არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ყოველგვარი ნუგეშის მამა“

„ყოველგვარი ნუგეშის მამა“

დაუახლოვდით ღმერთს

„ყოველგვარი ნუგეშის მამა“

2 კორინთელები 1:3, 4

სირთულეების, წყენის, მარტოობისა თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო შეიძლება დამწუხრდეთ და გულგატეხილობამდეც კი მიხვიდეთ. ასეთ დროს შეიძლება საგონებელში ჩავარდეთ და დახმარება დაგჭირდეთ. 2 კორინთელების 1:3, 4-ში ჩაწერილი პავლე მოციქულის სიტყვები ყურადღებას ამახვილებს მასზე, ვინც ყოველთვის გვანუგეშებს — იეჰოვა ღმერთზე.

მესამე მუხლში ღმერთს ‘თანაგრძნობის მამა’ ეწოდება. რას ნიშნავს ეს სიტყვები? „თანაგრძნობად“ * გადმოტანილი ბერძნული სიტყვა შესაძლოა გულისხმობდეს სხვისი გაჭირვების გულთან ახლოს მიტანას. ბიბლიის ერთ ცნობარში ნათქვამია, რომ ეს სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს „სიბრალულის გამოხატვას“ ან „მთელი გულით ზრუნვას“. ღმერთს „თანაგრძნობა“ მოქმედებისკენ აღძრავს. განა არ აღგვძრავს ღვთის თანაგრძნობა იმისკენ, რომ დავუახლოვდეთ მას?!

პავლე აგრეთვე იეჰოვას „ყოველგვარი ნუგეშის მამად“ მოიხსენიებს. ის აქ იყენებს სიტყვას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს „გასაჭირსა თუ მწუხარებაში მყოფი ადამიანის ნუგეშისცემაზე, დახმარების აღმოჩენასა თუ გამხნევებაზე“. ბიბლიის ერთ ლექსიკონში ნათქვამია: „ჩვენ გასაჭირში მყოფს იმით ვანუგეშებთ, რომ ვეხმარებით მას გაუძლოს ტკივილსა თუ განსაცდელს“ („The Interpreter’s Bible“).

თქვენ შეიძლება გაინტერესებთ, თუ როგორ გვანუგეშებს ღმერთი და როგორ გვაძლევს ის ძალებს ტკივილისა თუ განსაცდელების ასატანად. ღმერთი ძირითადად თავისი სიტყვის, ბიბლიისა და ლოცვის მეშვეობით გვანუგეშებს. პავლე გვეუბნება, რომ ღმერთი სიყვარულით გვაძლევს თავის სიტყვას, რათა ჩვენ „წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“. გარდა ამისა, მხურვალე ლოცვების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (რომაელები 15:4; ფილიპელები 4:7).

ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია იეჰოვას თავისი ხალხის ნუგეშისცემა? პავლე ამბობს, რომ ღმერთი „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:4). რა სირთულეებსაც არ უნდა ვხვდებოდეთ, რა გულისტკივილსაც არ უნდა ვგრძნობდეთ და როგორც არ უნდა ვიტანჯებოდეთ, ღმერთს შეუძლია მოგვცეს საჭირო ძალა და მხნეობა ამ ყოველივეს ასატანად. განა ეს მანუგეშებელი არ არის?!

ღვთის ნუგეში ადამიანს სხვების დახმარების ძალასაც აძლევს. პავლე შემდეგ მუხლში ამბობს, რომ ღვთისგან ნუგეშცემულებს შეგვიძლია „ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს“. როდესაც გასაჭირში ნუგეშს ვიღებთ, ეს გვეხმარება, რომ სხვების მიმართ თანამგრძნობი ვიყოთ და მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ.

მართალია, იეჰოვა „ყოველგვარი ნუგეშის“ ღმერთია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პრობლემებსა და ტკივილს აგვარიდებს. და მაინც, ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ — თუ გასაჭირის დროს ღმერთს ვთხოვთ, გვანუგეშოს, ის მოგვცემს ძალებს, რომ გავუძლოთ ნებისმიერ მწუხარებასა თუ განსაცდელს. ასეთი თანამგრძნობი ღმერთი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს თაყვანისცემასა და განდიდებას.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ღმერთს ეწოდება ‘თანაგრძნობის მამა’, ანუ თანაგრძნობა მისგან მომდინარეობს. ეს თვისება ღვთის პიროვნების განუყოფელი ნაწილია.