არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გულში დასკვნებს აკეთებდა“

„გულში დასკვნებს აკეთებდა“

მიჰბაძეთ მათ რწმენას

„გულში დასკვნებს აკეთებდა“

მძიმეტვირთაკიდებულ სახედარზე მოუხერხებლად იჯდა მარიამი; სახედარს იოსები მიუძღოდა; გრძელ და დამქანცველ გზაზე შეუსვენებლივ მიმავალთ გეზი ბეთლემისკენ ჰქონდათ აღებული. მარიამი გრძნობდა, როგორ მოძრაობდა მასში ახალი სიცოცხლე.

ბიბლია ამბობს, რომ მარიამი ორსულად იყო და ბავშვის დაბადებას დღე-დღეზე ელოდა (ლუკა 2:5). სახედარზე მჯდომი ორსული ქალის შემხედვარე მინდვრებში სახნავად თუ სათესად გასული ხალხი, ალბათ, გაკვირვებული იტყოდა, ნეტა ისეთი რა გაუჭირდა ამ მდგომარეობაში ამხელა გზას რომ დაადგაო. მართლაც, რამ წაიყვანა მარიამი თავისი სახლიდან, ნაზარეთიდან, ასე შორს?

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა თვეების წინ ამ ახალგაზრდა იუდეველმა ქალმა ისეთი დავალება მიიღო, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაში არავის მიუღია. მას უნდა ეშვა ბავშვი, რომელიც მესია, ღვთის ძე იქნებოდა (ლუკა 1:35). მშობიარობის დრო რომ ახლოვდებოდა, მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა და საჭირო გახდა მარიამის ბეთლემში გამგზავრება. გზაში მისი რწმენა არაერთხელ გამოიცადა, მაგრამ სულით არ დაეცა. რა დაეხმარა მას?

ნაზარეთიდან ბეთლემამდე

გამგზავრება მხოლოდ იოსებსა და მარიამს არ მოუწიათ. კეისარმა ავგუსტუსმა გამოსცა ბრძანება, რომ აღწერილიყო მთელი მოსახლეობა და ამიტომ ყველა თავის მშობლიურ ქალაქში წავიდა აღსაწერად. როგორ მოიქცა იოსები? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იოსებიც წავიდა გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში, რადგან დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო“ (ლუკა 2:1—4).

შემთხვევითი არ იყო, რომ კეისარმა მაინცდამაინც ამ დროს გამოსცა ეს ბრძანება. შვიდი საუკუნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა. პატარა ქალაქი ბეთლემი ნაზარეთიდან 11 კილომეტრში მდებარეობდა, მაგრამ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია „ეფრათას ბეთლემში“ უნდა დაბადებულიყო (მიქა 5:2). დღეს ნაზარეთიდან დაახლოებით 150 კილომეტრი უნდა გაიარო სამხრეთით მდებარე ამ პატარა ქალაქში რომ ჩახვიდე. იოსები და მარიამი სწორედ ამ ბეთლემში მიდიოდნენ, რადგან, როგორც მეფე დავითის შთამომავლები, წარმოშობით აქედან იყვნენ.

ადვილი იქნებოდა მარიამისთვის იოსების წინადადების მიღება? ბოლოს და ბოლოს მისი მდგომარეობა ჩვეულებრივი ხომ არ იყო. შემოდგომა ახალი დამდგარი იყო და წვიმიანი სეზონი იწყებოდა. გარდა ამისა, ბეთლემი ზღვის დონიდან 760 მეტრით მაღლა მდებარეობდა, ამიტომ რამდენიმე დღე აღმართზე უნდა ევლოთ, რაც თავისთავად დამქანცველი იქნებოდა. ალბათ ეს მგზავრობა უფრო დიდ დროს წაიღებდა, რადგან მარიამს თავისი მდგომარეობის გამო ხშირად მოუწევდა დასვენება. ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ქალი მოინდომებდა მშობიარობამდე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დარჩენას, რომლებიც მშობიარობის ტკივილების დროს გვერდიდან არ მოსცილდებოდნენ. უეჭველია, მას დიდი გამბედაობა უნდა ჰქონოდა, ასეთ გზას რომ დასდგომოდა.

