რამდენად სანდოა სახარებები?
რამდენად სანდოა სახარებები?
„დღეს სახარებებს ძირძველ ქრისტიანულ მითად მივიჩნევთ“, (ლ. მაკი, პროფესორი, ახალი აღთქმის მკვლევარი.)
ამ პროფესორის აზრს სხვებიც იზიარებენ. ბევრმა კრიტიკოსმა ეჭვი შეიტანა მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების უტყუარობაში, რომლებშიც იესოს ცხოვრება და მსახურებაა აღწერილი. რატომ მიიჩნევენ სახარებებს მითად? ასეთი დამოკიდებულება თქვენშიც ხომ არ თესავს ეჭვის მარცვალს? განვიხილოთ კრიტიკოსების დაეჭვების რამდენიმე მიზეზი.
ეჭვი შეაქვთ სახარებების უტყუარობაში
სახარებების უტყუარობა დაწერიდან 17 საუკუნის განმავლობაში, შეიძლება ითქვას რომ, ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. მაგრამ მას შემდეგ, განსაკუთრებით მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ზოგმა მკვლევარმა ეს საკითხი საკამათო გახადა. მათი აზრით სახარებები ღვთის ინსპირაციით არ დაწერილა — ისინი ადამიანებმა შეთხზეს. გარდა ამისა, კრიტიკოსები უარყოფენ მოსაზრებას, რომ სახარებების დამწერებმა ის დაწერეს, რაც თვითონ იხილეს და მოისმინეს, და ამტკიცებენ, რომ ისინი მოვლენებს ზუსტად ვერ აღწერდნენ. ისინი იმასაც ამბობენ, რომ პირველი სამი სახარების დამწერებმა ცნობები ერთმანეთისგან გადაიწერეს; ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ პირველი სამი სახარება, რომლებსაც ზოგჯერ „სინოპტიკურს“ (რაც ერთდროულად დანახვას ნიშნავს) უწოდებენ, ძალიან ჰგავს ერთმანეთს შინაარსითა და წინადადებების წყობით. უარყოფენ სახარებებში აღწერილ იესოს სასწაულებსაც და მის მკვდრეთით აღდგომასაც. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ იესოს არასოდეს უცხოვრია.
კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ უპირველესად მარკოზის სახარება დაიწერა, რადგან მასში უმეტესწილად იგივე ინფორმაციაა მოცემული, რაც მათესა და ლუკას სახარებებში. ფიქრობენ იმასაც, რომ მათემ და ლუკამ თავიანთი სახარებები მარკოზის სახარების საფუძველზე შეადგინეს და სხვა დამატებითი წყაროც გამოიყენეს, რომელსაც გერმანულად „ქუელი“ უწოდეს. ბიბლიის ერთ-ერთი მკვლევარის ალბერტ კლინის სიტყვების თანახმად ასეთი ჰიპოთეზა „ამცირებს სახარებების დამწერებს, თითქოს მათ მხოლოდ ალაგ-ალაგ ამოკრებილ ტექსტებს მოუყარეს თავი“. ასეთი წარმოდგენები, ფაქტობრივად, სახარების დამწერებს პლაგიატორებთან (სხვისი ნაშრომის მიმთვისებელი) და მითების გამომგონებლებთან აიგივებს. სწორედ ეს თეორია აკარგვინებს ბევრს იმის რწმენას, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული (2 ტიმოთე 3:16).
იყვნენ სახარების დამწერები პლაგიატორები?
„სინოპტიკურ“ სახარებებს შორის არსებული მსგავსებები ნამდვილად ამტკიცებს იმას, რომ დამწერებმა სახარებები ერთმანეთისგან გადაიწერეს? რა თქმა უნდა, არა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა: „წმინდა სული . . . ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:26). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სახარებების დამწერებს ერთი და იგივე მოვლენები გაახსენდათ და დაწერეს კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის ზოგიერთი დამწერი კითხულობდა და იყენებდა ბიბლიის სხვა წიგნებს, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება იმაზე მიუთითებს, რომ ისინი გულმოდგინე მკვლევარები იყვნენ და არა პლაგიატორები (2 პეტრე 3:15). გარდა ამისა, ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „სახარებებს შორის მსგავსება, რომლებშიც იესოს დაუვიწყარი გამონათქვამებია ჩაწერილი, ადვილად შეიძლება აიხსნას იმით, რომ იმ დროს ინფორმაციის გადაცემა ზეპირად ხდებოდა“ („The Anchor Bible Dictionary“).
ლუკა 1:1—4). მიუთითებს ეს სიტყვები იმაზე, რომ ლუკა პლაგიატორი და მითების შემთხზველი იყო? პირიქით! ლუკას სახარების საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ არქეოლოგმა უილიამ რემსეიმ თქვა: „ლუკა საუკეთესო ისტორიკოსია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობს, არამედ იმიტომაც, რომ იცის როგორ აღწეროს ისტორიული ფაქტები . . . ეს ავტორი თავისუფლად შეიძლება მოვიხსენიოთ უდიდეს ისტორიკოსთა გვერდით“.
