქვა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ . . . „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ . . . გეუბნებით: თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს» (მათე 19:4—9).
3. შვილები უნდა ემორჩილებოდნენ მშობლებს. მართალია, იესო სრულყოფილი იყო, მაგრამ ის არასრულყოფილ მშობლებს მაინც ემორჩილებოდა. აი, რას გვეუბნება ბიბლია 12 წლის იესოზე: „ის გაჰყვა მათ [მშობლებს] ნაზარეთში და კვლავაც ემორჩილებოდა“ (ლუკა 2:51; ეფესოელები 6:1—3).
რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს პრინციპები?
იესომ შემდეგი სიტყვები უთხრა თავის მოწაფეებს იმის შესახებ, რასაც ასწავლიდა: „თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოანე 13:17). ნამდვილი ქრისტიანები რომ ვიყოთ, ჩვენ უნდა მივყვეთ იესოს რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვექცეთ სხვებს. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35).
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ *, თავი 14.
[სქოლიო]
^ აბზ. 14 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
იესოს იგავი გზასაცდენილ შვილზე გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ სიკეთე და ვიყოთ მიმტევებლები (ლუკა 15:11—32)
[სურათი 17 გვერდზე]
ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგული უნდა იყოს