ლუკამ დაწერა, რომ იოსები წავიდა, რომ „აღწერილიყო მარიამთან . . . ერთად“. მან ისიც აღნიშნა, რომ მარიამი მისი ცოლი იყო (ლუკა 2:4, 5). რადგან ცოლი იყო მის გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებდა ქმრის გადაწყვეტილება. მარიამი აღიარებდა, რომ ქმარი მისი თავი იყო და იოსების გადაწყვეტილების მხარდაჭერით აჩვენებდა, რომ თავის როლს — როგორც ქმრის დამხმარე — კარგად ასრულებდა *. შეიძლება ითქვას, რომ მორჩილების გამოვლენით მარიამმა წარმატებით ჩააბარა რწმენის გამოცდა.

კიდევ რამ აღძრა მარიამი მორჩილებისკენ? იცოდა მან, რომ, წინასწარმეტყველების თანახმად, მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო? ამაზე ბიბლია არაფერს ამბობს. თუმცა შეიძლება იცოდა კიდეც, რადგან ეს არც რელიგიური წინამძღოლებისთვის იყო დაფარული და არც უბრალო ადამიანებისთვის (მათე 2:1—7; იოანე 7:40—42). მარიამისთვის არ იყო უცხო წმინდა წერილები (ლუკა 1:46—55). რაც უნდა ყოფილიყო სწორი გადაწყვეტილების მიზეზი — ქმრისადმი მორჩილება, სახელმწიფო ბრძანება, წინასწარმეტყველების ცოდნა თუ სამივე ერთად — მარიამი ჩვენთვის შესანიშნავი მაგალითია. იეჰოვა ძალიან აფასებს როგორც კაცის, ისე ქალის თავმდაბლობასა და მორჩილებას. დღეს, როცა თავმდაბლობას ბევრის თვალში ფასი აქვს დაკარგული, მარიამი მისაბაძია ღვთის ერთგული მსახურებისთვის.

ქრისტეს დაბადება

მარიამი შვებით ამოისუნთქავდა, როგორც კი ბეთლემს თვალს მოჰკრავდა. როცა ბეთლემისკენ მიმავალ მთაგორიან გზაზე უკან მოიტოვებდნენ ზეთისხილის ბაღებს, რომლებიც ყველაზე ბოლოს იკრიფებოდა, მარიამსა და იოსებს, ალბათ, გაახსენდებოდათ ზოგი რამ, რაც ამ პატარა მხარეზე ჰქონდათ გაგონილი. ეფრათას ბეთლემი იმდენად უმნიშვნელო ქალაქი იყო, რომ იუდას ქალაქებს შორს არც კი მოიხსენიებოდა, და ეს წინასწარმეტყველ მიქამაც აღნიშნა; თუმცა ათასზე მეტი წლის წინათ აქ დაიბადნენ ბოაზი, ნაომი და დავითი.

როცა მარიამი და იოსები ბეთლემში ჩავიდნენ, ქალაქი ხალხით იყო სავსე. მათ ოთახი ვერსად იქირავეს, რადგან რეგისტრაციისთვის სხვები იქ მათზე ადრე ჩასულიყვნენ *. სხვა გზა არ ჰქონდათ, ღამე ცხოველების სადგომში უნდა გაეთიათ. რთული წარმოსადგენი არაა, როგორ შეწუხდებოდა იოსები, როცა დაინახავდა როგორ ტანჯავდა მის ცოლს მშობიარობის აუტანელი ტკივილები, რომლებიც სულ უფრო და უფრო უძლიერდებოდა. მარიამს ბავშვის გაჩენა ასეთ ცუდ და მოუხერხებელ ადგილას მოუწია.

