არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორი უნდა იყოს მამა

როგორი უნდა იყოს მამა

როგორი უნდა იყოს მამა

„მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21).

როგორი უნდა იყოს მამა, რომ შვილი არ გააღიზიანოს? უპირველეს ყოვლისა, მან უნდა გააცნობიეროს მამის როლი. როგორც ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალშია ნათქვამი: „იყო მამა საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობაა; მამაზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება შვილი ემოციურად და გონებრივად“.

რა პასუხისმგებლობა აკისრია მამას? ბევრ ოჯახში მამის საქმე მხოლოდ ბავშვის დასჯაა. როცა შვილი ცუდად იქცევა ბევრი დედა ასე ემუქრება: „მოვიდეს მამაშენი, ყველაფერს ვეტყვი!“ ცხადია, ბავშვი ემოციურად სტაბილური რომ გაიზარდოს, მშობელმა ზომიერად უნდა დასაჯოს კიდეც და პრინციპულობაც გამოავლინოს. მაგრამ კარგი მამა რომ იყო, ეს საკმარისი როდია.

სამწუხაროა, რომ ყველა მამა მისაბაძი არ არის. ზოგი მამა თვითონ უმამოდ გაიზარდა; ზოგს კი ძალიან მკაცრი და უხეში მამა ჰყავდა და თვითონაც ისე ექცევა შვილებს, როგორც მას ექცეოდნენ. რამდენად შესაძლებელია კაცი არ მიჰყვეს მამის ცუდ მაგალითს და თვითონ უკეთესი მამა იყოს?

არსებობს წიგნი, სადაც სანდო და პრაქტიკული რჩევებია მოცემული მათთვის, ვისაც სურს, უკეთესი მამა იყოს. ოჯახებისთვის საუკეთესო რჩევები ბიბლიაში წერია. ბიბლიური რჩევები არ არის მხოლოდ თეორია, ისინი ჩვენს სასიკეთოდ მოქმედებს. ამ რჩევებში ბიბლიის ავტორისა და ოჯახის ფუძემდებლის, იეჰოვა ღმერთის, სიბრძნე ვლინდება (ეფესოელები 3:14, 15). თუ შენც მამა ხარ, ურიგო არ იქნებოდა გაგეგო, რას გეუბნება ბიბლია *.

კარგი მამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის არა მხოლოდ ფიზიკურ და ემოციურ ჩამოყალიბებაში, არამედ მის სულიერ განვითარებაშიც. ბავშვს, რომელსაც ახლო და თბილი ურთიერთობა აქვს მამასთან, ბევრად გაუადვილდება იეჰოვასთან დაახლოება. ბოლოს და ბოლოს იეჰოვა ხომ ჩვენი შემოქმედი, ჩვენი მამაა (ესაია 64:8). განვიხილოთ ექვსი რამ, რაც შვილებს მამისგან სჭირდებათ. თითოეული მათგანი მამებს დაანახვებს, რამდენად პრაქტიკულია ბიბლიური პრინციპები ამ მხრივ.

1 შვილებს მამის სიყვარული სჭირდებათ

იეჰოვა მამებს სრულყოფილ მაგალითს აძლევს. ბიბლიაში ნათქვამია, თუ როგორი გრძნობები აქვს ღმერთს თავისი შვილის, იესოს, მიმართ: „მამას უყვარს ძე“ (იოანე 3:35; კოლოსელები 1:15). იეჰოვამ რამდენჯერმე ხმამაღლა გამოხატა ძის მიმართ თავისი სიყვარული და მოწონება. როცა იესო მოინათლა, ზეციდან იეჰოვას ხმა გაისმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“ (ლუკა 3:22). იესოს არასოდეს შეჰპარვია ეჭვი მამის სიყვარულში. რა შეიძლება ისწავლონ მამებმა აქედან?

უთხარით შვილებს, რომ გიყვართ ისინი; არასდროს შეიკავოთ თავი ამისგან. კელვინი, ხუთი შვილის მამა, ამბობს: „ყოველთვის ვცდილობ შვილები ჩემს სიყვარულში დავარწმუნო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ თითოეულისადმი პირადი ინტერესის გამოვლენით. ხშირად ვბან და ვუცვლი ხოლმე“. გარდა ამისა, შვილებს იმაში დარწმუნებაც სჭირდებათ, რომ იწონებთ მათ; ამიტომ ნუ იქნებით ზომაზე მეტად კრიტიკული და გამუდმებული შენიშვნებით თავს ნუ მოაბეზრებთ! ნუ დაიშურებთ შექებას! დონიზეტე, ორი მოზარდი გოგონას მამა, ამბობს: „მამა ყოველთვის უნდა ცდილობდეს შვილის შექებას“. შვილს რომ ღირსების გრძნობა ჩამოუყალიბდეს, აუცილებელია, იცოდეს, რომ მშობლისთვის მოსაწონია. ღირსების გრძნობა კი, თავის მხრივ, ღმერთთან დაახლოებაში დაეხმარება.

