არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მდინარე კოკოს რომ მიადგები, მარჯვნივ გაუხვიე“

„მდინარე კოკოს რომ მიადგები, მარჯვნივ გაუხვიე“

წერილი ნიკარაგუიდან

„მდინარე კოკოს რომ მიადგები, მარჯვნივ გაუხვიე“

„შენ იქ ორხიდიანი მანქანით უნდა წახვიდე, რომელსაც ჯალამბარი („ლებიოტკა“) ექნება, და თან რამდენიმე კანისტრა საწვავიც უნდა გაიყოლო. გზადაგზა დიდ ტალახებს შეხვდები. მდინარე კოკოს რომ მიადგები, მარჯვნივ გაუხვიე“.

ეს სიტყვები მითხრა მისიონერმა, რომელიც ჩემთან ერთად მსახურობდა. მართალია, მისი სიტყვებიდან ჩანდა, რომ წინ რთული გზა მელოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე წასვლა. მინდოდა, ნიკარაგუის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ ვამბლანში იეჰოვას მოწმეთა კონგრესს დავსწრებოდი.

„პანამერიკულ“ გზატკეცილს სამშაბათ დილაუთენია დავადექი ჩემი ძველი, მაგრამ კარგად შეკრული სატვირთო ავტომანქანით. ქალაქ ხინოტეგიდან მოუკირწყლავი გზა იწყებოდა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები „ფაოს“, ანუ საზიზღარს უწოდებენ. ვიდრე ქალაქიდან გავიდოდი, ორი მაღაზია დავინახე, ერთს ერქვა „ღვთის სასწაული“, ხოლო მეორეს — „აღდგომა“.

გზა მიხვეულ-მოხვეული და ოღრო-ჩოღრო იყო. ხევებს შორის გამავალ გზას ნელ-ნელა მივუყვებოდი. ცოტა ხანში უკან ჩამოვიტოვე გრძელი ტბა, რომელიც ღრუბლებით დაფარულ მთაზე გადაშლილ მდელოს ამშვენებდა. ნისლებში გახვეული ხეთა რიგი ორქიდეებითა და ლუიზიანური ხავსით იყო მორთული.

ერთ მკვეთრ მოსახვევში გვერდი ძლივს ავუქციე შუა გზაზე მომავალ ავტობუსს, რომელსაც მაყუჩიდან შავი ბოლი გასდიოდა და საბურავებიდან ქვებს ისხლეტდა. ნიკარაგუაში ხშირად შეხვდებით ისეთ ავტობუსებს, რომლებსაც საქარე მინაზე აგრესიული მძღოლების მეტსახელები აწერია, მაგალითად, „დამპყრობელი“, „მორიელი“, „პითონი“ ან „მონადირე“.

შუადღისთვის პანტასმის დაბლობს მივუყვებოდი. ჩავუარე ერთი ხის სახლს, რომელსაც კარგად დაგვილი ეზო ჰქონდა. ჩემ თვალწინ ძველ წიგნებში აღწერილი სოფლის ცხოვრების სცენა გადაიშალა: მოხუცი კაცი ხის სკამზე იჯდა, იქვე ხის ჩრდილში ძაღლს ეძინა, შორიახლოს ორი ხარი ორთვალა ურემში იყო შებმული. ერთ პატარა ქალაქში სკოლიდან მომავალი ბავშვების დიდი ჯგუფი შევნიშნე. ისინი სკოლის მუქი ლურჯი ფერის ფორმებში იყვნენ გამოწყობილი, მთავარ ქუჩაზე ნაკადად მოედინებოდნენ და არემარეს ჟრიამულით ავსებდნენ. ისინი ზღვის ბობოქარ ტალღას წააგავდნენ, რომელიც ხმაურით მიიწევს ნაპირისკენ.

მზე სისხლისფრად ანათებდა როდესაც ქალაქ ვივილის მივუახლოვდი. როგორც იქნა, მივადექი მდინარე კოკოს, რომელიც აქამდე არასოდეს მენახა. მდინარე მთელ ქალაქს მიუყვებოდა და აქეთ-იქით იტოტებოდა. როგორც მისიონერმა მითხრა, მარჯვნივ ავიღე გეზი და ვამბლანისკენ მიმავალ 37 კილომეტრიან სახიფათო გზას დავადექი.

მივუყვებოდი ქვიან, უსწორმასწორო გზას. გადავკვეთე რვა თუ ცხრა ნაკადული. გზადაგზა ვხვდებოდი ისეთ ადგილებს, სადაც ტალახი გამხმარი იყო და მანქანებს ღრმა კვალი დაეტოვებინათ. ამ ნაკვალევში გავლა შეუძლებელი იყო, რადგან შუაში მიწა იყო ამობურცული. მართალია, ასეთ ადგილებს გვერდს ვუვლიდი, მაგრამ სამაგიეროდ მტვრის კორიანტელს ვაყენებდი. როგორც ადგილობრივები იტყოდნენ, „მტვერს კარგა გვარიანად გეახელით“. ბოლოს, როგორც იქნა ჩავაღწიე ვამბლანამდე. ქალაქი ვამბლანი ტყეებით იყო გარშემორტყმული და მას ხეთა ჩრდილი ამშვენებდა.