ალბათ, ნებისმიერი ქალი თანაუგრძნობდა მარიამს. დაახლოებით 4 000 წლის წინათ იეჰოვამ თქვა, რომ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო, ვერც ერთი ქალი ვერ გააჩენდა შვილს ტკივილების გარეშე (დაბადება 3:16). ბიბლიაში არსად წერია, რომ მარიამი გამონაკლისი იყო. ლუკამ მოკრძალებულად აარიდა თავი მარიამის ტკივილებზე საუბარს. მან უბრალოდ თქვა: „შეეძინა ვაჟი, პირმშო“ (ლუკა 2:7). ის მართლაც „პირმშო“ იყო — მარიამის პირველი შვილი; მას შემდეგ მას, სულ მცირე, ექვსი შვილი შეეძინა (მარკოზი 6:3). ეს პირველი ყველასგან გამოირჩეოდა არა იმით, რომ პირველი შვილი იყო, არამედ იმით, რომ იეჰოვას „პირმშო [იყო] ყველა ქმნილებას შორის“, ღვთის მხოლოდშობილი ძე! (კოლოსელები 1:15)

ლუკა შემდეგ ცნობილ დეტალს მოიხსენიებს: „[მარიამმა ბავშვი] სახვევებში გაახვია და ბაგაში ჩააწვინა“ (ლუკა 2:7). მთელ მსოფლიოში შობის სცენების წარმოდგენისას ეს დეტალი განსაკუთრებული გამომხატველობით გამოირჩევა. მაგრამ, როგორი იყო სინამდვილე? ბაგა არის გრძელი, ვიწრო წნული ან ფიცრული, სადაც ცხოველებს საჭმელს უყრიან. ამგვარად, იოსების ოჯახი დაბინავდა ცხოველების სადგომში, სადაც არც სუფთა ჰაერი იყო და არც სისუფთავე. არჩევანი თუ ექნებოდა, რომელი მშობელი ისურვებდა ასეთ ბინძურ ადგილზე მშობიარობას? მშობელს შვილისთვის ხომ საუკეთესო სურს. მაშ, რამდენად უკეთესი გარემოს შექმნა ენდომებოდათ მარიამსა და იოსებს ღვთის ძისთვის!

მშობლები არ გაღიზიანებულან იმის გამო, რომ ახალდაბადებულ იესოს ვერ შეუქმნეს უკეთესი პირობები. მათ ყველაფერი გააკეთეს, თუკი რამ შეეძლოთ. მარიამი თავად ზრუნავდა ჩვილზე, სახვევებში ახვევდა, ფრთხილად აწვენდა ბაგაში და აძინებდა. ის დარწმუნებული იყო რომ ბავშვს არ სციოდა და საფრთხე არ ემუქრებოდა. ამ მდგომარეობის მიუხედავად, მარიამმა შვილს საუკეთესო მისცა, რისი მიცემაც შეეძლო. ცოლ-ქმარმა იცოდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის სულიერი აღზრდა იყო (კანონი 6:6—8). დღესაც გონიერი მშობლები ყველაზე დიდ მნიშვნელობას შვილებისთვის სულიერი ფასეულობების ჩანერგვას ანიჭებენ, რაც უცხოა ქვეყნიერებისთვის.

იესოს ინახულებენ

მწყემსებმა მოულოდნელად დაკარგეს სიმშვიდე. ისინი ბეთლემისკენ გაეშურნენ; ერთი სული ჰქონდათ, ენახათ მარიამი და იოსები, განსაკუთრებით კი ბავშვი. აღელვებულ მწყემსებს სიხარულისგან სახეები უბრწყინავდათ. მათ ვერც კი შეამჩნიეს ისე ჩაირბინეს ფერდობები, რომლებზეც ფარას მწყემსავდნენ *. მათი დანახვით განცვიფრებულ იოსებსა და მარიამს მწყემსებმა უამბეს, თუ რა საოცრება იხილეს ღამით: შუაღამისას ანგელოზი გამოეცხადათ, ირგვლივ ყველაფერი იეჰოვას დიდებამ დაფარა, ანგელოზმა უთხრა მწყემსებს, რომ ახლა ბეთლემში ქრისტე, მესია, დაიბადა; ჩვილს სახვევებში გახვეულსა და ბაგაში ჩაწოლილს იპოვიდნენ. შემდეგ კი უფრო დიდი საოცრება მოხდა — ზეცაში ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი გამოჩნდა და ღმერთს ადიდებდა!