2 ბავშვებს მისაბაძი მაგალითი სჭირდებათ

იესო იმას აკეთებს „რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს“, — ნათქვამია იოანეს 5:19-ში. ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო ხედავდა, რას აკეთებდა მამა და თვითონაც იმავეს აკეთებდა. ხშირად ბავშვებიც ასე იქცევიან. მაგალითად, თუ მამა დედას პატივისცემით და ღირსეულად ექცევა, როცა გაიზრდება მისი ვაჟიც მსგავსად მოექცევა სუსტი სქესის წარმომადგენლებს. მამის მაგალითი მარტო ბიჭებზე კი არ მოქმედებს, არამედ გოგოებზეც; მათ გარკვეული წარმოდგენა უყალიბდებათ მამაკაცებზე.

უჭირთ თქვენს შვილებს მობოდიშება? მშობლებმა შვილებს ამ მხრივაც უნდა მისცენ მაგალითი. კელვინი იხსენებს, როგორ გაუტყდა მის ორ ბიჭს ძვირადღირებული ფოტოაპარატი. განრისხებულმა მამამ ისე ძლიერ დაარტყა მუშტი ხის მაგიდას, რომ შუაზე გატეხა. მოგვიანებით კელვინმა თავი ძალიან ცუდად იგრძნო. მან ყველას მოუბოდიშა, მათ შორის მეუღლეს, იმის გამო, რომ საკუთარი თავი ხელში ვერ აიყვანა. მამის მაგალითმა შვილებზე კარგად იმოქმედა. დღეს არც მათ უჭირთ მობოდიშება.

3 ბავშვებს კარგი გარემო სჭირდებათ

იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ (1 ტიმოთე 1:11). გასაკვირი არ არის, რომ მის ძეს, იესოს, ძალიან უხაროდა მამასთან ყოფნა. იგავების 8:30-ში ნათლად ჩანს იესოსა და მამის ურთიერთობა: „მე მის [მამის] გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი . . . ყოველდღე ვხარობდი მის წინაშე“. მართლაც, განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჰქონდა მამა-შვილს.

ბავშვებს კარგი გარემო სჭირდებათ. ასეთი გარემოს შესაქმნელად, აუცილებელია დრო გამოყოთ ბავშვებთან სათამაშოდ. ამ დროს მშობელსა და შვილს შორის ახლო ურთიერთობა ყალიბდება. ამ აზრს ეთანხმება ფელიქსიც: „ჩემს ბიჭთან ერთად დროის გატარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს ურთიერთობას; ჩვენ ერთად ვთამაშობთ, მივდივართ მეგობრებთან და ვათვალიერებთ საინტერესო ადგილებს. სწორედ ამის შედეგად გვაქვს ოჯახში თბილი და სასიამოვნო გარემო“.

4 ბავშვებს სულიერი აღზრდა სჭირდებათ

იესოს მამამისი ასწავლიდა. ამიტომაც თქვა მან: „რაც მისგან [მამისგან] მომისმენია, ქვეყნიერებაშიც იმას ვლაპარაკობ“ (იოანე 8:26). ღვთის წინაშე მამა ვალდებულია, შვილს ზნეობრივი და სულიერი ფასეულობები ჩაუნერგოს. მამის ერთ-ერთი მოვალეობა ის არის, რომ შვილს სწორი პრინციპებით ცხოვრება ასწავლოს. შვილის ამგვარად აღზრდა მშობელმა ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს (2 ტიმოთე 3:14, 15). ფელიქსის შვილი სულ პატარა იყო, როცა მამა ლამაზად დასურათებულ საინტერესო მოთხრობებს უკითხავდა წიგნიდან „ბიბლიური მოთხრობები“ *. როცა ბავშვი წამოიზარდა, ფელიქსმა ასაკის შესაფერისი სხვა ბიბლიური წიგნი შეურჩია.

დონიზეტე ამბობს: „ადვილი არ არის, ბიბლიის ოჯახური შესწავლა სახალისო გახადო. შვილებმა უნდა დაინახონ, რომ მშობლები აფასებენ სულიერ ღირებულებებს; ბავშვებს მხედველობიდან არ რჩებათ, როცა მშობელი შვილს ერთს ასწავლის და მეორეს აკეთებს. სამი ვაჟის მამა, კარლოსი, ამბობს: „კვირაში ერთი დღე გვაქვს გამოყოფილი საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ. თითოეულს შეუძლია სასაუბრო თემის არჩევა“. კელვინი ყოველთვის ეძებდა ბავშვებთან ღმერთზე საუბრის შესაძლებლობას, სადაც უნდა ყოფილიყვნენ და რაც უნდა ეკეთებინათ. კელვინის მოქმედება გვახსენებს მოსეს სიტყვებს: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:6, 7).

5 ბავშვებს აღზრდა სჭირდებათ

ბავშვებს აღზრდა სჭირდებათ, პასუხისმგებლობის გრძნობა რომ ჩამოუყალიბდეთ და შრომა უყვარდეთ. ზოგი მშობლის აზრით, აღზრდა იმას ნიშნავს, რომ შვილს სასტიკად მოექცე, მუქარით ელაპარაკო და დაამცირო. მაგრამ ბიბლია აღზრდაში სისასტიკეს არ გულისხმობს. მშობლებმა იეჰოვას უნდა მიჰბაძონ და შვილები სიყვარულით აღზარდონ (ებრაელები 12:4—11). ბიბლიაში ვკითხულობთ: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4).

ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ დასჯა აუცილებელია, მაგრამ ბავშვს უნდა ესმოდეს, რატომ ისჯება. დასჯის დროს მშობლებმა უნდა გაითვალისწონონ შვილის გრძნობები. ბიბლია არ ამართლებს დაუნდობლად ცემას, რომლის დროსაც მშობელმა შეიძლება ბავშვს სერიოზული ზიანი მიაყენოს (იგავები 16:32). კელვინი ამბობს: „როცა ბავშვი რაღაცას აშავებს და უნდა დავსაჯო, ვცდილობ გავაგებინო, რომ ამას მის სასიკეთოდ ვაკეთებ, რომ მიყვარს და მინდა კარგი შვილი იყოს“.

6 ბავშვებს დაცვა სჭირდებათ

ცუდი ზეგავლენის ქვეშ რომ არ მოექცნენ, ბავშვებს დაცვა სჭირდებათ. სამწუხაროდ ამ ქვეყნიერებაში მრავლად არიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ზიანი მიაყენონ გულუბრყვილო ბავშვებს (2 ტიმოთე 3:1—5, 13). როგორ უნდა დაიცვათ შვილები? ბიბლიაში წერია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3). შვილს რომ უბედურება თავიდან აარიდოთ, სიფხიზლე გმართებთ. უნდა განჭვრიტოთ, რამ შეიძლება ბავშვს საფრთხე შეუქმნას და მერე ყველაფერი გააკეთოთ მის დასაცავად. მაგალითად, თუ შვილს ინტერნეტის გამოყენების ნებას რთავთ, დარწმუნდით, რომ მას ბოროტად არ გამოიყენებს. კარგი იქნება, კომპიუტერი ისეთ ადგილზე დადგათ, საიდანაც ადვილად შეძლებთ თვალყურის დევნებას.

მამა უნდა ესაუბროს შვილს იმ საშიშროებებზე, რასაც შეიძლება ამ გარყვნილ ქვეყნიერებაში შეხვდეს. იცის თქვენმა შვილმა, როგორ მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი იქ არყოფნის დროს ვინმე მის მოტყუებას შეეცდება *? ბავშვმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს სასქესო ორგანოების სწორი და არასწორი გამოყენება. კელვინი ამბობს: „არასდროს ვიყავი იმის იმედად, რომ ამას ჩემ გარდა სხვა ვინმე გააკეთებდა, თუნდაც მასწავლებელი. ვიცოდი, რომ ჩემი მოვალეობა იყო, ბავშვებისთვის მესწავლებინა, რა იყო სექსი, ვინ იყვნენ პედოფილები და რატომაა საშიში მათთან ურთიერთობა“. შედეგად კელვინის სამივე ვაჟი ისე გაიზარდა, რომ ცუდი ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულან. დღეს ყველას ბედნიერი ოჯახი აქვს.

ეძებეთ ღვთის ხელმძღვანელობა

ყველაზე ღირებული რამ, რაც შეიძლება მამამ შვილს გაუკეთოს, ის არის, რომ მას ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში დაეხმაროს. ამ საკითხში მამის მაგალითი უაღრესად მნიშვნელოვანია. დონიზეტე ამბობს: „შვილები უნდა ხედავდნენ, რამდენად ძვირფასია მამისთვის ღმერთთან ურთიერთობა, და ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა მამა განსაცდელების წინაშე დგას. სწორედ ამ დროს ვლინდება, მამა ბოლომდე ენდობა იეჰოვას თუ არა. როცა მამა ოჯახთან ერთად ლოცულობს, ხშირად უნდა გამოხატოს მადლიერება იეჰოვას გამოვლენილი სიკეთისთვის. ასეთი სახით ბავშვი სწავლობს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასთან მეგობრობა“.

მაშ, როგორი უნდა იყოს მამა? თუ მამა ხარ, ხელმძღვანელობისთვის იეჰოვა ღმერთს მიმართე. მან ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდებათ ბავშვებს. თუ შვილებს ღვთის სიტყვით ზრდით, თქვენც დარწმუნდებით იგავების 22:6-ში ჩაწერილის ჭეშმარიტებაში: „ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 მართალია, ამ სტატიაში ბიბლიური რჩევები ძირითადად მამების საყურადღებოდ განიხილება, მაგრამ ბევრი მათგანის გათვალისწინება დედებსაც მართებთ.

^ აბზ. 18 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 25 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვათ ბავშვები სექსუალური შეურაცხყოფისგან, იხილეთ 2007 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდები 3—11, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 19 გვერდზე]

მამა მაგალითი უნდა იყოს შვილებისთვის

[სურათი 20 გვერდზე]

მამა უნდა აკმაყოფილებდეს შვილების სულიერ მოთხოვნილებებს

[სურათი 21 გვერდზე]

ბავშვებს სიყვარულით აღზრდა და დარიგება სჭირდებათ