ხუთის ნახევარზე თითქმის ყველა ფეხზე იყო. მე უფრო ადრე გამაღვიძა მამლების მოუსვენარმა ყივილმა. ავდექი და მთავარ ქუჩას ჩავუყევი. მთის სუფთა ჰაერში ქვის ღუმელში გამომცხვარი „ტორტილას“ სურნელი იგრძნობოდა.

აქა-იქ კედლებზე დაინახავდით ადგილობრივი მხატვრის მიერ დახატულ სამოთხის პეიზაჟებს. ქუჩის კუთხეებში ჯიხურები იდგა, რომლებიც სხვადასხვა სახის უალკოჰოლო სასმელების რეკლამებით იყო აჭრელებული. მთელ ქალაქში ბოლო სამი მთავრობის პლაკატები იყო გაკრული, რომლებზეც პოლიტიკოსების დაპირებებს წაიკითხავდით. სახლების ეზოებში ბეტონის ფილებით აშენებული და თუნუქით გადახურული საპირფარეშოები იდგა.

ხალხს „ადიოსს“ ვეუბნებოდი, რაც ნიკარაგუელთა ენაზე მისალმებას ნიშნავს. ისინი მიღიმოდნენ და გულთბილად მესაუბრებოდნენ. ჩვენ ჩვეულებრივზე ხმამაღლა ვლაპარაკობდით, რომ ადგილობრივი ტრანსპორტის — ცხენებისა და ჯორების — ხმა გადაგვეფარა.

პარასკევ საღამოს ვამბლანში ოჯახებით ჩამოვიდნენ კონგრესის დელეგატები, რომ ორდღიან კონგრესს დასწრებოდნენ. ზოგი ფეხით ჩამოვიდა, ზოგი კი — ცხენებითა თუ სატვირთო ავტომობილებით. მათ შორის იყვნენ პატარა გოგო-ბიჭები, რომლებმაც ექვსი საათი იარეს, რომ აქ ჩამოსულიყვნენ. მათ რეზინის ფლოსტები ეცვათ. მგზავრობა სარისკო იყო. მათ გადმოლახეს მდინარეები, დაჭაობებული ადგილები და წურბელებით სავსე ტბორები. ზოგი საკმაოდ შორი მანძილიდან იყო მოსული; მათი საგზალი მხოლოდ ღორის ქონში გაკეთებული ბრინჯი იყო. რატომ გამოიარეს მათ ამხელა გზა?

ისინი იმიტომ ჩამოვიდნენ აქ, რომ უკეთესი მომავლისადმი რწმენა განემტკიცებინათ, ბიბლიური ცოდნა გაეღრმავებინათ და ღვთისთვის ესიამოვნებინათ.

დადგა შაბათი დღე. თუნუქით გადახურულ ეზოში 300-ზე მეტი დელეგატი იჯდა ხისა და პლასტმასის სკამებზე. დედებს უკვე დაენაყრებინათ თავიანთი პატარები. მეზობელ ეზოში აშენებული ფერმიდან ღორების ღრუტუნი და წიწილების წივწივი ისმოდა.

ცოტა ხანში ძალიან დაცხა და სუნთქვა გაჭირდა. მიუხედავად ამისა, ყველა სულგანაბული უსმენდა პროგრამას. ისინი თვალს ადევნებდნენ მომხსენებლების მიერ ამოკითხულ ბიბლიურ მუხლებს, მღეროდნენ ბიბლიაზე დაფუძნებულ სიმღერებს და გულისყურით უსმენდნენ მათთვის წარმოთქმულ ლოცვებს.

კონგრესის შემდეგ შევუერთდი ბავშვებს, რომლებიც დაჭერობანას თამაშობდნენ. თამაშს რომ მოვრჩით, ბავშვების მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს გადავხედეთ. შემდეგ კომპიუტერში მათ ვარსკვლავებისა და გალაქტიკების სურათები ვაჩვენე. ბავშვებიც და მშობლებიც კმაყოფილები დარჩნენ.

კონგრესის ორდღიანი პროგრამა დასრულდა და სახლებში წასვლის დროც დადგა. მეორე დილით მეც ჩემს გზას დავადექი. სახლში ტკბილი მოგონებებით ვბრუნდებოდი; გული ახლადშეძენილი მეგობრებისადმი სიყვარულით მქონდა სავსე. გადაწყვეტილი მაქვს, მივბაძო მათ მაგალითს — ვიყო კმაყოფილი იმით, რაც მაქვს, და დაველოდო იეჰოვას.

[სურათები 17 გვერდზე]

მრავალმა ოჯახმა არაერთი კილომეტრი გამოიარა, რომ ვამბლანში კონგრესს დასწრებოდა