რატომ უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი, თუ ცნობილი არ არის, ზუსტად როგორ წარმოითქმებოდა ის?
მკითხველები გვეკითხებიან
რატომ უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი, თუ ცნობილი არ არის, ზუსტად როგორ წარმოითქმებოდა ის?
დღეს ზუსტად არავინ იცის, თუ როგორ წარმოითქმებოდა ღვთის სახელი ძველ ებრაულ ენაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ღვთის საკუთარი სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ არის გამოყენებული ბიბლიაში. დედამიწაზე ყოფნისას იესომ ღვთის სახელი განუცხადა ადამიანებს და თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ელოცათ ამ სახელის განწმენდისთვის (მათე 6:9; იოანე 17:6). ასე რომ, ერთი რამ ცხადია — ღვთის სახელის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის. რატომ არის დღეს უცნობი ის, თუ როგორ წარმოითქმებოდა თავდაპირველად ღვთის სახელი? ამის ორი მიზეზი არსებობს.
პირველი: დაახლოებით ორი ათასი წლის წინ ებრაელებში გავრცელდა ცრურწმენა, თითქოს ღვთის სახელის წარმოთქმა არ შეიძლებოდა. როდესაც მკითხველს წმინდა წერილებში ღვთის სახელი ხვდებოდა, ის ამ სახელის ნაცვლად „უფალს“ ამბობდა. ამგვარად, მრავალი საუკუნის შემდეგ ხალხს დაავიწყდა, თუ როგორ წარმოითქმებოდა ღვთის სახელი.
მეორე: ძველი ებრაული ხმოვნების გარეშე იწერებოდა, რაც ძალიან ჰგავს ზოგიერთი ენის შემოკლებებს. ბიბლიური ტექსტის კითხვისას მკითხველმა ზეპირად იცოდა, გამოტოვებულ ადგილებში სად რომელი ხმოვანი ბგერები უნდა წაეკითხა. დროთა განმავლობაში შეიქმნა ხმოვანი ნიშნების სისტემა, რათა ხალხს სრულად არ დავიწყებოდა, თუ როგორ წარმოითქმებოდა ებრაული სიტყვები. ხმოვნების აღმნიშვნელ ნიშნებს სვამდნენ ბიბლიის ებრაულ ტექსტში იმის მისათითებლად, თუ როგორ წარმოითქმებოდა ესა თუ ის სიტყვა. მაგრამ, რაც შეეხება ღვთის სახელს, აქ საქმე სხვაგვარად იდგა. ებრაული თანხმოვნებით გადმოცემულ ღვთის სახელის აღმნიშვნელ სიტყვებთან სათანადო ხმოვნებს არ სვამდნენ. ღვთის სახელში გამოტოვებული ხმოვნების ადგილას ან სიტყვა „ადონაიში“ (უფალი) შემავალი ხმოვნების აღმნიშვნელ ნიშნებს წერდნენ (რათა ხალხისთვის შეეხსენებინათ, რომ ღვთის სახელის ნაცვლად „ადონაი“ წარმოეთქვათ) ან მას საერთოდ არაფერს არ უმატებდნენ.
ამან განაპირობა ის, რომ ღვთის სახელის აღმნიშვნელი ასოებიდან ებრაულ ტექსტში შემორჩა მხოლოდ ოთხი თანხმოვანი, რომელსაც ტეტრაგრამატონი ეწოდება. ერთი ლექსიკონის თანახმად „ჩვეულებრივ ამ ოთხი ებრაული ასოს ტრანსლიტერაციაა ჲჰვჰ, რაც ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის სახელის სათანადო ფორმაა“. ამიტომ, გასაგებია, რომ სიტყვა ჲჰვჰ-ს დაემატა ხმოვანი წერტილები და ხმოვანი ბგერები და შეიძინა ისეთი ფორმა, რომელიც წარმოითქმება როგორც „იეჰოვა“. ღვთის სახელის აღმნიშვნელი ეს ფორმა ყველაზე მეტად არის ცნობილი და მიღებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი მკვლევარის აზრით სიტყვა იეჰოვას ნაცვლად უნდა გამოიყენებოდეს „იაჰვე“. არის ეს ფორმა უფრო ახლოს ორიგინალთან? დანამდვილებით ამის თქმა არავის შეუძლია. ჩვეულებრივ, სხვა მკვლევარებს სხვადასხვა მიზეზი მოჰყავთ იმისა, თუ რატომ არ უნდა გამოიყენებოდეს „იაჰვე“. ცხადია, ბიბლიური სახელები, რომლებსაც თანამედროვე ენებზე იყენებენ, შეიძლება საერთოდ არ წარმოითქმება ისე, როგორც ებრაულში იყო, მაგრამ ამას იშვიათად თუ აკრიტიკებს ვინმე. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი სახელები დამკვიდრდა ენაში და ისინი უფრო მისაღებია. ამავეს თქმა შეიძლება ღვთის სახელთან, იეჰოვასთან დაკავშირებით.
პირველი საუკუნის ქრისტიანები ღვთის სახელისთვის იყვნენ გამოყოფილნი. ისინი სხვებთან ღმერთის სახელის შესახებ ქადაგებდნენ და მოუწოდებდნენ მათ, რომ მოეხმოთ ამ სახელისთვის (საქმეები 2:21; 15:14; რომაელები 10:13—15). ცხადია, რა ენაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ღმერთს სურს, რომ გამოვიყენოთ მისი სახელი, ყოველთვის გვახსოვდეს ამ სახელის მნიშვნელობა და ისე ვიცხოვროთ, რომ არ შევარცხვინოთ ღვთის სახელი.
[ჩანართი 31 გვერდზე]
აღსანიშნავია, რომ ღვთის საკუთარი სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ არის გამოყენებული ბიბლიაში