ლუკამ აღნიშნა, რომ ესაუბრა ბევრ თვითმხილველს და „ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოიკვლია“ (პირველი ეკლესიის მამები, აგრეთვე მესამე საუკუნეში მოღვაწე თეოლოგი ორიგენე, ამტკიცებდნენ, რომ მოციქული მათე იყო პირველი, ვინც სახარება დაწერა. ორიგენემ აღნიშნა: „პირველი სახარება დაწერა მათემ, რომელიც მებაჟე იყო, მაგრამ იესო ქრისტეს მოციქული გახდა, და რომელმაც სახარება ახალმოქცეული იუდეველებისთვის ებრაულ ენაზე დაწერა“. უდავოა, რომ მათეს, მოციქულსა და იესოს გვერდით მყოფს, სულაც არ დასჭირდებოდა რამე გადაეწერა მარკოზისგან, რომელსაც იესო არც კი უნახავს. მაშ, რის საფუძველზე ამტკიცებენ კრიტიკოსები, რომ მათემ და ლუკამ თავიანთი სახარებები გადაიწერეს მარკოზისგან და სავარაუდოდ „ქუელ“ დოკუმენტი გამოიყენეს?
პირველად მართლა მარკოზის სახარება დაიწერა?
ზემოხსენებულ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია, რომ „არანაირი საფუძვლიანი მტკიცება არ არსებობს“ იმის დასადასტურებლად, რომ პირველად მარკოზის სახარება დაიწერა. მიუხედავად ამისა, ბევრი სწავლული მაინც ფიქრობს, რომ მათესა და ლუკას სახარებებზე ადრე მარკოზის სახარება დაიწერა.
ამას იმით ასაბუთებენ, რომ მარკოზი ისეთს ბევრს არაფერს ამბობს, რაც სხვა სახარებებში არ არის მოცემული. მაგალითად, მე-19 საუკუნეში მოღვაწე ბიბლეისტი იოჰანეს კუნი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ პირველი მარკოზის სახარება უნდა დაწერილიყო. სხვაგვარად, როგორც კუნი ამბობს, „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მარკოზმა აიღო მათესა და ლუკას დაწერილი გრაგნილები, პატარ-პატარა ნაწილებად დაჭრა, ქოთანში ჩაყარა, აურია, მერე შეძლებისდაგვარად ააწყო და ასე შექმნა თავისი სახარება“.ვინაიდან მარკოზის სახარება მოცულობით ყველაზე პატარაა, გასაკვირი არ არის, რომ მასში მცირეა ის მასალაც, რაც სხვა სახარებებში არ არის. და მაინც, ეს არ კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ პირველი მარკოზის სახარება დაიწერა. არც ის არის მართალი, რომ მარკოზის სახარება ახალს არაფერს ამბობს, მათესა და ლუკას სახარებებთან შედარებით. მარკოზი ცოცხლად, ექსპრესიულად აღწერს იესოს მსახურებას და სწრაფად გადადის ერთი მოვლენიდან მეორეზე. ფაქტობრივად, ამ სახარებაში 180-ზე მეტი მუხლი და საინტერესო დეტალია, რაც არ გვხვდება მათესა და ლუკას სახარებებში. სწორედ ეს ხდის ამ სახარებას უნიკალურს (იხილეთ ჩარჩო მე-13 გვერდზე).
რისი თქმა შეიძლება „ქუელ“ დოკუმენტზე
რა შეიძლება ითქვას „ქუელ“ დოკუმენტზე, რომელიც, ზოგის აზრით, მათემ და ლუკამ თავიანთი სახარებების დასაწერად გამოიყენეს? პროფესორი, თეოლოგი, ჯეიმზ რობინსონი ამბობს: „ქუელი“ მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ტექსტია, რაც მოგვეპოვება“. ასეთი განაცხადი ცოტა არ იყოს გასაკვირია, რადგან დღეს ეს დოკუმენტი არ არსებობს და არც არავის შეუძლია იმის დამტკიცება, რომ ოდესღაც არსებობდა. კიდევ უფრო უცნაური ამ დოკუმენტის საერთოდ გაუჩინარებაა, მაშინ როცა სწავლულები ამბობენ, რომ ამ ტექსტის რამდენიმე ასლიც არსებობდა. გარდა ამისა, ეკლესიის მამები არასოდეს ციტირებდნენ „ქუელ“ დოკუმენტიდან.
