თუ ადამი სრულყოფილი იყო, რატომ შესცოდა?
მკითხველები გვეკითხებიან
თუ ადამი სრულყოფილი იყო, რატომ შესცოდა?
ადამს ნებისმიერი არჩევნის გაკეთება შეეძლო, თუნდაც არასწორის, რადგან ღმერთმა მას ნების თავისუფლება მისცა. ნების თავისუფლება ღვთის საჩუქარი იყო, რაც თავისთავად ადამის სრულყოფილებას არ გამორიცხავდა. სინამდვილეში ყოველმხრივ სრულყოფილი მხოლოდ ღმერთია (კანონი 32:3, 4; ფსალმუნი 18:30; მარკოზი 10:18). სხვა დანარჩენი — ყველა და ყველაფერი შეზღუდულია. მაგალითად, უნივერსალური დანით შეიძლება საუკეთესოდ დაჭრათ ხორცი, მაგრამ შეძლებდით იმავე დანით წვნიანი კერძის ჭამას? საგანი შეიძლება საუკეთესო იყოს, მაგრამ ნებისმიერი მიზნით ვერ გამოიყენო.
რა მიზნისთვის შექმნა ღმერთმა ადამი? ღვთის მიზანი იყო ადამს წარმოექმნა გონიერი შთამომავლობა, რომლებიც მის მსგავსად ნების თავისუფლებით იქნებოდნენ დაჯილდოებულნი. ვისაც სურდა, ღმერთი ყვარებოდა, ეს ღვთის კანონების მორჩილებით უნდა ეჩვენებინა, რაც მექანიკური პროცესი კი არ იქნებოდა, არამედ გულით გაკეთებული არჩევნის შედეგი (კანონი 10:12, 13; 30:19, 20). ამგვარად, როგორც ნების თავისუფლების მქონე, ადამი ვერ იქნებოდა სრულყოფილი, თუ მას არ ექნებოდა არასწორი არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. ბიბლიაში წერია, როგორ გამოიყენა ადამმა ნების თავისუფლება; ის მიჰყვა თავისი ცოლის მაგალითს და დაარღვია ღვთის კანონი, რომელიც „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხეს“ უკავშირდებოდა (დაბადება 2:17; 3:1—6).
ისე შექმნა ღმერთმა ადამი, რომ არ მისცა ცუდისა და კარგის გარჩევის, ბრძნული გადაწყვეტილების მიღებისა და ცდუნების გაძლების უნარი? ადამის შეცოდებამდე იეჰოვა ღმერთმა გადახედა ყველა მიწიერ ქმნილებას, მათ შორის პირველ წყვილს, და თქვა, რომ „ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). აქედან გამომდინარე, ადამის შეცოდების მიზეზი ის არ ყოფილა, რომ მისი შექმნისას იეჰოვამ რაღაც ვერ გაითვალისწინა. მიზეზი მასშივე იყო, ამიტომ ღმერთმა სამართლიანად სცნო ადამი დამნაშავედ (დაბადება 3:17—19). როგორც ჩანს, ადამი ნაკლებად ფიქრობდა ღვთისა და მისი სამართლიანი პრინციპების სიყვარულზე, რის გამოც არ გასჩენია იმის სურვილი, რომ ყველაფერში დამორჩილებოდა ღმერთს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დედამიწაზე დაბადებული იესოც ადამივით სრულყოფილი იყო. ადამის შთამომავლებისგან განსხვავებით, იესო წმინდა სულით ჩაისახა, რის გამოც ცდუნების თანდაყოლილი სისუსტე არ ჰქონია (ლუკა 1:30, 31; 2:21; 3:23, 38). ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, იესოს ძალიან სურდა, ბოლომდე მამის ერთგული დარჩენილიყო; ადამის მოქმედებაში კი ეს სურვილი არ გამოჩენილა.
რატომ გააკეთა ადამმა ასეთი არჩევანი? ხომ არ ფიქრობდა, რომ ეს მისთვის სასიკეთო იქნებოდა? არა, რადგან მოციქული პავლე ამბობს: „ადამი . . . არ შეცდა“ (1 ტიმოთე 2:14). ადამმა გადაწყვიტა ცოლის სურვილს დაჰყოლოდა და თვითონაც შეეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი. მან შემოქმედის ერთგულებას ცოლის „ერთგულება“ არჩია. როცა ევამ აკრძალული ხის ნაყოფი შესთავაზა, ადამი უნდა დაფიქრებულიყო იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა დაუმორჩილებლობა ღმერთთან მის ურთიერთობაზე. ადამს რომ ძალიან ჰყვარებოდა ღმერთი, ცდუნებას გაუძლებდა და არც ცოლის ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდა.
ადამმა მანამ შესცოდა, სანამ შვილები ეყოლებოდა. შესაბამისად, ყველა მისი შთამომავალი არასრულყოფილი დაიბადა, მაგრამ ადამის მსგავსად ნების თავისუფლების ძღვენი ჩვენც გვაქვს ბოძებული. მოდი, მადლიერებით ვიფიქროთ იეჰოვას სულგრძელობაზე და დიდი სიყვარულით შევიყვაროთ, რადგან მხოლოდ ის იმსახურებას ჩვენს თაყვანისცემასა და მორჩილებას! (ფსალმუნი 63:6; მათე 22:36, 37)