არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორია სინამდვილეში ჩვენი ზეციერი მამა?

როგორია სინამდვილეში ჩვენი ზეციერი მამა?

როგორია სინამდვილეში ჩვენი ზეციერი მამა?

იესომ თავის მოციქულებს ლოცვის ნიმუში მისცა. ეს ლოცვა ცნობილია, როგორც „მამაო ჩვენო“. მრავალმა ის ზეპირად იცის (მათე 6:9—13, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). ყოველთვის, როცა ისინი ამ ლოცვას წარმოთქვამენ, ღმერთს ასე მიმართავენ: „მამაო ჩვენო“. მაგრამ, რამდენ მათგანს შეუძლია იმის თქმა, რომ კარგად იცნობს ღმერთს?

რა შეიძლება ითქვას თქვენზე? რამდენად კარგად იცნობთ ღმერთს? გაქვთ მასთან ახლო ურთიერთობა? ესაუბრებით მას და უზიარებთ თქვენს სიხარულსა და მწუხარებას? სინამდვილეში, რას ნიშნავს ვიცნობდეთ ღმერთს?

„იეჰოვაა მისი სახელი“

როცა ბავშვი ლაპარაკის სწავლას იწყებს, მან მამის სახელიც კი არ იცის და მას მხოლოდ მამას ეძახის. მაგრამ როდესაც იზრდება, ის სწავლობს მამის სახელს, იგებს, როგორი მამა ჰყავს და ალბათ ამაყობს კიდეც მისით. იცით, რა ჰქვია ზეციერ მამას, რომელმაც სიცოცხლე მოგვცა, და რას ნიშნავს მისი სახელი?

როცა მრავალი წარმოთქვამს ლოცვას „მამაო ჩვენო“, ისინი არაერთხელ იმეორებენ ფრაზას „წმინდა იყოს სახელი შენი“, მაგრამ თუ ჰკითხავთ, რა არის ღმერთის სახელი, შესაძლოა ვერც კი გიპასუხონ. მართალია, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, შთამბეჭდავი მთები და ნაირფეროვანი მარჯნის რიფები, სადაც უამრავი ცოცხალი არსება ბინადრობს, ღვთის არსებობაზე მეტყველებს, მაგრამ ისინი ღვთის სახელს ვერ გვამცნობენ. ღვთის სახელი მხოლოდ ბიბლიიდან შეგვიძლია გავიგოთ. იქ ნათლად წერია: „იეჰოვაა მისი სახელი“ (გამოსვლა 15:3).

ღმერთს სურს, რომ მას თავისი სახელით, იეჰოვათი, მივმართავდეთ. რატომ? იმიტომ, რომ მისი სახელი გვიჩვენებს, თუ როგორი პიროვნებაა ის. სახელი იეჰოვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის იქცევა იმად, რადაც საჭიროა, რომ შეასრულოს თავისი განზრახვები. დაფიქრდით შემდეგზე: ოჯახზე მზრუნველი მამა ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ოჯახის მარჩენალიც, მრჩეველიც, შუამავალიც, დამცველიც და მასწავლებელიც. მსგავსადვე, სახელი იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ღმერთს შესწევს ძალა, ნებისმიერ სიტუაციაში თავის მსახურთა საკეთილდღეოდ შეასრულოს თავისი განზრახვები.

ახლა განვიხილოთ, როგორ მოქმედებს ღმერთი სხვადასხვა სიტუაციაში თავისი სახელის შესაბამისად. ამის ცოდნა დაგეხმარებათ, დააფასოთ იეჰოვა ღმერთი და უფრო მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ დაუახლოვდეთ მას.

„სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი“

პავლე მოციქულმა ჩვენს შემოქმედს „სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი“ უწოდა (2 კორინთელები 13:11). რატომ? პავლეს ალბათ ეცოდინებოდა იესოს სიტყვები, რომელმაც თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ღმერთმა დიდი სიყვარული გამოავლინა კაცობრიობის მიმართ, როცა თავისი საყვარელი ძე შემოგვწირა. ამის წყალობით, ყველას, ვინც რწმენას გამოავლენს გამოსასყიდისადმი, მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ეძლევა ახალ ქვეყნიერებაში, სადაც აღარ იქნება ცოდვის შედეგად გამოწვეული ტკივილი და ტანჯვა. სწორედ ამიტომ თქვა პავლემ შემდეგი სიტყვები: „რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). განა არ აღგვძრავს ეს ყოველივე, რომ შევიყვაროთ ღმერთი და დავუახლოვდეთ მას?!

