არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ შესთავაზეს იუდას 30 ვერცხლის მონეტა იესოს გასაცემად?

როდესაც იუდა ისკარიოტელი უფროს მღვდლებთან მივიდა იმის გასაგებად, თუ რამდენს გადაუხდიდნენ იესოს გაცემაში, მათ „ოცდაათი ვერცხლის მონეტა“ შესთავაზეს (მათე 26:14, 15). ამ თანხის ოდენობა ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ სძულდათ უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს იესო.

ერთი მონეტა, როგორც ჩანს, იგივე იყო, რაც ერთი ვერცხლის შეკელი, რადგან ისრაელში იმ დროს ფულის სტანდარტულ ერთეულად შეკელი ითვლებოდა. რისი ყიდვა შეიძლებოდა 30 შეკელად? მოსეს კანონის თანახმად მონა 30 შეკელი ღირდა. ამ ფასად აგრეთვე მიწის ნაკვეთის ყიდვაც შეიძლებოდა (გამოსვლა 21:32; მათე 27:6, 7).

როდესაც ზაქარიამ, რომელიც ღვთის ხალხის მწყემსად იყო დაყენებული, თავისი შრომის სანაცვლოდ ორგულ ისრაელებს გასამრჯელო მოსთხოვა, მას „ოცდაათი ვერცხლი“ მისცეს. ამ მცირეოდენი საფასურის შეგნებულად გადახდით მათ ცხადყვეს, თუ როგორი დამცირებული იყო მათ თვალში ღვთის წინასწარმეტყველი, რომელიც მონის ფასად შეაფასეს. ამიტომ, იეჰოვამ უთხრა ზაქარიას: „ჩაყარე ისინი საგანძურში, ეს ის დიდი საფასურია, რომლითაც შემაფასეს“ (ზაქარია 11:12, 13). ზაქარია ღვთის სიტყვის თანახმად მოიქცა და ფული საგანძურში ჩაყარა. მისი მოქმედება მოგვაგონებს იუდას საქციელს, რომელმაც იეჰოვას მიერ ისრაელისთვის დანიშნული მწყემსის გაცემაში აღებული თანხა ტაძარში დაყარა (მათე 27:5).

რა მიზანს ემსახურებოდა ბიბლიაში მოხსენიებული „გაყრის მოწმობა“?

მოსეს კანონში ეწერა: „თუ კაცი ცოლს მოიყვანს . . . მაგრამ აღარ მოეწონება, რადგან რაღაც უწესოს უპოვის, დაუწეროს გაყრის მოწმობა, ხელში მისცეს და გაუშვას სახლიდან“ (კანონი 24:1). რა მიზანს ემსახურებოდა ეს მოწმობა? მართალია, ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა ეწერა გაყრის მოწმობაში, მაგრამ უდავოა, რომ ის ქალის უფლებებსა და ინტერესებს დაიცავდა.

1951—1952 წლებში იუდეის უდაბნოში მურაბატის ხევის ჩრდილოეთით მდებარე გამოქვაბულებში სხვადასხვა ძველისძველი საგანი აღმოაჩინეს. მრავალ აღმოჩენილ მანუსკრიპტს შორის იყო არამეულ ენაზე შესრულებული გაყრის მოწმობა, რომელიც თარიღდებოდა ახ. წ. 71-72 წლებით. გაყრის მოწმობაში ეწერა, თუ რა მოხდა რომის წინააღმდეგ აჯანყებიდან მეექვსე წელს, ხეშვანის თვის პირველ დღეს. მასადაში მცხოვრები იოსები ნაქსანის ძე გაეყარა იონათანის ქალიშვილს მირიამს, რომელიც ჰანაბლატადან იყო. მირიამი თავისუფალი იყო და შეეძლო ნებისმიერ იუდეველზე გათხოვება, რომელიც მას მოეწონებოდა. იოსებმა მირიამს დაუბრუნა კუთვნილი მზითევი და ოთხმაგად აუნაზღაურა ყველა დაზიანებული ნივთის ღირებულება. მოწმობას ხელს აწერდა იოსები და სამი მოწმე, მალკას ძე ელიაზარი, მალკას ძე იოსები და ხანანას ძე ელიაზარი.

[სურათი 25 გვერდზე]

მურაბატის ხევთან არსებული გამოქვაბულები

[სურათი 25 გვერდზე]

გაყრის მოწმობა, რომელიც თარიღდება ახ. წ. 71-72 წლებით

[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]

Caves: Todd Bolen/Bible Places.com; certificate: Clara Amit, Courtesy of the Israel Antiquities Authority