გასაკვირი არ არის, რომ ამ თავმდაბალმა კაცებმა არ დააყოვნეს ბეთლემში ჩასვლა. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ანგელოზის სიტყვისამებრ, ჩვილი ბაგაში მწოლიარე ნახეს. მათ ვერ დამალეს ეს ამბავი და „ბავშვის . . . შესახებ ნათქვამი სიტყვები აუწყეს. ვინც მწყემსების ნათქვამი მოისმინა, ყველა გაოცდა“ (ლუკა 2:17, 18). შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური წინამძღოლები არაფრად აგდებდნენ მწყემსებს. იეჰოვა კი აფასებდა ამ თავმდაბალ და ღვთის ერთგულ მამაკაცებს. როგორ იმოქმედა მარიამზე მწყემსების მონახულებამ?

უდავოა, ახალნამშობიარები მარიამი თავს ძალიან სუსტად იგრძნობდა, მაგრამ მწყემსების ყოველ სიტყვას დიდი ყურადღებით ისმენდა. უფრო მეტიც, „მათ თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა და გულში დასკვნებს აკეთებდა“ (ლუკა 2:19). ეს ახალგაზრდა ქალი ყველაფერს უფიქრდებოდა და ღრმად აანალიზებდა. მან იცოდა, რომ ანგელოზის სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის ღმერთს, იეჰოვას სურდა, რომ მარიამს სცოდნოდა, ვინ იქნებოდა მისი ვაჟი და რა როლს შეასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში. ამიტომ მარიამი ყოველ ნათქვამ სიტყვას უკვირდებოდა. ის გულში ინახავდა მათ და თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე ფიქრობდა მათზე. სწორედ ამიტომ იყო მარიამის რწმენა ასეთი ძლიერი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე.

მიჰბაძავთ მარიამს? იეჰოვამ ბიბლიის ფურცლებზე ხომ ჭეშმარიტება დაგვიწერა. თუმცა დაწერილი თავისთავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ წავიკითხავთ. საჭიროა ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია, მაგრამ არა ისე, როგორც მხატვრული ნაწარმოები, არამედ როგორც ღვთისგან შთაგონებული სიტყვა (2 ტიმოთე 3:16). შემდეგ მარიამის მსგავსად წაკითხული გულში შევინახოთ და კარგად გავაანალიზოთ. როცა ვფიქრობთ წაკითხულზე, უკეთ ვხვდებით, როგორ გამოვიყენოთ იეჰოვას რჩევები. ასეთი სახით ჩვენს რწმენას კარგად „ვკვებავთ“.

სულიერი განძით გამდიდრებული

მარიამმა და იოსებმა მოსეს კანონის თანახმად ბავშვი რვა დღის შემდეგ წინადაცვითეს და, ანგელოზის სიტყვისამებრ, იესო დაარქვეს (ლუკა 1:31). მე-40 დღეს კი, განწმენდის დღეების დასრულების შემდეგ, ბეთლემიდან იერუსალიმის ტაძარში წაიყვანეს, რათა კანონის თანახმად ღარიბებისთვის გათვალისწინებული შესაწირავი — ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი — მიეტანათ. სხვა მშობლები ვერძს თუ არა გვრიტს მაინც სწირავდნენ; მაგრამ იოსებსა და მარიამს ეს მცირედიც რომ ვერ შეეწირათ სასირცხვილო არაფერი ჰქონდათ; მარტო ტაძარში ყოფნაც ძალიან გაამხნევებდა სულიერად (ლუკა 2:21—24).