ღმერთი სიყვარულს ავლენს არა მხოლოდ ზოგადად მთელი კაცობრიობისადმი, არამედ თავისი ერთგული მსახურებისადმი ინდივიდუალურად. ძველ ისრაელს, რომელიც ხშირად დაუმორჩილებლობას ავლენდა, მოსემ უთხრა: „ასე ექცევით იეჰოვას, სულელო და უგუნურო ხალხო?! განა ის შენი მამა არ არის, შენი გამჩენი, შემქმნელი და განმამტკიცებელი?!“ (კანონი 32:6). რაზე მიუთითებს ეს სიტყვები? მოსიყვარულე მამის მსგავსად იეჰოვა ზრუნავდა თავის ხალხზე მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა მათი სისუსტეები. ის უზრუნველყოფდა მათ მატერიალურად და ზრუნავდა მათ ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებზე.

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მრავალი არასასურველი ცვლილება ხდება, რაც ზოგჯერ ჩვენში დაძაბულობას და დეპრესიასაც კი იწვევს. ასეთ დროს ვგრძნობთ, რომ გვჭირდება ვინმეს მხარდაჭერა, რომელიც გამოსავლის პოვნაში დაგვეხმარებოდა. ვის შეუძლია ჩვენი დახმარება? თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა მოსიყვარულე და მზრუნველ მრჩევლად გვევლინება. წმინდა წერილები გვიხსნის, თუ რა არის ჩვენი ტანჯვის მიზეზი და როგორ შეგვიძლია მასთან გამკლავება. ისევე როგორც მამა დიდი სიყვარულით ზრუნავს თავის შვილზე, რომელიც წაიქცა და რაღაც იტკინა, იეჰოვაც უდიდეს სიყვარულს ავლენს ჩვენდამი და, ასე ვთქვათ, ჩვენკენ იხრება, რომ დახმარება აღმოგვიჩინოს. მართლაც, იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა მათდამი, ვისაც სწამს ის! (ესაია 59:1).

ღვთის სიყვარული იქიდანაც ჩანს, რომ ის ‘ლოცვების მომსმენია’ (ფსალმუნი 65:2). როგორ მეტყველებს ეს ღვთის სიყვარულზე? პავლე მოციქული გვიხსნის: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7). გულწრფელი ლოცვებითა და ღვთის სიტყვაში მოცემული ხელმძღვანელობის მიყოლით თქვენ დარწმუნდებით, რომ „ღვთის მშვიდობა . . . ნებისმიერ აზრს აღემატება“.

„ცოდნის ღმერთი“

ბიბლიაში იეჰოვა ღმერთზე ნათქვამია, რომ ის არის „სრულყოფილი ცოდნის“ მფლობელი. „ცოდნის ღმერთმა“, იეჰოვამ ყველაზე კარგად იცის ადამიანის ბუნება და საჭიროებები (იობი 36:4; 1 სამუელი 2:3). მან თავისი მსახურის, მოსეს პირით თქვა, რომ „კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (კანონი 8:3; მათე 4:4). ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ნამდვილი კმაყოფილების მისაღებად მატერიალურ უზრუნველყოფაზე მეტია საჭირო.

ჩვენი შემოქმედი თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით ფასდაუდებელ ხელმძღვანელობას გვიწევს. ბიბლიის შესწავლითა და მასში მოცემული რჩევების ცხოვრებაში გამოყენებით ჩვენ სარგებლობას ვიღებთ „იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“. მაგალითად, ერთი ქრისტიანი ქალი სახელად სუზანა თავისი ოჯახური ცხოვრების შესახებ ამბობს: „ბიბლიის ერთად კითხვამ, ქრისტიანულ შეხვედრებზე ერთად დასწრებამ და ნასწავლის სხვებისთვის გაზიარებამ ჩვენი ქორწინება განამტკიცა. ჩვენ მადლიერნი ვართ ღვთისგან მომდინარე ხელმძღვანელობისთვის, რომლის წყალობითაც ერთი მიზნისკენ ვისწრაფვით და ჩვენი ურთიერთობაც უფრო მყარდება“.

გსურთ, სარგებლობა მიიღოთ ღვთისგან მომდინარე ხელმძღვანელობიდან? ბიბლიის რეგულარულად შესწავლა და მასში მოცემული რჩევების გამოყენება დაგეხმარებათ, რომ სულიერი კურთხევები მიიღოთ (ებრაელები 12:9).

„ხსნის ღმერთი“

დღეს მთელ მსოფლიოში დაძაბულობაა. ჩვენ არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ომი მძვინვარებს, ალბათ მთელი გულით ნატრობთ მშვიდობას. დამნაშავეობის, ძალადობის, ეკონომიკური არასტაბილურობისა და ტერორიზმის გამო მსოფლიოს მრავალ კუთხეში ხალხი შიშმა მოიცვა. ვის შესწევს ძალა, გვიხსნას ამ მდგომარეობიდან? დღეს, ისე როგორც არასდროს, კაცობრიობას დაცვა და ხსნა სჭირდება.

„იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 18:10). ღვთის სახელის მნიშვნელობის ცოდნა, აღგვძრავს, მივენდოთ მას და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გააკეთა იეჰოვამ და კიდევ რას გააკეთებს ის თავისი ხალხის დასახსნელად. იეჰოვამ არაერთხელ ცხადყო, რომ შეუძლია თავისი მსახურების ხსნა. მაგალითად, მან გაანადგურა ფარაონის ჯარი, მისი საომარი ეტლები და, ასეთი სახით, იხსნა ისრაელი ერი. იეჰოვამ დაამტკიცა, რომ ერთგული ღმერთია, რომელსაც ახსოვს გასაჭირში მყოფნი, და სურს დაეხმაროს მათ (გამოსვლა 15:1—4).

ჩვენი მარადიული მომავალი დამოკიდებულია იმაზე, გვწამს თუ არა, რომ იეჰოვა მხსნელი ღმერთია. ძველი ისრაელის მეფე დავითს, რომელმაც ცხოვრებაში არაერთი სირთულე გადაიტანა, სწამდა, რომ იეჰოვა მხსნელი იყო. მან დაწერა: „შენა ხარ ჩემი ხსნის ღმერთი“ (ფსალმუნი 25:5). პეტრე მოციქულმა სრული დამაჯერებლობით თქვა შემდეგი სიტყვები: „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“ (2 პეტრე 2:9).

მათ შესახებ, ვინც ღმერთზეა მინდობილი, იეჰოვა ამბობს: „დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი“ (ფსალმუნი 91:14). ღვთის დღევანდელი მსახურები საკუთარი თვალით ხედავენ, რომ იეჰოვა ერთგულად ასრულებს ამ დანაპირებს. პოლონეთში მცხოვრები ჰენრიკი 70 წელია, რაც ერთგულად ემსახურება იეჰოვას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას არაერთი სირთულე და დევნა შეხვდა. როდესაც ჰენრიკი 16 წლის იყო მამამისი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ჰენრიკი და მისი უფროსი ძმა ნაცისტების არასრულწლოვანთა შრომა-გასწორების კოლონიაში ჩასვეს. შემდეგ ჰენრიკი საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. როცა იმ დროს იხსენებს, ჰენრიკი ამბობს: „გასაჭირის დროს იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივარ. ის ყოველთვის მეხმარებოდა, ერთგულება შემენარჩუნებინა მაშინაც კი, როცა სიკვდილს რამდენჯერმე თვალებში ჩავხედე“. დიახ, იეჰოვა თავის მსახურებს საჭირო ძალასა და რწმენას აძლევს, რომ სირთულეები აიტანონ.

მალე იეჰოვა იხსნის ყველას, ვისაც სწამს ის და ვინც გადარჩენისთვის მას მიმართავს. ღმერთი ამბობს: „მე ვარ იეჰოვა და ჩემ გარდა არავინაა მხსნელი“ (ესაია 43:11). „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ იეჰოვა გაანადგურებს ბოროტებს, მართლებს კი იხსნის (გამოცხადება 16:14, 16; იგავები 2:21, 22). იეჰოვა გვარწმუნებს: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).

გახდით „ღვთის შვილები“

წინასწარმეტყველ მალაქიას დროს მცხოვრები ისრაელები აცხადებდნენ, რომ იეჰოვა მათი მამა იყო. მაგრამ, როცა საქმე იეჰოვასადმი პატივისცემისა და ერთგულების გამოვლენაზე მიდგებოდა, მათ წაბილწული პური მიჰქონდათ ღვთის წინაშე და ბრმა და კოჭლ ცხოველებს სწირავდნენ მას. ამიტომაც იეჰოვამ ჰკითხა მათ: „თუ მამა ვარ, სად არის ჩემდამი პატივისცემა?!“ (მალაქია 1:6).

ნუ გაიმეორებთ ორგული ისრაელების მიერ დაშვებულ შეცდომებს. ნაცვლად ამისა, უფრო მეტი გაიგეთ იეჰოვას შესახებ და დაუახლოვდით მას. „დაუახლოვდით ღმერთს, — მოგვიწოდა მოწაფე იაკობმა, — და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

როდესაც იეჰოვას ჩვენს მამად ვაღიარებთ, ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. თუ ცდილობთ, პატივი მიაგოთ ღმერთს და დაიცვათ მისი მოთხოვნები, ის არასოდეს დაივიწყებს თქვენს ძალისხმევას. უფრო მეტიც, ის დაგეხმარებათ, იაროთ სწორ გზაზე, რომელიც დაპირებულ ახალ ქვეყნიერებამდე მიგიყვანთ, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4). იმ დროს მორჩილი კაცობრიობა „გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომაელები 8:21).

[ჩანართი 5 გვერდზე]

ღმერთს სურს, რომ მას თავისი სახელით, იეჰოვათი, მივმართავდეთ, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“

[ჩანართი 6 გვერდზე]

„გასაჭირის დროს იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივარ“ (ჰენრიკი)

[ჩანართი 6 გვერდზე]

„ბიბლიის ერთად კითხვამ, ქრისტიანულ შეხვედრებზე ერთად დასწრებამ და ნასწავლის სხვებისთვის გაზიარებამ ჩვენი ქორწინება განამტკიცა“ (სუზანა)