ახლა დავფიქრდეთ: „ქუელ“ დოკუმენტის არსებობა სავარაუდოა. აგრეთვე სავარაუდოა მისი გამოყენება მარკოზის სახარების დასაწერად. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ ჰიპოთეზაზე მეორე ჰიპოთეზაა აგებული? როცა საქმე ასეთ თეორიებს ეხება, გონივრულად ვიქცევით, თუ ვითვალისწინებთ ამ სიტყვებს: „გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს“ (იგავები 14:15, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა).
სახარებები სარწმუნო და სანდოა
თავიანთი ვარაუდებითა და ჰიპოთეზებით კრიტიკოსებმა ბევრს შეუშალეს ხელი იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ სახარებისეული სანდო ცნობების გამოკვლევაში. ამ ცნობებიდან აშკარად ჩანს, რომ პირველი ქრისტიანები იესოს ცხოვრებას, მსახურებას, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას მითად არ მიიჩნევდნენ. ასობით თვითმხილველმა დაადასტურა ამ ფაქტების უტყუარობა. პირველ ქრისტიანებს, რომლებიც მზად იყვნენ ქრისტეს გულისთვის აეტანათ სასტიკი წინააღმდეგობები და სიცოცხლეზეც კი ეთქვათ უარი, ღრმად სწამდათ, რომ ქრისტიანობას აზრი არ ექნებოდა, იესოს მსახურება და მკვდრეთით აღდგომა ისტორიული სინამდვილე რომ არ ყოფილიყო (1 კორინთელები 15:3—8, 17, 19; 2 ტიმოთე 2:2).
თეოლოგ ჯორჯ ბიუკენენს მარკოზის სახარების გარშემო გამართული გაუთავებელი დავა და „ქუელ“ დოკუმენტის უცნაური „გაუჩინარება“ ჰქონდა მხედველობაში, როცა ამბობდა: „ჰიპოთეზებს გამოდევნებული გულწრფელი ადამიანები წმინდა წერილების კვლევის ინტერესს კარგავენ“. ეს ეთანხმება ტიმოთესთვის ნათქვამ პავლე მოციქულის სიტყვებს: „არც ყურადღება შეაჩერონ არაფრის მომტან ზღაპრებსა და საგვარეულო ნუსხებზე, რომლებიც გამოსაკვლევ კითხვებს წამოჭრიან იმის ნაცვლად, რომ მოემსახურონ იმ ყოველივეს გავრცელებას, რაც ღვთისგან მომდინარეობს და რწმენას უკავშირდება“ (1 ტიმოთე 1:4).
სახარებები სანდოა, რადგან თვითმხილველების უტყუარ ნაამბობს შეიცავს. მათში დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაციაა მოცემული. იესოს შესახებ საინტერესო ცნობებს სწორედ აქედან ვიგებთ. ამიტომ, ურიგო არ იქნებოდა ტიმოთეს მსგავსად, ჩვენც მიგვექცია ყურადღება პავლეს სიტყვებისთვის: „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ“. ჩვენ მტკიცე საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ მთელი წმინდა წერილი — სახარებების ჩათვლით — ღვთისგან შთაგონებულად მივიჩნიოთ (2 ტიმოთე 3:14—17).
[ჩარჩო 13 გვერდზე]
თუ არა მარკოზის სახარება, არ გვეცოდინებოდა, რომ . . .
იესო აღაშფოთა და უზომოდ დაამწუხრა ხალხის უგულობამ (მარკოზი 3:5).
იოანესა და იაკობს ბარენგესი ეწოდათ (მარკოზი 3:17).
სისხლდენით დატანჯულმა ქალმა მთელი სახსრები დახარჯა (მარკოზი 5:26).
ჰეროდია ბრაზობდა იოანე ნათლისმცემელზე, ჰეროდეს კი ეშინოდა იოანესი და იცავდა მას (მარკოზი 6:19, 20).
იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, სადმე წასულიყვნენ და ცოტა დაესვენათ (მარკოზი 6:31).
ფარისევლები ხელებს იდაყვებამდე იბანდნენ (მარკოზი 7:2—4).
იესო მოეხვია ბავშვებს (მარკოზი 10:16).
იესო სიყვარულით აღიძრა ახალგაზრდა მმართველისადმი (მარკოზი 10:21).
პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ იესოს ცალკე ჰკითხეს (მარკოზი 13:3).
იესოს შესაპყრობად მოსულებს ერთმა ახალგაზრდამ ტანსაცმელი შეატოვა (მარკოზი 14:51, 52).
გარდა ამისა, იესოს მოყვანილი ერთი მაგალითისა და ორი სასწაულის შესახებ მხოლოდ მარკოზის სახარებაშია მოთხრობილი (მარკოზი 4:26—29; 7:32—37; 8:22—26).
მარკოზის სახარებაში ბევრი ისეთი დეტალია, რაც სხვაგან არ გვხვდება. ამ სახარებას კიდევ უფრო დავაფასებთ, თუ ასეთ მნიშვნელოვან დეტალებს უფრო ღრმად ჩავუფიქრდებით.