ტაძარში მყოფ მარიამს მოხუცებული სიმონი მიუახლოვდა და გულში ჩამწვდომი სიტყვები უთხრა. სიმონს ზეციდან ეუწყა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ მესიას არ იხილავდა. მას იეჰოვას წმინდა სულმა გაუმჟღავნა, რომ პატარა იესო ნაწინასწარმეტყველები მხსნელი იქნებოდა. სიმონმა მარიამს ისიც უთხრა, რომ დადგებოდა დღე, როცა ისეთ ძლიერ ტკივილს იგრძნობდა, თითქოს გულში მახვილი ჩასცესო! (ლუკა 2:25—35). მართალია, ეს არასასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ შესაძლოა სწორედ ეს სიტყვები დაეხმარა მარიამს იმ საშინელი ტკივილის ატანაში, რომლის წინაშეც სამი ათეული წლის შემდეგ დადგა. ტაძარში ბავშვი წინასწარმეტყველმა ანამაც ნახა და მის შესახებ ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა (ლუკა 2:36—38).

იოსებმა და მარიამმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ბავშვი იერუსალიმში, იეჰოვას ტაძარში წაიყვანეს. მათ ჩვილობიდანვე ჩაუნერგეს შვილს იეჰოვას ტაძარში სიარულის სიყვარული. ტაძარში ყოფნისას მათ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეს, რაც იქ ითქვა ყურადღებით მოისმინეს და შინ გამხნევებულები დაბრუნდნენ. მარიამის რწმენა ახლა უფრო ძლიერი იყო, მისი გული ახალი სულიერი განძით აივსო, რაზეც დიდხანს იფიქრებდა და ისაუბრებდა სხვებთან.

არაფერი ჯობს იმის ყურებას, როდესაც დღეს მშობლები ამ შესანიშნავ მაგალითს ჰბაძავენ. იეჰოვას მოწმეებს თავიანთი შვილები რეგულარულად დაჰყავთ კრების შეხვედრებზე. მშობლები ყველაფერს აკეთებენ ღვთისმსახურებისთვის და თანამორწმუნეებისთვის გამამხნევებელ სიტყვებს არ იშურებენ. კრების ყოველი შეხვედრიდან ისინი უფრო ბედნიერები ბრუნდებიან; მათი რწმენაც უფრო მტკიცეა; იქ მოსმენილის წყალობით სხვებისთვისაც უფრო მეტი აქვთ სათქმელი, მათ შორის თქვენთვისაც! თუ მოუსმენთ, მარიამის მსგავსად თქვენი რწმენა უფრო ძლიერი იქნება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 ყურადღება მიაქციეთ ორ ბიბლიურ ფრაგმენტს — მარიამის იოსებთან ერთად გამგზავრებას, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი, და მარიამის ელისაბედთან წასვლას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა“ ელისაბედის სანახავად (ლუკა 1:39). იმ დროს მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, მაგრამ ჯერ ცოლი არ ყოფილა; ამიტომ მას შეიძლება არც კი უკითხავს იოსებისთვის, წასულიყო თუ არა. მაგრამ ქორწინების შემდეგ უკვე იოსებმა გადაწყვიტა, რომ ბეთლემში უნდა წასულიყვნენ, და არა მარიამმა.

^ აბზ. 14 იმ დროს ისრაელში მიღებული იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მგზავრებისთვის ღამის გასათევი მიეცათ.

^ აბზ. 19 ის ფაქტი, რომ წელიწადის ამ დროს მწყემსებს ცხვარი ღია ცის ქვეშ ჰყავდათ, ადასტურებს იმას, რომ იესო დეკემბერში არ დაბადებულა. რადგან ამ დროს ფარა მინდორში ვერ იქნებოდა. იესო, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში დაიბადა.

[სურათი 25 გვერდზე]

სიმონისთვის დიდი კურთხევა იყო ნაწინასწარმეტყველები მხსნელის ხილვა