იცოდით თუ არა?
იცოდით თუ არა?
რატომ იწყებდნენ ებრაელები შაბათის აღნიშვნას საღამოს?
როცა იეჰოვამ თავის ხალხს გამოსყიდვის დღის შესახებ კანონი მისცა, თქვა: „ამ დღეს არანაირი საქმე არ გააკეთოთ . . . ეს სრული დასვენების შაბათია თქვენთვის . . . საღამოდან საღამომდე დაიცავით შაბათი“ (ლევიანები 23:28, 32). ამ სიტყვებში ისიც ჩანს, რომ დღე იწყებოდა საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ და მთავრდებოდა მომდევნო მზის ჩასვლისას. ამგვარად, ებრაელებისთვის დღე საღამოდან საღამომდე გრძელდებოდა.
დღის ამგვარად ათვლაში ებრაელებმა იეჰოვას მიჰბაძეს. ბიბლიაში შემოქმედებითი სიმბოლური დღის შესახებ ნათქვამია: „დადგა საღამო და დადგა დილა, — პირველი დღე“. მომდევნო „დღეებიც“ ასე აღიწერა — „საღამოდან“ მოყოლებული (დაბადება 1:5, 8, 13, 19, 23, 31).
დღეების საღამოდან ათვლას მხოლოდ ებრაელები არ იწყებდნენ. ათენელებს, ნუმიდიელებსა და ფინიკიელებს დღეების აღრიცხვის მსგავსი სისტემა ჰქონდათ. რაც შეეხება ბაბილონელებს, მათთვის დღე მზის ამოსვლისას იწყებოდა, მაშინ როცა ეგვიპტელებისა და რომაელებისთვის — შუაღამისას, ისე, როგორც დღეს ჩვენთვის. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს ებრაელებისთვის შაბათი კვლავ პარასკევ საღამოს, მზის ჩასვლის მერე იწყება.
რა იყო „შაბათი დღის სავალი მანძილი“?
მას შემდეგ, რაც ზეთისხილის მთაზე მოწაფეებმა იესოს ზეცად ამაღლება იხილეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ, რომელიც აქედან „შაბათი დღის სავალ მანძილზე“ იყო (საქმეები 1:12). ფეხით მიმავალ კაცს დღეში დაახლოებით 30 კილომეტრის ან მეტის გავლა შეეძლო, ზეთისხილის მთა კი იქვეა იერუსალიმთან. მაშ, რა მანძილია „შაბათი დღის სავალი მანძილი“?
შაბათი ის დღე იყო, როცა ისრაელებს ყოველდღიური საქმეებისგან უნდა დაესვენათ. ისინი შაბათობით სახლში ცეცხლსაც კი არ ანთებდნენ (გამოსვლა 20:10; 35:2, 3). იეჰოვას ნაბრძანები ჰქონდა: „დარჩით თქვენ-თქვენს ადგილზე და არავინ გავიდეს თავისი ადგილიდან მეშვიდე დღეს“ (გამოსვლა 16:29). ეს კანონი ისრაელებს იმის საშუალებას აძლევდა, რომ ყოველდღიური საქმეებისგან დაესვენათ და ყურადღება სულიერ საკითხებზე გაემახვილებინათ.
კანონის წვრილმანებში დაცვას გამოდევნებულ რაბინებს არ აკმაყოფილებდათ იეჰოვას მიცემული კანონით გამოხატული პრინციპების დაცვა და თვითნებურად აკონკრეტებდნენ იეჰოვას მოთხოვნას; მაგალითად, რა მანძილის გავლა შეეძლოთ შაბათ დღეს თაყვანისცემაში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამი იყო: „შაბათის შესახებ მკაცრი კანონი მოითხოვდა . . . შაბათ დღეს არც ერთ ებრაელს არ გაევლო გარკვეულ მანძილზე მეტი და ამ მანძილს შაბათი დღის სავალი მანძილი ერქვა“ („Cyclopedia of Biblical, Theological, and Ecclesiastical Literature“). „ეს გარკვეული“ მანძილი 2 000 წყრთა იყო, რაც დაახლოებით ერთი კილომეტრია.
[სურათი 11 გვერდზე]
იერუსალიმის ხედი ზეთისხილის მთიდან