არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიცოცხლის ყოველი წამი ძვირფასია

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიცოცხლის ყოველი წამი ძვირფასია

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიცოცხლის ყოველი წამი ძვირფასია

ეს მოხდა 2007 წლის 16 აპრილის დილას. ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და შტატის უნივერსიტეტის ანუ ვირჯინია ტექის ერთ-ერთი შენობის, ნორის ჰოლის, მესამე სართულზე ვიყავი, როცა შენობაში საშინელება დატრიალდა. შიშისგან ოფისის კუთხეში ჩავიკუზე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ ცხოვრებაში გატარებული ყოველი დღისთვის.

ჩემს ოფისში ვიყავი და ის-ის იყო მეორე სართულზე უნდა ჩავსულიყავი წერილის ასაღებად, რომ ამ დროს პროფესორი შემოვიდა. მან მითხრა, რომ მისი კომპიუტერი კარგად არ მუშაობდა და მთხოვა, ოფისში გავყოლოდი, რათა მენახა, რა სჭირდა კომპიუტერს. როცა მის ოფისში შევდიოდით, უეცრად მეორე სართულიდან მოგვესმა არაერთი გასროლის ხმა. არ ვიცოდით, რა ხდებოდა. ოფისში შევცვივდით, კარები ჩავკეტეთ და შეშინებულები ველოდებოდით მოვლენების განვითარებას. ოფისის ერთ-ერთ კუთხეში ჩავიკუზე და მხურვალედ ვილოცე. იეჰოვა ღმერთს ვთხოვდი, ძალები მოეცა ჩემთვის, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერი ამეტანა.

ამ დროს 15 წლის წინ მომხდარი შემთხვევა გამახსენდა. მაშინ ავტოგასამართ სადგურში მექანიკოსად ვმუშაობდი. ჩემს თანამშრომელს ხელში ეჭირა ბენზინიანი კანისტრა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. შეშინებულმა შემთხვევით ცეცხლმოკიდებული კანისტრა ჩემკენ გადმოაგდო. ცეცხლის ალი ჩავყლაპე, ტანზე კი მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. ვერტმფრენით დამწვრობის ცენტრში გადამიყვანეს, სადაც სამთვე-ნახევარი ინტენსიურ მკურნალობას გავდიოდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში სიკვდილს ვებრძოდი. ხუთთვიანი მკურნალობის შემდეგ სახლში დავბრუნდი. ძალიან მადლიერი ვიყავი, რომ გადავრჩი. ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ დამეფასებინა სიცოცხლის ყოველი წამი და მთელი ჩემი ცხოვრება კვლავაც მემსახურა იეჰოვა ღმერთისთვის, რომელმაც სიცოცხლე მომცა (ფსალმუნი 90:12; ესაია 43:10).

რამდენადაც მექანიკოსად ვეღარ ვიმუშავებდი, კომპიუტერი ვისწავლე და მუშაობა დავიწყე ვირჯინია ტექში. სწორედ ამიტომ ვიყავი ნორის ჰოლში იმ დილით, როცა სროლა ატყდა.

მე და პროფესორი ძნელად თუ წარმოვიდგენდით იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე საშინელი სროლა სულ რაღაც ერთი სართულის ქვეშ ატყდებოდა. სროლა მაშინ შეწყდა, როცა მკვლელმა 32 უდანაშაულო ადამიანი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ეს ყველაფერი დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა. მალევე პოლიციის ხმა შემოგვესმა დერეფნიდან. ჩვენ დავუძახეთ პოლიციის თანამშრომლებს და მათ ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნეს.

ამ საშინელმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რა წარმავალი და ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება (იაკობი 4:14). მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი გულით მივენდოთ სიცოცხლის მომცემს, იეჰოვა ღმერთს და დავაფასოთ მისგან მოცემული სიცოცხლის ყოველი წამი (ფსალმუნი 23:4; 91:2).

[სურათის საავტორო უფლება 30 გვერდზე]

AP Photo/The Roanoke Times, Alan Kim